ახალი ამბები

მიანმარში პოლიციამ დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნა, არიან დაღუპულები – Reuters

28 თებერვალი, 2021 • 721
მიანმარში პოლიციამ დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნა, არიან დაღუპულები – Reuters

მიანმარში პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა. Reuters გაეროს ადამინის უფლებათა ოფისზე დაყრდნობით წერს, რომ დაღუპულია სულ მცირე 18 ადამიანი.

სააგენტოს ცნობით, ქვეყნის ყველაზე დიდ ქალაქში, იანგონში, პოლიციამ დემონსტრანტებს ცეცხლი მას შემდეგ გაუხსნა, რაც ცრემლსადენი გაზისა და ჰაერში გასროლების მიუხედავად მომიტინგეების დაშლა ვერ მოახერხეს. აქციის დაშლაში პოლიციას სამხედროებიც ეხმარებოდნენ.

“პოლიცია და სამხედრო ძალები დაუპირისპირდნენ მშვიდობიან დემონსტრაციებს, ლეტალური ძალის გამოყენებით. გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ მიღებული სანდო ინფორმაციის თანახმად, დაიღუპა მინიმუმ 18 ადამიანი და 30-ზე მეტი დაიჭრა”, — განაცხადა გაეროს ადამიანის უფლებათა სამსახურმა.

მიანმარში დემონსტრაციები მას შემდეგ დაიწყო, რაც პირველ თებერვალს სახელმწიფო გადატრიალება მოხდა. მიანმარის არმიამ ხელისუფლებაზე კონტროლი დაამყარა, ქვეყნის ლიდერი აუნ სან სუ ჩი და სხვა პოლიტიკოსები კი დააკავა. სახელმწიფო გადატრიალება გვიან ღამით მოხდა, რასაც წინ უძღოდა საპარლამენტო არჩევნების საკამათო შედეგი.

მიანმარის სამხედრო ტელევიზიამ განაცხადა, რომ ცხადდება 1-წლიანი საგანგებო მდგომარეობა, ქვეყანას კი არმია გააკონტროლებს. ამ პერიოდის მანძილზე პრეზიდენტის პოზიციას დაიკავებს ყოფილი გენერალი, რომელიც ამ დრომდე ვიცე-პრეზიდენტად მსახურობდა.

სახელმწიფო გადატრიალება მიანმარში – არმიამ ქვეყნის ლიდერი დააკავა

მასალების გადაბეჭდვის წესი