ახალი ამბები

კახა ოქრიაშვილი ვანო მერაბიშვილს შეხვდა [ფოტო]

22 აგვისტო, 2020 • 2713
კახა ოქრიაშვილი ვანო მერაბიშვილს შეხვდა [ფოტო]

წალკისა და დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი, რომელმაც “ქართული ოცნება” დატოვა და ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელთან ერთად ახალი პარტია დააფუძნა, ექს-პრემიერ ვანო მერაბიშვილს შეხვდა.

შეხვედრის შესახებ ფეისბუქ-მომხმარებელ ფეგან ჰუსეინის მიერ გავრცელებული ფოტოთი გახდა ცნობილი. ფოტოზე ვანო მერაბიშვილი, კახა ოქრიაშვილი, “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი დიმიტრი შაშკინი და გაერთიანების “ძალა ერთობაშია” აქტივისტები არიან გამოსახული.

კახა ოქრიაშვილმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ ის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს მართავს, რათა მათ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარულ ოლქში კონკურენტი არ დაუყენონ. ოქრიაშვილის თქმით, ფოტოზე სწორედ “ძალა ერთობაშია” წარმომადგენლებთან ასეთი შეხვედრაა ასახული.

“მოგეხსენებათ, ჩვენ შევქმენით ახალი პოლიტიკური პარტია “პროგრესი და თავისუფლება” და ამ პარტიის სიის პირველი ნომერი და მაჟორიტარობის კანდიდატი ვიქნები. გასულ კვირას თითქმის ყველა ოპოზიციურ პარტიასთან მქონდა შეხვედრა და საუბარი, რომ არ დამიყენონ კონკურენტი მაჟორიტარულ ოლქში, რაც მე გამიადვილებს პირველივე ტურში გამარჯვებას. მოგეხსენებათ, ძლიერი კანდიდატები ჭირს და ოპოზიციის ინტერესებშია, ერთ კანდიდატზე შეჯერება”, – ამბობს ოქრიაშვილი.

კითხვაზე, განიხილება თუ არა ახლადშექმნილი პარტიის ენმ-სთან საარჩევნო ბლოკში გაერთიანება, ოქრიაშვილი ამბობს, რომ ეს სამომავლო განხილვის თემაა.

კახა ოქრიაშვილი თქმით, ის შეხვდა “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებსაც.

დეპუტატი ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიებისგან პასუხს იმის შესახებ, დაუჭერენ თუ არა დმანისის მაჟორიტარულ ოლქში მხარს კახა ოქრიაშვილის კანდიდატურას, მომავალ კვირას ელოდება.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა დიმიტრი შაშკინსაც. კახა ოქრიაშვილთან თანამშომლობის ფორმატის შესახებ დასმული კითხვის პასუხად შაშკინი ამბობს, რომ ყველაფერი “თავის დროზე” გახდება ცნობილი, როცა პარტია საბოლოო გადაწყვეტილებაზე ჩამოყალიბდება.

ციხიდან გამოსვლის შემდეგ ვანო მერაბიშვილი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” ოფიციალურად არ დაბრუნებულა და განაცხადა, რომ არც პარლამენტის წევრობას და არც მომავალ მთავრობაში რომელიმე თანამდებობის დაკავებას არ აპირებს, თუმცა ის აქტიურად არის ჩართული რეგიონებში ენმ-ის აქტივთან და ამომრჩევლებთან შეხვედრებში. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ვანო მერაბიშვილი რეგიონებში ამომრჩეველს საკუთარი სურვილით ხვდება და ეს პარტიული შეხვედრები არ არის.

კახა ოქრიაშვილი, — სააფთიაქო ქსელ PSP-ს დამფუძნებელი, — რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე იყო, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატებს შორის არ დაუსახელებიათ.

როგორც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, ოქრიაშვილის „პიროვნების მიმართ არავითარი პრეტენზია“ არ არსებობდა, მაგრამ „როგორც პოლიტიკოსი, იგი დაშორდა გუნდს“.

კახა ოქრიაშვილი 4 მოწვევის პარლამენტის წევრია. 2008 და 2012 წლების საპარლამენტო არჩევნებში ის “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი