ახალი ამბები

ისრაელი და ბაჰრეინი ურთიერთობების ნორმალიზებაზე შეთანხდმნენ

11 სექტემბერი, 2020 • 1741
ისრაელი და ბაჰრეინი ურთიერთობების ნორმალიზებაზე შეთანხდმნენ

ისრაელმა და სპარსეთის ყურის რეგიონში მდებარე სახელმწოფომ, ბაჰრეინმა, ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ორ ქვეყანას შორის ვითარების ნორმალიზებას ითვალისწინებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. ბაჰრეინი, არაბთა გაერთიანებული საამიროების შემდეგ, მეორე ქვეყანაა, რომელმაც ბოლო 1 თვეში ისრაელთან მსგავს შეთანხმებას მოაწერა ხელი.

“მეორე არაბული ქვეყანა აფორმებს სამშვიდობო შეთანხმებას ისრაელთან [უკანასკნელი] 30 დღის მანძილზე”, – დაწერა ტრამპმა “ტვიტერზე”.

ასე ბაჰრეინი გახდა მეოთხე არაბული ქვეყანა, რომელმაც ისრაელი აღიარა 1948 წლიდან – მისი დაფუძნებიდან – დღემდე.

ათწლეულების მანძილზე, არაბული ქვეყნების უმრავლესობა ბოიკოტს უცხადებდა ისრაელს და აღნიშნავდა, რომ ქვეყანასთან კავშირებს მხოლოდ მას შემდეგ დაამყარებდნენ, როცა პალესტინასთან დაკავშირებით დავა გადაწყდებოდა. უშუალოდ სპარსეთის ყურის რეგიონში არ მოიძებნებოდა სახელმწიფო მსგავსი კავშირებით ისრაელთან.

თუმცა, ვითარება შეიცვალა გასულ თვეში, როცა ისრაელი და არაბთა გაერთიანებული საამიროები ურთიერთობის ნორმალიზებაზე შეთანხმდნენ. ინფორმაცია მაშინაც დონალდ ტრამპმა გაახმიანა და შეთანხმებას ისტორიული უწოდა.

დონალდ ტრამპის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და აბუ დაბის პრინც მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაიენის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ “ისტორიული მიღწევა ხელს შეუწყობს მშვიდობას ახლო აღმოსავლეთში”.

ამგვარად, ისრაელის დამოუკიდებლობა, ამ დროისთვის, აღიარებული აქვს 4 არაბულ ქვეყანას: ეგვიპტეს(1979), იორდანიას(1994), არაბთა  გაერთიანებულ საამიროებსა(2020) და ბაჰრეინს(2020).

მასალების გადაბეჭდვის წესი