ახალი ამბები

„ყველა თვალზე ცრემლია და ყველა ხმაში – აგონია“ – რას უყვებიან ლიბანელები „ნეტგაზეთს“

9 აგვისტო, 2020 • 1648
„ყველა თვალზე ცრემლია და ყველა ხმაში – აგონია“ – რას უყვებიან ლიბანელები „ნეტგაზეთს“

როდესაც ბეირუთიდან 45 კილომეტრში მცხოვრებმა ჰასანმა აფეთქების ხმა გაიგო, შემდგომ კი შეიტყო, რომ შემთხვევა დედაქალაქში მოხდა, თავში ავტომატურად გაუელვა სამი გავლენიანი პოლიტიკოსის სახელმა. ეგონა, რომ მოკლეს ყოფილი პრემიერი, დრუზების პარტიის თავმჯდომარე ან შიიტური “ჰეზბოლას” ლიდერი. როგორც შემდგომ გაირკვა, ეს იყო არა პოლიტიკური მკვლელობა, რომელიც უცხო არ არის ქვეყნის ახლო წარსულისთვის, არამედ პოლიტიკოსებისა და სხვათა უყურადღებობის შედეგი: ქალაქის ცენტრში 6 წლის წინ მიტოვებული, ათასობით ტონა ამონიუმის ნიტრატი აფეთქდა.

ბეირუთის რიგი უბნები ნანგრევებშია. 8 აგვისტოს, ანტისამთავრობო პროტესტის დროს, ქაოსმა მოიცვა ქალაქის ცენტრალური მოედანი. ხელისუფლება პირობას დებს, რომ ტრაგედიაზე პასუხისმგებელ პირებს დასჯის, თუმცა ქაოსი ლიბანში აფეთქებით არ დაწყებულა. ქვეყანა უპრეცენდენტო ეკონომიკურ კრიზისშია, რასაც არაერთი დამკვირვებელი აფასებს, როგორც უსაზღვრო კორუფციისა და პოლიტიკური ელიტის კერძო ინტერესების შედეგს.

ამიტომაცაა, რომ არაერთ ლიბანელს არ აქვს არც 4 აგვისტოს ტრაგედიის ობიექტური გამოძიების და არც კრიზისის აღმოფხვრის იმედი, არსებული პოლიტიკური კლასის პირობებში.

დაისაჯონ ისინი, ვინც იცოდა და არაფერი მოიმოქმედა

ჰასან მაისს „ნეტგაზეთი“ ბეირუთის ტრაგედიიდან სამი დღის შემდეგ დაუკავშირდა. ის დედაქალაქიდან 45 კილომეტრის დაშორებით, ბიკას ხეობაში ცხოვრობს. ბეირუთში მყოფ მეგობარს ტელეფონით ესაუბრებოდა, როცა აფეთქება მოხდა.

“მეგობარმა მკითხა, ხმა გაიგეო? ვუთხარი, რომ გავიგე და თან გავოცდი, როგორ მოვიდა ჩემამდე აფეთქების ხმა ბეირუთიდან”, – ეუბნება ის “ნეტგაზეთს”.

ქალაქში მეორე დღესვე ჩავიდა და იხილა კადრები, რომლებმაც მთელი მსოფლიო შეძრა: კატასტროფის კვალი ბეირუთის ცნობილ ქუჩებსა და საცხოვრებელ კვარტლებში. როგორც აღნიშნავს, “ეს იყო მასობრივი ნგრევა, გაჯერებული სისხლის სუნითა და ტკივილის ხმებით”.

“ქალაქში ვითარება ტრაგიკულია. ყველა თვალზე ცრემლია და ყველა ხმაში – აგონია. ადამიანთა სახეებზე დეპრესია აშკარაა: უძინარი თვალები, დაქანცული სახეები… ბეირუთის სახლები უფანჯროა და ღია, თუმცა ისინი აღარავის ელიან”, – ამბობს ჰასანი.

ნანგრევებით მოცულ ბეირუთში ისევ ჩავიდა 3 დღის შემდეგ, 8 აგვისტოს და ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოითხოვა დამნაშავეთა დასჯა. მისი თქმით, უშუალოდ აფეთქების ფაქტი ხელისუფლების პასუხისმგებლობა არ არის, თუმცა ყველა ოფიციალური პირია პასუხისმგებელი ქალაქის ცენტრში ტვირთის მიტოვებაზე.

” “ჰეზბოლას” ლიდერი საუბრობდა იმაზე, რომ ასეთივე ნივთიერება ინახება ჰაიფას პორტში [ისრაელში]. როგორ, მან იცოდა მისი არსებობის შესახებ იქ და არ იცოდა ამავე ტვირთის არსებობის ამბავი [ბეირუთში]? არამხოლოდ მან, არამედ ყველა ოფიციალურმა პირმა იცოდა ეს… პასუხისმგებლობა იწყება მისგან და სხვა მაღალი თანამდებობის პირებისგან, 2011 წლიდან დღემდე”.

ქალაქის პორტიდან, სადაც 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატი აფეთქდა, სულ 7 წუთია საჭირო ბეირუთის ცენტრალურ მოედანზე ავტომობილით მოსახვედრად. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ დამანგრეველი აფეთქება ბეირუთის შუაგულში მოხდა და თან წაიღო 150-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე, პორტის ინფრასტრუქტურა, ახლომდებარე კვარტლები, კაფე-რესტორნები და სხვა ბიზნესები. დაზიანდა ეპიცენტრიდან კილომეტრებით დაშორებული შენობებიც კი.

ბეირუთი აფეთქების შემდეგ. ფოტო: EPA ბეირუთი აფეთქების შემდეგ. ფოტო: EPA

როდესაც აფეთქების ხმა გაიგო, ჰალა ნუჰად ნასრ ად-დინს ეგონა, რომ მისი სახლის წინ მოხდა რაღაც და ფანჯრიდან დაიწყო შემთხვევის ადგილის ძებნა. არადა, ის მთიანი ლიბანის გუბერნიაში ცხოვრობს, დედაქალაქიდან 1 საათის სავალზე.

ჟურნალისტისა და აქტივისტის თქმით, ბეირუთი, ეს არის ქალაქი, საითაც თითქმის ყველა ლიბანელი მიეშურება სამუშაოდ, სამთავრობო უწყებებში საქმეთა მოსაგვარებლად ან უბრალოდ გასართობად. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ აფეთქება ყველაზე აისახა.

“ხალხი შოკშია, თუმცა ამავე დროს არის ძალიან დიდი ბრაზი ქუჩებში, ხელისუფლების მიმართ, რადგან [ოფიციალურ პირთა] უმრავლესობამ იცოდა საწყობში ფეთქებადსაშიში ნივთიერების არსებობის შესახებ. არავინ არაფერი მოიმოქმედა იქიდან მის გასატანად და ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად”, – ეუბნება ის “ნეტგაზეთს”.

ის, რომ ქალაქის ცენტრში ათასობით ტონა ფეთქებადსაშიში ნივთიერება წლების მანძილზე უყურადღებოდ იყო მიტოვებული, იმთავითვე განაცხადეს პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა. მათ ყველა პასუხისმგებელი პირის დასჯის პირობა დადეს. ლიბანის პორტისა და საბაჟოს 16 თანამშრომელი უკვე დაკავებულია, თუმცა ჰალასთვის, რომელიც ასევე შეუერთდა 8 აგვისტოს აქციას, ეს ბევრს არაფერს ნიშნავს მარტივი მიზეზის გამო: საფრთხის შესახებ იცოდნენ მათ, ვინც დღეს ხალხს სამართლიანობას ჰპირდება.

ჰალა ნუჰად ნასრ ად-დინი ჰალა ნუჰად ნასრ ად-დინი

“ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? პასუხისმგებელია მთელი პოლიტიკური კლასი. ეს იცოდა ყველამ: იცოდა პორტის დირექტორმა, იცოდა ჯარმა, იცოდნენ ამჟამინდელმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრებმა, პრეზიდენტმაც იცოდა, პარლამენტის თავმჯდომარემაც… ყველამ ყველაფერი იცოდა. იყო მხოლოდ პასუხისმგებლობის ერთმანეთისთვის აკიდება. და რა მოხდა ბოლოს? მოხდა აფეთქება, რომელმაც წაიღო ადამიანების სიცოცხლე”, – ამბობს ის და ამატებს:

“არ ვფიქრობ, რომ პორტის თანამშრომლების დასჯა საკმარისია. არსებობენ უფრო დიდი პასუხისმგებელი პირები, ვინც იცოდა ამ ნივთიერების არსებობის შესახებ და ვინც მიატოვა ის ქალაქის პორტში, მცირე მანძილზე დასახლებული პუნქტებიდან.

პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ ადამიანებს ხელისუფლებაში, მინისტრებს, დეპუტატებს, თავად ქვეყნის პრეზიდენტს. სხვა რეალობაში მთავრობა აიღებდა პასუხისმგებლობას და გადადგებოდა, მაგრამ ლიბანში ეს, ასე ვთქვათ, უიმედო საქმეა”.

ბეირუთი აფეთქების შემდეგ. ფოტო: EPA ბეირუთი აფეთქების შემდეგ. ფოტო: EPA

ჰალა ნუჰად ნასრ ად-დინის მსგავსად, არაერთი ადანაშაულებს მომხდარში მთელ ხელისუფლებასა და პრეზიდენტს, თავისი უმოქმედობის გამო. ტრაგედიაზე საუბრისას, პრეზიდენტმა მიშელ აუნმა თქვა, რომ აფეთქებამდე 3 კვირით ადრე გააფრთხილეს საშიშ ტვირთზე, მან კი თავის მხრივ გააფრთხილა არმია და უსაფრთხოების სამსახურები – “ყველა საჭირო ზომა” მიეღოთ.

აუნის თქმით, მისი პასუხისმგებლობა აქ დამთავრდა, რადგან პორტზე მისი უფლებამოსილება არ ვრცელდება. მანვე, უყურადღებობასთან ერთად, არც დივერსია გამორიცხა.

სააგენტო Associated Press-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტის მიხედვით, ტვირთიდან მომავალ საფრთხეზე გასულ 6 წელიწადში მინიმუმ 10 გაფრთხილება გახმიანდა ლიბანის საბაჟოს, არმიის, უსაფრთხოების სააგენტოსა და სასამართლოს მხრიდან. საპასუხოდ, არავის არაფერი გაუკეთებია.

ღრმა კრიზისი, რომელიც აფეთქებით არ დაწყებულა

აფეთქება მხოლოდ გააღრმავებს იმ რეალობის სიმძიმეს, რომლის წინაშეც ლიბანი აქამდე იდგა. კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდეც, ქვეყანა უპრეცენდენტო ეკონომიკურ კრიზისს განიცდიდა, უმუშევრობის დონე 25% იყო, მოსახლეობის მესამედი კი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობდა.

გასული წლის ბოლოს ცნობილი გახდა სქემის შესახებაც, რომელსაც, Reuters-ის თანახმად, ზოგიერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ, ცენტრალური ბანკის მიერ მართულ “პირამიდად”. სქემის ფარგლებში, ცენტრალური ბანკი კომერციული ბანკებიდან საბაზროზე მაღალ პროცენტად სესხულობდა ფულს, რათა თავისივე ვალები გადაეხადა და შეენარჩუნებინა ლიბანური ვალუტის ფიქსირებული კურსი აშშ დოლართან.

მთავრობა მოსახლეობას ელემენტარული სერვისებითაც ვერ უზრუნველყოფს. მოქალაქეები უკვე შეეჩვივნენ ელექტროენერგიას გრაფიკით, სასმელად ვარგისი წყლის უკმარისობას, არამყარ ჯანდაცვასა და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უხარისხო ინტერნეტს. ლიბანი საგარეო ვალის ოდენობით მსოფლიოს ქვეყნებს შორის მესამე პოზიციაზეა.

როგორც 4 აგვისტოს ტრაგედიის შემთხვევაში, კრიტიკოსები ეკონომიკურ კრიზისშიც მმართველ პოლიტიკურ ელიტას ადანაშაულებენ. გასული წლის ოქტომბერში, ხელისუფლების მიერ ახალი გადასახადების დაწესება ბოლო წვეთი აღმოჩნდა: ქუჩაში გამოვიდა ასობით ათასი ლიბანელი და ქვეყნის ქალაქები რევოლუციურმა სლოგანებმა მოიცვა. პროტესტის შემდეგ მთავრობა გადადგა, თუმცა კრიტიკოსთა აზრით, შეიცვალნენ მხოლოდ სახეები, სისტემა კი იგივე დარჩა.

ოქტომბრის პროტესტი ბეირუთში

ოქტომბრის პროტესტი ბეირუთში

ლიბანის მთავრობაც არ უარყოფს, რომ ქვეყნის მრავალი გასაჭირისა და 4 აგვისტოს ინციდენტის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი კორუფციაა: პრობლემა, რომელიც “საერთაშორისო გამჭვირვალობის” თანახმად, ფესვგადგმულია საზოგადოების ყველა დონეზე. ორგანიზაციის შეფასებით, პოლიტიკური პარტიები, პარლამენტი და პოლიცია, ქვეყნის ყველაზე კორუმპირებული უწყებებია. მისივე ინდექსით, ქვეყანა 180 სახელმწიფოდან 137-ე პოზიციას იკავებს კორუფციის მაჩვენებლით.

“ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით განსაკუთრებული გარემოებების ფონზე, 17 ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, რომლითაც გამოიხატა ლიბანელთა ბრაზი არსებული რეალობის მიმართ – მათ ათწლეულების მანძილზე აწუხებდათ კორუფცია. აფეთქება, რომელიც 4 დღის წინ მოხდა, კორუფციისა და არასწორი მმართველობის ერთ-ერთი შედეგია”, – თქვა ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ჰასან დიაბმა 8 აგვისტოს, ტელემიმართვისას.

იმას, რაც მთავრობის მეთაურმა თქვა, იზიარებს მრავალი ლიბანელი, თუმცა კრიტიკოსებს რთულად წარმოუდგენიათ ამ პრობლემების მოგვარება არსებული ხელისუფლების პირობებში.

“ყველა ნიშნავს ყველას”

ლიბანის სისხლისმღვრელი, 15-წლიანი სამოქალაქო ომი 1990 წელს, ქალაქ ტაიფის შეთანხმებით დამთავრდა. შეთანხმების პირობებით, ქვეყანაში მოქმედ რელიგიურ კონფესიებს – მარონიტ ქრისტიანებს, შიიტ და სუნიტ მუსლიმებსა და დრუზებს – გარანტირებულად განესაზღვრათ მანდატების ოდენობა მთავრობასა და პარლამენტში. აღნიშნული (სექტარიანული) პრინციპი, რომელიც იქამდეც ნაცნობი იყო ქვეყნისთვის, მეტად განმტკიცდა, მიუხედავად პირობისა მისი თანდათანობითი გაუქმების შესახებ.

პროექტის თავდაპირველი იდეა პოლიტიკური სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცება იყო, თუმცა მიმდინარე პროტესტის მონაწილეები და სხვა კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ სექტარიანიზმი პოლიტიკურმა ლიდერებმა სათავისოდ გამოიყენეს: მშვიდობის სახელით ებღაუჭებიან თანამდებობებს, ყოფენ საზოგადოებას, აღრმავებენ ნეპოტიზმსა და კორუფციას. ამჟამინდელ გავლენიან პოლიტიკოსთა ნაწილმა ძალაუფლება სწორედ ომის დროს მოიპოვა.

ამ ფონზე დაიბადა ლიბანის გასული წლის საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სლოგანი: “ყველა ნიშნავს ყველას”. ეს იმას ნიშნავს, რომ დემონსტრანტები უარს ეუბნებიან ათწლეულების მანძილზე ფესვგადგმულ ტრადიციულ პარტიებს, რომელთაც, მათი აზრით, მხოლოდ გააუარესეს სამოქალაქო ომით ისედაც დაზარალებული ქვეყნის მდგომარეობა.

ბანერზე წერია: ომმა დატოვა ჩვენი ქუჩები. თქვენ როდის წახვალთ? ფოტო: EPA

კრიტიკოსთა გული პოლიტიკურმა კლასმა ვერც ახალი მთავრობის ფორმირებით მოიგო, ოქტომბრის აქციების შემდეგ. ბევრი მათგანისთვის არაფერი შეცვლილა: ამჟამინდელი მთავრობაც მხარდაჭერილია პრო-ირანული “ჰეზბოლას” მიერ – ქვეყნის ერთ-ერთი უძლიერესი პოლიტიკური ძალისა, რომელიც პოლიტიკურ და სამხედრო ფრთას აერთიანებს.

ოქტომბრის პროტესტის მონაწილეები ღიად აკრიტიკებდნენ და უპირისპირდებოდნენ მას, რის გამოც მათი ბანაკები არაერთგზის გახდა “ჰეზბოლას” მხარდამჭერთა თავდასხმის ობიექტი.

“მე მხარს ვუჭერ ამ სლოგანს, რადგან ამ პოლიტიკურ კლასში არ არსებობს გამონაკლისი. ყველანი ერთად მოქმედებენ, წინა მთავრობაშიც ასე იყო და ახლაც. არიან პარტიები, რომლებიც ოპოზიციონერებად აცხადებენ თავს, თუმცა წინა მთავრობაში ყოფნისას, ისინიც მონაწილეობდნენ ქვეყნის რესურსების ფლანგვაში”, – ეუბნება “ნეტგაზეთს” აქტივისტი და ჟურნალისტი ჰალა ნუჰად ნასრ ად-დინი.

ლიბანის პოლიტიკურ კლასში ზემოაღნიშნულ სლოგანს იმთავითვე ეწინააღმდეგებოდნენ ისინი, ვინც სექტარიანული სისტემის მოშლასა და სამოქალაქო სახელმწიფოს ჩამოყალიბების აუცილებლობის იდეას იზიარებს.

“როდესაც ისინი [დემონსტრანტები] აზოგადებენ ბრალდებებს, ეს არასწორია. მათ არ აქვთ იმის თქმის უფლება, რომ ყველა ცუდია. პოლიტიკას პატიოსანი ხალხიც აკეთებს. ყველანი კორუმპირებულები არ ვართ”, – ეუბნებოდა გერმანულ DW-ს ალან აუნი, უმსხვილესი საპარლამენტო პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და ქვეყნის პრეზიდენტის ბიძაშვილი. მისი თქმით, თავადაც ემხრობა სეკულარულ სახელმწიფოს და სექტარიანიზმის დასრულებას, თუმცა ფიქრობს, რომ ეს ლიბანის საზოგადოებისთვის ჯერ ადრეა.

გახდება თუ არა კრიზისი რეალური ცვლილებების განმაპირობებელი

ვარაუდები იმის შესახებ, რომ 4 აგვისტოს ტრაგედია პროტესტის ახალ ტალღას წარმოშობდა, გამართლდა და 8 აგვისტოს ლიბანის ცენტრში ათასობით ადამიანი გავიდა, როგორც დამნაშავეთა დასჯის მოთხოვნით, ისე ხელისუფლებისა და კორუფციის წინააღმდეგ. იყო შეტაკებები პოლიციასთან, დემონსტრანტთა ჯგუფებმა კი სახელმწიფო უწყებები დაიკავეს.

რა მოხდება ახლა? ლიბანის პრემიერ-მინისტრს ერთადერთ ალტერნატივად ვადამდელი არჩევნები მიაჩნია. ჰასან დიაბის თქმით, ქვეყანა კრიზისიდან მხოლოდ ამ გზით გამოვა. მთავრობის მეთაურმა შესაბამისი კონსულტაცია ორშაბათისთვის ჩანიშნა.

ვადამდელი არჩევნები უპირობო ალტერნატივად მიაჩნიათ აქტივისტებსაც, რომელთაც “ნეტგაზეთი” ესაუბრა, თუმცა ფიქრობენ, რომ მანამდე საჭიროა ახალ ძალთა მობილიზება, რათა მართვის სადავეები კვლავ არ აღმოჩნდეს მოქმედი ხელისუფლების ხელში, რომელსაც ისინი არ ენდობიან.

“ჩემს მეგობრებს შორის ერთ-ერთი ვარ მცირე ოდენობის ოპტიმისტთა შორის და დარწმუნებული ვარ, რომ ცვლილება აუცილებლად მოვა. თუმცა, არსებულ მმართველ კლასს არ ვენდობი. ვფიქრობ, ცვლილება იქნება შემდგომ არჩევნებზე, როცა ხალხი აირჩევს ახალგაზრდებს სამოქალაქო საზოგადოებიდან. თუმცა, მათი არჩევა საკმარისი არ იქნება: მონიტორინგი უნდა გავუწიოთ მათ საქმიანობას, რათა სწორ ხაზს არ ასცდნენ”, – ამბობს ჰასან მაისი.

ჰასან მაისი ერთ-ერთ ანტისამთავრობო დემონსტრაციაზე ჰასან მაისი ერთ-ერთ ანტისამთავრობო დემონსტრაციაზე

ამავე აზრზეა ჰალა ნუჰად ნასრ ად-დინიც. მისი თქმით, იმ ხალხისაც ესმის, ვისაც არსებულმა ვითარებამ ნიჰილიზმი და უიმედობა ჩაუნერგა, თუმცა ცვლილებისთვის მობილიზება უალტერნატივოა.

“ხალხი დაიღალა ამ სისტემით და მრავალი მათგანი ეძებს ალტერნატიულ პლატფორმებს, ახალ პოლიტიკურ პარტიებს ახალგაზრდებისა და რევოლუციის შემდგომ ნდობით აღჭურვილი პირების თაოსნობით. ეს ხალხი კარგი ალტერნატივაა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ისინი არჩევნებამდე შექმნიან პოლიტიკურ პარტიებს და იყრიან კენჭს.

არაფრის გარანტია არ არსებობს, თუმცა ცდად ღირს. ეს დღეს და ხვალ არ მოხდება, ბევრ დროს წაიღებს. ეს ხალხი სამოქალაქო ომის შემდგომ არის ხელისუფლებაში, მათი ხელი ყველაფერს სწვდება ქვეყანაში. თუმცა, ნაბიჯ-ნაბიჯ, ეს უნდა მოხდეს”, – ამბობს ის.

მისივე თქმით, ადამიანები მეტად მობილიზებულები არიან აფეთქების შემდეგ, რადგან მიხვდნენ, რომ არსებულ რეალობაში მოქალაქეთა ინტერესები მეორეხარისხოვანია:

“რეალურად, ეს იყო ხოცვა-ჟლეტა, რადგან მათ იცოდნენ, რომ ხალხის ცხვირწინ 6 წლის მანძილზე ფეთქებადსაშიში ნივთიერება ინახებოდა. ხალხი ახლა უფრო მობილიზებულია, რადგან დარწმუნდა, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება მოკვდე და მმართველ პარტიებს ეს არ აინტერესებთ, რადგან სასწორზე მათი ინტერესები არ დევს”.

ბეირუთის ქუჩებში დამანგრეველი აფეთქებიდან ერთი კვირის შემდეგაც მობილიზებულია უამრავი მოხალისე, რომლებიც ქუჩებს ნარჩენებისაგან წმენდენ და დაზარალებულებს ეხმარებიან. ამ დღეებში, რამდენიმე ოფიციალურმა პირმა სცადა დანგრეულ ქუჩებში გასვლა, თუმცა მათ ტერიტორიის დატოვება მოქალაქეთა შეძახილების ფონზე მოუწიათ.

ტრაგედიის შემდეგ, ქვეყანა არაერთი სახელმწიფოსგან იღებს ფინანსურ თუ სხვა სახის დახმარებას. პირველი პოლიტიკური ლიდერი, რომელიც აფეთქების შემდეგ ბეირუთში ჩავიდა, საფრანგეთის პრეზიდენტი იყო. აქვე გაისმა კრიტიკაც ლიბანიც მმართველი წრეების მიმართ: რამდენადაც მან დახმარება აღუთქვა ქვეყანას, იმდენად გაუსვა ხაზი “ღრმა ცვლილების” აუცილებლობას. მაკრონმა ასევე მოითხოვა მომხდარის საერთაშორისო გამოძიება.

მასალების გადაბეჭდვის წესი