ახალი ამბები

ვერ ვხედავ ჩემს თავს გუნდში, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილი – მელია

17 სექტემბერი, 2020 • 1966
ვერ ვხედავ ჩემს თავს გუნდში, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილი – მელია

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას თქმით, საკუთარ თავს ვერ ხედავს იმ გუნდში, სადაც შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვანო მერაბიშვილი იქნება. ამის შესახებ მან ტვ პირველის ეთერში ისაუბრა წამყვანის კითხვის საპასუხოდ, იქნება თუ არა მერაბიშვილი ენმ-ის სიაში.

მელიამ თქვა, რომ მერაბიშვილი სიაში არ იქნება, შემდგომ კი დასძინა:

“ვანო მერაბიშვილმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა ამ ქვეყანაში, მაშინ როცა აბსოლუტურად განუკითხაობა იყო და ყაჩაღების და კრიმინალების ბოგინი იყო. ამას ვუფასებ. მაგრამ იმასაც ვაძლევ  შეფასებას, რომ ბევრი რამე, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, იყო ანტიკონსტიტუციური. მე რაც მიმაჩნია მის მთავარ, დიდ შეცდომად, როცა ბატონი გირგვლიანის ტრაგიკული შემთხვევა მოხდა, მას არანაირი მორალური უფლება არ ჰქონდა, დარჩენილიყო თანამდებობაზე.

სამწუხაროდ, ის დარჩა თანამდებობაზე და ხელისუფლებამაც ჩათვალა, რომ ხალხმა დაივიწყა, არადა, სინამდვილეში ეს დაილექა და როგორც ტალღამ, დემოკრატიულმა, დაარტყა, ყველაფერთან ერთად, 2012 წელს. ამიტომ, მე მიმაჩნია, რომ მის პოზიტიური ცოდნა უნდა გამოადგეს ქვეყანას, მაგრამ ამ ადამიანს ასევე აქვს ნეგატიური გამოცდილება. მე პირადად, ჩემს თავს ვერ ვხედავ იმ გუნდში, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილი”.

წამყვანის რეპლიკის საპასუხოდ, რომ ეს სერიოზული განაცხადია, მელიამ აღნიშნა, რომ “არსებობს ფასეულობები და ღირებულებები”.

მასალების გადაბეჭდვის წესი