ახალი ამბები

სახელმწიფო გადატრიალება მიანმარში – არმიამ ქვეყნის ლიდერი დააკავა

1 თებერვალი, 2021 • 1194
სახელმწიფო გადატრიალება მიანმარში – არმიამ ქვეყნის ლიდერი დააკავა

მიანმარის არმიამ ხელისუფლებაზე კონტროლი დაამყარა, ქვეყნის ლიდერი აუნ სან სუ ჩი და სხვა პოლიტიკოსები კი დააკავა. სახელმწიფო გადატრიალება გვიან ღამით მოხდა, რასაც წინ უძღოდა საპარლამენტო არჩევნების საკამათო შედეგი.

BBC-ის ინფორმაციით, მიანმარის სამხედრო ტელევიზიამ განაცხადა, რომ ცხადდება 1-წლიანი საგანგებო მდგომარეობა, ქვეყანას კი არმია გააკონტროლებს. ამ პერიოდის მანძილზე პრეზიდენტის პოზიციას დაიკავებს ყოფილი გენერალი, რომელიც ამ დრომდე ვიცე-პრეზიდენტად მსახურობდა.

ამ დრომდე მოქმედი პრეზიდენტი, სახელმწიფო კანცლერ აუნ სან სუ ჩის მსგავსად, დაპატიმრებულია.

არჩევნების საკამათო შედეგი – გადატრიალების წინაპირობა

სამხედროები თავიანთი გადაწყვეტილების მიზეზად გასული წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნების  “გაყალბებას” ასახელებენ. აღნიშნულ არჩევნებში სახელმწიფო კანცლერისა და ქვეყნის ფაქტობრივ ლიდერად მიჩნეული აუნ სან სუ ჩის პარტიამ “ეროვნული ლიგა დემოკრატიისთვის” გაიმარჯვა და მთავრობის დასაკომპლექტებლად ხმების საკმარისი რაოდენობა მიიღო.

მედიის ინფორმაციით, მიანმარის დიდ ქალაქებში სატელეფონო კავშირები გათიშულია. შეფერხებულია ინტერნეტის მუშაობაც, არაერთი საერთაშორისო მაუწყებელი ხელმიუწვდომელია. შეწყვეტილია ქვეყნის სახელმწიფო ტელევიზიის მაუწყებლობაც, რასაც “ტექნიკური მიზეზით” ხსნიან.

“მინდა, ჩვენს ხალხს ვუთხრა, ნაჩქარევად ნუ უპასუხებენ [მომხდარს]. მინდა, მათ კანონის შესაბამისად იმოქმედონ”, – მიმართა მოსახლეობას  “ეროვნული ლიგა დემოკრატიისთვის” პრესსპიკერმა.

ნოემბრის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით სამხედროების უკმაყოფილება აქამდეც იყო ცნობილი. არმიის მიერ მხარდაჭერილმა პარტიამ დაბალი შედეგი აჩვენა, აუნ სან სუ ჩის პარტიამ კი იმაზე უკეთესი, ვიდრე 2015 წლის არჩევნებზე. ამ კვირაში პარლამენტის პირველი სესია უნდა გამართულიყო და მთავრობა დაეკომპლექტებინათ, რაც ვეღარ მოხდება.

საერთაშორისო გამოხმაურება

გადატრიალებას საერთაშორისო გამოხმაურება უკვე მოჰყვა. აშშ-მა დაგმო არჩევნების შედეგების ნებისმიერი ფორმით შეცვლისა და მიანმარის “დემოკრატიული გარდაქმნის შეფერხების” მცდელობები.

ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოუწოდა სამხედროებს, დაემორჩილონ კანონს და დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ სამოქალაქო ხელისუფლების წარმომადგენლები.

ვინ არის აუნ სან სუ ჩი

მიანმარს 2011 წლამდე – დემოკრატიული რეფორმების დაწყებამდე – სამხედროები მართავდნენ. აუნ სან სუ ჩი, რომელიც ქვეყნის დე ფაქტო ლიდერად მიიჩნევა, მიანმარის დამოუკიდებლობის გმირის, აუნ სანის ქალიშვილია. მამამისი მანამ მოკლეს, სანამ მიანმარი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა 1948 წელს.

აუნ სან სუ ჩი მიანმარში სამხედრო ხუნტის ხელისუფლების პირობებში ადამიანის უფლებათა აქტიური დამცველი და პაციფისტი იყო. 15 წელი(1989-2010) მან პატიმრობაში გაატარა. ამავე პერიოდში მიენიჭა ნობელის პრემია მშვიდობის დარგში.

დემოკრატიული რეფორმების პირობებში, 2015 წელს, სუ ჩის პარტია საკანონმდებლო ორგანოში შევიდა და არმიასთან საზიარო მმართველობით 2016 წელს მთავრობა ჩამოაყალიბა.

ბოლო წლების განმავლობაში ნობელის ლაურეატი კრიტიკის ობიექტი გახდა მიანმარში მუსლიმური უმცირესობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების მიმართ გულგრილობის გამოჩენისა და არასაკმარისი მოქმედებების გამო. ამის გამო მას არაერთი საპატიო ჯილდო ჩამოართვეს.

მიანმარის რაკჰაინის პროვინციაში როჰინჯა მუსლიმების წინააღმდეგ ქვეყნის სამხედრო ძალების მხრიდან ძალადობა გაერომ ეთნიკურ წმენდად შეაფასა, რომლის დროსაც ქვეყანა 700 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა და თავი ბანგლადეშს შეაფარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი