ახალი ამბები

ივანიშვილის ერთი პოლიტიკური თოჯინა მეორეთი ჩანაცვლდა – ბოკერია პრემიერის ცვლილებაზე

29 იანვარი, 2024 • 1077
ივანიშვილის ერთი პოლიტიკური თოჯინა მეორეთი ჩანაცვლდა – ბოკერია პრემიერის ცვლილებაზე

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, პრემიერ-მინისტრის ცვლილება „ივანიშვილის ერთი პოლიტიკური თოჯინა მეორე თოჯინით ჩანაცვლებაა“ და ქვეყნისთვის არაფერი იცვლება.

ბოკერიას თქმით, სადაც ერთ კაცს შეუძლია, ასე წყვეტდეს, ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი და ასე ეპყრობა საკუთარ გუნდს, იქ არავინ უნდა ელოდოს, რომ საზოგადოებას ან ქვეყანას სცემს პატივს და მას წინ წაიყვანს.

„ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ივანიშვილი დემოკრატიული გზით მთლიანად ჩამოშორდეს ძალაუფლებას, ხოლო ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ ასეთი თამაშის წესები, ანუ თოჯინების თეატრი, არ იყოს გამეფებული მის ალტერნატივაში, ოპოზიციაში, და სწორედ ეს არის ევროპული საქართველოს პრინციპული პოზიცია“, – განაცხადა ბოკერიამ.


პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაადასტურა, რომ თანამდებობას ტოვებს. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ პარტიის თავმჯდომარეობა შესთავაზა, საპარლამენტო არჩევნების კამპანიაში უფრო აქტიური მონაწილეობისთვის. პრემიერის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება.

მასალების გადაბეჭდვის წესი