ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსი სამშვიდობოები ყარაბაღისკენ უკვე დაიძრნენ – რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

10 ნოემბერი, 2020 • 1820
რუსი სამშვიდობოები ყარაბაღისკენ უკვე დაიძრნენ – რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

სომხეთი-აზერბაიჯანი-რუსეთის შეთანხმების შესაბამისად, რუსი სამშვიდობოები უკვე დაიძრნენ მთიანი ყარაბაღის მიმართულებით.

როგორც რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალება „სპუტნიკი“ წერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ ულიანოვსკის საჰაერო ბაზიდან ისინი უკვე დაიძრნენ Il-76 თვითმფრინავებით.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად ხელი მოაწერა ყარაბაღში ომის დასრულების შეთანხმებას. შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილია ყარაბაღში სამშვიდობოების განთავსება.

„ნეტგაზეთი“ ამ შეთანხმების თარგმანს სრულად გთავაზობთ:

1. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა და კონფლიქტის ზონაში ყველა სახის საბრძოლო მოქმედების შეჩერება მოსკოვის დროით 00:00 საათიდან. მხარეები რჩებიან უკვე არსებულ პოზიციებზე.

2. აღდამის რეგიონი სრულად და გაზაღის რეგიონის ის ტერიტორიები, რომელთაც სომხური ძალები აკონტროლებენ, უბრუნდება აზერბაიჯანულ მხარეს ამა წლის 20 ნოემბრამდე.

3. რუსი მშვიდობისმყოფელთა კონტიგენტი განთავსდება ე.წ. კონტაქტის ხაზის გასწვრივ, ასევე ლაჩინის კორიდორშიც, და იქნება წარმოდგენილი დაახლოებით 1960 მშვიდობისმყოფელით, 90 შეიარაღებული მანქანით, 380 სხვა ტიპის ავტომობილითა და სხვა სპეციალური აღჭურვილობით. მშვიდობისმყოფელები აღიჭურვებიან მცირე იარაღით.

4.  რუსი მშვიდობისმყოფელთა კონტიგენტი კონფლიქტის ზონაში განთავსდება სომხური ძალების რეგიონიდან გასვლის პარალელურად.  მშვიდობისმყოფელების კონფლიქტის ზონაში მუშაობა განისაზღვრა ხუთი წლის ვადით, ამ ვადის ავტომატური გახანგრძლივების პირობით მომდევნო ხუთწლიანი პერიოდების განმავლობაში, თუ არცერთი მხარე არ აცხადებს ამ პუნქტის პირობების შეწყვეტის შესახებ, მისი ამოწურვის ვადამდე 6 თვით ადრე.

5. იმისათვის, რათა გაიზარდოს შეთანხმების შესრულების ეფექტურობა, მშვიდობისმყოფელების გაიგზავნებიან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვის კონტროლისთვის.

6 . სომხეთის რესპუბლიკა აზერბაიჯანს დაუბრუნებს კალბაჯარის რეგიონს ამა წლის 15 ნოემბრამდე და ლაჩინის რეგიონს ამა წლის პირველ დეკემბრამდე. ასევე დატოვებს ლაჩინის დერეფანს, რომელიც აკავშირებს მთიან ყარაბაღს სომხეთთან და, ამავე დროს, არ ექნება გავლენა ქალაქ შუშაზე. მხარეთა შეთანხმებით, მომდევნო 3 წელიწადში ლაჩინის დერეფნის ახალი სატრანსპორტო გეგმა შემუშავდება, რომელიც უზრუნველყოფს სტეფანაკერტსა და სომხეთს შორის კომუნიკაციას. რუსი მშვიდობისმყოფელები გადანაწილდებიან ამ მონაკვეთის დასაცავად. აზერბაიჯანი უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას ორივე მიმართულებით, ლაჩინის დერეფნის გასწვრივ.

7. იძულებით გადაადგილებული პირები და დევნილები დაბრუნდებიან მთიანი ყარაბაღსა და მიმდებარე ტერიტორიებზე გაეროს ლტოლვილთა/დევნილთა უმაღლესი კომისრის კონტროლის ქვეშ.

8. მხარეებს შორის მოხდება სამხედრო ტყვეების, სხვა პატიმრებისა და დაღუპულთა სხეულების გაცვა.

9. ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირი რეგიონში გაიხსნება. სომხეთი უზრუნველყოფს სატრანსპორტო კავშირებს აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის, რათა ხელი არ შეეშალოს მოქალაქეთა და ტვირთის გადაადგილებას ორივე მიმართულებით. სატრანსპორტო კონტროლი განხორციელდება რუსეთის ფედერაციის საზღვრის დაცვის სამსახურის მიერ. შეთანხმების მიხედვით, ახალი სატრანსპორტო კომუნიკაციების მშენებლობა დაიწყება, რომლებიც დააკავშირებენ ნახიჩევანის ავტონომიურ რეპუბლიკას აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებთან. შეთანხმების შესაძლო ტექსტს ხელს აწერენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი