ახალი ამბები

“მნიშვნელობა არ აქვს, “ვიზეარის” თვითმფრინავი ქუთაისში დადგება თუ სხვაგან” – თურნავა

1 ივლისი, 2020 • 1934
“მნიშვნელობა არ აქვს, “ვიზეარის” თვითმფრინავი ქუთაისში დადგება თუ სხვაგან” – თურნავა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ თვითმფრინავების რეალოკაცია წმინდა ტექნიკური საკითხია და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვიზეარს თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტში იქნება დაყენებული, თუ რომელიმე სხვა ბაზაზე:

ეკონომიკის მინისტრის თქმით, დღეს ავიაციის გლობალური ინდუსტრია საკმაოდ დიდი სირთულეების წინაშეა და ნებისმიერი ავიაკომპანია ცდილობს, შეამციროს დანახარჯები, აკეთებს სხვადასხვა თვითმფრინავის გადაჯგუფებას:

“მთავრია, რომ „ვიზეარი“ არსად გადის. კომპანიის განაცხადი შემოსულია ოფიციალურად ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით და ელოდება ჩვენს შეტყობინებას. რა მომენტშიც ვიქნებით მზად და ჩავთვლით შესაძლებლად, რომ უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით გარკვეული მიმართულებები უნდა გააქტიურდეს, „ვიზეარი“ გააგრძელებს ფრენებს და ამას თავად კომპანია უახლოეს ხანებში დაადასტურებს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია “ვიზეარი” საქართველოში რჩება და ხელისუფლებასთან თანამშრომლობას აგრძელებს. აღნიშნული თურნავამ “ვიზეარის” მიერ საქართველოში ბაზების შესაძლო დატოვების შესახებ კითხვის საპასუხოდ განაცხადა:

“ახლახან პირადად ვესაუბრე კომპანიას და „ვიზეარი“ თავადაც დაადასტურებს საჯაროდ, რომ არსად არ გადის, აგრძელებს საქართველოს ხელისუფლებასთან და საქართველოსთან თანამშრომლობას, ერთგული რჩება თავისი მომხმარებლების, ჩვენი მოქალაქეების, ვინც მთელი ამ წლების განმავლობაში “ვიზეარის” მეშვეობით და ჩვენი ხელშეწყობით ძალიან კომფორტულად და საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასებით მგზავრობდა საქართველოდან და პირიქით”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე მსხვილი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია “ვიზეარის” ბაზის  ქუთაისის აეროპორტში განთავსების შესახებ 2016 წლის 4 თებერვალს გახდა ცნობილი. ეს “ვიზეარის” 24-ე ბაზაა.

თუ ავიაკომპანიამ ქუთაისის ბაზა გააუქმა, ეს ნიშნავს, რომ სავარაუდოდ, შემცირდება ფრენების სიხშირე და მიმართულებები.

დროებით გააუქმებს თუ არა Wizz Air ქუთაისში არსებულ ბაზას, ახლო მომავალში გახდება ცნობილი

მასალების გადაბეჭდვის წესი