ახალი ამბები

ენმ ვაშაძის შემდეგ

16 დეკემბერი, 2020 • 1744
ენმ ვაშაძის შემდეგ

“ნაციონალური მოძრაობის” დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილი იყო და იქნება ამ პარტიის ლიდერი. პარტიაში ჩვენი წევრობა არის მიშას დამსახურებისადმი პატივისცემის გამოხატვა“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ 2019 წლის მარტში, როდესაც “ნაციონალური მოძრაობის” მერვე ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს. წელიწად-ნახევარში ვაშაძემ ენმ დატოვა.

ანალიტიკოსების აზრით, ვაშაძის წასვლა კანონზომიერია და კიდევ ერთხელ აჩვენებს ენმ-ის შიგნით არსებულ პროცესებს, სადაც მიხეილ სააკაშვილს გადამწყვეტი გავლენა აქვს. სააკაშვილი პარლამენტის ბოიკოტის და დიდი საპროტესტო მოძრაობის მომხრეა, მაშინ როდესაც გრიგოლ ვაშაძემ “ქუჩის ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით” ჩანაცვლების მოსაზრება გამოთქვა. ვაშაძის ამ განცხადებას კრიტიკა მოჰყვა ენმ-ის წევრების და სხვა ოპოზიციის მხრიდან. გრიგოლ ვაშაძეს განმარტების გაკეთება მოუწია, რომ სანამ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება, პარლამენტში შესვლას არ აპირებდა.

გრიგოლ ვაშაძემ ენმ-ში დაკავებული თანამდებობებიდან და პარტიიდან წასვლის შესახებ 15 დეკემბერს, “ფეისბუქზე” გამოქვეყნებული პოსტით განაცხადა, დამატებითი განმარტებები კი არ გაუკეთებია.

მე გადავწყვიტე დავტოვო ყველა დაკავებული თანამდებობა და გავიდე პარტიიდან.
უაღრესად მიძნელდება ეს ნაბიჯი, მაგრამ სხვა…

Posted by Gregory Vashadze on Monday, 14 December 2020

ვაშაძემ პარტიიდან წასვლის სამი მიზეზი დაასახელა:

  1. “არ ვეთანხმები პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას. კიდევ უფრო მიუღებელია ჩემთვის პარტიული სტრატეგიის არარსებობა”.
  2. “ვერ შევეგუები იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდენ ისეთი ოდიოზური ფიგურები, რომლებიც ჩვენ კარგა ხანია თითქოს და ჩავაბარეთ წარსულს და რომლებთან ერთად ვერასადროს, ვიმეორებ, ვერასდროს ვერ მოვიპოვებთ ამომრჩევლის ნდობას”.
  3. “შეუძლებელია, ღრმა აღშფოთებას არ იწვევდეს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანია, რომელიც გაუგებარია, ვინ და რა მიზნით წამოიწყო”.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ანალიტიკოსი და ბამბერგის უნივერსიტეტის დოქტორანტი ლევან კახიშვილი მიიჩნევს, რომ ჩამოთვლილთაგან ყველაზე რეალური მიზეზი “ოდიოზური ფიგურებია”, რადგან სტრატეგიის შემუშავება შესაძლებელია და არც დიპლომატებზე თავდასხმის დაგმობა და რიტორიკის შეცვლაა რთული.

“თუმცა „ოდიოზური ფიგურებისგან“ პარტიის გათავისუფლება მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, რომელსაც, როგორც ჩანს, ვაშაძე ვერ გაუმკლავდა”, – ამბობს კახიშვილი.

“ნაციონალურ მოძრაობაში” დარჩენილი გრიგოლ ვაშაძის კოლეგები აცხადებენ, რომ არ იციან ოდიოზური ფიგურები მათ პარტიაში და არც ის, ვის გულისხმობდა გრიგოლ ვაშაძე. ასეთად არ მოიაზრებენ არც ვანო მერაბიშვილს — ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელსაც, მართალია, ციხიდან გათავისუფლების შემდეგ რამე ფორმალური პარტიული თანამდებობა არ დაუკავებია, თუმცა აქტიურად იყო ჩართული ენმ-ის წინასაარჩევნო აქტივობებში, მათ შორის, “ქართული ოცნებიდან” წამოსულ კახა ოქრიაშვილის მიწვევაში ერთიან საარჩევნო სიაში. “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ თქვა, რომ საკუთარ თავს ვერ ხედავს იმ გუნდში, სადაც ვანო მერაბიშვილი იქნება.

“ვერ ვიტყვი, რომ [ენმ-ში] ოდიოზური ფიგურები არიან. მერაბიშვილი არცერთ თანამდებობას არ იკავებს და რა ვიცი, [ვაშაძე] ვის გულისხმობს”, – განაცხადა ენმ-ის ერთ ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ.

ლევან კახიშვილის აზრით, ასეთი „ოდიოზური ფიგურის“ მხოლოდ ერთი ლოგიკური კანდიდატურა არსებობს — მიხეილ სააკაშვილი.

“სააკაშვილი ერთდროულად ენმ-ის ყველაზე ძლიერ და ყველაზე სუსტ მხარეებს წარმოადგენს. მისი პოპულარობა ამომრჩევლის ნაწილს შორის კვლავ გადამწყვეტ ფაქტორია ენმ-ის საარჩევნო წარმატებაში. თუმცა, იმავდროულად, იგი ისეთ პოლარიზებას იწვევს საზოგადოებაში, რომ ძნელად წარმოასდგენია ამომრჩევლის უმრავლესობის ნდობის მოპოვება მასთან ერთად”, – მიიჩნევს კახიშვილი.

კახიშვილის აზრით, ამ შემთხვევაში პარტიის ფორმალური ლიდერის (გრიგოლ ვაშაძე) და არაფორმალური ლიდერის (მიხეილ სააკაშვილი) დაპირისპირება მოხდა ერთი ორგანზიაციის შიგნით და ის ფაქტი, რომ ვაშაძემ პარტიის დატოვების გარდა სხვა გამოსავალი ვერ ნახა, მიუთითებს, რომ მას, სავარაუდოდ, არ ჰქონდა საკმარისი მხარდაჭერა პარტიაში არსებული სხვა მნიშვნელოვანი პირების მხრიდან.

“ეს არ ნიშნავს, რომ ვაშაძემ რაღაც ვერ მოახერხა და ცუდი ლიდერია, ის შეიძლება არაჩვეულებრივი ლიდერი იყოს, მაგრამ ამაზე მსჯელობა რთულია, რადგან მას არ ჰქონია ამ თვისებების გამოვლენის შესაძლებლობა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სააკაშვილის გავლენა ენმ-ში კვლავ გადამწყვეტია”, – ამბობს კახიშვილი.

კახიშვილი ამბობს, რომ ენმ-დან ვაშაძის წასვლა არსობრივად სიახლეს არ წარმოადგენს, პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ ლოგიკური გაგრძელებაა ენმ-ის ერთგვარი დაშლის პროცესისა, რომელიც 2012 წლიდან დაიწყო და პარტიიდან ამოზარდნენ: გირჩი, ევროპული საქართველო, სტრატეგია აღმაშენებელი.

“მიუხედავად ამ დანაკარგისა, ადამიანური რესურსების თვალსაზირისით, ენმ კვლავ რჩება მთავარ ოპოზიციურ ძალად, რაც იმას ნიშნავს, რომ ის პოლიტიკური ასპარეზიდან გაქრობას არ აპირებს. საბოლოოდ, ვაშაძის წასვლა ახალს არაფერს გვიჩვენებს. ეს ერთი ადამიანის მიერ პარტიის დატოვებაა, ენმ-ს გაცილებით უფრო მძიმე განშორებები აქვს გამოვლილი, რაც ორლესური მახვილია – ერთი მხრივ, პარტიის სტაბილურობაზე მეტყველებს, მეორე მხრივ კი, იმ ერთგვარ შეუქცევად პროცესზე, რომელიც პარტიას გამუდმებით აყენებს იმ გამოწვევის წინაშე, რომელიც საკუთარი რიგების ახალი სახეებით შევსების საჭიროებას გულისხმობს”, – ამბობს კახიშვილი.

კახიშვილის ფიქრობს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” და მისი ლიდერები უნდა იყვნენ მზად კვლევის ჩასატარებლად იმასთან დაკავშირებით, როგორ აღიქმება ამომრჩევლის მიერ ენმ სააკაშვილით და სააკაშვილის გარეშე. რა შემთხვევაშია შესაძლებელი ენმ-ის უფრო წარმატებულ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბება გრძელვადიან პერსპექტივაში და რამდენად არის მზად პარტია საკუთარი თავის გადაფასებისთვის.

პოლიტოლოგი გიორგი ცხადაია ენმ-ში თვითგადაფასების რესურსს ვერ ხედავას, თუ ქვეყანაში რაიმე რადიკალური ცვლილება არ მოხდა, მიიჩნევს რა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩეველი არა იმდენად პარტიას, არამედ მიხეილ სააკაშვილს უჭერს მხარს.

“ამ პარტიის ლიდერებსა და ამორმჩეველთა ბაზას შორის აცდენა დიდი ხანია, რაც არის. ეს დაიწყო არა ახლა, არამედ  ჯერ კიდევ როდესაც “ევროპული საქართველო” გამოეყო. პარტიამ ლიდერების ნახევარი უკვე დაკარგა და ეს პროცესი გრძელდება. საბოლოოდ იქითკენ მიდის, რომ დარჩება მხოლოდ ერთი ლიდერი, რომელიც უკრაინაშია, და მისი პოზიციის ერთგული გამზიარებლები. ეს ბუნებრივა, იმიტომ რომ ენმ-ის მხარდამჭერები უფრო პარტიას კი არ უჭერენ მხარს, არამედ — სააკაშვილს. შესაბამისად, ასეთ პარტიებში სხვა ლიდერების ადგილი აღარ რჩება, ამომრჩეველი სხვა ლიდერს თანასწორ ლიდერად არ აღიარებს — ისინი მეორადი ლიდერები არიან. ვიღაცას მოსწონს ეს და ეგუება, ვიღაცა არ ეგუება. ვაშაძე, როგორც ეტყობა, არ შეეგუა ამას”, – ამბობს ცხადაია.

სააკაშვილის გამოხმაურება

“ნაციონალური მოძრაობის” საპატიო თავმჯდომარე და რეალური ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ გრიგოლ ვაშაძე ბრწყინვალე დიპლომატია, თუმცა პარტიას ახლა სხვა ტიპის, “უფრო შემტევი და თავგანწირული” ბრძოლა სჭირდება.

“[ვაშაძე] მარტო მე კი არ მესაუბრებოდა წასვლაზე, საჯაროდაც არაერთხელ უთქვამს, რომ დაიღალა პოლიტიკით. ბრწყინვალე დიპლომატია, ასეთი იშვიათად გვყოლია საქართველოს ისტორიაში. ის მოვიდა ენმ-ში, როცა პარტია არავითარი პრივილეგიის მომცემი არ იყო და ამისთვის მადლობა ეკუთვნის. ახლა ენმ გადადის იმ ეტაპზე, როდესაც ბევრად სხვა ტიპის ბრძოლაა საჭირო. საჭიროა ბრძოლა, რომელიც იქნება ბევრად უფრო შეტევითი, ბევრად უფრო შორს წამსვლელი, ბევრად უფრო თავგანწირული და ასეთი დრო მოითხოვს ახალ გამოწვევებს, ახალ ხალხს. “ნაციონალური მოძრაობაც” უნდა გარდაიქმნას”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა “ფორმულას” ეთერში.

რა (მო)ხდება “ნაციიონალურ მოძრაობაში?

“ნაციონალურ მოძრაობაში” არ მიიჩნევენ ან საჯაროდ არ აცხადებენ, რომ გრიგოლ ვაშაძის წასვლა პარტიაში არსებული კრიზისის ინდიკატორია და არც ვაშაძის მიერ ჩამოთვლილი გამოწვევებს იზიარებენ. ამბობენ, რომ აზრთა სხვადასხვაობა და თუნდაც, პარტიიდან ვინმეს წასვლა “ნორმალური პროცესია”.

“ვერ გავიზიარებთ განცხადების ვერც პათოსს და ვერც შინაარსს, რომელიც ჩვენთან შეუთანხმებლად გამოაქვეყნა”, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

მან და ხატია დეკანოიძემ, ვინც ვაშაძის საკითხზე პარტიის მთავარი სპიკერები აღმოჩნდნენ, ყოფილ თავმჯდომარეს პარტიის დატოვების ფორმა დაუწუნეს, ასევე, თქვეს რომ “ნაციონალური მოძრაობა” არასდროს დასხმია თავს ელჩებს, როგორც ამას გრიგოლ ვაშაძე აცხადებს.

“არ მინდა ვიყო მკვახე, მაგრამ აუცილებელია ვიყო გულწრფელი. გენერლები ჯარს არ უწუნებენ სტრატეგიას”, – ამბობს ხატია დეკანოიძემ.

ხატია დეკანოიძის თქმით, სამოქმედო ტაქტიკასთან და სტრატეგიასთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრებები იყო, მაგრამ პოლიტსაბჭომ ერთხმად მიიღო ბოიკოტის გადაწყვეტილება. პოლიტსაბჭოს სხდომას, რომელზეც დეკანოიძე საუბრობს, გრიგოლ ვაშაძე არ ესწრებოდა.

ვაშაძე მე-2 განცხადებას ავრცელებს და პოზიციას განმარტავს

 

ერთადერთი, ვინც თქვა, რომ გრიგოლ ვაშაძის გადაწყვეტილების ესმის, ასევე, ყოფილი დიპლომატი სალომე სამადაშვილია. სამადაშვილი იზიარებს მოსაზრებას, რომ პარტიას მოუწევს სამომავლო სტრატეგიასა და ტაქტიკაზე მსჯელობა, რადგან ბოიკოტი არ არის სამომავლო სტრატეგია.

“ცხადია, ნებისმიერ პარტიას და ენმ არ არის გამონაკლისი, არჩევნების შემდეგ უწევს მსჯელობა სამომავლო სტრატეგიაზე. თუ ბატონი გრიგოლის გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით უფრო საფუძვლიანი მსჯელობის განვითარებას, კარგი იქნება პარტიისთვისაც და მათთვისაც, ვისაც ეს პარტია ეიმედება”, – წერს სამადაშვილი.

გრიგოლ ვაშაძეს “ქვეყნისათვის გაწეული სამსახურისთვის” მადლობა გადაუხადა რომან გოცირიძემ და თქვა, რომ “მისმა გამოცდილებამ და პირადმა თვისებებმა პარტიას შემატა საერთაშორისო იმიჯი და შიდა სტაბილურობა”.

“პარტიიდან მისი წასვლა ბევრისთვის მოულოდნელი იყო, ბევრისთვის არა. შეიძლება ზოგს არ მოეწონა ამ გადაწყვეტილების დრო, ზოგს ფორმა. არ არის ადვილი მიიღო ყველასათვის მოსაწონი გადაწყვეტილება, მით უმეტეს, პოლიტიკაში”, – დაწერა გოცირიძემ “ფეისბუქზე”.

ვინ იქნება შემდეგი?

ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ვაშაძის გარდა პარტიიდან წასვლის სურვილი “ჯერჯერობით არავის გამოუთქვამს”. კითხვა შეეხებოდა ინფორმაციას, რომლის თანახმადაც შესაძლოა, “ნაციონალური მოძღაობა” სალომე სამადაშვილმა, თინა ბოკუჩავამ და რომან გოცირიძემაც დატოვონ.

სამადაშვილს და გოცირიძეს ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებიათ, თინა ბოკუჩავა კი მედიასთან ორი დღეა, არ გამოჩენილა.

“ის, რომ ჩემს პოსტში ბატონ გრიგოლ ვაშაძეს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადავუხადე, სულაც არ ნიშნავს, რომ ვიღაც პარტიიდან მიდის”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” რომან გოცირიძემ.

ვინ ჩაანაცვლებს ვაშაძეს? 

ვინ შეცვლის გრიგოლ ვაშაძეს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის პოსტზე, უცნობია.

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის აზრით, თავმჯდომარის პოსტზე ყველაზე ოპტიმალური კადიდატურა “ნაციონალური მოძრაობისთვის” ახლა ხატია დეკანოიძეა.

მისი თქმით, “ნაციონაური მოძრაობა”, ისევე როგორც “ქართული ოცნება”, ერთი კაცის პარტიად, გარკვეულ რელიგიურ ორგანიზაციად შეგვიძლია მოვიაზროთ, სადაც არსებობს ერთი კერპი. ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ნიკა მელიამ “შეიძლება რელიგიას საფრთხე შეუქმნას”, ვინაიდან თვითონაც ამბიციური ფიგურაა, ლევან ვარშალომიძე კი როგორც საჯარო პოლიტიკოსი, სათანადოდ დამკვიდრებული არ არის.

“ამიტომ ახლა რისი გაკეთება შეუძლია “ნაციონალურ მოძრაობას” იმისთვის, რომ პრობლემა ცოტათი მაინც გაანეიტრალოს, ალბათ, ხატია დეკანოიძის თავმჯდომარედ არჩევაა. ენმ-ს ახლა სჭირდება იმ ტიპის ლიდერები წინა პლანზე, ვისაც არააქვთ პირადი ნეგატიური რეიტინგი. ასეთი, როგორც ვუყურებ, მხოლოდ დეკანოიძეა და პრინცპიში, ეს მათი მხრიდან, ალბათ, სწორი პოლიტიკური ნაბიჯი იქნებოდა”, – ამბობს ხუხაშვილი.

გრიგოლ ვაშაძის შესახებ

გრიგოლ ვაშაძე დიპლომატია. დიპლომატიური კარიერა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების განყოფილებაში დაიწყო და შემდგომ, კოსმოსის და ბირთვული შეიარაღებების განყოფილებაში გააგრძელდა. თუმცა 1990 წლიდან 2008 წლამდე დაკავებული იყო კერძო ბიზნესით და ხელმძღვანელობდა თავის დაარსებულ კომპანიებს: “Georgia Arts Management” და “Gregory Vashadze and BR”.

2008 წლის 6 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, იმავე წლის 1-ელ ნოემბერს დაინიშნა კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი გახდა. 2008 წლის დეკემბრიდან 5 წლის განმავლობაში, სააკაშვილის მთავრობაში ყველაზე ხანგრძლივი დროით ეკავა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი.

გრიგოლ ვაშაძე “ნაციონალურ მოძრაობის” პოლიტსაბჭოს 2017 წლიდან შეუერთდა. , 2019 წელს კი პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ის იყო ენმ-ის პრეზიდენტობის კანიდატი, რომელიც მეორე ტურში, სალომე ზურაბიშვილთან დამარცხდა.

ჯერჯერობით, ნათელი არ არის, ვაშაძე მხოლოდ პარტიიდან წავიდა თუ პოლიტიკიდანაც — “ნეტგაზეთის” ეს კითხვა ვაშაძემ უპასუხოდ დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი