ახალი ამბები

ხევსურეთში ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაცია დასრულდა

23 აგვისტო, 2023 •
ხევსურეთში ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაცია დასრულდა

ხევსურეთში, არხოტის თემის სოფელ ახიელში მდებარე ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაცია დასრულებულია. ინფორმაციას ორგანიზაცია “საქართველოს ეროვნული ფონდი” ავრცელებს, რომელიც პროექტს ხელმძღვანელობს.

საქართველო-რუსეთის საზღვართან მდებარე ცისკარაულების კოშკი ეროვნული მნიშვნელობის ძეგლია, რომელიც 2001 წელს, რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომის დროს მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაზიანდა.

როგორც “საქართველოს ეროვნული ფონდი” წერს, ნაგებობაზე გაჩნდა საშიში ბზარები, ჩამონგრეული კედლების ფრაგმენტები კი საჭიროებდა გადაუდებელ გამაგრებით და აღდგენით სამუშაოებს.

“ხარაჩოს მოხსნის შემდგომ კოშკის გარშემო ტერიტორია მოწესრიგდება და ამით დასრულდება პროექტი არხოტის თემის სოფელ ახიელში”, — აღნიშნავს ორგანიზაცია ფეისბუკის პოსტში, რომლითაც რეაბილიტაციის პროცესის დასრულების შესახებ აუწყებს საზოგადოებას.

პროექტში ჩართულნი იყვნენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი მოხალისეები.

“განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ადგილობრივი თემის მონაწილეობასა და ჩართულობას პროექტის ყველა საქმიანობაში”, — წერდა “საქართველოს ეროვნული ფონდი” ძეგლის რეაბილიტაციის პროცესში.

პროექტის პარტნიორები და მხარდამჭერები იყვნენ “ეროვნული ფონდების საერთაშორისო ორგანიზაცია” (INTO) და ფრანგული ორგანიზაცია “რაემპარტი” (Rempart), რომელიც კულტურული მემკვიდრეობის სფეროში საქმიანობს.

გარეკანის ფოტოები: “საქართველოს ეროვნული ფონდი”

მასალების გადაბეჭდვის წესი