ახალი ამბები

ისრაელი და მაროკო ურთიერთობების ნორმალიზებაზე შეთანხდმნენ

10 დეკემბერი, 2020 •
ისრაელი და მაროკო ურთიერთობების ნორმალიზებაზე შეთანხდმნენ

ისრაელი და მაროკო ურთიერთობების ნორმალიზებაზე შეთანხმდნენ: ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა “ტვიტერზე” დაწერა. ჩრდილოეთი აფრიკაში მდებარე მაროკო, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინისა და სუდანის შემდეგ, მეოთხე ქვეყანაა, რომელმაც მიმდინარე წელს, აშშ-ის შუამავლობით, ისრაელთან მსგავსი შეთანხმება დადო.

შეთანხმების ფარგლებში, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღიარა მაროკოს სამეფოს სუვერენიტეტი დასავლეთ საჰარაზე, რომელიც ათწლეულების მანძილზე ტერიტორიული დავის საგანია, ერთი მხრივ, მაროკოს, მეორე მხრივ კი, ალჟირის მიერ მხარდაჭერილ “პოლისარიოს ფრონტს” შორის. ეს უკანასკნელი წარმოადგენს მოძრაობას, რომლის მიზანიც დასავლეთ საჰარაში დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნაა.

“მორიგი ისტორიული მიღწევა დღეს! ჩვენი ორი დიდი მეგობარი – ისრაელი და მაროკოს სამეფო – სრულყოფილ დიპლომატიურ ურთიერთობებზე შეთანხმდნენ. დიდი მიღწევა მშვიდობისათვის ახლო აღმოსავლეთში”, – წერს ტრამპი “ტვიტერზე”.

Reuters-ის თანახმად, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ფარგლებში, იგეგმება ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაც.

ათწლეულების მანძილზე არაბული ქვეყნების უმრავლესობა ბოიკოტს უცხადებდა ისრაელს და აღნიშნავდა, რომ ქვეყანასთან კავშირებს მხოლოდ მას შემდეგ დაამყარებდნენ, როცა პალესტინასთან დაკავშირებით დავა გადაწყდებოდა.

თუმცა ვითარება შეიცვალა მიმდინარე წლის აგვისტოში, როცა ისრაელი და არაბთა გაერთიანებული საამიროები ურთიერთობის ნორმალიზებაზე შეთანხმდნენ. ამას მოჰყვა მსგავსი ნაბიჯი ბაჰრეინისა და სუდანისაგან. სამივე შემთხვევაში პროცესში ტრამპი იყო ჩართული.

თუ ვაშინგტონსა და ზოგიერთ არაბულ ქვეყანაში პროცესს მიესალმებიან, შეთანხმებებს გმობენ არაბული რეგიონის სხვა სახელმწიფოები, რომლებიც აღნიშნულს განიხილავენ პალესტინის იდეი სღალატად.

ამგვარად, ამ დროისთვის, ისრაელის დამოუკიდებლობა აღიარებული აქვს 6 არაბულ ქვეყანას: ეგვიპტეს(1979), იორდანიას(1994), არაბთა  გაერთიანებულ საამიროებს(2020),  ბაჰრეინს(2020), სუდანსა(2020) და მაროკოს(2020).

მასალების გადაბეჭდვის წესი