ახალი ამბები

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესი ისევ იცვლება

8 სექტემბერი, 2020 • 2265
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესი ისევ იცვლება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესი იცვლება. ირაკლი კობახიძის, რატი იონათამიშვილისა და გურამ მაჭარაშვილის მიერ პარლამენტში ინიცირებულია საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთებას დაავალდებულებს, ხოლო კანდიდატს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას მისცემს.

იგივეს ითხოვდა საქართველოს სახალხო დამცველი, რომლის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ომბუდსმენი, ამას გარდა, უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა შერჩევის თაობაზე გადაწყვეტილებების ფარულად მიღების წესს არ ეთანხმებოდა.

ცვლილებები

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების წარდგენისა და პარლამენტის მიერ მათი არჩევის მოქმედი პროცედურა 2019 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებს ეფუძნება. ამ წესის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენ კანდიდატებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო არჩევს. საბჭო განიხილავს შერჩევის პროცედურაში მონაწილე პირთა განცხადებებსა და თანდართულ დოკუმენტებს და იღებს გადაწყვეტილებას პირის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ, თუ იგი აკმაყოფილებს მოსამართლის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭო კანდიდატის შემდგომ ეტაპზე გადაყვანის შესახებ ფარულ კენჭისყრას ატარებს და საკუთარი გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება არ აქვს.

“საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანულ კანონში ინიცირებული ცვლილებების თანახმად ეს წესი იცვლება:

  • უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესის ყველა ეტაპზე შემოდის გადაწყვეტილების დასაბუთების სტანდარტი, რომელსაც რაიონულ (საქალაქო) სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეთა განწესების პროცედურის მსგავსად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ახორციელებს.
  • შესაძლებელი ხდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის ნებისმიერ ეტაპზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების საკვალიფიკაციო პალატაში გასაჩივრება და შემჭიდროებული ვადაში განიხლება (საჩივრის წარდგენის ვადა 2 კვირიდან მცირდება 1 კვირამდე, ხოლო განხილვის ვადა 1 თვიდან 2 კვირამდე).

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისთვის წარდგენილი კანდიდატების შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა შეიცავდეს პროცედურის აღწერას და შერჩეული კანდიდატის დახასიათებას, მათ შორის, მის მიერ დაგროვებულ ქულებს და დასკვნას მისი კეთილსინდისიერების თაობაზე. დასაბუთებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ადგენს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უფლებამოსილია დაწეროს განსხვავებული აზრი, რომელიც უნდა გამოქვეყნდეს.

არასამთავრობოების კრიტიკა

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის” მიიჩნევს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი მორიგი ცვლილებები ფრაგმენტულია და ვერ პასუხობს იმ გამოწვევებსა და პრობლემებს, რომლებიც არსებობს როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში, ასევე ზოგადად, სასამართლო ხელისუფლებაში. კოალიციაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ შეუძლებელია მოსამართლეთა შერჩევის პროცესის გაუმჯობესება თავად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირების გარეშე.

“უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურების გაუმჯობესებამ უნდა მოიცვას, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატთა შერჩევის, ისე საქართველოს პარლამენტში კენჭისყრის ეტაპი. წარმოდგენილი კანონპროექტი ვერ იქონიებს არსებით გავლენას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში არსებულ იმ ფუნდამენტურ პრობლემებზე, რომლებიც არაერთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ანგარიშებში არის აღნიშნული”, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა, 30 ივლისის გადაწყვეტილებით, არ დააკმაყოფილა სახალხო დამცველის სარჩელი უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა არჩევის წესის თაობაზე. სახალხო დამცველს მიაჩნდა, რომ მოსამართლის კანდიდატის შერჩევის დროს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უნდა ჰქონდეს გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება და მისი გასაჩივრება შესაძლებელი უნდა იყოს.

საკონსტიტუციო სასამართლოს 4-მა მოსამართლემ – თეიმურაზ ტუღუშმა, ირინე იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თამაზ ცაბუტაშვილმა – კი პლენუმის გადაწყვეტილებისგან განსხვავებული აზრი დააფიქსირეს და თქვეს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა, ერთი მხრივ, საბჭოს წევრებს არ უზრუნველყოფს კანდიდატთა სათანადოდ შერჩევისთვის საჭირო მექანიზმებით, მეორე მხრივ კი, საერთოდ არ შეიცავს გარანტიებს, რომელიც საბჭოს წევრების თვითნებობისა და მიუკერძოებლობისაგან დაიცავს შერჩევაში მონაწილე კანდიდატებს.

ბესელიას ალტერნატიული კანონპროექტი

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრის ეკა ბესელიას მიერ მომზადებულია უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებული ცვლილებების ალტერნატიული კანონპროექტი. კანონპროექტის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 30 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით და სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა, 5 წლის პროფესიული გამოცდილება, ფლობს სახელმწიფო ენას, არ არის ნასამართლევი. პროფესიულ გამოცდილებად მიიჩნევა ადვოკატად, პროკურორად, მოსამართლედ მუშაობა, სამეცნიერო, აკადემიური და კვლევითი საქმიანობა, უფლებადაცვითი საქმიანობა. კანდიდატი არ შეიძლება იყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ან იუსტიციის საბჭოს ყოფილი წევრი, რომლის უფლებამოსილების შეწყვეტიდან გასულია არაუმეტეს 1 წლისა. იუსტიციის უმაღლესი საბჭო აფასებს კონკურსის მონაწილის დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობას ღია კენჭისყრით. ამასთან, კანონპროექტი ითვალისწინებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის დროს გენდერული ბალანსის დაცვას.

ბესელიას კანონპროექტი ასევე მოიცავს გადაწყვეტილების დასაბუთებისა და გასაჩივრების მექანიზმებს, ინტერესთა კონფლიქტის დროს განსაზღვრული წესებს.

ვინ არიან და რა საქმეებში ფიგურირებენ უზენაესში უვადოდ დამტკიცებული მოსამართლეები

მასალების გადაბეჭდვის წესი