ახალი ამბები

“პარტიული შეხვედრები არ არის” – ენმ მერაბიშვილის რეგიონებში ვიზიტებზე

11 ივნისი, 2020 •
“პარტიული შეხვედრები არ არის” – ენმ მერაბიშვილის რეგიონებში ვიზიტებზე

ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ვანო მერაბიშვილი რეგიონებში ამომრჩეველს საკუთარი სურვილით ხვდება და ეს პარტიული შეხვედრები არ არის.

რაც შეეხება მის როლს პარტიაში, როგორც ენმ-ის პრესსამსახურში ნეტგაზეთს უთხრეს, როცა მერაბიშვილი გადაწყვეტილებას მიიღებს, ამაზე თავად ისაუბრებს.

“ეს პარტიული შეხვედრები არ არის. ის რეგიონებში დადის და ხვდება უბრალოდ მის მეგობრებს, ყოფილ ამომრჩევლებსა თუ თანაპარტიელებს, თუმცა ეს პარტიული შეხვედრები არ არის, რაც გულისხმობს იმას, რომ წინასაარჩევნოდ გავიდა პარტიის წარმომადგენელი და ამომრჩეველს შეხვდა. რაც შეეხება მის როლს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში”, ამაზე თავად მერაბიშვილმა ცოტა ხნის წინ თქვა, რომ როცა გადაწყვეტილებას მიიღებს, თავად ისაუბრებს ამ საკითხზე. ჩვენ ამ საკითხზე, სანამ თავად არ იტყვის, არ ვსაუბრობთ”,-აცხადებენ პრესსამსახურში.

საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან “ნაციონალური მოძრაობის” წევრებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს და ინფორმაციას თავად ვანო მერაბიშვილი არცელებს. ერთ-ერთი ბოლო პოსტი მის Facebook გვერდზე რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნდა, სადაც მერაბიშვილი ენმ-ის წევრებთან, დავით კირკიტაძესთან და აზერ სულეიმანოვთან ერთად იმყოფება ქვემო ქართლში.

8 ივნისს მერაბიშვილმა Facebook-ზე გამოაქვეყნა ფოტოები “შეხვედრები რეგიონებში”, სადაც პარლამენტის წევრთან ენმ-დან, ბადრი ბასიშვილთან ერთად მოქალაქეებს ხვდება შიდა ქართლში.


მიმდინარე წლის მაისში “ევროპული საქართველოს” წევრმა გიგი უგულავამ თქვა, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი “ნაციონალურ მოძრაობას” შეუერთდება, თუმცა ენმ-ის ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მერაბიშვილს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება.

მელიას თქმით, მისი პირადი მოსაზრებაა, რომ ვანო მერაბიშვილი სამცხე-ჯავახეთში კენჭიყრის შემთხვევაში დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს.

“რასაც ვაკვირდები, ბოლო პერიოდია ბევრნი, ვინც ფეხქვეშ დაახლოებით ფიანდაზად ეფინებოდნენ ხელისუფლებაში მყოფ ვანო მერაბიშვილს და ერთმანეთს ეცილებოდნენ მის ქება-დიდებაში, დღეს რაღაცნაირად თითქოს ერთმანეთს ეცილებიან იგივე მერაბიშვილის გაკიცხვაში ან ირიბ კრიტიკაში. მერაბიშვილს არც ვიცნობდი, დაპატიმრებამდე ერთხელ მყავდა ნანახი და მხოლოდ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ გავიცანი. მის გაცნობამდე კი არაერთხელ ჩავსულვარ სამცხე-ჯავახეთში და კარგად ვიცი ხალხის, ამ რეგიონის ამომრჩევლის დამოკიდებულება ვანო მერაბიშვილისადმი”, – წერს მელია.

მისი თქმით, სწორედ ეს ამომრჩეველი წყვეტს და გასცემს უფლებას, ვინ ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესებში და ვინ – არა.

“ვანო მერაბიშვილმა თითქმის იმდენივე წელი გაატარა სამარტოვე საკანში, რამდენიც ხელისუფლებაში. ბევრს მასზე შეხედულება შეეცვალა, ბევრისთვის მისაღებია, ბევრისთვის- კვლავაც მიუღებელი. სწორედ ამისთვისაა არჩევნები და თუ ვანო მერაბიშვილი გადაწყვეტს, რომ კენჭი იყაროს სამცხე-ჯავახეთში, რეგიონში, რომელიც დღეს კლასიკური მაფიოზის ენძელ მკოიანის ხელშია და იარაღით ხელში დარბის აღმართ-დაღმართ, არა მგონია, მისმა ამ გადაწყვეტილებამ ან ქვეყანა დააზიანოს, ან ოპოზიცია. ჩემი აზრით, ვანო მერაბიშვილი სამცხე-ჯავახეთში მოიპოვებს დამაჯერებელ გამარჯვებას. ამ ეტაპზე გადამწყვეტია, რას გადაწყვეტს თავად, რას გადაწყვეტს პარტია და შემდეგ უკვე რას გადაწყვეტს ხალხი”, – აცხადებს მელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი