ახალი ამბები

„კოშკი, რომელმაც მტრის შემოსევებს გაუძლო, რეაბილიტაციისას დაანგრიეს“ — ჩუბინაშვილის ცენტრი

17 ნოემბერი, 2023 • 4447
„კოშკი, რომელმაც მტრის შემოსევებს გაუძლო, რეაბილიტაციისას დაანგრიეს“ — ჩუბინაშვილის ცენტრი

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი აფასებს ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე, ქოროღოს არქიტექტურულ კომპლექსზე ბოლო დროს ჩატარებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

ცენტრის განცხადებით, არ იქნა გაწეული სათანადო ძალისხმევა მეათე საუკუნის ზურგიანი კოშკის შესანარჩუნებლად. მეტიც, ჩუბინაშვილის ცენტრში აღნიშნავენ, რომ კოშკი, რომელმაც ათი საუკუნის მანძილზე გაუძლო არახელსაყრელ ბუნებრივ მოვლენებსა და მტრის შემოსევებს, XXI საუკუნეში დაანგრიეს სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში.

დასკვნაში ნათქვამია, რომ პროექტით ნაგულისხმევი „დაშლის“ ნაცვლად, კოშკი დაანგრიეს უხეში ძალის გამოყენებით და დღევანდელი მდგომარეობით, ცხადია, რომ დანგრევის შემდეგ დარჩენილი დამტვრეული ქვები გამოუსადეგარი იქნება მისი ოთხივე სართულის „თავიდან აღსადგენად“:

„თუმცა, იმ შემთხვევაშიც, თუკი ეს რაღაცნაირად მოხერხდება, ახლად აშენებული კოშკი ვერ ჩაანაცვლებს X საუკუნის ავთენტურ ძეგლს და ვერ აღადგენს კომპლექსის მთლიანობას“, — აცხადებენ ჩუბინაშვილის ცენტრში.

ამასთან, ცენტრში აღნიშნავენ, რომ ეკლესიის სამხრეთი კარიბჭის გაუმართლებელი დანგრევის შემდეგ არ იქნა მიღებული ზომები მასში ჩართული უნიკალური რელიეფების დასაცავად, რამაც გამოცალკევებულ რელიეფიან ქვებს სერიოზული საფრთხე შეუქმნა. დასკვნის ავტორები აღნიშნავენ, რომ საპროექტო სამუშაოები არ ითვალისწინებდა ამ რელიეფების სამომავლო ბედის განსაზღვრას და არც მერე, სამუშაოების მიმდინარეობისას შემუშავებულა რაიმე გეგმა მათი დაცვის უზრუნველსაყოფად. ცენტრში აცხადებენ, რომ ამჟამად ისინი ღია ცის ქვეშ აწყვია.

რაც შეეხება კომპლექსში შემავალ ღვთისმშობლის ეკლესიას, დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ მასზე სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულდა ზერელედ და უხარისხოდ, რამაც გააუარესა შენობის ესთეტიკური იერი. ასევე, ჩუბინაშვილის ცენტრის განცხადებით, ჩატარებული სამუშაოები ვერ უზრუნველყოფს შენობის სტრუქტურულ მდგრადობას შორეულ პერსპექტივაში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების წინაისტორია

ჩუბინაშვილის ცენტრში აცხადებენ, რომ პროექტის განხილვა 2019 წელს ქოროღოს არქიტექტურულ კომპლექსზე დიდი ხარვეზებით წარიმართა.  დასკვნაში აღნიშნულია, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი ეკლესიისა და კოშკის ხუროთმოძღვრულ სტრუქტურაში უხეშ ჩარევას ითვალისწინებდა.

„აღნიშნულმა პროექტმა არაერთი შენიშვნა დაიმსახურა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლთა სექციის 2019 წლის დეკემბერში გამართულ სხდომაზე. პროექტის ავტორს მიეცა კონკრეტული რეკომენდაციები ხარვეზების გამოსასწორებლად და პროექტის განმეორებით წარმოსადგენად.

განმეორებითი განხილვის შედეგები ჩვენთვის უცნობია, მაგრამ დღეს არსებული მდგომარეობის მიხედვით ჩანს, რომ ძალაში დარჩა პროექტის განმარტებითი ბარათით გამიზნული ორი აშკარად მცდარი ქმედება: ზურგიანი კოშკის და ეკლესიის სამხრეთი მინაშენის დაშლა“ ,— ვკითხულობთ დასკვნაში.

ჩუბინაშვილის ცენტრის მიერ მომზადებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ კოშკის დაშლის და თავიდან აგების გადაწყვეტილების საფუძვლად პროექტში სახელდებოდა ძეგლის არასაიმედო გეოლოგიური და კონსტრუქციული მდგომარეობა. ასევე, ცემენტის ხსნარის შემცველი 1970-იანი წლების შეკეთება, რომელიც მასალითაც გამოირჩეოდა კოშკის ძირითადი წყობიდან, რასაც, პროექტის ავტორის მოსაზრებით, შეიძლება შეცდომაში შეეყვანა არაპროფესიონალი მნახველი.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ვინაიდან საპროექტო დოკუმენტაციაში ჩართული გეოლოგიური დასკვნა საგანგაშოს არაფერს მოასწავებდა და შესაძლებელი იყო დაზიანებული ნაწილის გადაწყობა, ავტორს მიეცა რეკომენდაცია, ამ გზით მომხდარიყო ძეგლის შენარჩუნება და არსებულ მდგომარეობაში დაფიქსირება. რაც შეეხება განახლებული ადგილის განსხვავებული წყობით ხაზგასმას, ეს სწორი მიდგომაა, რომელიც დღესაც სავალდებულოდ არის მიჩნეული:

„ისიც გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო, რომ ზურგიანი კოშკები, რომელსაც მტერიც კი ძნელად აყენებდა ზიანს, დაშლას არ დაექვემდებარებოდა. ახლა კოშკი დანგრეულია და არა დაშლილი, ნგრევის შედეგად დაზიანებული ქვების უმეტესობა გამოუსადეგარი იქნება კოშკის ოთხივე სართულის „იმავე მასალით თავიდან აღსადგენად“, როგორც ეს პროექტითაა გათვალისწინებული.

2019 წლის განხილვის დროს ყურადღება გამახვილდა ასევე ეკლესიის სამხრეთ შესასვლელთან მოწყობილი გვიანდელი მინაშენის დაშლის სახიფათო წინადადებაზე. დროთა განმავლობაში ის ქოროღოს ეკლესიის მაშენებელთა უნიკალური სკულპტურული გამოსახულებების დამცავ ფუნქციას ასრულებდა, ხოლო პროექტი არაფერს გვთავაზობდა მათ სამომავლო ბედზე“, — აცხადებენ ცენტრში.

ჩუბინაშვილის ცენტრის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ  საბჭოს წევრების უმეტესობის შენიშვნა, სად უნდა ყოფილიყო გადატანილი მოხსნილი რელიეფები, უპასუხოდ დარჩა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ამჟამად მინაშენი დაშლილია, ხოლო ქტიტორთა გამოსახულებიანი რელიეფები, რომლებსაც თავდაპირველ ადგილზე ვერ დავაბრუნებთ, ეკლესიის შესასვლელთან, სრულიად დაუცველადაა დარჩენილი.

ამასთან, ცენტრის განცხადებით, ქოროღოს რეაბილიტაციის 2019 წლის პროექტის განმეორებით წარმოსადგენ სავალდებულო სამუშაოების საბოლოო ჩამონათვალში ვერ მოხვდა საბჭოს ერთ-ერთი წევრის შენიშვნა ძეგლის საარქივო მასალის შესწავლისა და ანალიზის წარმოდგენის თაობაზე, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნებოდა რეაბილიტაციის სწორი მეთოდის შესამუშავებლად:

„ამ ტიპის კვლევა პროექტირების საწყის ეტაპზევე იყო შესასრულებელი. მით უმეტეს, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს არქივში დაცულია ქოროღოს არქიტექტურული კომპლექსის დაცვის, ფიქსაციის, საპროექტო და საველე სამუშაოების ამსახველი მდიდარი საარქივო მასალა, მათ შორის 1950-იანი და 1970-იანი წლების სამუშაოების ფოტო, გრაფიკული, და ტექსტური ანგარიშები, რაც მთლიანობაში ძეგლის სანიმუშო დოკუმენტაციას წარმოადგენს. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შეფასება“, — ვკითხულობთ დასკვნაში.

ზურგიანი კოშკი

ჩუბინაშვილის ცენტრის განცხადებით, ქოროღოს არქიტექტურული კომპლექსის ერთ-ერთი უმთავრესი და, სავარაუდოდ, უძველესი ნაგებობა – ზურგიანი კოშკი თითქმის საძირკვლამდეა დანგრეული. დოკუმენტის ავტორების თქმით, თავისთავად მცდარი გადაწყვეტილება კოშკის დაშლის შესახებ პრაქტიკაში სრულიად ვანდალურად განხორციელდა – პროექტით ნაგულისხმევი „დაშლის“ ნაცვლად მოხდა კოშკის ბრუტალური ნგრევა.

დოკუმენტის ავტორების თქმით, არ გაკეთებულა სამშენებლო ქვების სავალდებულო მარკირება. ამჟამად კოშკის ნანგრევები სრულებით უსისტემოდაა მიმოფანტული კომპლექსის მთელ პერიმეტრზე, როგორც გალავნის შიგნით, ისე მის გარეთ.

ჩუბინაშვილის ცენტრში აღნიშნავენ, რომ კოშკის დანგრევის შემდეგ ამ ქმედების გასამართლებლად ითქვა, რომ ის საფრთხეს უქმნიდა ეკლესიას. დასკვნის ავტორების თქმით, ასეც რომ ყოფილიყო, გაუგებარია, რატომ გახდა საჭირო კოშკის ძირამდე დანგრევა, როცა ცხადია, რომ მისი ქვედა ნაწილი ეკლესიას საფრთხეს ვერ შეუქმნიდა.

შესაბამისად, ჩუბინაშვილის ცენტრში მიიჩნევენ, რომ კოშკი დაანგრიეს მოსალოდნელი შედეგების გაუაზრებლად. კერძოდ, დოკუმენტის ავტორების თქმით, არ იქნა გათვალისწინებული სამშენებლო მასალის – იოლად შლადი ფლეთილი ქვის სპეციფიკა:

„კედლებზე ფიზიკური ზემოქმედებისას და შემდეგ სიმაღლიდან ჩამოყრისას დიდრონი ქვები წვრილ ნატეხებად დაიმსხვრა. არსებული გროვების დათვალიერებამ აჩვენა, რომ პრაქტიკულად არც ერთი ქვა თავდაპირველი მოცულობით არ გადარჩენილა, რაც იმას ნიშნავს, რომ კოშკის ხელახლა აგებისას სამშენებლო მასალაც კი არ იქნება ავთენტური.

ნგრევის პროცესში არ იზრუნეს კოშკის უმნიშვნელოვანესი ელემენტის – ასომთავრული სამშენებლო წარწერიანი ქვის დაცვაზე. ამჟამად ის სანახევროდ ნანგრევებშია მოყოლილი, ხოლო ნაწილს თუნუქის ნაჭერი ახურავს. ქვა მეორე, უფრო გვიანდელი ნაკაწრი წარწერით, არ იძებნება. ის ნანგრევებშია მოყოლილი და დიდი ალბათობით დამტვრეულია“, — ვკითხულობთ დოკუმენტში.

ჩუბინაშვილის ცენტრის განცხადებით, ზურგიანი კოშკის დანგრევაზე საზოგადოებისა და ექსპერტების აღშფოთებული რეაქციის პასუხად, სარეაბილიტაციო პროექტის ავტორმა განაცხადა, რომ კოშკი მთლიანად აშენებული იყო 1970-იანი წლების სარესტავრაციო სამუშაოების დროს და, ამდენად, დასაცავ ავთენტურ ფასეულობას არ წარმოადგენდა.

„ეს განცხადება მცდარია. 1976-1977 წლებში მოხდა კოშკის კონსერვაცია, შეივსო მისი აღმოსავლეთი ფასადის ვერტიკალური ბზარები და დასავლეთით ზურგიან მხარეს დაემატა დაახლოებით ერთმეტრიანი საკონსერვაციო ფენა. ამდენად, კოშკის დიდი ნაწილი ავთენტურ ნაგებობას წარმოადგენდა. პროექტის ავტორის განცხადება კოშკის 1970-იანი წლებში „აშენების“ თაობაზე მოწმობს, რომ მან გადაწყვეტილებები მიიღო ისე, რომ შესაბამისი საარქივო მასალები და დოკუმენტაცია არ შეუსწავლია“, — აცხადებენ ჩუბინაშვილის ცენტრში.

დასკვნის ავტორების თქმით, ეკლესიის სამხრეთი მინაშენი და რელიეფები ქტიტორთა გამოსახულებებით სამხრეთი კარის წინ ქოროღოს ეკლესიას ჰქონდა გვიანდელი ხანის მცირე მინაშენი, რომელშიც ჩადგმული იყო ორი დიდი რელიეფიანი ქვა – სვეტი ერთი ადამიანის გამოსახულებით და სვეტის კაპიტელი სამი ქტიტორით, რომელთაგან ერთს ხელში ტაძრის გეგმა უჭირავს.

ეს უკანასკნელი, ჩუბინაშვილის ცენტრის თქმით, წარმოადგენს უნიკალურ კომპოზიციას, რაც არაერთხელ აღნიშნულა საერთაშორისო მეცნიერებაში:

„2019 წლის დეკემბერში სარეაბილიტაციო პროექტის განხილვის დროს ყურადღება გამახვილდა სამხრეთი მინაშენის დაშლასთან დაკავშირებულ რისკებზეც. საბჭოს წევრების უმეტესობის შენიშვნა, რა ბედი ეწეოდა და როგორ იქნებოდა დაცული რელიეფებიანი ქვები მინაშენის დანგრევის შემდეგ, უპასუხოდ დარჩა. ამ საკითხზე, როგორც ჩანს, არც შემდეგ უფიქრიათ. მინაშენი დაანგრიეს წინასწარი კვლევისა და გეგმის გარეშე, ხოლო მასში ჩართული რელიეფური გამოსახულებები ღია ცის ქვეშ დატოვეს.

ამ ქმედებით, დღემდე ტაძრის ნაწილად მიჩნეული ეს სკულპტურული ელემენტები დამოუკიდებელ ერთეულებად გამოიყო და აღმოჩნდა დაცვა-გადარჩენის ყოველგვარი გეგმის მიღმა. ვენეციის ქარტიის მიხედვით, „ქანდაკების, მხატვრობის ან დეკორატიული მორთულობის ელემენტი, რომელიც წარმოადგენს ძეგლის განუყოფელ ნაწილს, შეიძლება მოიხსნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ეს მისი შენარჩუნების ერთადერთი გზაა“. — ვკითხულობთ დასკვნაში

ცენტრის განცხადებით, ქოროღოს რელიეფების მდგომარეობა ამ ფუძემდებლური კანონის საპირისპირო შემთხვევას წარმოადგენს.
დასკვნის ავტორების თქმით, ამჟამად საქტიტორო რელიეფი სამი ადამიანისა და ტაძრის გეგმის გამოსახულებით მოქცეულია კოშკისა და მინაშენის კარიბჭის ნანგრევებში, ტაძრის სამხრეთი შესასვლელის სიახლოვეს.

ჩუბინაშვილის ცენტრის განცხადებით, თავდაპირველად ქვა თითქმის მთლიანად ნაყარი ქვებისა და მიწის ქვეშ იყო, ხოლო შემდგომ, საზოგადოებისა და ექსპერტების მწვავე რეაქციის შედეგად, ნაყარი ფენა ნაწილობრივ მოიხსნა. მეტიც, დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ რელიეფიანი ქვა სახელდახელოდ დაიფარა თუნუქის ნაჭრით, რაც, რა თქმა უნდა, მის დაცვას ვერ უზრუნველყოფს – პირიქით, შესაძლოა ქვის ზედაპირი დააზიანოს კიდეც ძლიერი ქარის შემთხვევაში:

„ამ საქტიტორო რელიეფის ამჟამინდელი და 2014 წლის ფოტოსურათების ერთმანეთთან შედარება მოწმობს, რომ მინაშენის დანგრევისა თუ შემდგომი გადაადგილების დროს ქვამ გარკვეული ზიანი განიცადა – კერძოდ, მცირედ ჩამოტყდა მისი კუთხე გეგმის გამოსახულების ქვეშ.

სვეტი ადამიანის რელიეფური გამოსახულებით ასევე ღია სივრცეშია დატოვებული და ნაწილობრივ ნანგრევებშია მოქცეული. ის სახელდახელოდ იქნა შეფუთული დახეული ლურჯი ტენტით, რომელზეც მავთულია შემოხვეული. ასეთი სახელდახელო მეთოდით გამორჩეული ღირებულების სკულპტურული გამოსახულების „დაცვა“, ცხადია, სრულიად გაუმართლებელია“, — ვკითხულობთ დასკვნაში.

ღვთისმშობლის ტაძარი

2019 წლის შემდეგ სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა ქოროღოს ღვთისმშობლის ტაძარზეც, როგორც ინტერიერში, ისე ექსტერიერში. ჩუბინაშვილის ცენტრში მიიჩნევენ, რომ სამუშაოები მთელი რიგი შეცდომებითა და მეთოდოლოგიური დარღვევებით განხორციელდა.

ცენტრში აცხადებენ, რომ რეაბილიტაციის დროს არ ჩატარდა გამაგრებითი სამუშაოები ეკლესიის შენობის დაზიანებულ ნაწილებზე, რომლებიც ჩამოშლის საფრთხეს შეიცავს (განსაკუთრებით ეს ეხება ჩრდილოეთი კედლისა და ჩრდილო-დასავლეთი კუთხის საძირკვლის მონაკვეთებს).

ამასთან, დასკვნის ავტორების თქმით, რეაბილიტაციის დროს ეკლესიას გაუკეთდა ახალი სახურავი, მაგრამ არ ყოფილა გათვალისწინებული წყალგადამყვანი სისტემები, რაც ქმნის ფასადების დასველებისა და კედლების გამორეცხვის საფრთხეს. ჩრდილო-აღმოსავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ კუთხეებში დატოვებული ძველი წყალამრიდი სისტემის ნაწილებს ბმა ახალ სახურავთან არ გააჩნია – შესაბამისად, ისინი სრულებით უფუნქციოა:

„ეკლესიის ფასადებზე ალაგ-ალაგ განირჩევა ახალი შელესილობის ფრაგმენტები, რომელთა დიდი ნაწილი უკვე დაზიანებულია, დაბზარულია და ცვივა. ტექნიკა არ შეესაბამება თანამედროვე სარესტავრაციო-საკონსერვაციო სტანდარტებს. კედლები სახელდახელოდ, უხარისხოდაა შელესილი, ნალესობაზე ეტყობა თითების კვალი.

ტაძრის საფასადო მონაკვეთების არაერთ მხარეს აღინიშნება როგორც მცირე, ისე დიდი ზომის ბზარები, დაზიანებები და დაძრული ქვები, რომელთა შელესვა-გამაგრებაც არ განხორციელებულა. ეს განსაკუთრებით ეხება კარნიზებს, სადაც ქვები ერთმანეთს დაცილებულია და აცდენილია კუთხით“ ,— ვკითხულობთ დოკუმენტში.

ამასთან, ჩუბინაშვილის ცენტრში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს არ მოუცილებიათ 1954 წელს მოწყობილი კონტრფორსების ზოგიერთ ნაწილზე ამოსული მცენარეები და ფასადების მსგავსად, ინტერიერშიც შელესილობა ფრაგმენტული, უსისტემო და უხარისხოა (ცენტრის თქმით, აქაც ნალესობაზე ეტყობა თითების კვალი).

დოკუმენტის ავტორების თქმით, მისი ნაწილი უკვე დაზიანებული და დაბზარულია. მსგავსად ექსტერიერისა, ეს ფრაგმენტული ნალესობა არღვევს ძეგლის მხატვრულ სახეს და ერთიანობას. ამასთან, გაუგებარია, თუ რა პრინციპით შეირჩა შესალესი მონაკვეთები, რადგან ინტერიერში მრავლად გვხვდება საკმაოდ მნიშვნელოვანი ბზარები, განშრევებები და სიცარიელეები, რომელთა გამაგრებაც არ განხორციელებულა.

ჩუბინაშვილის ცენტრის განცხადებით, არაა გამაგრებული და შელესილი სარკმელთა წირთხლებში არსებული ბზარები, სიცარიელეები თუ დაძრული წყობის ნაწილები, რაც კონსტრუქციული თვალსაზრისით საფრთხის შემცველია. ტაძრის ფლეთილი ქვის კამარის ნაწილი და კვადრებით შედგენილი წყობა კი ნალესობის უხარისხო და არაკვალიფიციური შესრულების გამო სრულებით სახედაკარგულია:

„უყურადღებოდაა დატოვებული საკურთხევლის თავზე ასასვლელი სამხრეთ-აღმოსავლეთი ხვრელი, რომლის საპირე არეები დაზიანებული და ჩამოშლილია. ამ მონაკვეთზე კონსერვაცია და გამაგრება არ განხორციელებულა. მიწა, ქვები და სხვა მასალები პირდაპირ არის დაყრილი ასასვლელის ირგვლივ“, — აცხადებენ ჩუბინაშვილის ცენტრში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩუბინაშვილის ცენტრი მიიჩნევს, რომ აუცილებელია შეჩერდეს მიმდინარე პროექტი და მომზადდეს ქოროღოს კომპლექსის რეაბილიტაციის ახალი პროექტი, რომელიც დაეფუძნება დეტალურ მულტიდისციპლინარულ კვლევებს, მათ შორის 1953-1954 და 1976-1977 წლებში ჩატარებული საკონსერვაციო სამუშაოების საფუძვლიან შესწავლას.

სრულად ჩუბინაშვილის ცენტრის დასკვნას გაეცანით ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი