ახალი ამბები

“სირცხვილისა და ტერორის დღე” — მიანმარში 90-ზე მეტი დემონსტრანტი მოკლეს

28 მარტი, 2021 • 1444
“სირცხვილისა და ტერორის დღე” — მიანმარში 90-ზე მეტი დემონსტრანტი მოკლეს

მიანმარში უსაფრთხოების ძალებმა დახოცეს ათეულობით ადამიანი, რომლებიც კვლავ გამოვიდნენ ქუჩაში თებერვალში მომხდარი სამხედრო გადატრიალების გასაპროტესტებლად. სხვადასხვა მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 90-დან 114-მდე მერყეობს. 27 მარტი უკვე შეფასდა ყველაზე სისხლიან დღედ ქვეყანაში ხსენებული გადატრიალების შემდეგ.

მიანმარში დემონსტრაციები დაიწყო პირველი თებერვლის შემდეგ, როდესაც ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა. მიანმარის არმიამ, რომელმაც საპარლამენტო არჩევნების შედეგები არ აღიარა, ხელისუფლებაზე კონტროლი დაამყარა, ქვეყნის ლიდერი აუნ სან სუ ჩი და სხვა პოლიტიკოსები კი დააკავა.

27 მარტი — სისხლიანი დღე მიანმარში

27 მარტს, როდესაც მიანმარის სამხედრო ძალების დღე აღინიშნება, არმიის გაფრთხილებისა და რისკების მიუხედავად, სხვადასხვა ქალაქსა და დასახლებაში კვლავ გამოვიდნენ გადატრიალების მოწინააღმდეგე მოქალაქეები.

საერთაშორისო მედიის ცნობით, წინა დღით სახელმწიფო ტელევიზიამ დემონსტრანტები გააფრთხილა, რომ “მათთვის შეიძლებოდა ესროლათ თავში ან ზურგში”.

გადატრიალების საწინააღმდეგო პროტესტი ქალაქ მანდალაიში. 27.03.21 ფოტო: EPA

თვითმხილველები და მედია ყვებიან დრამატული მოვლენების შესახებ, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით დღის განმავლობაში ვითარდებოდა: CNN-ის ინფორმაციით, სამხედროებმა მომიტინგეები 44 ქალაქსა და დასახლებაში დახოცეს.

დაღუპულთა შორის მედია ასახელებენ 13 წლის გოგოს მანდალაის რაიონიდან. მას საკუთარ სახლში მყოფს ესროლეს მაშინ, როცა არმიამ ერთ-ერთ საცხოვრებელ უბანში ცეცხლი გახსნა. BBC-ის თანახმად კი, დაჭრილთა შორისაა 5 წლის ბიჭი ამავე რაიონიდან, რომელსაც “უსაფრთხოების ძალებმა თავში ესროლეს”.

ქალაქ იანგონის ერთ-ერთი ქუჩა 27 მარტის პროტესტისას. ფოტო: EPA

“ჩანდა, რომ უსაფრთხოების ძალები, შეიარაღებულნი საბრძოლო იარაღით, მზად იყვნენ, ესროლათ ყველასთვის, ვისაც ქუჩაში დაინახავდნენ”, — წერს BBC-ის ბირმის სამსახურის ჟურნალისტი. მისი თქმით, 27 მარტს არმიის სისასტიკის მასშტაბები ახალ ნიშნულზე ავიდა.

სისხლიანი დღის შემდეგ, დაღუპულთა რაოდენობის შესახებ სხვადასხვა ცნობა ვრცელდება: მიანმარში მოქმედი “პოლიტიკურ პატიმართა დახმარების ასოციაცია” სულ მცირე 91 დაღუპულზე საუბრობს, გამოცემა “Myanmar Now” კი — 114 დაღუპულზე.

ამ მონაცემებით, მიანმარის სამხედრო გადატრიალების შემდგომი პროტესტისას დაღუპულთა რიცხვმა 400-ს მიაღწია. მათ შორის არიან არასრულწლოვნები.

სამხედრო ლიდერის პასუხი და საერთაშორისო გამოხმაურება

სამხედრო მაღალჩინოსნებს არმიის ქმედებები არ გაუკრიტიკებიათ. სატელევიზიო მიმართვისას გადატრიალების  ლიდერმა მინ აუნ ჰლაინმა ახალი არჩევნების ჩატარების პირობა დადო, თუმცა კონკრეტული თარიღი არ დაასახელა. მისი თქმით, არმია დემოკრატიის დაცვას ცდილობს და “შეუსაბამოა ძალადობრივი ქმედებები, რომლებიც სტაბილურობასა და უსაფრთხოებას ვნებს”.

არმიის ქმედებები დაგმეს როგორც აშშ-მ, ისე ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა. აშშ-ის საელჩოს თქმით, სამხედროებმა “უიარაღო დემონსტრანტები დახოცეს”, ევროკავშირის დელეგაცია კი ამბობს, რომ მიანმარის სამხედრო ძალების დღეს ისტორიაში დარჩება როგორც “დღე ტერორისა და სირცხვილისა”.

მიანმარის დედაქალაქ ნაიფიიდოში სამხედრო ძალების დღესთან დაკავშირებულ აღლუმს რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე დაესწრო. გადატრიალების ლიდერმა მოსკოვი “ნამდვილ მეგობრად” მოიხსენია. “როიტერის” თანახმად, აღლუმზე საკუთარი წარმომადგენლები გაგზავნეს ინდოეთმა, ჩინეთმა, პაკისტანმა, ვიეტნამმა და ტაილანდმა.

რატომ მოხდა გადატრიალება მიანმარში?

სამხედროები თავიანთი გადაწყვეტილების მიზეზად გასული წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნების  “გაყალბებას” ასახელებენ, რასაც საერთაშორისო დამკვირვებლები არ ეთანხმებიან.

აღნიშნულ არჩევნებში სახელმწიფო კანცლერისა და ქვეყნის ფაქტობრივ ლიდერად მიჩნეული აუნ სან სუ ჩის პარტიამ “ეროვნული ლიგა დემოკრატიისთვის” გაიმარჯვა და მთავრობის დასაკომპლექტებლად ხმების საკმარისი რაოდენობა მიიღო.

ნოემბრის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით სამხედროების უკმაყოფილება აქამდეც იყო ცნობილი. არმიის მიერ მხარდაჭერილმა პარტიამ დაბალი შედეგი აჩვენა, აუნ სან სუ ჩის პარტიამ კი იმაზე უკეთესი, ვიდრე 2015 წლის არჩევნებზე.

აუნ სან სუ ჩი პირველი თებერვლის შემდეგ დაკავებულია. სამხედროებმა მას რამდენიმე ბრალდება წაუყენეს, მათ შორისაა უკანონო საკომუნიკაცია საშუალებების ფლობა, პანდემიის წესების დარღვევა და ასობით ათასი აშშ დოლარის, ასევე, ოქროს უკანონოდ მიღება. პოლიტიკოსის მხარდამჭერები გაყალბებულს უწოდებენ ხსენებულ ბრალდებებს.

ყოფილ ლიდერთან ერთად დაკავებულია მისი პარტიის წარმომადგენელთა ნაწილიც, ისინი კი, ვინც პატიმრობა თავიდან აიცილა და დამალვა შეძლო, მოსახლეობას წინააღმდეგობის გაგრძელებისკენ მოუწოდებენ.

მათ ჩამოაყალიბეს ორგანიზაცია, სახელწოდებით “საკავშირო პარლამენტის წარმომადგენლობითი კომიტეტი”, საიდანაც გაისმა მოწოდება, გაგრძელდეს “რევოლუცია”.

გადატრიალება დაგმო არაერთმა საერთაშორისო აქტორმა, მათ შორის, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა, რომელთაც მიანმარს სანქციები დაუწესეს.

ვინ არის აუნ სან სუ ჩი

მიანმარს 2011 წლამდე – დემოკრატიული რეფორმების დაწყებამდე – სამხედროები მართავდნენ. აუნ სან სუ ჩი, რომელიც ქვეყნის დე ფაქტო ლიდერად მიიჩნევა, მიანმარის დამოუკიდებლობის გმირის, აუნ სანის ქალიშვილია. მამამისი მანამ მოკლეს, სანამ მიანმარი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა 1948 წელს.

აუნ სან სუ ჩი მიანმარში სამხედრო ხუნტის ხელისუფლების პირობებში ადამიანის უფლებათა აქტიური დამცველი და პაციფისტი იყო. 15 წელი(1989-2010) პატიმრობაში გაატარა. ამავე პერიოდში მიენიჭა ნობელის პრემია მშვიდობის დარგში.

აუნ სან სუ ჩი

დემოკრატიული რეფორმების პირობებში, 2015 წელს, სუ ჩის პარტია საკანონმდებლო ორგანოში შევიდა და არმიასთან საზიარო მმართველობით 2016 წელს მთავრობა ჩამოაყალიბა.

ბოლო წლების განმავლობაში ნობელის ლაურეატი კრიტიკის ობიექტი გახდა მიანმარში მუსლიმური უმცირესობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების მიმართ გულგრილობის გამოჩენისა და არასაკმარისი მოქმედებების გამო. ამის გამო მას არაერთი საპატიო ჯილდო ჩამოართვეს.

მიანმარის რაკჰაინის პროვინციაში როჰინჯა მუსლიმების წინააღმდეგ ქვეყნის სამხედრო ძალების მხრიდან ძალადობა გაერომ ეთნიკურ წმენდად შეაფასა, რომლის დროსაც ქვეყანა 700 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა და თავი ბანგლადეშს შეაფარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი