ნეტგაზეთი | “ევროპული საქართველო” პლაკატების გაკვრისთვის დააჯარიმეს “ევროპული საქართველო” პლაკატების გაკვრისთვის დააჯარიმეს – Netgazeti
RU | GE  

“ევროპული საქართველო” პლაკატების გაკვრისთვის დააჯარიმეს

“ევროპული საქართველო” საარჩევნო პლაკატების გაკვრისთვის დააჯარიმეს. პარტიას ქალაქის იერსახის დამახინჯებას ედავებიან. აქტივისტები პლაკატებს იუსტიციის სახლის მიმდებარედ აკრავდნენ, სადაც მალევე პოლიცია გამოჩნდა. იქ იყვნენ პარტიის ლიდერებიც, რომლებიც გადაწყვეტილებას არ დაეთანხმნენ.

როგორც “ნეტგაზეთს” თბილისის მერიაში განუცხადეს, საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის შესაბამისად, წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) იწყება კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე.

“პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო სუბიექტების კანდიდატები სარგებლობენ თანასწორი უფლებებით და აკისრიათ თანაბარი ვალდებულებები ამ კანონით დადგენილი წესით”, – აღნიშნავენ მერიაში.

გიგი უგულავასა და ხათუნა გოგორიშვილს, რომლებიც ადგილზე მივიდნენ, პოლიციის თანამშრომელმა სწორედ აღნიშნული მუხლით დაუსაბუთა ჯარიმა. პარტიის ლიდერები ამას არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ მათი აქტივისტების მიერ გაკრული პლაკატები მხოლოდ შინაარსით განსხვავდება ქალაქის მასშტაბით გაკრული სხვა მასალისგან, რომელთა  გამოც ადამიანებს არ აჯარიმებენ.

საბოლოოდ, პარტიას ჯარიმა გამოუწერეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც პლაკატებისა და სხვა მასალის განთავსებას გულისხმობს ისეთ ადგილებზე, რომლებიც ამისთვის არ არის გამოყოფილი.

პარტიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ქმედება გამოხატვის თავისუფლებას ეწინააღმდეგება, შესაბამისად, ფაქტს საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრებენ. “ევროპული საქართველო” საკონსტიტუციო სასამართლოშიც აპირებს დავას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან