ახალი ამბებისაზოგადოება

ჯარიმები პლაკატებისთვის: კანონის დაცვა თუ შერჩევითი სამართალი

27 აგვისტო, 2020 • 1964
ჯარიმები პლაკატებისთვის: კანონის დაცვა თუ შერჩევითი სამართალი

პოლიტიკური პლაკატების გაკვრისთვის გამოწერილ ჯარიმებს, რომელთაც მართებულად მიიჩნევს როგორც თბილისის მერია, ისე უწყებათაშორისი კომისია, ოპოზიციაში კანონით მანიპულაციად აფასებენ. ბოლო დღეებში ყველაზე მეტი ჯარიმის ადრესატი “ევროპული საქართველო” გახდა. თბილისის მთავრობა ხაზს უსვამს, რომ საარჩევნო აგიტაციის პერიოდი ოფიციალურად ჯერ არ დაწყებულა, რაც საკმარისი საფუძველია სანქციისთვის, თუმცა პარტია მერიის ამ გადაწყვეტილებებში შერჩევითი სამართლის ნიშნებს ხედავს.

“ვმოქმედებთ კანონის ფარგლებში” – ჯარიმები პლაკატებისთვის და მერიის პოზიცია

12 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ “ევროპული საქართველოს” აქტივისტები თბილისის მერიამ საარჩევნო პლაკატების გაკვრის გამო დააჯარიმა. მუნიციპალურმა ინსპექციამ იხელმძღვანელა 150​2  მუხლის პირველი ნაწილით, რაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს.

პლაკატების გაკვრისას “ევროპული საქართველოს” აქტივისტებთან ერთად იმყოფებოდნენ პარტიის ლიდერები – გიგი უგულავა და ხათუნა გოგორიშვილი. მათი თანაგუნდელი ირაკლი აბესაძე აღნიშნავს, რომ ლიდერების ადგილზე ყოფნა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პარტიის აქტივისტები ამავე მუხლით დააჯარიმეს ქალაქის სხვა წერტილებშიც. მისი განცხადებით, საუბარია 20-მდე აქტივისტზე, რომლებიც პლაკატებს მუნიციპალურ და კერძო ობიექტებზე აკრავდნენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით იმსჯელა იუსტიციის სამინისტროსთან არსებულმა უწყებათაშორისმა კომისიამ, რომელმაც მერიის გადაწყვეტილება კანონიერად შეაფასა.

25 აგვისტოს ამავე მიზეზით დააჯარიმეს “სტრატეგია აღმაშენებელიც”. ადგილზე იმყოფებოდა პარტიის ლიდერი გიორგი ვაშაძე, რომელმაც მუნიციპალური სამსახურისა და პოლიციის ქმედებები გააპროტესტა. აღნიშნულთან დაკავშირებით ვაშაძემ ბრიფინგიც გამართა, რომლის დროსაც პოლიცია მის მხარდამჭერებზე ზეწოლაში დაადანაშაულა.

“სამი ღამის მანძილზე ჩვენს ახალგაზრდა მოხალისეებს საპატრულო პოლიციის ათობით ეკიპაჟი დასდევს მთელი თბილისის მასშტაბით. სრულიად უკანონოდ აჩერებენ, აკაჩავებენ, ეუბნებიან, რომ ძებნილები არიან, რომ საბანკო სესხები აქვთ მათ და ამ საბანკო სესხების ამოღებას სთხოვენ”, – თქვა მან.

თბილისის მერიამ ჯარიმებთან დაკავშირებით თავისი გადაწყვეტილებები ახსნა საარჩევნო კანონმდებლობით, რომლის თანახმადაც, პოლიტიკური აგიტაცია არჩევნებამდე 60 დღით ადრე იწყება.

“პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატები სარგებლობენ თანასწორი უფლებებით და აკისრიათ თანაბარი ვალდებულებები ამ კანონით დადგენილი წესით”, – აღნიშნა მერიამ მედიასაშუალებებისთვის გაგზავნილ განცხადებაში.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150​2  მუხლის პირველი ნაწილი, რომლითაც მიმდინარე პერიოდში მერია პარტიებს აჯარიმებს, ამგვარად არის ჩამოყალიბებული:

“ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილებზე, პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, ღობეებისა და შენობების შეუღებავად მიტოვება”.

მუხლის ეს ნაწილი თბილისში ითვალისწინებს ჯარიმას 200 ლარის ოდენობით, ამავე ქმედების განმეორებით ჩადენა კი 1 000-ლარიანი ჯარიმით ისჯება.

რატომ არ არის პრობლემური სხვა შინაარსის პლაკატები – ოპოზიცია “შერჩევით სამართალზე”

12 აგვისტოს “ევროპული საქართველოსთვის” გამოწერილი, შემდგომ კი გასაჩივრებული ჯარიმის საკითხი თბილისის მერიაში 26 აგვისტოს განიხილეს. პარტიის წევრი ირაკლი აბესაძე “ნეტგაზეთს” ეუბნება, რომ მერიის წარმომადგენლებმა მათ კითხვებს პასუხი არ გასცეს და მხოლოდ ზოგადი განმარტებებით შემოიფარგლნენ.

აბესაძის თქმით, აშკარაა, რომ მერია შერჩევითად მოქმედებს და პოლიტიკურ სუბიექტებს აჯარიმებს იმ ფონზე, როცა ქალაქში სხვადასხვა შინაარსის პლაკატები მრავლადაა.

“თბილისის ქუჩებში თუ გაივლით, მათ შორის, კონკრეტულად იმ ადგილებშიც, სადაც ჩვენ პლაკატები გავაკარით, ნახავთ სხვა შინაარსის პლაკატებსაც. მათ მიმართ თბილისის მერია არ იყენებს იმ ადმინისტრაციულ უფლებამოსილებას, რომელიც, მისივე განმარტებით, მას გააჩნია. მათ [სხვა პლაკატების გამკვრელებს] თბილისის მერია არ აჯარიმებს. სამაგიეროდ, დააჯარიმა “ევროპული საქართველოს” აქტივისტები.

ანუ, სულ რომ დავეთანხმოთ, რომ კანონდარღვევაა პლაკატების გაკვრა, გამოდის, რომ თბილისის მერია შერჩევით იყენებს კანონს, შერჩევით იყენებს თავის უფლებამოსილებას, არ აჯარიმებს სხვადასხვა სუბიექტებს და აჯარიმებს მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებს. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და მოქმედი კანონმდებლობითაც, კანონის თანასწორი განმარტება უნდა ხდებოდეს”, – აღნიშნავს ირაკლი აბესაძე.

მისივე თქმით, როცა სუბიექტი ხედავს, რომ ამა თუ იმ ადგილას გაკრულია პლაკატები, ავტომატურად უჩნდება “კანონიერი ნდობა ხელისუფლებისადმი”, რომ თავადაც შეუძლია, ეს გააკეთოს.

“მეც მივდივარ და ვაკრავ, მოდიხარ, მაჯარიმებ, ჩამოხსნი ჩემს პლაკატს და გვერდზე გაკრულ პლაკატს ტოვებს. ცალსახად, ეს არის შერჩევითი სამართალი, არათანასწორი მოპყრობაა სუბიექტების მიმართ და სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძველია”, – ამბობს ის.

ირაკლი აბესაძის თქმით, თუ მერია გადაწყვეტილებას არ შეცვლის, პარტია სასამართლოს მიმართავს, შემდგომ კი საკონსტიტუციო სასამართლოშიც გეგმავს საჩივრის შეტანას.

კერძოდ, პარტია მოითხოვს, არაკონსტიტუციურად ცნონ იერსახის დამახინჯებასთან დაკავშირებული მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც “შესაძლებლობას აძლევს ადმინისტრაციულ ორგანოს, შერჩევითად, მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება და კანონი განმარტოს ისე, რომ მხოლოდ საარჩევნო პერიოდში შეიძლება პოლიტიკური შინაარსის პლაკატების გაკვრა”.

საკუთარი პოზიციის დასაბუთებისას აბესაძე ახსენებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასაც, რომელიც გიორგი ვაშაძემაც გაახმიანა “სტრატეგია აღმაშენებლის” აქტივისტის დაჯარიმებისას. შესაბამისი გადაწყვეტილება საკონსტიტუციომ გასული წლის 4 ივლისს გამოიტანა. მისი ძალით, სუბიექტი პლაკატის დროებით განთავსებისთვის დაჯარიმებას არ ექვემდებარება იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის მასალას კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე აკრავს და ამისათვის კერძო მესაკუთრის ნებართვა გააჩნია.

მნიშვნელოვანია, არსებობდეს ერთნაირი მიდგომა: იურისტი

ავტორი კონსტიტუციური სარჩელისა, რომლის განხილვის შემდეგაც საკონსტიტუციო სასამართლომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გამოიტანა, “საიას” იურისტი გიორგი გოცირიძეა.

გოცირიძის თქმით, კერძო საკუთრებასთან დაკავშირებით სასამართლოს ეს გადაწყვეტილება საქართველოს რეგიონებს ეხება და არა თბილისს. ამ მოცემულობით, ტექნიკურად, თბილისის მერიას არ აქვს ვალდებულება, საკონსტიტუციოს დადგენილებით იხელმძღვანელოს. თუმცა, გიორგი გოცირიძის აზრით, სასურველია, დედაქალაქის მთავრობა ამგვარად მოიქცეს, ვინაიდან საუბარია შინაარსობრივად იდენტურ ნორმაზე, რომელიც რეგიონებთან დაკავშირებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი.

აღნიშნული ნორმა “საიამ”თბილისთან დაკავშირებით ცალკე გაასაჩივრა და ელის, როდის განიხილავენ საჩივარს.

“ბუნებრივია, აბსოლუტურად იდენტური ნორმაა და [საკონსტიტუციო სასამართლოს] მიდგომაც იქნება იგივე”, – ამბობს ის.

მეორე მხრივ, იქნება ეს კერძო საკუთრება თუ მუნიციპალური ობიექტი, გიორგი გოცირიძეს მიაჩნია, რომ თბილისის მერია ერთნაირად უნდა მიუდგეს ყველა სუბიექტს, მის მიერ გაკრული პლაკატის შინაარსის მიუხედავად.

“რა თქმა უნდა, იგივე კონცერტების პლაკატებიც [ანონსი] შეიძლება არღვევდეს ამ კანონს. მნიშვნელოვანია, რომ [მერიაში] ერთნაირი მიდგომა ჰქონდეთ, იმიტომ, რომ შინაარსობრივად ეს ნორმა ნეიტრალურია: დაუშვებელია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პლაკატების გაკვრა ნებართვის გარეშე, თუმცა შინაარსი არ მოიცავს, პლაკატი პოლიტიკური უნდა იყოს თუ კულტურული და სხვა ხასიათის”, – აცხადებს ის და ამატებს:

“ფაქტია, ბინის ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებით ბოძებზე გამოკრულ განცხადებებზე ძალიან ხშირად რეაგირებას არ ახდენენ. პოლიტიკური გამოხატვის გამოცალკევება და ამ გამოხატვის მიმართ უფრო მკაცრი ზომების გატარება ხდება, რაც მიუღებელი და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველია”.

შერჩევით სამართალზე და საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებებზე კრიტიკოსთა განცხადებებზე პასუხების მისაღებად “ნეტგაზეთი” თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურს დაუკავშირდა. უწყებას დამატებითი განმარტებები არ გაუკეთებია და მხოლოდ ძველ განცხადებაზე მიუთითა, რომელიც 2 კვირის წინ, “ევროპული საქართველოს” დაჯარიმების შემდგომ გაავრცელა.

“პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატები სარგებლობენ თანასწორი უფლებებით და აკისრიათ თანაბარი ვალდებულებები ამ კანონით დადგენილი წესით”.

მასალების გადაბეჭდვის წესი