ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ტერიტორიების გადაცემა, რუსი მშვიდობისმყოფელები | რა წერია ბაქო-ერევნის შეთანხმებაში

10 ნოემბერი, 2020 • 3649
ტერიტორიების გადაცემა, რუსი მშვიდობისმყოფელები | რა წერია ბაქო-ერევნის შეთანხმებაში

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ვლადიმერ პუტინთან და ილჰამ ალიევთან ერთად ხელი მოაწერა ყარაბაღში ომის დასრულების შეთანხმებას. “კავკასიის ხმა” მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების ტექსტს ავრცელებს, რომელიც თავის მხრივ, ეყრდონა სომხური arminfo-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალას. ნეტგაზეთი აღნიშნული ტექსტის თარგმანს გთავაზობთ. შეთანხმებაში საუბარია რუს მშვიდობისმყოფელებზე, სომხეთის მიერ აზერბაიჯანისთვის რაიონების გადაცემასა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე.

1. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა და კონფლიქტის ზონაში ყველა სახის საბრძოლო მოქმედების შეჩერება მოსკოვის დროით 00:00 საათიდან. მხარეები რჩებიან უკვე არსებულ პოზიციებზე.

2. აღდამის რეგიონი სრულად და გაზაღის რეგიონის ის ტერიტორიები, რომელთაც სომხური ძალები აკონტროლებენ, უბრუნდება აზერბაიჯანულ მხარეს ამა წლის 20 ნოემბრამდე.

3. რუსი მშვიდობისმყოფელთა კონტიგენტი განთავსდება ე.წ. კონტაქტის ხაზის გასწვრივ, ასევე ლაჩინის კორიდორშიც, და იქნება წარმოდგენილი დაახლოებით 1960 მშვიდობისმყოფელით, 90 შეიარაღებული მანქანით, 380 სხვა ტიპის ავტომობილითა და სხვა სპეციალური აღჭურვილობით. მშვიდობისმყოფელები აღიჭურვებიან მცირე იარაღით.

4.  რუსი მშვიდობისმყოფელთა კონტიგენტი კონფლიქტის ზონაში განთავსდება სომხური ძალების რეგიონიდან გასვლის პარალელურად.  მშვიდობისმყოფელების კონფლიქტის ზონაში მუშაობა განისაზღვრა ხუთი წლის ვადით, ამ ვადის ავტომატური გახანგრძლივების პირობით მომდევნო ხუთწლიანი პერიოდების განმავლობაში, თუ არცერთი მხარე არ აცხადებს ამ პუნქტის პირობების შეწყვეტის შესახებ, მისი ამოწურვის ვადამდე 6 თვით ადრე.

5. იმისათვის, რათა გაიზარდოს შეთანხმების შესრულების ეფექტურობა, მშვიდობისმყოფელები გაიგზავნებიან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვის კონტროლისთვის.

6 . სომხეთის რესპუბლიკა აზერბაიჯანს დაუბრუნებს კალბაჯარის რეგიონს ამა წლის 15 ნოემბრამდე და ლაჩინის რეგიონს ამა წლის პირველ დეკემბრამდე. ასევე დატოვებს ლაჩინის დერეფანს, რომელიც აკავშირებს მთიან ყარაბაღს სომხეთთან და, ამავე დროს, არ ექნება გავლენა ქალაქ შუშაზე. მხარეთა შეთანხმებით, მომდევნო 3 წელიწადში ლაჩინის დერეფნის ახალი სატრანსპორტო გეგმა შემუშავდება, რომელიც უზრუნველყოფს სტეფანაკერტსა და სომხეთს შორის კომუნიკაციას. რუსი მშვიდობისმყოფელები გადანაწილდებიან ამ მონაკვეთის დასაცავად. აზერბაიჯანი უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას ორივე მიმართულებით, ლაჩინის დერეფნის გასწვრივ.

7. იძულებით გადაადგილებული პირები და დევნილები დაბრუნდებიან მთიანი ყარაბაღსა და მიმდებარე ტერიტორიებზე გაეროს ლტოლვილთა/დევნილთა უმაღლესი კომისრის კონტროლის ქვეშ.

8. მხარეებს შორის მოხდება სამხედრო ტყვეების, სხვა პატიმრებისა და დაღუპულთა სხეულების გაცვა.

9. ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირი რეგიონში გაიხსნება. სომხეთი უზრუნველყოფს სატრანსპორტო კავშირებს აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის, რათა ხელი არ შეეშალოს მოქალაქეთა და ტვირთის გადაადგილებას ორივე მიმართულებით. სატრანსპორტო კონტროლი განხორციელდება რუსეთის ფედერაციის საზღვრის დაცვის სამსახურის მიერ. შეთანხმების მიხედვით, ახალი სატრანსპორტო კომუნიკაციების მშენებლობა დაიწყება, რომლებიც დააკავშირებენ ნახიჩევანის ავტონომიურ რეპუბლიკას აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებთან. შეთანხმების შესაძლო ტექსტს ხელს აწერენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.


ნიკოლ ფაშინიანმა საკუთარი ფეისბუქის გვერდით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ შეთანხმების ტექსტი დაუჯერებლად მტკივნეულია მისთვის და სომეხი ხალხისთვის. მანამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ თუ სომხეთი დათმობდა აღდამის, ლაჩინისა და კალბაჯარის რაიონებს, აზერბაიჯანი მზად იყო ომი შეეჩერებინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი