ახალი ამბები

“ქირურგიული სიზუსტის დარტყმა ჰამასზე” – ისრაელი ლიბანში აფეთქებაზე

3 იანვარი, 2024 • 1400
“ქირურგიული სიზუსტის დარტყმა ჰამასზე” – ისრაელი ლიბანში აფეთქებაზე

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში 2 იანვარს დრონით თავდასხმის შედეგად, “ჰამასის” ერთ-ერთი ლიდერი სალეჰ ალ-არური დაიღუპა. აფეთქებას კიდევ 6 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის “ჰამასის” კიდევ ორი სამხედრო მეთაურია. ამას, “ბიბისის” ცნობით, ლიბანური მედია ადასტურებს.

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ჯერ მხოლოდ “ჰამასი” ადასტურებდა. აფეთქებას გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი, რომელიც ისრაელს მოუწოდებდა, თავი აერიდებინა ლიბანში ვითარების ესკალაციისთვის. თავდაპირველად ისრაელი კომენტარს არ აკეთებდა. მათ “ბიბისის” წარმომადგენლობას უთხრეს, რომ ისრაელი არ გამოეხმაურებოდა უცხოურ მედიაში გავრცელებულ ცნობებს. თუმცა მოგვიანებით, ისრაელმა კომენტარი მაინც გააკეთა. მარკ რეგევს, ბენიამინ ნეთანიაჰუს მრჩეველს არ უთქვამს, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებელი ისრაელია, თუმცა აღნიშნა, რომ “ვისაც არ უნდა გაკეთებინა ეს, ეს არ ყოფილა თავდასხმა ლიბანზე. ეს არ ყოფილა “ჰეზბოლაზე” თავდასხმაც კი. ეს იყო ქირურგიული სიზუსტის დარტყმა ჰამასის ლიდერებზე”.

ტერორისტული “ჰამასი” გმობს ლიდერთა მოკვლას, მისი მოკავშირე “ჰეზბოლა” კი აცხადებს, რომ ისრაელის მხრიდან ადგილი ჰქონდა ლიბანის სუვერენიტეტზე თავდასხმას, რისთვისაც ისრაელი შესაბამის პასუხს მიიღებს. ლიბანის პრემიერ-მინისტრი ისრაელს ბრალს დებს ომის მორიგ დანაშაულში და “ლიბანის კონფრონტაციაში ჩათრევის მცდელობაში“. ლიბანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ლიბანის მთავრობა ცდილობს “ჰეზბოლას” გადარწმუნებას, რომ პასუხი გასცენ ისრაელს.

“მომდევნო 24 საათის განმავლობაში გაირკვევა, უპასუხებენ თუ არა ისრაელს. ძალიან შეშფოთებულები ვართ, ლიბანელებს არ სურთ, რომ ომში ჩაითრიონ. “ჰეზბოლასაც” კი არ სურს, რომ რეგიონულ ომში აღმოჩნდნენ ჩათრეული“, – განუცხადა “ბიბისის” ლიბანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბდალა ბუ ჰაბიბმა.

57 წლის სალეჰ ალ-არური ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო “ჰამასის” იერარქიაში. ლიდერი როგორც პოლიტიკურ, ისე სამხედრო ფრონტზე. ტერორისტულ დაჯგუფებას ის 1987 წელს შეუერთდა. იყო პოლიტიკური ბიუროს მეორე პირი, ქასამის ბრიგადების, “ჰამასის” შეიარაღებული ფრთის მთავარი ლიდერი, ისმაილ ჰანიეს, “ჰამასის” პირველი პირის უახლოესი მოკავშირე და მთავარი დამაკავშირებელი რგოლი ირანთან და “ჰეზბოლასთან”. ბოლო პერიოდში არური სწორედ ლიბანში ცხოვრობდა. ის ყველაზე მაღალი რანგის ლიდერია, რომელიც “ჰამასის” მხრიდან ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ მოკლეს.

სალეჰ ალ-არური

შვიდ ოქტომბერს ჰამასის შეიარაღებული ჯგუფები ისრაელში შეიჭრნენ და საზღვრისპირა მაცხოვრებლებს დაესხნენ თავს. დაიღუპა დაახლოებით 1200 ადამიანი, ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობა. დაახლოებით 240 ადამიანი ღაზაში მძევლად წაიყვანეს. ჰამასის მხრიდან ამ შეჭრას ისრაელის მხრიდან მოჰყვა საპასუხო შეტევა, რისი გაცხადებული მიზანიც “ჰამასის” განადგურება იყო. ამის შემდეგ, ღაზის “ჰამასის” დაქვემდებარებაში მყოფი ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის თავდასხმების შედეგად, 22 000-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა, ძირითადად ქალები და ბავშვები.

ირანი, რომელიც “ჰამასისა” და “ჰეზბოლას” მთავარი მხარდამჭერია, ამბობს, რომ არურის მკვლელობა “უდავოდ გამოიწვევს წინააღმდეგობის გამწვავებას”.

მასალების გადაბეჭდვის წესი