ყარაბაღში რუს სამხედროებთან ერთად თურქი სამშვიდობოების შესაძლო განთავსების საკითხის შესახებ რუსულმა მხარემ ისაუბრა.
“რუსი სამშვიდობოების მისია ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მხოლოდ მაშინ იქნება ეფექტური, თუ სომხეთი და აზერბაიჯანი საკუთარი ვალდებულებების შესრულების მზაობას აჩვენებენ”, – ამის შესახებ კონტანტინ კოსაჩოვმა, საერთაშორისო საკითხებში რუსეთის ფედერაციის საბჭოს კომიტეტის ხელმძღვანელმა, «Россия-24»-სთან განაცხადა.
ამასთან, კოსაჩოვმა ყარაბაღში სამშვიდობოების განთავსების საკითხი განმარტა.
“სამშვიდობო ოპერაცია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში არის რუსული, თურქეთთან შესაძლებელია მხოლოდ სამოქმედო ელემენტების შეთანხმება. ბატონი ილჰამ ალიევის განცხადებაში თურქეთის მისამართით გარკვეული გზავნილები მოვისმინეთ, რომ ეს არის ერთობლივი ოპერაცია. მოდით, ყურადღებით წავიკითხოთ სამმხრივი განცხადებაც და ის ტექსტიც, რომლითაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი გამოვიდა, იქ სწორედ რუსულ სამშვიდობო კონტინგენტზეა საუბარი.
ჰო, ალბათ, მხარეთა მოქმედებების შეთანხმების რაღაც ელემენტები შესაძლებელია, არც თურქეთის არსებობის ფაქტის იგნორირება გვიწევს აზერბაიჯანში და მთიანი ყარაბაღის გარშემო, მაგრამ ვიმეორებ, რუსული ოპერაცია, სამშვიდობო ოპერაცია სომხეთისა და აზერბაიჯანის თანხმობით ხორციელდება”, – აცხადებს კოსაჩოვი.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა რამდენიმე საათის წინ განაცხადა, რომ რუს სამშვიდობოებთან ერთად, მთიან ყარაბაღში, სამმხრივი შეთანხმების შემდეგ, თურქი სამშვიდობოებიც შევლენ.
„დღევანდელი განცხადების ერთ-ერთი პუნქტი არის რუსეთისა და თურქეთის ერთობლივი სამშვიდობო მისია. ამრიგად, ჩვენ ვქმნით ინტერაქციის სრულიად ახალ ფორმატს არა მხოლოდ კონფლიქტის დარეგულირებისთვის, არამედ სამომავლო განვითარებისთვის”, – განაცხადა ალიევმა.
ტერიტორიების გადაცემა, რუსი მშვიდობისმყოფელები | რა წერია ბაქო-ერევნის შეთანხმებაში
სომხეთს, რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ომის დასრულების შეთანხმებას ხელი დღეს ღამით მოეწერა, რასაც ერევანში საპროტესტო აქციები მოჰყვა, სადაც პრემიერ მინისტრისა და მთავრობის გადადგომას ითხოვენ. მეორე მხრივ, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ მიღწეული შეთანხმება აზერბაიჯანის ისტორიული გამარჯვებაა.
შეთანხმების მიხედვით, სომხეთი იღებს ვალდებულებას აზერბაიჯანს გადასცეს მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქს მიღმა არსებული აზერბაიჯანული რაიონები, რომლებსაც ახლა სომხეთი აკონტროლებს. ასევე სომხურმა ძალებმა უნდა დატოვონ მთიანი ყარაბაღიც. კონფლიქტის ზონაში შედის რუსი მშვიდობისმყოფელთა ჯგუფი. აგრეთვე, სომხეთი იღებს ვალდებულებას რომ უზრუნველყოფს/არ შეაფერხებს ნახიჩევანისა და დანარჩენი აზერბაიჯანის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას.







