ახალი ამბები

აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ნამახვანი ჰესის მშენებლობას აკრიტიკებენ

20 ნოემბერი, 2020 • 1231
აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ნამახვანი ჰესის მშენებლობას აკრიტიკებენ

უმაღლესი სასწავლებლებისა და კვლევითი დაწესებულებების წარმომადგენლებმა 14 ნოემბერს ნამახვანი ჰესის წინააღმდეგ გამართული აქციის დარბევასთან და ზოგადად ჰესთან დაკავშირებული დავის შესახებ განცხადება გაავრცელეს.

განცხადებაზე ხელმომწერი პროფესორები, მკვლევრები, მეცნიერები და სტუდენტები მხადაჭერას უცხადებენ 14 ნოემბერს სოფელ ჟონეთში დარბეული აქციის მონაწილეებს და იმედს გამოთქვამენ, რომ საქართელოში ჰესების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო მეტ ძალას მოიკრებს.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ მედიასაშუალებების წარმომადგენლები, პოლიტიკური ელიტები და საქართველოს სამართალაღმსრულებელი ორგანოები სახალხო პროტესტს “ნებსით თუ უნებლიეთ, წაყრუებით თუ ძალმომრეობით, უგულებელყოფენ და ამით მსხვილი ეკონომიკური კაპიტალისა და კერძო ინტერესების მქონე ჯგუფებთან პირდაპირ თუ ირიბად თანამზრახველობასაც ამჟღავნებენ”.

განცხადებაში ასევე წერია, რომ საქართველოში ჰიდრო-ენერგეტიკული პროექტების განხორციელება მცირეხნიან ფინანსურ მოგებაზეა ორიენტირებული ისე, რომ არ არის გააზრებული სამომავლო ზიანი.

“რიონის ხეობაში ქაოტურად დაგეგმილი ჰიდრო-ენერგეტიკული პროექტები და მათი მშენებლობის წინააღმდეგ მებრძოლი მოქალაქეებისადმი სახელმწიფოს და კერძო ინვესტორთა მოპყრობა კიდევ ერთხელ აშიშვლებს ამ პოლიტიკის ყოველმხრივ მანკიერებას.

ის განადგურებას უქადის ბუნებას. თავსმოხვეული რიტორიკის საპირისპიროდ, დაგეგმილი პროექტები სრულიად არადამაჯერებელი და გაუმჭვირვალეა, როგორც საჯარო ეკონომიკის სარგებლის, ისე ენერგეტიკული უსაფრთხოების და დამოუკიდებლობის თვალსაზრისით. წარმოდგენილი პროექტები, როგორც წესი, მეცნიერულად დაუსაბუთებელ მეცნიერულ (სეისმოლოგიურ, გეოლოგიურ, ეკონომიკურ და სხვა) კრიტიკას აგრესიულად უგულებელყოფს კიდეც.

სამართლებრივად გაუმართავია პროექტების განხორციელების პროცესიც, რადგან სახელმწიფოს წახალისებით კომპანია, სათანადო კვლევების ჩატარების გარეშე, არასრულფასოვანი დოკუმენტაციისა და მიმდინარე სასამრთლო დავის პირობებში, უკანონოდ იწყებს მშენებლობას. და, რაც მთავარია, სახელმწიფოს ეს პოლიტიკა ფეხქვეშ თელავს ადამიანთა პოლიტიკურ-სამოქალაქო ღირსებასა და საცხოვრებელ და სულიერ გარემოს”, – წერია განცხადებაში.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ადგილობრივი მოსახლეობა დასაბუთებული მეცნიერული კრიტიკით უპირისპირდება სახელმწიფოს. მათ შორის, მოსახლეობა საუბრობს რეგიონში არსებულ სეისმურ საფრთხეებზე, რომლის შედეგადაც შესაძლოა დასავლეთ საქართველოს გარკვეული რეგიონები დაიტბოროს და რომლის მსგავსი გამოცდილებაც ქვეყანას ახლო წარსულში გააჩნია.

“საფრთხე ემუქრება ადგილობრივ და უნიკალურ ვაზის ჯიშებს და ამ ჯიშებით წარმოებულ ღვინოს, ჰესების შედეგად წარმოქმნილ ტენიანობისა და ნიადაგის ცვლილების გამო. თუმცა არც ინვესტორს და არც სახელმწიფოს არ სურს ადგილობრივებთან და მიუკერძოებელ სპეციალისტებთან საგნობრივ კამათში შესვლა და ძალის გამოყენებით ცდილობს მათი უკმაყოფილების ჩახშობას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების ავტორები მიიჩნევენ, რომ ამ ეტაპზე ქვეყნის ბედი სწორედ ამ პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლით წყდება. ავტორები აღნიშნავენ, რომ პოლიტიკა სწორედ ხალხსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობაა და არა “პარტიული ქიშპობა, ან უშუალოდ ხელისუფლების რომელიმე შტოს წარმომადგენელთა ქმედებები”.

ამასთან, ავტორები მიმართავენ საზოგადოებას, რომ მეტი სიფრთხილით და მგრძნობელობით მოეკიდონ რიონის ხეობაში დაგეგმილი ჰესების მშენებლობას, რადგან “პოლიტიკური ბრძოლის ხაზი სწორედ ასეთ ადგილებზე გადის”.

ასევე, სხვადსახვა უმაღლესების და კვლევითი დაწესებულების წარმომადგენლები სახელმწიფოს მიმართავენ და მოუწოდებენ, შეეშვას ხალხთან “ძალის ენაზე საუბარს” და ძირეულად გადაიაზროს ენერგოპოლიტიკა. რაც შეეხება უშუალოდ რაჭა-ლეჩხუმში განვითარებულ მოვლენებს განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ სასამართლო დავის მიმდინარეობისას დაწყებული მშენებლობა უკანონოა და მოუწოდებენ სახელმწიფოს, “გამოვიდეს ინვესტორის ლობისტის როლიდან”, შეასრულოს მოსახლეობის მოთხოვნები და დაიწყოს ადგილობრივებთან მოლაპრაკებები.

განცხადების ხელმომწერები ასევე მოუწოდებენ კომპანია “ინკას”, წარმოადგინოს დასაბუთებული დოკუმენტაცია, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ჰესის მშენებლობა ნამდვილად უსაფრთხოა, მანამდე კი შეწყვიტოს მშენებლობა.

“კატეგორიულად დასაგმობია, რომ სახელმწიფო სარგებლობს პანდემიის შედეგად გადაადგილებისა და შეკრებისთვის შექმნილი არახელსაყრელი პირობებით. ამ დროს ის საჯარო განხილვის გარეშე ან საჯარო განხილვის სიმულაციის საფუძველზე ამტკიცებს უმნიშვნელოვანეს ჰიდრო-ენერგეტიკულ პროექტს. სახელმწიფოს ენერგოპოლიტიკა ვერ იქნება “იდუმალი” ცოდნით აღჭურვილ ტექნოკრატ “ესპერტთა” ექსკლუზივი. ის უნდა იყოს ფართო გაგებით საჯარო განსჯის საგანი, რასაც თავის წვლილს შეიტანს როგორც გეოლოგთა, სეისმოლოგთა და ეკოლოგთა შეფასება, ისე ჰუმანიტარულ და საზოგადოებრივ მეცნიერებათა წარმომადგენლების და ადგილობრივი მოსახლეობის აღქმები და ანალიზიც”, – წერია განცხადებაში.

განცხადების ავტორების თქმით, სახელწმიფოს უნდა დაესვას კრიტიკული კითხვები და მოსახლეობისთვის ცხადი უნდა გახდეს კონკრეტულად, მართლა მოაქვს თუ არა სარგებელი რიონის ხეობაში და სხვაგან დაგეგმილ ენერგოპროექტებს, თუ ეს პროექტი, როგორც ექსპერტები ამბობენ, მხოლოდ დამატებით ზიანს მოუტანს ქვეყანას ფინანსური თუ სხვა კუთხით.


ნამახვანი ჰესების მშენებლობის გასაპროტესტებლად ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილს უკვე 26-ე დღეა, რაც მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვები აქვს გაშლილი. გოლეთიანის თქმით, 25 ოქტომბერს კარვები ისეთ ადგილას გაშალეს, სადაც მშენებლობა არ მიმდინარეობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც შეამჩნიეს, რომ კომპანია აქტიურად აგრძელებდა სამშენებლო სამუშაოებს, სხვა ტერიტორიიდან იქ გადაინაცვლეს, სადაც უშუალოდ სამუშაოები გრძელდებოდა. კარვების დადგმამდე კი, 29 ოქტომბერს საპროტესტო აქციაც გამართეს და მშენებლობის ადგილას ჯვარიც აღმართეს. კონკრეტულ ტერიტორიამდე ჯვრის ატანის პროცესში მათ წინააღმდეგობა გაუწია პოლიციამ, თუმცა საბოლოოდ მოსახლეობამ ჯვრის აღმართვა მაინც მოახერხა. აღნიშნული ტერიტორიიდან კომპანია “ენკა რინიუებლზმა” ტექნიკა მეორე დღეს, 30 ოქტომბერს გაიყვანა.

მოსახლეობამ და აქტივისტებმა ჰესის მშენებლობის გასაპროტესტებლად აქცია 14 ნოემბერსაც გამართეს და ქუთაისიდან ლეჩხუმისკენ მიმავალი გზა რამდენიმე საათით გადაკეტეს. როგორც გოლეთიანმა განუცხადა “ნეტგაზეთს”, აქციის მონაწილეები ერთმანეთზე ჯაჭვით იყვნენ დაკავშირებული, რა დროსაც პოლიცია მათ “მიაწვა” და ხალხი წაიქცა.

“შეგვდგნენ პოლიციელები ზემოდან. მათ შორის წიხლებიც ურტყეს ვიღაცებს”, – უთხრა “ნეტგაზეთს” გოლეთიანმა. მისი თქმით, 200- კაციანი აქციის დაშლაში დაახლოებით 100 პოლიციელი მონაწილეობდა.

ამასთან, 19 ნოემბერს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ნამახვანი ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული წუხილი გადაჭარბებულია, რადგან “პროექტი ძალიან კარგად არის გათვლილი უსაფრთხოების თვალსაზრისით და სახელმწიფო “ძალიან დიდი პასუხისმგებლობით და სიფრთხილით ეკიდება მსგავსი პროექტების უსაფრთხოების თემას.

 

საქართველოში დაგეგმილი ჰესების რუკა

მასალების გადაბეჭდვის წესი