თბილისის მერიის კულტურული მემკვიდრეობის საბჭომ დეველოპერს უარი უთხრა კინოთეატრ რუსთაველში სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებაზე. გადაწყვეტილება, რომელიც 2021 წლის 21 იანვრით თარიღდება, კომისიის ყველა წევრმა ერთხმად მიიღო.
პროექტის მიხედვით, კინო “რუსთაველის” შენობას, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ვიზუალი უნდა შეცვლოდა, ხოლო შენობის ფუნქციებს სასტუმროსა და საგამოფენო დარბაზები დამატებოდა. გასულ თვეებში პროექტის წინასწარი ესკიზიც შეთანხმდა.
უარყოფითი გადაწყვეტილების ავტორები რეკომენდაციების ნაწილში აღნიშნავენ:
“სასურველია, მაქსიმალურად შესწავლილი და გაანალიზებული იქნას სევეროვის თავდაპირველი პროექტი და მასზე დაყრდნობით შესაძლებლად მიმაჩნია შემდგომ წლებში გადაგვარებული სივრცეების შეცვლა, მათი თანამედროვე ტექნოლოგიებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.
რაც მთავარია, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მომავალ შენობაში (როგორც ყოველთვის იყო) წამყვან ობიექტად, როგორც არქიტექტურულად, ისე შინაარსობრივად, უნდა დარჩეს კონოთეატრი რუსთაველი.
რაც შეეხება დაშენებას, შესაძლებლად მიმაჩნია იმ შემთხვევაში, თუ ის არ დაარღვევს შენობის პროპორციებს, პირიქით, ხაზს გაუსვამს მის არაჩვეულებრივ არქიტექტურას და მაქსიმალურად მიუახლოვდება ოქროს კვეთებს.
პროექტის შესაფასებლად წარმოადგინეთ შიდა გეგმარების დეტალური გადაწყვეტები. სახურავზე ქანდაკებების რეპლიკა დასაფიქრებელია”.
არქიტექტურის სამსახურის საიტზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით, განმცხადებელს რუსთაველის კინოთეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოების (დაზვერვა, გაწმენდა, კონსერვაცია, რეკონსტრუქცია, რესტავრაცია, ადაპტაცია, უძრავი ძეგლის ცვლილება) ჩატარება სურდა. რენდერების მიხედვით, რომელიც კომპანია Dephani-ს ეკუთვნის, თუ პროექტი დამტკიცდებოდა, რუსთაველის თეატრი ასეთი იქნებოდა:
მერიის კულტურული მემკვიდრეობის საბჭო მოუწოდებს განმცხადებელს, გაითვალისწინოს კომისიის წევრთა რეკომენდაციები.