ახალი ამბები

მიანმარის დედაქალაქში წყლის ჭავლი გამოიყენეს გადატრიალების მოწინააღმდეგეთა დასაშლელად

8 თებერვალი, 2021 • 1037
მიანმარის დედაქალაქში წყლის ჭავლი გამოიყენეს გადატრიალების მოწინააღმდეგეთა დასაშლელად

მიანმარის პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა გაფიცულ მშრომელთა მისამართით, რომლებიც დედაქალაქის ცენტრში იყვნენ შეკრებილნი სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ. მანამდე  მოქალაქეები გააფრთხილეს, რომ ხელისუფლება შესაბამის ზომებს მიიღებდა, თუ ისინი დაემუქრებოდნენ საზოგადოებრივ უსაფრთხოებას.

სამხედრო გადატრიალება მიანმარში პირველ თებერვალს მოხდა. ქვეყნის არმიამ ხელისუფლებაზე კონტროლი დაამყარა, ქვეყნის ლიდერი აუნ სან სუ ჩი და სხვა პოლიტიკოსები კი დააკავა. არმია არ ეთანხმება გასული წლის ნოემბრის არჩევნების შედეგებს, რომელიც დიდი უპირატესობით მოიგო აუნ სან სუ ჩის პარტიამ.

საერთაშორისო საზოგადოებამ, მათ შორის, გაეროს გენერალურმა მდივანმა, აშშ-მა და ევროკავშირის ქვეყნებმა, გადატრიალება დაგმეს და დაკავებულთა გათავისუფლება მოითხოვეს. ჩინეთი საგარეო ჩარევას ეწინააღმდეგება და მიიჩნევს, რომ ეს ქვეყნის შიდა საქმეა.

მასშტაბური პროტესტი და პოლიციის ჩარევა

მშრომელთა გაფიცვას წინ უძღოდა საპროტესტო აქციები, რომლებიც ყველაზე მასშტაბური იყო მიანმარში გასული 10 წლის მანძილზე გამართულ დემონსტრაციებს შორის. ათობით ათასი ადამიანი დედაქალაქ ნაიფიიდოსა და სხვა ქალაქების ქუჩებში 8 თებერვლის დილითაც გამოვიდა.

BBC-ის ინფორმაციით, საყოველთაო გაფიცვის მონაწილეთა შორის არიან მასწავლებლები, იურისტები, საბანკო სექტორის თანამშრომლები და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები. თვითმხილველის თქმით, ისინი მშვიდობიანად აპროტესტებდნენ გადატრიალებას დედაქალაქის ცენტრში, რა დროსაც პოლიციამ წინასწარი გაფრთხილების გარეშე გამოიყენა წყლის ჭავლი.

ამჟამინდელი ცნობებით, რამდენიმე ადამიანია დაშავებული. მომდევნო საათებში ვითარება დამშვიდდა, თუმცა პოლიცია, წყლის ჭავლის მანქანებთან ერთად, კვლავ ადგილზეა.

მანამდე, მოქალაქეები სახელმწიფო ტელევიზიის ეთერით გააფრთხილეს, რომ შესაბამის ზომებს გამოიყენებენ იმ შემთხვევაში, თუ ვინმე სტაბილურობასა და “კანონის უზენაესობას” დაემუქრება.

არჩევნების საკამათო შედეგი – გადატრიალების წინაპირობა

სამხედროები თავიანთი გადაწყვეტილების მიზეზად გასული წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნების  “გაყალბებას” ასახელებენ.

აღნიშნულ არჩევნებში სახელმწიფო კანცლერისა და ქვეყნის ფაქტობრივ ლიდერად მიჩნეული აუნ სან სუ ჩის პარტიამ “ეროვნული ლიგა დემოკრატიისთვის” გაიმარჯვა და მთავრობის დასაკომპლექტებლად ხმების საკმარისი რაოდენობა მიიღო.

ნოემბრის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით სამხედროების უკმაყოფილება აქამდეც იყო ცნობილი. არმიის მიერ მხარდაჭერილმა პარტიამ დაბალი შედეგი აჩვენა, აუნ სან სუ ჩის პარტიამ კი- იმაზე უკეთესი, ვიდრე 2015 წლის არჩევნებზე.

მიანმარის სახელმწიფო კანცლერი აუნ სან სუ ჩი, რომელიც ქვეყნის ფაქტობრივ ლიდერად მიიჩნევა, ორშაბათის შემდეგ დაკავებულია და შინაპატიმრობაში იმყოფება. გადაყენებულ ლიდერს სამხედროებმა ბრალიც წაუყენეს: მას იმპორტისა და ექსპორტის შესახებ კანონების დარღვევაში, ასევე, უკანონო საკომუნიკაციო მოწყობილობის ფლობაში ადანაშაულებენ.

აუნ სან სუ ჩისთან ერთად, დააკავეს მიანმარის პრეზიდენტი და სხვა პოლიტიკოსები.

გასულ დღეებში სამხედრო ხუნტამ მზარდი პროტესტის ჩახშობა სოციალური მედიის დაბლოკვით სცადა.

ვინ არის აუნ სან სუ ჩი

მიანმარს 2011 წლამდე – დემოკრატიული რეფორმების დაწყებამდე – სამხედროები მართავდნენ. აუნ სან სუ ჩი, რომელიც ქვეყნის დე ფაქტო ლიდერად მიიჩნევა, მიანმარის დამოუკიდებლობის გმირის, აუნ სანის ქალიშვილია. მამამისი მანამ მოკლეს, სანამ მიანმარი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა 1948 წელს.

აუნ სან სუ ჩი მიანმარში სამხედრო ხუნტის ხელისუფლების პირობებში ადამიანის უფლებათა აქტიური დამცველი და პაციფისტი იყო. 15 წელი(1989-2010) პატიმრობაში გაატარა. ამავე პერიოდში მიენიჭა ნობელის პრემია მშვიდობის დარგში.

აუნ სან სუ ჩი

დემოკრატიული რეფორმების პირობებში, 2015 წელს, სუ ჩის პარტია საკანონმდებლო ორგანოში შევიდა და არმიასთან საზიარო მმართველობით 2016 წელს მთავრობა ჩამოაყალიბა.

ბოლო წლების განმავლობაში ნობელის ლაურეატი კრიტიკის ობიექტი გახდა მიანმარში მუსლიმური უმცირესობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების მიმართ გულგრილობის გამოჩენისა და არასაკმარისი მოქმედებების გამო. ამის გამო მას არაერთი საპატიო ჯილდო ჩამოართვეს.

მიანმარის რაკჰაინის პროვინციაში როჰინჯა მუსლიმების წინააღმდეგ ქვეყნის სამხედრო ძალების მხრიდან ძალადობა გაერომ ეთნიკურ წმენდად შეაფასა, რომლის დროსაც ქვეყანა 700 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა და თავი ბანგლადეშს შეაფარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი