ახალი ამბები

პრეზიდენტი „პუტინის სტილის“ აქციად აფასებს „ოცნების“ კონტრაქციას

29 აპრილი, 2024 •
პრეზიდენტი „პუტინის სტილის“ აქციად აფასებს „ოცნების“ კონტრაქციას

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „პუტინის ტიპის“ ქმედებას უწოდებს „ქართული ოცნების“ კონტრაქციას, სადაც საჯარო მოხელეები რეგიონებიდან ავტობუსებით ჩამოიყვანეს.

პრეზიდენტი „ტვიტერზე“ აზიარებს თბილისისკენ მომავალ ავტობანზე საცობის ფოტოს და წერს:

„გუშინ „რუსული კანონის“ და საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ მასობრივი სპონტანური საპროტესტო აქციების მე-15 დღე იყო. დღეს „პუტინის სტილის“ აქციაა: მმართველი პარტიის გადაწყვეტილებებისთვის ტაშის დასაკრავად საჯარო მოხელეები ავტობუსებით თბილისში ჩამოიყვანეს. ნამდვილი საქართველო თავისუფალი საქართველოა! ევროპული საქართველო!“ — წერს ზურაბიშვილი.

29 აპრილს „ქართულმა ოცნებამ“ საკომიტეტოს მოსმენაზე მეორე მოსმენით მიიღო მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი. დღესვე თბილისში, რუსთაველის გამზირზე „ქართული ოცნების“ შეკრება მიმდინარეობს, სადაც მოქალაქეები, ძირითადად, საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულები, რეგიონებიდან ორგანიზებულად ჩამოიყვანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი