ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსი მშვიდობისმყოფელები რუსული გავლენის ზრდას ნიშნავს | ივლიანე ხაინდრავა

10 ნოემბერი, 2020 • 2893
რუსი მშვიდობისმყოფელები რუსული გავლენის ზრდას ნიშნავს | ივლიანე ხაინდრავა

10 ნოემბერს ღამით, კონფლიქტის მხარეების განცხადებით, ხელი მოეწერა მთიან ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ გადაწყვეტილებას, რომელიც ძალაში მოსკოვის დროით 00:00 საათიდან შევიდა. აღნიშნულ შეთანხმებას სომხეთსა და აზერბაიჯანში განსხავებული შეფასებები მოჰყვა. ერევანში დაიწყო საპროტესტო აქციები, სადაც ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვეს. აზერბაიჯანში პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მოსახლეობას მიმართა, რომ ეს შეთანხმება წარმოადგენდა ისტორიული გამარჯვებას. ნეეტგაზეთმა სცადა გაერკვია, თუ რეალურად  რას ნიშნავს ომის დასრულების შეთანხმება, რა მნიშვნელობა აქვს მას და როგორ აისახება კონფლიქტის მონაწილე მხარეებზე. შესაბამისი კითხვებით ეროვნული და რეგიონული უსაფრთხოების ექსპერტს, ივლიანე ხაინდრავას მივმართეთ.


რა წერია ომის დასრულების შეთანხმებაში

გუშინ ღამით გავრცელდა შეთანხმების რუსულენოვანი ტექსტი, რომელიც სომხურმა arminfo-მ გამოაქვეყნა. მოგვიანებით, სატელევიზიო მიმართვის დროს, ილჰამ ალიევმაც პრაქტიკულად  გაიმეორა შეთანხმების მსგავსი პუნქტები.

უშუალოდ შეთანხმება 9 სხვადასხვა პუნქტისგან შედგება და გულისხმობს:

  • ცეცხლის შეწყვეტა და მხარეების მიერ საკუთარი დისლოკაციის ადგილებზე დარჩენა;
  • კონფლიქტის ზონაში რუსული მშვიდობისმყოფელთა მისიის მივლენა;
  • ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების კონტროლისთვის მშვიდობისმყოფელთა ცენტრის შექმნა, სადაც რუსეთთან ერთად, თურქეთიც იქნება წარმოდგენილი;
  • აღდამის, ქალბაჯარისა და ლაჩინის რაიონების აზერბაიჯანისათვის გადაცემა კონკრეტული დროის ფარგლებში;
  • ლაჩინისა და ნახიჩევანის კორიდორების შექმნა;
  • დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნება;
  • სამხედრო ტყვეთა და სხვა პატიმართა გაცვლა.

შეთანხმების პუნქტების სრულად სანახავად გაეცანით სტატიას – “ტერიტორიების გადაცემა, რუსი მშვიდობისმყოფელები | რა წერია ბაქო-ერევნის შეთანხმებაში”

რას ნიშნავს შეთანხმება მხარეებისთვის

წუხელ ღამით სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სოციალური ქსელების მეშვეობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთმა აზერბაიჯანთან და რუსეთთან ერთად ხელი მოაწერა ყარაბაღის ომის დასრულების შეთანხმებას, თუმცა ამ შეთანხმების ტექსტი მისთვის და სომეხი ხალხისთვის “დაუჯერებლად მტკივნეული იყო”. აღნიშნულს სომხეთში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. დემონსტრანტებმა დაიკავეს პარლამენტისა და მთავრობის შენობები, ასევე თავს დაესხნენ სომხეთის პარლამენტის სპიკერს, არარატ მირზოიანს, რომელმაც მძიმე დაზიანებები მიიღო. ამის საპირისპიროდ, აზერბაიჯანში პრეზიდენტ ილჰამ ალიევმა აღნიშნული შეთანხმება ისტორიულ გამარჯვებად გამოაცხადა და მოსახლეობას მიულოცა.

ივლიანე ხაინდრავას განცხადებით, აღნიშნულ შეთანხმებაში ჩადებული პუნქტები მეტწილად აზერბაიჯანის წარმატებასა და სომხეთის მარცხზე მიუთითებს. მისი თქმით, აღნიშნული ცვლილება სრულიად ცვლის რეგიონის არსებულ პოლიტიკურ სურათს.

“რაც ფურცელზეა დაწერილი, ყოველთვის ის არ სრულდება ხოლმე, თუმცა არსებითად ეს არის სომხეთის კაპიტულაცია. ეს შეთანხმება არის აზერბაიჯანის წარმატება. როდესაც ალიევი ამბობს, რომ ჩვენ ავტონომიას ვთავაზობდით, თუმცა ახლა შეთანხმებაში არაფერია ნათქვამი მთიანი ყარაბაღის სტატუსის შესახებ, ეს მიუთითებს აზერბაიჯანის კიდევ ერთ უპირატესობაზე. ნავარაუდებია, რომ სადაც ჯერ კიდევ შენარჩუნებულია სომხური კონტროლი, უნდა შენარჩუნდეს სომხური მოსახლეობა, ბუნებრივია, მათი უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული, თუმცა ამ მოსახლეობის პოლიტიკური სტატუსის საკითხი სრულიად გაურკვეველია”, – აცხადებს ივლიანე ხაინდრავა.

გუშინ ილჰამ ალიევმა სატელევიზიო მიმართვის დროს განაცხადა, რომ შეთანხმებაში არაფერი იყო ნათქვამი მთიანი ყარაბაღის სტატუსის შესახებ და ეს არასდროს გადაიხედებოდა, სანამ იგი პრეზიდენტი იქნება. მანამდე აზერბაიჯანული მხარე პერიოდულად საუბრობდა მთიან ყარაბაღში სომხური კულტურული ავტონომიის ან მუნიციპალური თვითმმართველობის შექმნის შესაძლებლობის შესახებ.

შეთანხმების მიხედვით, სომხური გავლენები ნარჩუნდება მთიანი ყარაბაღის დედაქალაქზე – სტეფანაკერტზე და მიმდებარე სომხურ დასახლებებზე, რომლებიც ყოფილი ავტონომიური ოლქის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობენ. დანარჩენი ტერიტორიები, რომელთაც ამჟამად სომხური ძალები აკონტროლებენ, უნდა გადაეცეს აზერბაიჯანს, მათ შორის აღდამი, რომელიც მთიან ყარაბაღსა და აზერბაიჯანს შორის მდებარეობს – 20 ნოემბრამდე; ქალბაჯანი, რომელიც ყარაბაღსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მდებარეობს, სადაც გადის ქალაქ ვარდენისიდან მომავალი სტრატეგიული მნიშვნელობის გზა, რომელიც სომხეთსა და ჩრდილოეთ მთიან ყარაბაღს აკავშირებდა – 15 ნოემბრამდე; და ლაჩინი, სადაც მდებარეობს ლაჩინის უღელტეხილი და კორიდორი, რომელიც ქალაქებს შუშასა და სტეფანაკერტს სომხეთის ქალაქ გორისთან აკავშირებდა – პირველ დეკემბრადმე.

ხაინდრავა საუბრობს აღნიშნულ ლაჩინისა და ნახიჩევანის შესაძლო კორიდორის შესახებაც, რომლებმაც სომხური და აზერბაიჯანული ანკლავები ცენტრს უნდა დააკავშიროს და ამბობს, რომ ეს ერთგვარი დამაბალანსებელი ჩანაწერია.

შეთანხმების მე-3 პუნქტის მიხედვით, რუსი მშვიდობისმყოფელები განლაგდებიან ლაჩინის დერეფნის 5-კილომეტრიან მონაკვეთზე, რათა უზრუნველყონ უსაფრთხოება, თუმცა იმავე შეთანხმების მე-6 პუნქტის მიხედვით, სამწლიან პერსპექტივაში უნდა შეიქმნას ახალი სატრანსპორტო გეგმა, რა დროსაც ტვირთებს ორივე მიმართულებით გააკონტროლებს აზერბაიჯანული მხარე. გარდა ამისა, ბოლო პუნქტში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანის დასავლეთი რეგიონებისა და ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის დაკავშირების მიზნით უნდა შეიქმნას ახალი კორიდორი, რომელიც გაატარებს ტვირთებსა და მგზავრებს.

ნეტგაზეთის შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს ქართული საზოგადოების ნაწილში გავრცელებულ მოსაზრებას, რომ შესაძლოა აღნიშნულმა დერეფანმა ჩაანაცვლოს საქართველო, როგორც სატრანზიტო მიმართულება თურქეთიდან აზერბაიჯანისა და შუა აზიის მიმართულებით, ხაინდრავა პასუხობს, რომ რელიეფული რეალობიდან გამომდინარე, ეს ნაკლებად შესაძლებელია, თუმცა ნახიჩევანის კორიდორის საკითხის შემოტანა შეთანხმებაში ხდება ლაჩინის კორიდორის დასაბალანსებლად.

“ვინც ამ გზას იცნობს, იცის, რამდენად რთული რელიეფია. ამიტომ სატვირთო გადაზიდვები პრაქტიკულად არ არის. შეიძლება საავტომობილო გზა იყოს გაყვანილი. თუკი რეგიონში ვითარება სტაბილიზაციისკენ წავა და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური ურთიერთბები აღდგება, მაშინ შეიძლება სომხეთის, როგორც სატრანზიტო ქვეყნად გადაქცევა, თუმცა ეს ნაკლებად მოსალოდნელი მგონია არსებული რეალობის გათვალისწინებით”, – აცხადებს ივლიანე ხაინდრავა.

 

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ივლიანე                                                                                      ხაინდრავა

ნეტგაზეთი დაინტერესდა, თუ რას ნიშნავს აღნიშნული შეთანხმება სომხეთისთვის და რა შედეგებს უნდა ველოდოთ თუნდაც ამ შეთანხმების შესრულების პროცესში, ხაინდრავა პასუხობს, რომ მოვლენების ასეთი განვითარება ჯერ კიდევ 90-იან წლებში იყო ნაწინასწარმეტყველები სომეხი პრეზიდენტის, ლევონ ტერ-პეტროსიანის მიერ.

“ფაშინიანს არ გაუმართლა, რადგან სწორედ მისი მმართველობის დროს მოხდა ეს მოვლენები, თუმცა სომხეთში ყურადღებით რომ გადაეკითხათ ლეონ ტერ-პეტროსიანის 1997 წლის წერილი, რომელიც მას თანამდებობად დაუჯდა, მოვლენებს უკეთესად შეაფასებდნენ. მან თქვა, რომ მაშინ მდგომარეობა სომხეთის მხარეს იყო, ძალა სომხეთს აძლევდა ხელს და აჯობებდა კონფლიქტის მოგვარება, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. დღეს მდგომარეობა შეიცვალა და შედეგიც განსხვავებული დადგა”, – ამბობს ივლიანე ხაინდრავა.

გაზეთ სომხეთის რესპუბლიკაში 1997 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში “ომი და მშვიდობა – დრო რეფლექსიისათვის” ტერ-პეტროსიანი საუბრობს იმის შესახებ, რომ ყარაბაღის კონფლიქტმა საერთაშორისო საზოგადოება სომხეთის წინააღმდეგ განაწყო, რადგან ისინი მხარს უჭერენ აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას, ხოლო მაშინ ,როდესაც რეგიონში ძალთა ბალანსი სომხეთის საწინააღმდეგოდ შეიცვლება, აღნიშნული გარემოება შექმნის სომხეთის უსაფრთხოების რისკებს, რაც მაშინვე, 90-იანებში უნდა გამოსწორებულიყო, რადგან სომხეთს ჰქონდა სამხედრო უპირატესობა.

ხაინდრავას განმარტებით, აღნიშნული შეთანხმება აზერბაიჯანული ძალის დომინირების პირობებშია მიღებული, შედეგად, სომხური ინტერესები გათვალისწინებული არ არის.

“შეთანხმება არის ძალის ზემოქმედების პოზიციიდან მიღწეული და არა სომხური ინტერესების დაცვის პოზიციიდან. ეს ნათელია. ბოლო დღეებში მაღალი რანგის სომეხი სახელმწიფო მოღვაწეების მხრიდან სომხური მხარის პოზიციები ყარაბაღში კატასტროფულად ფასდებოდა, შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება სრული კატასტროფის თავიდან ასარიდებლად გაკეთდა”, – აცხადებს ხაინდრავა.

ნეტგაზეთმა ივლიანე ხაინდრავას ჰკითხა კავკასიის რეგიონში რუსეთისა და თურქეთის როლის შესაძლო ცვლილების შესახებაც აღნიშნული შეთანხმების შესრულების შემთხვევაში. მისი განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის ინტერესების დასაფიქსირებლად ყველაზე მკაფიო საშუალება არის რუსი ჯარისკაცი, ახალი მშვიდობისმყოფელთა მისია რუსეთის როლის კიდევ უფრო გაძლიერებაზე მიუთითებს.

“მოდით, გადავავლოთ თვალი ტენდენციებს, სამხედრო ბაზები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, შენარჩუნებული ბაზა სომხეთში და ახლა უკვე- მშვიდობისმყოფელები ყარაბაღში, მიუთითებს რუსეთის გავლენის ზრდაზე. ჩვენ კარგად ვიცით, რომ საჭიროების შემთხვევაში, ეს მშვიდობისმყოფელები რუსეთის ინტერესის შესაბამისად იმოქმედებენ”

ხაინდრავას განცხადებით, რუსეთისთვის არასასიამოვნო ელემენტია ის, რომ რეგიონში თურქეთმაც შემოდგა ფეხი. მისი თქმით, ერდოღანსა და პუტინს შორის ერთგვარი ურთიერთგაგება მოხდა, რის შემდგომაც რუსეთმა გაიმტკიცა საკუთარი ინტერესები, ხოლო თურქეთმა შეძლო რეგიონში საკუთარი პლაცდარმის ნორმალიზება.

“ამ ორივე მხარეს შეუძლია აზერბაიჯანთან ერთად საკუთარ წარმატებაზე საუბარი. მე არ ვიცი, როგორი იქნება დასავლური სახელმწიფოების რეაქცია, მაგრამ მათ ამ მომენტში საამაყო არაფერი აქვთ.”

კონფლიქტის დაწყებიდან მალევე თურქეთის პრეზიდენტმა ღიად დაუჭირა მხარი აზერბაიჯანს და დახმარება აღუთქვა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში. ომის მიმდინარეობის დროს, სომხური მხარის მიერ პერიოდულად ვრცელდებოდა განცხადებები, რომ აზერბაიჯანი იყენებდა თურქულ გამანადგურებელ და მოიერიშე თვითმფრინავებს, თუმცა ილჰამ ალიევის განცხადებით, თურქეთის მხარდაჭერა ომში არ გასცდენია დიპლომატიურ და პოლიტიკურ სოლიდარობას, ხოლო თვითმფრინავების გამოყენების ფაქტი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მკაფიოდ უარყო.

ივლიანე ხაინდრავა ამბობს, რომ კონფლიქტის მიმდინარეობის დროს ნათლად გამოჩნდა, რომ მინსკის ჯგუფის ფორმატში წარმართული მოლაპარაკებები ფორმალურ ხასიათს ატარებდა და რეალურად, ამ ფორმატმა ვერ შეძლო კონფლიქტის გადაწყვეტაში რაიმე მნიშვნელოვანი როლის შესრულება. მისივე თქმით, პასიური როლი ითამაშა დასავლეთის ქვეყნებმა, მათ შორის აშშ-მაც, რომელმაც ალბათ, შიდაპოლიტიკური, საარჩევნო პროცესების გამო რეგიონიდან დისტანცირება არჩია.


მთიან ყარაბაღში ომი 44 დღე მიმდინარეობდა. ამ დროის განმავლობაში შედგა სამი ჰუმანიტარული ზავი, ორჯერ- რუსეთის ფედერაციის, ხოლო ერთხელ -აშშ-ს შუამავლობით, თუმცა სამივე შემთხვევაში კონფლიქტის მხარეებმა განაცხადეს, რომ მოწინააღმდეგე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არღვევდა. კონფლიქტის დროს ორივე მხარეს დაიღუპა 200-მდე მშვიდობიანი მოქალაქე.

მასალების გადაბეჭდვის წესი