ახალი ამბები

რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის Wizz Air-ის ბაზის არსებობა

2 ივლისი, 2020 • 2283
რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის Wizz Air-ის ბაზის არსებობა

ცნობები იმის შესახებ, რომ ბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის აეროპორტში მდებარე ბაზას აუქმებს, მიმდინარე კვირის დასაწყისში გავრცელდა. მოგვიანებით, კომპანიაში ეს ცნობები უარყვეს და მხოლოდ ოპერაციების დროებით შეჩერება დაადასტურეს. ასევე დადასტურდა, რომ ავიაკომპანიამ ქუთაისის ბაზიდან ყველა თვითმფრინავი სხვა ბაზებზე გადაიყვანა.

საქართველოში რეგულარული ფრენების აღდგენამდე, საქართველოს მთავრობაში მნიშვნელობას არ ანიჭებენ გარემოებას, სად იქნება ბაზირებული კომპანიის კუთვნილი თვითმფრინავი, თუ ის ფრენებს მაინც შეასრულებს. თუმცა საზოგადოების ნაწილში ისმის მოსაზრებები, რომ ბაზას აღნიშნულზე გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ავიაკომპანიისთვის, ისე – სახელმწიფოსთვის.

ავიაკომპანიის ბაზა – რას ნიშნავს და რა მნიშვნელობა აქვს მას

მსოფლიოს მასშტაბით 40 000 აეროპორტი მუშაობს, თუმცა ავიაკომპანიებისთვის ყველა მათგანს თანაბარი დანიშნულება და მნიშვნელობა არ აქვს. აეროპორტების უმეტესობის შემთხვევაში, ხომალდები იქ ჯდებიან, შემდგომ კი ჩვეულებრივ განაგრძობენ მოგზაურობას. მათი ბაზები მხოლოდ აეროპორტების ნაწილშია განთავსებული.

ბაზა ერთგვარი სახლია ავიაკომპანიისთვის, აეროპორტის შიგნით. ბაზირებული ხომალდი რეისს იწყებს და ამთავრებს იმავე აეროპორტში, სადაც ბაზა მდებარეობს (პირობითად: ქუთაისი-რომი-ქუთაისი). კომპანია ყოველთვის მოწადინებულია, ხომალდმა რაც შეიძლება ნაკლები დრო დაჰყოს მიწაზე, ხოლო როცა ის ბაზირებულია აეროპორტში, პროცესი მეტად მოქნილია; მიმართულებების მრავალფეროვნებისა და ინტენსივობის მეტი პერსპექტივა ჩნდება იმ აეროპორტიდან, სადაც ის არის ბაზირებული.

კომპანიის აეროპორტში ბაზირება აისახება ეკიპაჟის შემადგენლობაზეც. მაგალითისთვის, ქუთაისის აეროპორტში ბაზირებული ხომალდი ქვეყანასთან გეოგრაფიულად უფრო მჭიდროდ არის დაკავშირებული და ეკიპაჟის წევრთა უმეტესობა საქართველოს მოქალაქეა. შესაბამისად, ბაზა სამუშაო ადგილებსაც ქმნის ადგილობრივი მუშახელისთვის.

რიგითი მგზავრი, პრაქტიკულად, ვერ გრძნობს განსხვავებას ბაზირებული ავიაკომპანიისა და იმ კომპანიის მომსახურებას შორის, რომელიც კონკრეტულ აეროპორტში ბაზას არ ფლობს. ამ პრაქტიკის სარგებელი უფრო მეტად სახელმწიფოსა და კომპანიას შორის ურთიერთობის დროს იკვეთება: ავიაკომპანია საგადასახადო შეღავათებით სარგებლობს, სახელმწიფო კი ადგილობრივ მოსახლეობას ასაქმებს და მეტად მოქნილად თანამშრომლობს კონკრეტულ კომპანიასთან.

რას ნიშნავს Wizz Air და მისი ბაზა საქართველოსთვის

საქართველოს საავიაციო ბაზარზე მოქმედი ავიაკომპანიების პროცენტულ წილების მიხედვით, 2020 წლის პირველი 3 თვის მონაცემებით, Wizz Air ლიდერობს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, მან ყველაზე მეტი მგზავრი გადაიყვანა კონკურენტებთან შედარებით  და არსებული მონაცემებით, ის ბაზრის 15%-იან წილს ფლობს. ავიაკომპანია ბაზრის ლიდერი იყო 2018 და 2019 წლებშიც.

Wizz Air, ჯამში, 500 მიმართულებით დაფრინავს, მისი 29 ბაზა კი ევროპის 14 ქვეყანაშია გადანაწილებული. საქართველოში კომპანია ერთადერთ ბაზას ფლობს, რომელიც ქუთაისის აეროპორტში 2016 წლიდან მოქმედებს და პანდემიის კრიზისის დაწყებამდე აქ 3 ლაინერი იყო პარკირებული. ქუთაისიდან სრულდებოდა რეისები 31 მიმართულებით, აქედან 27 მიმართულება კი wizz air-ზე მოდიოდა. ქუთაისის ბაზაზე 2020 წლის ბოლომდე დაგეგმილი იყო 2 ახალი თვითმფრინავის დამატება და ახალი რეისების დანიშვნა.

ბაზის გახსნისას ეკონომიკის სამინისტრო აღნიშნავდა, რომ ბაზირების შედეგად ქუთაისი გახდებოდა რეგიონში პირველი აეროპორტი ბიუჯეტური ავიაკომპანიის ბაზირებით, რაც ხელს შეუწყობდა მგზავრების ნაკადის ზრდასა და ახალი მიმართულებების განვითარებას.

საქართველოდან რეგულარული ფრენების აკრძალვის პირობებში, კომპანიამ სამივე თვითმფრინავი სხვა ბაზებზე გადაიყვანა. Wizz Air-ში ამბობენ, რომ ბაზის თანამშრომლებს ხელფასს ჩვეულებრივ გადაუხდიან და საჭიროების შემთხვევაში, ქსელში არსებულ სხვა ბაზებზე შესთავაზებენ სამსახურს; შეჩერებული ოპერაციები კი ფრენების აღდგენის შესახებ შეტყობინების მიღების შემდგომ აღდგება.

“ძალიან მნიშვნელოვანია დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების არსებობა. ჩვენ არ ვართ მდიდარი ქვეყანა და ჩვენს მოსახლეობას სჭირდება ის ტრანსპორტირებისთვისაც, საქმიანი ტურიზმის მიმართულებითაც და ტურიზმის განვითარების კუთხითაც”, – აღნიშნავს პლატფორმა “ავიაკომუნიკატორის” დამფუძნებელი თამარ თანდაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

რა მოხდება, თუ Wizz Air-ის ბაზა დაიხურება?

ავიაკომპანიის საქართველოში ოპერირების მომავალთან დაკავშირებით მთავრობის პროგნოზი ოპტიმისტურია: ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ კომპანია არსად მიდის, მეორე მხრივ კი, არ აქვს მნიშვნელობა, “სად დადგება ხომალდი, ქუთაისში თუ სხვაგან”, თუ ფრენები გაგრძელდება.

“მთავარია, რომ Wizz Air არსად გადის. კომპანიის განაცხადი შემოსულია ოფიციალურად ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით და ელოდება ჩვენს შეტყობინებას. რა მომენტშიც ვიქნებით მზად და ჩავთვლით შესაძლებლად, რომ უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით გარკვეული მიმართულებები უნდა გააქტიურდეს, Wizz Air გააგრძელებს ფრენებს და ამას თავად კომპანია უახლოეს ხანებში დაადასტურებს“, – აღნიშნა თურნავამ ავიაკომპანიის გარშემო ბოლო დღეებში გავრცელებული ცნობების კომენტირებისას.

Wizz Air, Georgian Airways-თან (“აირზენა) და “My Way Airlines-თან” ერთად, იმ მცირერიცხოვან ავიაკომპანიებს შორისაა, რომლებიც ბაზებს უშუალოდ საქართველოში ფლობენ. მის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით მთავრობის ოპტიმიზმს ოპოზიციური “ევროპული საქართველოს” წევრი გიორგი კანდელაკი არ იზიარებს. მისი თქმით, ბაზა დე ფაქტო უკვე გაუქმებულია, ვინაიდან დაცლილია თვითმფრინავებისგან და მის არსებობას პრაქტიკული აზრი აღარ აქვს. ის პროცესებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

“ბაზა ნიშნავს მეტ ფრენას. კომპანია [საქართველოდან] მეტგან დაფრინავს, როცა ქუთაისში არის ბაზა. გარდა ამისა, 200-მდე ადამიანის სამსახურია ეს ბაზა. ახლა კი ამბობენ, რომ სხვაგან გადაანაწილებენ და არ დაკარგავენ, მაგრამ როგორ არ დაკარგავენ? თქვენ რომ Wizz Air იყოთ და ელოდებოდეთ, რომ პირველ ივლისს გაიხსნება ფრენები, მერე აღმოჩნდეს, რომ არ გაძლევთ მთავრობა ფრენების უფლებას და მერე საუბრებია, რომ არც აგვისტოში იხსნება, რად გინდათ ეს ბაზა? ან რატომ უნდა უხადოთ ამ 200 ადამიანს ხელფასი? ბიზნესია Wizz Air, საქველმოქმედო ორგანიზაცია ხომ არ არის?” – აცხადებს ის “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

ქუთაისში დაფუძნებული “მოგზაურთა კლუბის” დამფუძნებელი ლევან ჭანჭალეიშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში კომპანიის ბაზის დახურვა რეისების შემცირებისა და ადგილობრივი ეკონომიკის დაზარალების პირდაპირპროპორციული იქნება. მისი თქმით, ბაზაზე დასაქმებულების გარდა, კომპანიის ოპერირებით ქუთაისში სხვა ადამიანებიც იღებენ ფინანსურ სარგებელს:

“ფრენებისთვის მომგებიანი პერიოდია ზაფხული და ახალი წელი და არის ცუდი პერიოდი – შემოდგომა და გაზაფხული. თუ ზაფხულში მან ფული არ ამოიღო, როგორ შეინახავს თავს? ანუ, ახლა გასული ლაინერი ნიშნავს, რომ ახალი სეზონის დადგომამდე, რომელიც მარტში იწყება, თუმცა ზაფხულშია პიკი, ის აქ აღარ შემოვა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არაერთი კომპანია და დაწესებულება აღმოჩნდება ცუდ დღეში”.

მისი თქმით, სათუოა ისიც, რამდენად შეძლებს საზღვარგარეთ სამუშაოდ გამგზავრებას კომპანიის ბაზაზე დასაქმებული მუშახელის ნაწილი, თუ მათ ახალ სამსახურს გამოუძებნიან საქართველოს გარეთ.

“Wizz Air-ს ძალიან კვალიფიციური პერსონალი ჰყავს ქართველი პილოტებისა და ბორტგამცილებლების სახით და მათ უმუშევრად არ დატოვებს. მაგრამ საქართველოდან რამდენს შეუძლია, რომ წავიდეს საზღვარგარეთ სამუშაოდ, ეს რთული სათქმელია. Wizz Air-ის უშუალო თანამშრომლების გარდა, იქ არის ხალხი, ტრანსპორტის მძღოლები, ადამიანები, რომლებიც ყიდიან ტელეფონის ბარათებს, არის შეფუთვების, დაზღვევის სერვისები… როცა მგზავრების ნაკადი შემცირდება, ეს აისახება იქ დასაქმებულებზეც”, – ამბობს ჭანჭალეიშვილი “ნეტგაზეთთან” ინტერვიუში.

პლატფორმა “ავიაკომუნიკატორის” დამფუძნებელი თამარ თანდაშვილი, რომელსაც არაერთ ავიაკომპანიაში აქვს მუშაობის გამოცდილება, მიიჩნევს, რომ ავიაკომპანიის მიერ ოპერაციების დროებით შეჩერება ბუნებრივია, ვინაიდან ის რესურსს აქტიური მიმართულებებისკენ მიმართავს.

“თუმცა გრძელვადიანი და ეფექტიანი მოლაპარაკება უნდა აწარმოოს სახელმწიფომ ავიაკომპანიასთან. დასაკარგი ავიაკომპანია არ გვყავს. პირიქით, უნდა გაიზარდოს მათი რაოდენობა. რეგულარულ რეისებს როგორც კი გახსნის ქვეყანა, რა თქმა უნდა, რომ ის ოპერაციებს განახორციელებს.

თუმცა ეს მოლაპარაკებები საფრთხილოა და მათში კომპეტენტური ადამიანები უნდა იყვნენ ჩაბმულნი. ძალიან ბევრი კადრის ცვლილება ამ საავიაცო მოლაპარაკებებში საქართველოს მხრიდან მიზანშეწონილი არ არის. მეორე მხრივ, ავიაკომპანიებსაც არ შეშვენით ულტიმატუმის ენით საუბარი. ბალანსი უნდა იყოს მოლაპარაკებებში”, – ეუბნება ის “ნეტგაზეთს”.

თანდაშვილი აღნიშნავს, რომ ბაზის არსებობა სასარგებლოა როგორც ავიაკომპანიისთვის, ისე სახელმწიფოსთვის. ის არ ელის, რომ ისეთ დატვირთულ მიმართულებაზე, როგორიც ქუთაისია, კომპანია რეისების ინტენსივობას შეამცირებს, თუმცა ბაზის დახურვა ქვეყნისთვის სასარგებლო არ იქნება.

“რეისები ინიშნება ბაზარზე მოთხოვნის მიხედვით და არა ბაზის არსებობის ან არარსებობის გამო. მაგრამ სასურველია, რომ შენი გქონდეს. როცა კომპანია საქართველოში ბაზირებს, თუნდაც ახალი მიმართულებების არჩევისას, ის უფრო მოქნილია. ანუ უფრო მეტი პარტნიორობაა სახელმწიფოსა და ავიაკომპანიას შორის. თუმცა, რომც არ ბაზირებდეს, ეს არ გამორიცხავს მჭიდრო პარტნიორობას.

…ამ ეტაპზე, საოპერაციო თვალსაზრისით, მეტ პრიორიტეტს თვითონ ავიაკომპანია იღებს გადასახადების კუთხით. როდესაც ის ბაზირებს, განსხვავებულად იხდის გადასახადს, შეღავათი აქვს. სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი ისაა, რომ სამუშაო ადგილებს ქმნის თავისი მოქალაქეებისთვის. ასევე, ასეთ დროს, კომპანია უფრო მორგებულია ბაზრის მოთხოვნებზე: ქუთაისიდან ხომ მგზავრობენ ადამიანები, რომელთაც, შესაძლოა, ინგლისური არ იცოდნენ… ქართულენოვანი პერსონალია და მათთვისაც უფრო კომფორტულია მგზავრობა”, – აღნიშნავს თამარ თანდაშვილი.

ის ხაზს უსვამს, რომ ავიაკომპანიის მხრიდან ქართული ბაზრის მიმართ ინტერესი და მისი შენარჩუნების სურვილი აშკარაა. თუმცა, თუ ფრენები კიდევ დიდხანს არ აღდგება, კომპანიას არსებული ოპერაციების სრულად შენარჩუნება გაუჭირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი