ახალი ამბები

ისრაელი და სუდანი ურთიერთობების ნორმალიზებაზე შეთანხდმნენ – ტრამპი

23 ოქტომბერი, 2020 • 1261
ისრაელი და სუდანი ურთიერთობების ნორმალიზებაზე შეთანხდმნენ – ტრამპი

ისრაელმა და სუდანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ორ ქვეყანას შორის ვითარების ნორმალიზებას ითვალისწინებს: ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში მდებარე სუდანი, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ბაჰრეინის შემდეგ, მესამე ქვეყანაა, რომელმაც მიმდინარე წელს ისრაელთან მსგავს შეთანხმებას მოაწერა ხელი.

“დიდი გამარჯვება აშშ-სათვის და მშვიდობისათვის მსოფლიოში. სუდანი დათანხმდა ისრაელთან მშვიდობისა და [ურთიერთობების] ნორმალიზების ხელშეკრულებას”, – დაწერა ტრამპმა “ტვიტერზე”.

აშშ-ის პრეზიდენტის ამ პოსტს თან ახლავს თავად ტრამპის, ასევე სუდანისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრების ერთობლივი განცხადება, რომელშიც ურთიერთობების ნორმალიზების მნიშვნელობასა და სამომავლო ურთიერთობებზე საუბრობენ; განსაკუთრებით აღნიშნულია ეკონომიკური და სავაჭრო კავშირები. ტექსტის მიხედვით, სუდანისა და ისრაელის დელეგაციები ერთმანეთს უახლოეს კვირებში შეხვდებიან.

აღნიშნულს წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ტერორიზმის მხარდამჭერი სახელმწიფოების სიიდან სუდანის ამოღების შესახებ, რაც გზას უხსნის ქვეყნისათვის ეკონომიკურ დახმარებასა და ინვესტიციებს. ტრამპის ამ გადაწყვეტილების შემდეგ, არაერთი მედიასაშუალება იუწყებოდა, რომ სუდანსა და ისრაელს შორის შეთანხმება სულ მალე გაფორმდებოდა.

ათწლეულების მანძილზე, არაბული ქვეყნების უმრავლესობა ბოიკოტს უცხადებდა ისრაელს და აღნიშნავდა, რომ ქვეყანასთან კავშირებს მხოლოდ მას შემდეგ დაამყარებდნენ, როცა პალესტინასთან დაკავშირებით დავა გადაწყდებოდა.

თუმცა ვითარება შეიცვალა მიმდინარე წლის აგვისტოში, როცა ისრაელი და არაბთა გაერთიანებული საამიროები ურთიერთობის ნორმალიზებაზე შეთანხმდნენ. ამას მოჰყვა მსგავსი ნაბიჯი ბაჰრეინისგან. ორივე შემთხვევაში, პროცესში ტრამპი იყო ჩართული.

თუ ვაშინგტონსა და ზოგიერთ არაბულ ქვეყანაში პროცესს მიესალმებიან, შეთანხმებებს გმობენ არაბული რეგიონის სხვა სახელმწიფოები, რომლებიც პალესტინის იდეის ღალატად განიხილავენ აღნიშნულს.

სუდანი ისრაელის სახელმწიფოს დაფუძნების იდეას თავშივე(1948) ეწინააღმდეგებოდა. სწორედ მის დედაქალაქში, ხარტუმში მოეწერა ხელი 1967 წლის შეთანხმებას არაბული ლიგის ქვეყნებს შორის, როცა არაბულმა სახელმწიფოებმა თქვეს “სამი არა”: “არა – მშვიდობას ისრაელთან, არა – ისრაელის აღიარებას, არა – ურთიერთობებს ისრაელთან”.

თუმცა ვითარება შეიცვალა 2019 წელს, როდესაც ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების შემდეგ არმიამ თანამდებობიდან გადააყენა სუდანის დიქტატორი ომარ ალ-ბაშირი.

BBC-ის თანახმად, ისრაელთან შეთანხმებას ემხრობიან ქვეყნის გავლენიანი გენერლები, დიდწილად, სუდანის ეკონომიკური საჭიროებებიდან გამომდინარე.

ამგვარად, ისრაელის დამოუკიდებლობა, ამ დროისთვის, აღიარებული აქვს 5 არაბულ ქვეყანას: ეგვიპტეს(1979), იორდანიას(1994), არაბთა  გაერთიანებულ საამიროებს(2020),  ბაჰრეინსა(2020) და სუდანს(2020).

მასალების გადაბეჭდვის წესი