ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სამმხრივი შეთანხმება, არეულობა ერევანში და რუსი სამშვიდობოები ყარაბაღში

10 ნოემბერი, 2020 • 1374
სამმხრივი შეთანხმება, არეულობა ერევანში და რუსი სამშვიდობოები ყარაბაღში

მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებები წყდება. ახალი შეთანხმების თანახმად, ყარაბაღში უკვე დაიწყო რუსი მშვიდობისმყოფელების დისლოკაცია. ბაქო საუბრობს თურქი სამშვიდობოების განთავსებაზეც.

ომის შეწყვეტის შესახებ ცნობების გავრცელებას დემონსტრაციები და არეულობა მოჰყვა ერევანში. „ნეტგაზეთი“ ამ სტატიაში მიმოიხილავს განვითარებულ მოვლენებს.

შეთანხმება

თავდაპირველად სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გამოაცხადა, რომ მიიღო „ძალიან მძიმე გადაწყვეტილება“ და ხელი მოაწერა ომის შეწყვეტის გადაწყვეტილებას აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებთან ერთად.

ფაშინიანის განცხადებიდან რამდენიმე საათში ონლაინ-პრესკონფერენცია ჩაატარეს რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა, ვლადიმერ პუტინმა და ილჰამ ალიევმა. ალიევმა თქვა, რომ ფაშინიანიც იქ უნდა ყოფილიყო, თუმცა ბოლო მომენტში უარი თქვა.

ილჰამ ალიევი და ვლადიმერ პუტინი

27 სექტემბერს განახლებულ ომს ასობით ჯარისკაცისა და მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ დროისთვის მხარეებს არა აქვთ გამოცხადებული უკანასკნელი მონაცემები დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ, თუმცა ეს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შეიარაღებული კონფლიქტი იყო სამხრეთ კავკასიაში სსრკ-ის დაშლის შემდეგ.

ბაქოში შეთანხმება ფოიერვერკებით აღნიშნეს. სომხეთში კი მოვლენები განსხვავებულად წარიმართა: ნიკოლ ფაშინიანის პირველ განცხადებასა, შემდეგ კი შეთანხმების პირობების გამოცხადებას ერევანში მალევე მოჰყვა პროტესტი.

რა ხდება ერევანში?

მოქალაქეები ფაშინიანის განცხადებიდან რამდენიმე წუთში გავიდნენ ქუჩაში და მთავრობის სასახლესთან ივიდნენ. დემონსტრანტები სკანდირებდნენ, „ჩვენ ამ მიწას არ დავთმობთ“, და სხვა მოქალაქეებსაც მოუწოდებენ, ქუჩაში გასულიყვნენ. ისინი მალევე შეიჭრნენ მთავრობის სასახლეში და დარბაზები დაარბიეს.

დემონსტრანტები თავს დაესხნენ სომხეთის პარლამენტის სპიკერის, არარატ მირზოიანის ავტომობილს, დაუპირისპირდნენ მისი დაცვის წარმომადგენლებს, მირზოიანი მანქანიდან გადმოათრიეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ სცემენ მირზოიანს და ამის შემდეგ როგორ გდია მიწაზე უგონოდ მყოფი დეპუტატი.

გარკვეული დროის განმავლობაში მასთან მისვლას სასწრაფო დახმარების მანქანაც ვერ ახერხებდა. საბოლოოდ ის კლინიკში გადაიყვანეს საოპერაციოდ. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება [ფაშინიანმა დილას განაცხადა, რომ მასზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს].

მთავრობის შენობის დარბევისა და მირზოიანზე თავდასხმის შემდეგ, დემონსტრანტები პარლამენტის სასახლეშიც შეიჭრნენ, მიუხედავად დაცვის მცირე ჯგუფის მიერ წინააღმდეგობის გაწევის მცდლეობისა, დაიკავეს პარლამენტის ტრიბუნა და მოითხოვეს ყარაბაღში საომარი მოქმედებების განახლება.

პარლელურად, დემონსტრანტების ნაწილი „რადიო თავისუფლების“ სომხურენოვან სამსახურს დაესხა თავს. აღმასრულებელი პროდიუსერი არტაკ ჰამბარძუმიანი წერს, რომ თავდამსხმელი 40-მდე ადამიანი იყო.

არეულობა მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. პარალელურად, ნიკოლ ფაშინიანი ფეისბუკის ჩართვებითა და პოსტებით მოუწოდებდა მოქალაქეებს, დაშლილიყვნენ. მან მოგვიანებით დაწერა, რომ პრემიერის რეზიდენციიდან კომპიუტერი, საათი, პარფიუმერია, მართვის მოწმობა და სხვა ნივთები მოიპარეს.

„რა თქმა უნდა, სომხეთში ვარ“, – განაცხადა ფაშინიანმა მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელებში გავრცელდა სპეკულაცია ფაშინიანის მიერ ქვეყნის შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებით. მან ასევე განაცხადა, რომ არ ჰქონდა სხვა გამოსავალი, გარდა იმისა, რომ დათანხმებოდა შექმნილ ვითარებაში ომის დასრულებას.

დილის 10 საათისთვის პარლამენტთან კვლავ იყო შეკრებილი 300-მდე ადამიანი, რომლებიც ფაშინიანისგან მოითხოვდნენ, განემარტა, თუ რატომ მოაწერა ხელი აღნიშნულ შეთანხმებას. დღეს დაგეგმილია ცენტრალურ მოედანზე დიდი დემონსტრაცია.

ამასთანავე, დემონსტრანტები ითხოვენ, რომ შეიკრიბოს ფაშინიანის საპარლამენტო უმრავლესობა და სამმხრივი შეთანხების გაუქმებაზე შეთანხმდნენ. 13:00 საათისთვის მათ ბაგრამიანის გამზირი გადაკეტეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ყარაბაღის ლიდერი ფაშინიანს ეთანხმება

ყარაბაღის დე ფაქტო პრეზიდენტმა არაიკ არუთუნიანმა დაადასტურა, რომ ეთანხმება ნიკოლ ფაშინიანის გადაწყვეტილებას შეთანხმების გაფორმებასთან დაკვშირებით. მან 10 ნოემბერს, დილის საათებში, ფეისბუკ-მიმართვა გაავრცელა, რომლის თარგმანსაც OC Media ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, არუთუნიანმა თქვა, რომ არ იცის, როგორ შეაფასებს ისტორია ამ გადაწყვეტილებას, თუმცა ეს ნაბიჯი უნდა გადაედგათ. მან მიზეზების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა:

„43-დღიანი ბროძლის შედეგად, ჩვენ დავკარგეთ ფიზულის, ჯაბრაილის, კუბათლუს, ზანგელანის რაიონები, ჰადრუთის რაიონის დიდი ნაწილი, მარტუნისა და ასკერანის რაიონების ნაწილები და, რაც მთავარია, შუში“.

სომხური ძალები ბოლო კვირების განმავლობაში მიყოლებით კარგავდა აღნიშნულ ტერიტორიებს,  კულმინაცია დადგა 8 ნოემბერს, როდესაც ბაქომ გამოაცხადა, რომ ქალაქ შუშაზე/შუშიზე კონტროლი დაამყარეს. როგორც დე ფაქტო პრეზიდენტი ამბობს, ბრძოლა დედაქალაქ სტეფანაკერტიდან 2-3 კმ-ში მიმდინარეობდა და, თუკი გაგრძელდებოდა, სომხური მხარე ყარაბაღს რამდენიმე დღეში მთლიანად დაკარგავდა.

რას ითვალისწინებს შეთანხმება

9-პუნქტიანის შეთანხმების ტექსტიც მალე გამოქვეყნდა, რომლის ძირითადი აქცენტები ასეთია:

  • მოსკოვის დროით 10 ნოემბრის 00:00 საათიდან ყველა სახის სამხედრო მოქმედება წყდება;
  • აღდამის რეგიონი, რომელსაც სომხური ძალები აკონტროლებენ, უბრუნდება აზერბაიჯანულ მხარეს 20 ნოემბრამდე;
  • სომხეთი აზერბაიჯანს უბრუნებს კელბაჯარის რეგიონს 15 ნოემბრამდე და ლაჩინის რეგიონს პირველ დეკემბრამდე; ტოვებს ლაჩინის დერეფანს, რომელიც აკავშირებს მთიან ყარაბაღს სომხეთთან; კარგავს გავლენას ქალაქ შუშაზე/შუშიზე;
    • მხარეთა შეთანხმებით, მომდევნო 3 წელიწადში, ლაჩინის დერეფნის ახალი სატრანსპორტო გეგმა შემუშავდება, რომელიც უზრუნველყოფს სტეფანაკერტსა და სომხეთს შორის კომუნიკაციას. რუსი მშვიდობისმყოფელები გადანაწილდებიან ამ მონაკვეთის დასაცავად. აზერბაიჯანი უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას ორივე მიმართულებით, ლაჩინის დერეფნის გასწვრივ;
  • იძულებით გადაადგილებული პირები და დევნილები დაბრუნდებიან მთიანი ყარაბაღსა და მიმდებარე ტერიტორიებზე გაეროს ლტოლვილთა/დევნილთა უმაღლესი კომისრის კონტროლის ქვეშ.
  • მხარეები გაცვლიან სამხედრო ტყვეებს, სხვა პატიმრებისა და დაღუპულებს;

სამშვიდოებოები

შეთანხმება ასევე ამბობს, რომ:

  • რუსი მშვიდობისმყოფელები განთავსდებიან „კონტაქტის ხაზის“ გასწვრივ; ამასთან, ლაჩინის კორიდორში ჩაგდება 1960 მშვიდობისმყოფელი, 90 შეიარაღებული მანქანით, 380 სხვა ტიპის ავტომობილითა და სხვა სპეციალური აღჭურვილობით;
  • ისინი, სულ მცირე, 5 წლის ვადით განთავსდებიან, თუმცა, დარჩენის პერსპექტივით;
  • „იმისათვის, რათა გაიზარდოს შეთანხმების შესრულების ეფექტურობა, მშვიდობისმყოფელები გაიგზავნებიან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვის კონტროლისთვის“; შეთანხმებაში დაზუსტებული არ არის, თუმცა ილჰამ ალიევი საუბრობს თურქ მშვიდობისმყოფელებზე;

10 ნოემბრის 13:00 საათის მდგომარეობით, ყარაბაღში უკვე დაწყებული აქვთ დისლოკაცია რუსულ დანაყოფებს. ისინი შეთანხმების გაფორმებიდან მალევე დაიძრნენ ულიანოვსკის საჰაერო ბაზიდან Il-76 თვითმფრინავებით.

ილჰამ ალიევმა მიმართვაში ასევე განაცხადა, რომ „განცხადების ერთ-ერთი პუნქტი არის რუსეთისა და თურქეთის ერთობლივი სამშვიდობო მისია“ და „ჩვენ ვქმნით ინტერაქციის სრულიად ახალ ფორმატს არა მხოლოდ კონფლიქტის დარეგულირებისთვის, არამედ სამომავლო განვითარებისთვის“.

თუმცა შეთანხმებაში უშუალოდ თურქეთი ნახსენები არ არის. ვლადიმერ პუტინის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმაც განაცხადა, რომ თურქი სამშვიდობოების ჩაყენებასთან დაკავშირებით შეთანხმება არ ყოფილა.

საერთაშორისო საკითხებში რუსეთის ფედერაციის საბჭოს კომიტეტის ხელმძღვანელმა კონტანტინ კოსაჩოვმა «Россия-24»-სთან ინტერვიუში თქვა, რომ „სამშვიდობო ოპერაცია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში არის რუსული, თურქეთთან შესაძლებელია მხოლოდ სამოქმედო ელემენტების შეთანხმება“. სავარაუდოდ, ეს საკითხი უახლოეს მომავალში დაზუსტდება.

კავშირი ნახიჩევანთან

შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, „ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირი რეგიონში გაიხსნება“:

  • სომხეთი უზრუნველყოფს სატრანსპორტო კავშირებს აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის;
  • სატრანსპორტო კონტროლი განხორციელდება რუსეთის ფედერაციის საზღვრის დაცვის სამსახურის მიერ;
  • შეთანხმების მიხედვით, ახალი სატრანსპორტო კომუნიკაციების მშენებლობა დაიწყება, რომლებიც დააკავშირებენ ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებთან;

წყარო: Bellingcat

ნახიჩევანი — ავტონომიური რესპუბლიკა აზერბაიჯანის შემადგენლობაში — არის ექსკლავი, რომელიც ირანსა და სომხეთს შორისაა მოქცეული. ამასთან, მთიან ყარაბაღსა და ნახიჩევანს შორის, სომხეთის სახელმწიფო ტერიტორიებს გარდა, მოქცეული ის ტერიტორიებიც, რასაც აზერბაიჯანი ოკუპირებულად მიიჩნევდა და რომლის ნაწილიც ამ ომის პერიოდში დაიკავა.

ყარაბაღის სტატუსი

შეთანხმებაში არ არის ნახსენები ყარაბაღის სტატუსი ან რაიმე სტატუსის შესახებ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. ამას ილჰამ ალიევმაც გაუსვა ხაზი და თქვა:

„როცა მე მათ ავტონომია შევთავაზე, მათ უარი განაცხადეს. „ეს დამოუკიდებელი სახელმწიფოა“, მითხრეს სომხებმა. შეთანხმებაში არცერთი სიტყვა არაა სტატუსის შესახებ. რა მოხდა? არცერთი სიტყვა არ არის ამის შესახებ და არც იქნება, სანამ მე პრეზიდენტი ვარ.”, – განაცხადა ალიევმა.


გირჩევთ, წაიკითხოთ:

რუსი მშვიდობისმყოფელები რუსული გავლენის ზრდას ნიშნავს | ივლიანე ხაინდრავა

მასალების გადაბეჭდვის წესი