ახალი ამბები

ოხანაშვილი აგრძელებს ოპოზიციონერი დეპუტატების გაძევებას “რუსული კანონის” საკომიტეტო განხილვიდან

15 აპრილი, 2024 •
ოხანაშვილი აგრძელებს ოპოზიციონერი დეპუტატების გაძევებას “რუსული კანონის” საკომიტეტო განხილვიდან

“დატოვეთ დარბაზი, პროვოკაციისთვის ხართ შემოსულები” – ანრი ოხანაშვილმა “რუსული კანონის” საკომიტეტო განხილვა თამარ კორძაიას და ანა ნაცვლიშვილს დაატოვებინა.

ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტი მოჰყვა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებას, როდესაც მან თქვა, რომ რუსული და ქვეყნის დამღუპველი სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებებია. ოპოზიციონერების მხრიდან შეძახილების პასუხად კი ოხანაშვილმა ისინი დარბაზიდან გააძევა იმ მოტივით, რომ მათთვის სიტყვის უფლება მიცემული არ ჰქონდა.

კომიტეტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მანამდე სხდომიდან გააძევეს: ლევან ხაბეიშვილი, გიორგი ვაშაძე, პაატა მანჯგალაძე და ხატია დეკანოიძე, თინა ბოკუჩავა, სალომე სამადაშვილი და რომან გოცირიძე.

„რუსული კანონის“ საკომიტეტო განხილვა დღეს, 15 აპრილს, დილით დაიწყო და განხილვისას სიტუაცია არაერთხელ დაიძაბა. მიუხედავად იმისა, რომ კომიტეტზე მმართველი პარტიის მხრიდან ისმოდა ხმაური და ოპოზიციის მიმართ საპასუხო რეპლიკები, ანრი ოხანაშვილს უმრავლესობის არცერთი წევრისთვის არ მოუწოდებია, რომ სხდომა დაეტოვებინა.

გარდა ამისა, ოხანაშვილი მიკროფონებს უთიშავდა დეპუტატებს, რომლებიც კანონს „რუსულს“ უწოდებდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი