მიანმარში სამხედრო გადატრიალებიდან თვე-ნახევრის შემდეგ, სისხლიანი შეტაკებისას, ქვეყნის მასშტაბით 50-მდე დემონსტრანტი დაიღუპა: ინფორმაციას საერთაშორისო მედია ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებზე დაყრდნობით ავრცელებს. ამავე დღეს ცეცხლში გაეხვა შეტაკების ეპიცენტრში — ქალაქ იანგონში — მდებარე არაერთი ჩინური ფაბრიკა და სხვა ობიექტები.

მიანმარში დემონსტრაციები დაიწყო პირველი თებერვლის შემდეგ, როდესაც ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა. მიანმარის არმიამ, რომელმაც საპარლამენტო არჩევნების შედეგები არ აღიარა, ხელისუფლებაზე კონტროლი დაამყარა, ქვეყნის ლიდერი აუნ სან სუ ჩი და სხვა პოლიტიკოსები კი დააკავა.

რა მოხდა 14 მარტს?

მიანმარის სამხედრო ხუნტამ უდიდესი ქალაქის, იანგონის რამდენიმე უბანში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ჩინური საწყობები და საწარმოები, ასევე, სასტუმრო — ჯამში, 10 ობიექტი — ცეცხლის ალში გაეხვა. ჩინური მხარის ცნობით, აღნიშნულ დაწესებულებებს რკინის ჯოხებით, ნაჯახებითა და ბენზინით დაესხნენ თავს.

ცნობილია, რომ მიანმარში მომხდარი გადატრიალების მოწინააღმდეგეები ჩინეთს სამხედრო ხუნტის მხარდაჭერაში ადანაშაულებენ, თუმცა უცნობია, კონკრეტულად ვინ მოაწყო თავდასხმა ხსენებულ ობიექტებზე.

ცეცხლში გახვეული ჩინური ფაბრიკები იანგონში. 14.03.20 ფოტო: EPA

BBC-ის ცნობით, აღნიშნულის შემდეგ ჩინეთის საელჩომ მიანმარს თავისი მოქალაქეების დაცვა და არეულობაში დამნაშავეთა დასჯა მოსთხოვა. არმიის მედია იუწყებოდა, რომ დემონსტრანტები ხელს უშლიდნენ მეხანძრეებს ცეცხლის ჩაქრობაში.

ხსენებულ რაიონებში დღის განმავლობაში ისმოდა სროლის ხმა, აქციის მონაწილეებმა კი ბარიკადები ააგეს და ასე ცდილობდნენ არმიის ცეცხლისაგან თავდაცვას.

დემოსტრანტები საკაცით მოასვენებენ მიანმარის ქალაქ მანდალაიში გარდაცვლილი მომიტინგის ცხედარს. ფოტო: EPA

მედიის ინფორმაციით, გადატრიალების მოწინააღმდეგე დემონსტრანტების უმეტესობა სწორედ იანგონში დაიღუპა, რამდენიმე მათგანი კი — სხვა ქალაქებში. სახელმწიფო მედიის თანახმდ, დაიღუპა 1 პოლიციელი, რამდენიმემ კი მომიტინგეების მხრიდან ნასროლი საგნებით დაზიანებები მიიღო.

ჯამში, გადატრიალებიდან დღემდე მომხდარ შეტაკებებს მიანმარში 120-მდე ადამიანი შეეწირა. პროტესტის მონაწილეები გადატრიალების დასრულებას და მიანმარის აწ უკვე გადაყენებული ფაქტობრივი ლიდერის, აუნ სან სუ ჩის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.

რატომ მოხდა გადატრიალება მიანმარში?

სამხედროები თავიანთი გადაწყვეტილების მიზეზად გასული წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნების  “გაყალბებას” ასახელებენ, რასაც საერთაშორისო დამკვირვებლები არ ეთანხმებიან.

აღნიშნულ არჩევნებში სახელმწიფო კანცლერისა და ქვეყნის ფაქტობრივ ლიდერად მიჩნეული აუნ სან სუ ჩის პარტიამ “ეროვნული ლიგა დემოკრატიისთვის” გაიმარჯვა და მთავრობის დასაკომპლექტებლად ხმების საკმარისი რაოდენობა მიიღო.

ნოემბრის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით სამხედროების უკმაყოფილება აქამდეც იყო ცნობილი. არმიის მიერ მხარდაჭერილმა პარტიამ დაბალი შედეგი აჩვენა, აუნ სან სუ ჩის პარტიამ კი იმაზე უკეთესი, ვიდრე 2015 წლის არჩევნებზე.

აუნ სან სუ ჩი პირველი თებერვლის შემდეგ დაკავებულია. სამხედროებმა მას რამდენიმე ბრალდება წაუყენეს, მათ შორისაა უკანონო საკომუნიკაცია საშუალებების ფლობა, პანდემიის წესების დარღვევა და ასობით ათასი აშშ დოლარის, ასევე, ოქროს უკანონოდ მიღება. პოლიტიკოსის მხარდამჭერები გაყალბებულს უწოდებენ ხსენებულ ბრალდებებს.

ყოფილ ლიდერთან ერთად დაკავებულია მისი პარტიის წარმომადგენელთა ნაწილიც, ისინი კი, ვინც პატიმრობა თავიდან აიცილა და დამალვა შეძლო, მოსახლეობას წინააღმდეგობის გაგრძელებისკენ მოუწოდებენ.

მათ ჩამოაყალიბეს ორგანიზაცია, სახელწოდებით “საკავშირო პარლამენტის წარმომადგენლობითი კომიტეტი”, საიდანაც გაისმა მოწოდება, გაგრძელდეს “რევოლუცია”.

გადატრიალება დაგმო არაერთმა საერთაშორისო აქტორმა, მათ შორის, აშშ-მა, რომელმაც სამხედრო ლიდერებს სანქციები დაუწესა.

ვინ არის აუნ სან სუ ჩი

მიანმარს 2011 წლამდე – დემოკრატიული რეფორმების დაწყებამდე – სამხედროები მართავდნენ. აუნ სან სუ ჩი, რომელიც ქვეყნის დე ფაქტო ლიდერად მიიჩნევა, მიანმარის დამოუკიდებლობის გმირის, აუნ სანის ქალიშვილია. მამამისი მანამ მოკლეს, სანამ მიანმარი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა 1948 წელს.

აუნ სან სუ ჩი მიანმარში სამხედრო ხუნტის ხელისუფლების პირობებში ადამიანის უფლებათა აქტიური დამცველი და პაციფისტი იყო. 15 წელი(1989-2010) პატიმრობაში გაატარა. ამავე პერიოდში მიენიჭა ნობელის პრემია მშვიდობის დარგში.

აუნ სან სუ ჩი

დემოკრატიული რეფორმების პირობებში, 2015 წელს, სუ ჩის პარტია საკანონმდებლო ორგანოში შევიდა და არმიასთან საზიარო მმართველობით 2016 წელს მთავრობა ჩამოაყალიბა.

ბოლო წლების განმავლობაში ნობელის ლაურეატი კრიტიკის ობიექტი გახდა მიანმარში მუსლიმური უმცირესობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების მიმართ გულგრილობის გამოჩენისა და არასაკმარისი მოქმედებების გამო. ამის გამო მას არაერთი საპატიო ჯილდო ჩამოართვეს.

მიანმარის რაკჰაინის პროვინციაში როჰინჯა მუსლიმების წინააღმდეგ ქვეყნის სამხედრო ძალების მხრიდან ძალადობა გაერომ ეთნიკურ წმენდად შეაფასა, რომლის დროსაც ქვეყანა 700 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა და თავი ბანგლადეშს შეაფარა.