ახალი ამბები

პანდემიის მიუხედავად, 2020-ში Wizz Air ევროპაში მე-10 ბაზას ხსნის

9 სექტემბერი, 2020 • 1780
პანდემიის მიუხედავად, 2020-ში Wizz Air ევროპაში მე-10 ბაზას ხსნის

მიუხედავად იმისა, რომ მთელ მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის გამო მგზავრების ნაკადები შემცირებულია, უნგრული იაფი ავიაკომპანია Wizz Air ევროპაში გაფართოებას განაგრძობს.

როგორც ავიასიახლეებზე სპეციალიზებული მედიასაშუალება Aerotime წერს, Wizz Air 2020 წელს თავის მეათე ბაზას ხსნის, ამჯერად იტალიის ქალაქ კატანიაში. ავიაკომპანია კატანიიდან ევროპის 5 მიმართულებით იფრენს.

ჯამში, ეს იქნება Wizz Air-ის 36-ე ბაზა, საიდანაც რეისები არაერთი ევროპული მიმართულებით შესრულდება. გარდა ევროპისა, უნგრულმა ავიაკომპანიამ ბაზა გახსნა რუსეთში, სანქტ-პეტერბურგში.

ავიაკომპანია აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში ავიარეისების შესრულების დროს მაქსიმალურად არის დაცული ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესები, კერძოდ, ეკიპაჟის წევრები ატარებენ სპეიცალურ ნიღბებს, იგივე მოთხოვნაა მგზავრების მიმართ, თვითმფრინავებს კი ყოველდღე უტარდებათ დეზინფექცია სპეციალური ხსნარებით.


რა მოხდა საქართველოში

მიმდინარე წლის 30 ივნისს ცნობილი გახდა, რომ უნგრულმა ავიაკომპანიამ ქუთაისში არსებული ბაზის ოპერაციები დროებით შეაჩერა. ავიაკომპანიის წარმომადგენელმა თქვა, რომ ბაზა არ დაუხურავთ, თუმცა ქუთაისში ბაზირებული თვითმფრინავები უკვე რამდენიმე თვეა სხვა ქვეყანაშია გადაყვანილი. ამის მიზეზი გახდა საქართველოს ხელისუფლების მიერ კორონავირუსის პანდემიის გამო ფრენებზე დაწესებული შეზღუდვები. აღნიშნული შეზღუდვების გაუქმება პირველი ივლისისთვის დაანონსდა, თუმცა მოგვიანებით შეზღუდვების მოხსნაზე ხელისუფლებამ უარი განაცხადა.

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ კომპანია არსად მიდის, მეორე მხრივ კი, არ აქვს მნიშვნელობა, “სად დადგება ხომალდი, ქუთაისში თუ სხვაგან”, თუ ფრენები გაგრძელდება.

8 ივლისს საქართველოს მთავრობამ თქვა, რომ საზღვრებს უპირობოდ ხსნის 5 ქვეყანასთან – საფრანგეთთან, გერმანიასთან, ლიეტუვასთან, ლატვიასთან და ესტონეთთან. ამ ქვეყნის მოქალაქეებს/რეზიდენტებს საქართველოში შემოსვლა, თავდაპირველად, მხოლოდ პირდაპირი რეისით, კარანტინის გარეშე, PCR ტესტირების გარეშე შეეძლოთ. მას შემდეგ, რაც სექტემბრის დასაწყისში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდა დაიწყო, მათ PCR ტესტის გაკეთების ვალდებულება დაეკისრათ.

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, რეგულარული რეისების შეზღუდულად შესრულების უფლება მიეცა ავიაკომპანია  Lufthansa-ს, AirBaltic-სა და AirFrance-ს. გარდა ამისა, სრულდება სხვადასხვა ჩაერტერული რეისი. 

მთავრობას ამ დრომდე არაფერი უთქვამს Wizz Air-სა და Ryanair-ზე, რომლებიც იაფი ავიაკომპანიები არიან და, შესაბამისად, სხვებთან შედარებით იაფად ყიდიან ბილეთებს.

სანამ კორონავირუსის პანდემია დაიწყებოდა, Wizz Air ქუთაისის ბაზიდან ევროპის 27 მიმართულებით დაფრინავდა. 2020 წლის ბოლომდე იგეგმებოდა ქუთაისში ბაზირებულ 3 თვითმფრინავზე კიდევ 2 თვითმფრინავის დამატება და რეისების დანიშვნა 12 ახალი მიმართულებით.

რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის Wizz Air-ის ბაზის არსებობა

მასალების გადაბეჭდვის წესი