„ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერები ეუთო/ოდირს თხოვნით მიმართავენ, რომ საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის გამოაგზავნოს როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი დამკვირვებლები.
ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ დღეს, 11 იანვარს, გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
„ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის, ოდირის მიმართ მოწვევის გაგზავნა არის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვალდებულება. სწორედ ამ მოწვევის საფუძველზე ხდება მთავარი საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ფორმირება და გამოგზავნა საქართველოში არჩევნებზე დაკვირვების მიზნით. თუმცა ხელისუფლება დუმს და ეუთო/ოდირის მიმართ ამ დრომდე მოწვევა არ არის გაგზავნილი, მაშინ, როდესაც ყველას ძალიან კარგად გვესმის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, რომ ამ წლის ოქტომბერში საქართველოს ელოდება გეოპოლიტიკური მნიშვნელობის არჩევნები, სადაც წყდება ქვეყნის ევროპული მომავლის საკითხი.
ხელისუფლების ამ მრავლისმეტყველ დუმილს თან ახლავს მუდმივი თავდასხმა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე. როგორიც არის მათ შორის USAID, რომელიც ასევე ტრადიციულად აგზავნის მსხვილ და მნიშვნელოვან სადამკვირვებლო მისიას საქართველოში. ამ ფონზე, როგორც მთავარმა პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიამ, აუცილებლად მივიჩნიეთ, რომ მიგვემართა ეუთო/ოდირისთვის თხოვნით, რომ მათ გამოაგზავნონ როგორც გრძელვადიანი, ისევე მოკლევადიანი დამკვირვებლები დროულად, საქართველოში ამ უმნიშვნელოვანეს არჩევნებზე დასაკვირვებლად, რომელსაც აქვს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს ჩვენს ქვეყანაში მშვიდობიანი ხელისუფლების ცვლილებას. მოვუწოდებთ საგარეო საქმეთა სამინისტროს, დროულად გააგზავნოს ოფიციალური მოწვევა ოდირის სახელზე“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ბოკუჩავას თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარეები – ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ვაშაძე – „გამარჯვების კოალიციის“ სახელით ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებს მიმართავენ, რომ 27 ქვეყნის პარლამენტარებმა აქტიური მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებში, რომლებიც საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდებიან.
მისივე თქმით, წერილის ადრესატები ასევე არიან ევროპარლამენტი, ნატოს, ევროპის საბჭოსა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეები.