ახალი ამბები

გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს საქართველო საზღვრებს უხსნის

8 ივლისი, 2020 • 2804
გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს საქართველო საზღვრებს უხსნის

დღეიდან, 8 ივლისიდან გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს საქართველო საზღვრებს უხსნის. აღნიშნულის შესახებ დღეს მთავრობის ბრიფინგზე განაცხადეს.

მთავრობის ინფორმაციით, ზემოჩამოთვლილი 5 ქვეყნის მოქალაქეებს/რეზიდენტებს შეეძლებათ ყველა სახის ვიზიტით საქართველოში მხოლოდ პირდაპირი საჰაერო გზით ჩამოსვლა. რაც შეეხება მოთხოვნებს:

  • საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე მათ უნდა შეავსონ საგანგებოდ შემუშავებული სპეციალური, ელექტრონული ანკეტა, სადაც უნდა მიუთითონ შემოსვლამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვა.
  •  მათივე თანხმობის შემთხვევაში, ანდა საზღვარზე თერმოსკრინინგის გავლის შედეგად, 37 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, აეროპორტში მათ ჩაუტარდებათ PCR ტესტი.
  • ასევე, სავალდებულო წესით ტესტირებას ან კარანტინს გაივლიან ის პირები, რომლებსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში აქვთ ევროკავშირის არაწევრ მაღალი საფრთხის მქონე ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია.
  • საქართველოში ჩამოსულ თითოეულ პირთან, მთელი აქ ყოფნის პერიოდში, პროაქტიურ კომუნიკაციაში იქნება და მათზე იზრუნებს სპეციალურად შექმნილი ქოლ-ცენტრის ჯგუფი.

“რაც შეეხება ევროკავშირის წევრ დანარჩენ სახელმწიფოებს – ქვეყნებთან მიმართებით, რომლებმაც საქართველოსთვის არ გახსნეს საზღვარი, ჩვენი მხრიდანაც ნარჩუნდება დღეს არსებული რეჟიმი.

ხოლო იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველო შეიყვანეს ე.წ. მწვანე სიაში (გარდა ზემოთ ჩამოთვლილი 5 ქვეყნისა) ან დაუწესეს სხვადასხვა სახის შეზღუდვები, საქართველოში შემოსვლა შეეძლებათ 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის პირობით, რომლის ხარჯებსაც თავად დაფარავენ”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა დღეს გამართლ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, ზემოთ ჩამოთვლილი 5 ქვეყნის გარდა, ქვეყნებთან, რომლებმაც ასევე უპირობოდ გახსნეს საზღვრები საქართველოსთვის, გრძელდება შემდგომი მუშაობა შესაბამის პროცედურებთან დაკავშირებით.

მთავრობის ცნობით, ამ ეტაპზე საზღვრებს საქართველოსთვის არ ხსნიან შემდეგი ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, დანია, ნორვეგია, მალტა, ფინეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი.  უნგრეთთან ამოქმედდა ერთობლივი შესაბამისი კომისია, რომელიც მუშაობს მიმოსვლის აღდგენის საკითხებზე.

“ზოგიერთმა ქვეყანამ კი, (იტალია, კვიპროსი, ისლანდია, სლოვენია) გახსნის მზაობა გამოთქვა კონკრეტული შეზღუდვების დაწესებით, მათ შორის ამ ქვეყნებში ჩასულმა პირებმა უნდა გაიარონ 14- დღიანი სავალდებულო კარანტინი“, – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

მთავრობაში ამბობენ, რომ საქართველოს მოქალაქეები, ევროკავშირის ქვეყნებში ნებისმიერი მიზნით ვიზიტის შემდგომ, სამშობლოში უკან დაბრუნებისას გაივლიან სავალდებულო 14- დღიან კარანტინს.

მთავრობის განცხადებით, ევროკავშირის იმ 5 ქვეყნის მიმართულებით, რომლებთანაც უპირობოდ იხსნება საზღვრები, საავიაციო მიმოსვლის და რეგულარული რეისების აღდგენის მიზნით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს საერთაშორისო ავიაკომპანიებთან.

“მათ შორის, ავიაკომპანია Lufthansa-სთან უკვე მიღწეულია შეთანხმება მიუნხენის მიმართულებით 2020 წლის აგვისტოდან კვირაში 2 რეისის განხორციელებასთან დაკავშირებით, ასევე ვმუშაობთ AirBaltic-სა  და AirFrance-თან”, – აცხადებენ მთავრობაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი