ახალი ამბები

რეაბილიტაციის შედეგად ტიმოთესუბნის ეკლესიის ავთენტური სახე შეიცვალა და დაკნინდა — დასკვნა

20 თებერვალი, 2024 • 614
რეაბილიტაციის შედეგად ტიმოთესუბნის ეკლესიის ავთენტური სახე შეიცვალა და დაკნინდა — დასკვნა

რეაბილიტაციის შედეგად მნიშვნელოვნად შეიცვალა ტიმოთესუბნის, XII-XIII საუკუნეების მიჯნის ეკლესიის ავთენტური სახე და დაკნინდა მისი არქიტექტურული ღირებულება, — ასეთია გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის დასკვნა ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაზე 2022-2023 წლებში ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ.

ეროვნული კვლევითი ცენტრის შეფასებით, 2022-2023 წლებში ტიმოთესუბნის ეკლესიაზე მასშტაბური ფიზიკური სამუშაოები ისტორიული შენობისათვის მიუღებელი მეთოდოლოგიითა და შეუსაბამო მასალების გამოყენებით ჩატარდა.

დასკვნაში ნათქვამია, რომ ტიმოთესუბნის ეკლესიას ყოველთვის ლორფინის საბურველი ჰქონდა, რომელიც კარგად ეხამება აგურითა და კირით ნაგები შენობის სადა, ფირუზისფერი ჭიქური ელემენტებით მინიმალისტურად გაფორმებულ ფასადებს და ორგანულად ასრულებს მას. ძეგლზე ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ლორფინის სახურავი, რომელიც ეკლესიის ავთენტური სახისა და არქიტექტურული ღირებულების ერთ-ერთი არსებითი ელემენტია, ხილული აღარ არის — ის სპილენძის სახურავით დაიფარა.

„საგულდაგულოდ შეკეთებული, გაწმენდილი და ამოგოზილი ლორფინის სახურავი, რომელსაც წყლის შეღწევადობის პრობლემა, წესით, აღარ უნდა ჰქონოდა, ზემოდან სპილენძის სახურავით გადაბურეს. ამისთვის კი უკვე რეაბილიტირებული სახურავის ლორფინები დახვრიტეს და ზედ რვამილიმეტრიანი დიამეტრის ლითონის ლურსმნებით დაამაგრეს ხის ლარტყები და ფიცრები. სჭვალებისა და, შესაბამისად, ნახვრეტების რაოდენობა რამდენიმე ასეულია (ყველაზე ცოტა 350). ეს გადაწყვეტილება, რომელიც არღვევს არქიტექტურული ძეგლის ავთენტურობასა და მთლიანობას და აზიანებს მის ერთ ნაწილს, გაუგებარი და მეთოდოლოგიურად სრულიად გაუმართლებელია — პროექტის პირველ ეტაპზე რეაბილიტირებული ლორფინები პროექტის მეორე ეტაპზე შემსრულებლებმა თავადვე გააზრებულად გახვრიტეს“, — ნათქვამია დასკვნაში.

შემსრულებელთა განზრახვის გაგება ჩუბინაშვილის ეროვნული კვლევითი ცენტრისთვის ძნელია:

„ერთადერთი, რაც შეიძლება ვიფიქროთ, ისაა, რომ ისინი არ ენდნენ საკუთარ ნამუშევარს, არ ჩათვალეს საკმარისად ლორფინის სარეაბილიტაციოდ ჩატარებული სამუშაო და თავის დასაზღვევად ზედ სპილენძი გადააკრეს“.

კვლევითი ცენტრის აზრით, განხორციელებული პროექტი მომავალ რესტავრატორებს ძალზე მძიმე პრობლემას უტოვებს.

„ადრე თუ გვიან საღი აზრი გაიმარჯვებს და ყველასთვის ცხადი გახდება ეკლესიის ავთენტური სახურავის გამოჩენის აუცილებლობა, რისთვისაც საჭირო იქნება სპილენძის საბურველისა და მისი ხის საფუძვლის (ფიცრებისა და ლარტყების) მთლიანად მოხსნა. დარჩება უამრავი სჭვალით დახვრეტილი ლორფინები, რომელთა რესტავრაცია-კონსერვაცია წყლის შეუღწევადობის უზრუნველსაყოფად ნამდვილად არ იქნება იოლი საქმე“, — ნათქვამია დასკვნაში.

ამასთან, სპილენძის სახურავის მოწყობის დროს დაზიანდა როგორც განახლებული, ისე ავთენტური ლორფინის ფილები.

„მათი რესტავრაცია-კონსერვაცია და წყალგაუმტარობის მიღწევა ახლა გაცილებით უფრო რთული იქნება, ვიდრე ამ სამუშაოს ჩატარებამდე იყო“, — ნათქვამია გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ეროვნული კვლევითი ცენტრის შეფასებაში.

შეფასების თანახმად, რესტავრაციის დროს გამოყენებული იქნა შეუსაბამო მასალები, რომლებიც ზოგ შემთხვევაში პროექტით არც იყო გათვალისწინებული:

„ამან მომავალში შესაძლოა საფრთხე შეუქმნას როგორც ეკლესიის ისტორიულ საშენ მასალას — აგურსა და კირის დუღაბს, ისე კედლის მხატვრობას“.

ჩუბინაშვილის სახელობის ეროვნული კვლევითი ცენტრის განცხადებით, უცნობია, რა მეთოდოლოგიური პრინციპებით ხელმძღვანელობდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ხსენებული პროექტისა და სამუშაოების მხარდაჭერისას. ცენტრის შეფასებით, უფრო ფართოდ არსებული ვითარება უკიდურესად შემაშფოთებელია საქართველოს უძრავ ძეგლთა მომავლისთვის, ვინაიდან ქმნის წარსულის უნიკალური მემკვიდრეობის გამოუსწორებლად დამაზიანებელი მეთოდოლოგიური შეცდომების წინაპირობას.

წინაისტორია

ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია თამარის ეპოქის არქიტექტურის ძეგლია, რომელმაც ჩვენს დრომდე ძირითადად კარგ მდგომარეობაში მოატანა. ჩუბინაშვილის სახელობის ეროვნული კვლევითი ცენტრის შეფასებით, აგურით ნაგები და ლორფინით გადახურული შენობა მაღალი მხატვრული ღირებულებისაა — ეკლესიას სრულიად განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს XIII საუკუნის დასაწყისის მოხატულობა, რომელიც შუა საუკუნეების ქართული ხელოვნების ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს.

ტიმოთესუბნის სახურავის ლორფინის ფილების დაახლოებით 65-70% ძველია (სავარაუდოდ, ეკლესიის აგების თანადროული), დანარჩენი 30-35% გაკეთდა 1956-1957 წლებში ძველის მიბაძვით. 1977-1980 და 2004-2006 წლებში ლორფინის ზედაპირი კვლავ გაიწმინდა მცენარეებისა და ხავსისგან.

2019 წელს ეკლესიის ინტერიერში წყალი ჩავიდა, რამაც საფრთხე შეუქმნა კედლის მხატვრობას.

ეროვნული კვლევითი ცენტრის ცნობით, სავარაუდოდ, 2020 წელს (კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში შესაბამისი დოკუმენტაცია არ იძებნება) ეკლესიის ლორფინის სახურავზე სეგმენტურად (აღმოსავლეთ ნაწილზე მთლიანად, გარდა შვერილი აფსიდებისა, და ჩრდილო-დასავლეთი და სამხრეთ-დასავლეთი კუთხის ნაწილებზე) მოეწყო თუნუქის დროებითი გადახურვა. 2021 წელს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაკვეთით, ააიპ „ინჟინრულმა აზრმა“ მოამზადა ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ლორფინის გადახურვის მოწესრიგება-აღდგენას, გაწმენდას, ხსნარით შევსებას და წყლის გადაყვანის სისტემის მოწესრიგებას. რეკომენდებული იყო ავთენტური მასალის მაქსიმალურად შენარჩუნება.

წინასაპროექტოდ ჩატარებული კონსტრუქციული კვლევა ამბობდა, რომ ლორფინები ძირითადად მთელია და შეცვლას არ საჭიროებს, მხოლოდ ზოგიერთ ადგილზე ითხოვს შეკეთებას.

ჩუბინაშვილის სახელობის ეროვნული კვლევითი ცენტრის ცნობით, ეს დასკვნები და რეკომენდაციები სარეაბილიტაციო პროექტში (და შემდეგ მის შესაბამისად ჩატარებულ სამუშაოებში) არ იქნა გათვალისწინებული.

„შერჩეული იქნა მეთოდოლოგიურად მიუღებელი გადაწყვეტა, რომელმაც სრულიად შეცვალა ეკლესიის გარე სახე, ზიანი მიაყენა ავთენტურ საშენ მასალას და შექმნა როგორც თვით შენობის, ასე მისი კედლის მხატვრობის შემდგომი დაზიანების რისკი“, — ნათქვამია შეფასებაში.

 

ტიმოთესუბნის ეკლესია. 2008 წლის ფოტოსურათი. წყარო: ჩუბინაშვილის სახელობის ეროვნული კვლევითი ცენტრი

ტიმოთესუბნის ეკლესია. 2023 წლის 7 დეკემბრის ფოტოსურათი. წყარო: ჩუბინაშვილის სახელობის ეროვნული კვლევითი ცენტრი

„ნეტგაზეთი“ ცდილობს კულტურის სამინისტროსთან დაკავშირებას, რომელიც პასუხისმგებელია აღნიშნულ ძეგლზე, თუმცა უწყების პრესსამსახურთან დაკავშირება ამ დროისთვის შეუძლებელია. კულტურის სამინისტროს გამოხმაურების შემთხვევაში მასალა განახლდება. 

„ნეტგაზეთი“ ბოლო წლებში კულტურის სამინისტროსთან კომუნიკაციისას აწყდება სისტემურ პრობლემას — სამინისტროსთან დაკავშირება და მათგან რაიმე სახის ინფორმაციის მოპოვება ჩვენი მკითხველისთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე, პრაქტიკულად, შეუძლებელია. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი