ახალი ამბები

“ევსაქების” შემდეგ, პლაკატების გაკვრისთვის “სტრატეგია აღმაშენებელიც” დააჯარიმეს

25 აგვისტო, 2020 • 1429
“ევსაქების” შემდეგ, პლაკატების გაკვრისთვის “სტრატეგია აღმაშენებელიც” დააჯარიმეს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ინფორმაციით, 24 აგვისტოს, საღამოს, პარტიის მხარდამჭერები მშენებარე კორპუსების „სამშენებლო ღობეებზე“ საარჩევნო პლაკატებს აკრავდნენ, რა დროსაც თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლებმა აღნიშნული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეუშალეს და დააჯარიმეს.

“სტრატეგია აღმაშენებლის” ინფორმაციით, მათი მხარდამჭერების იდენტიფიცირება პოლიციის მხრიდან დაშინების საფუძველზე განხორციელდა, რაც გამოიხატებოდა სამართალდამცველების მხრიდან მხარდამჭერების დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანით, ხელების გადაგრეხვითა და ავტომობილში ძალის გამოყენებით ჩასმის მუქარით.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი მხარდამჭერი, რომელმაც გაამხილა საკუთარი ვინაობა, საპატრულო პოლიციის მხრიდან გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ აღნიშნულ პიროვნებაზე აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადაცემული ჰქონდა ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, რომ ის იმყოფებოდა ძებნაში სასესხო ვალდებულების გამო. ეს არის უკანონობა და უპრეცედენტო თავხედობა, რადგან დღეს საქართველოში პოლიცია ბანკების სასესხო დავალიანების ამომღებ სტრუქტურად ჩამოყალიბდა, რომელიც მოქალაქეთა პირად ინფორმაციებს პოლიტიკური ზეწოლის განსახორციელებლად იყენებს”, – ნათქვამია „სტრატეგია აღმაშენებლის“ განცხადებაში.

უფრო ადრე საარჩევნო პლაკატების გაკვრისთვის 500 ლარით დააჯარიმეს “ევროპული საქართველო”. პარტიას ჯარიმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოუწერეს, რაც პლაკატებისა და სხვა მასალის განთავსებას გულისხმობს ისეთ ადგილებზე, რომლებიც ამისთვის არ არის გამოყოფილი. პარტიაში გადაწყვეტილება შეაფასეს წინასაარჩევნოდ ოპოზიციის მიმართ უკანონო მეთოდების გამოყენებად და თქვეს, რომ ჯარიმების გადახდას არ აპირებენ. “ევროპულმა საქართველომ” ჯარიმა მერიაში გაასაჩივრა.

საკითხზე იმსჯელა საარჩევნო საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისმა კომისიამ, რომელიც იუსტიციის სამინისტროსთან არსებული სტრუქტურაა და დაადგინა, რომ “საარჩევნო პლაკატების გაკვრის გამო “ევროპული საქართველოს” დაჯარიმება კანონიერი გადაწყვეტილება იყო”.

პლაკატების გამო ევსაქების დაჯარიმებით კანონი არ დარღვეულა – უწყებათაშორისი კომისია

მასალების გადაბეჭდვის წესი