ახალი ამბები

პროტესტი და შეტაკებები – ბეირუთის ცენტრში ათასობით ლიბანელი მოითხოვს აფეთქებაში დამნაშავეთა დასჯას

8 აგვისტო, 2020 • 2167
პროტესტი და შეტაკებები – ბეირუთის ცენტრში ათასობით ლიბანელი მოითხოვს აფეთქებაში დამნაშავეთა დასჯას

დამანგრეველი აფეთქებიდან 5 დღის შემდეგ, ბეირუთის ქუჩებში ხელისუფლების წინააღმდეგ ათასობით დემონსტრანტია გამოსული, რასაც თან ახლავს შეტაკებები პოლიციასთან. ვრცელდება ცნობები პროტესტის მონაწილეთა მიერ სამთავრობო შენობების დაკავების შესახებ. აქციის მონაწილეები მოითხოვენ 4 აგვისტოს ტრაგედიაზე პასუხისმგებელთა დასჯას და პროტესტს უცხადებენ მთავრობას, რომელიც, მათი თქმით, თავისი უმოქმედობით, კორუფციითა და დაუდევრობით ქვეყანას რთულ მდგომარეობაში აყენებს.


აქცია ქალაქის მთავარ მოედანზე, ადგილობრივი დროით 17:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა შეტაკებები მოედნიდან მცირე მანძილით დაშორებულ პარლამენტთან მანამდე გაჩაღდა. სპეც. რაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა აქციის მონაწილეთა დასაშლელად, რომელთა ნაწილიც საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ აღმართული ბარიერების გადალახვას ცდილობდა. პროტესტის მონაწილეთა ნაწილი პოლიციას ქვებით იგერიებდა.

დაპირისპირება შემდგომაც გაგრძელდა და მისი არეალიც გაფართოვდა.

არეულობის დაწყებიდან მალევე, განცხადება გაავრცელა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჰასან დიაბმა, რომელმაც თქვა, რომ ვითარების განსამუხტად ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს. მისი განცხადებით, ქვეყანა ამის გარეშე კრიზისიდან ვერ გამოვა.

წითელი ჯვრის ცნობით, 117 დაშავებულს ადგილზევე აღმოუჩინეს დახმარება, 55 პირი კი საავადმყოფოებში გადაიყვანეს. როგორც Reuters პოლიციის სპიკერზე დაყრდნობით იუწყება, დაღუპულია პოლიციელი, რომელიც, მისი კოლეგების თანახმად, ლიფტის შახტაში ჩავარდა დემონსტრანტთა მიერ დევნისას.

პოლიციამ დაადასტურა, რომ გამოიყენეს რეზინის ტყვიებიც. უწყებამ ასევე დაადასტურა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლები, თუმცა უცნობია, კონკრეტულად ვინ გაისროლა.

აქციის დაწყებიდან მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დემონსტრანტთა ჯგუფმა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა დაიკავა. დაწვეს პრეზიდენტ მიშელ აუნის პორტრეტიც.

“ვრჩებით აქ. მოვუწოდებთ ლიბანელ ხალხს, დაიკავოს ყველა სამინისტრო”,-თქვა ერთ-ერთმა მეგაფონში.

საგარეო უწყების შემეგ, აქციის მონაწილეთა ჯგუფი შევიდა ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროებშიც. დაიკავეს საბანკო ასოციაციაც. ქვემოთ მოცემული კადრები სწორედ ასოციაციის შენობაშია გადაღებული.

ადგილობრივი მედიის თანახმად, დემონსტრაციაზე ადამიანები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ჩავიდნენ. ისინი მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებელი პირების დასჯას მოითხოვენ. არაერთი მოქალაქე სვამს კითხვას, რატომ ვერ აიცილა მთავრობამ პორტში დასაწყობებული, შემდგომ კი აფეთქებული ნივთიერებიდან მომავალი საფრთხე, რომლის არსებობის შესახებაც ცნობილი იყო.

“სამი დღის მანძილზე ქუჩების ნანგრევებისგან წმენდის შემდეგ, დროა, საშუალება მივცეთ ჩვენს ბრაზს, გამოთავისუფლდეს და დაისაჯონ ისინი”, – აცხადებს ერთ-ერთი დემონსტრანტი სააგენტო AFP-სთან საუბრისას.

ბეირუთის წამებულთა მოედანზე მოქალაქეთა რიცხვის ზრდასთან ერთად იმატა რევოლუციურმა შეძახილებმა, მათ შორის “ხალხს სურს რეჟიმის ჩამოცილება”, რომელიც პოპულარული იყო ქვეყანაში გასული წლის ოქტომბერში დაწყებული მასშტაბური ანტისამთავრობო დემონსტრაციებისას. მაშინ მთავრობა გადადგა, თუმცა კრიტიკოსთა აზრით, მხოლოდ სახეები შეიცვალნენ, პოლიტიკური სისტემა კი ისეთივე დარჩა.

4 აგვისტოს ტრაგედია ქვეყანას ისედაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე დაატყდა თავს: ქვეყანა ეკონომიურ კრიზისშია, განიცდის ელექტროენერგიისა და სასმელად ვარგისი წყლის პრობლემას. ვითარება ახალმა კორონავირუსმაც გააუარესა, რომლის შემთხვევებმაც ლიბანში ზრდა ისევ დაიწყო.

4 აგვისტოს ტრაგედია

ბოლო მონაცემებით, ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად 150-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი, დაშავებულია 6 000.

ლიბანის მთავრობამ უკვე თქვა, რომ პორტში მდებარე ნაგებობაში, სადაც აფეთქება მოხდა, 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატი 6 წლის მანძილზე, უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე იყო განთავსებული. სააგენტო “როიტერის” ინფორმაციით, პირველადი გამოძიება სწორედ დაუდევრობის ვერსიაზე მუშაობს. დაკავებულია 16 ადამიანი. ხელისუფლება პირობას დებს, რომ დამნაშავეები დაისჯებიან.

აფეთქებამ შეძრა მთელი ქალაქი: დაზიანდა მომხდარის ეპიცენტრიდან რამდენიმე კილომეტრით დაშორებული შენობებიც, ახლომდებარე ნაგებობები კი მთლიანად დაანგრია. ქალაქის გუბერნატორის თანახმად, უსახლკაროდ დარჩა 300 000 ადამიანი.

ქალაქის ქუჩებში მობილიზებულია უამრავი მოხალისე, რომლებიც ქუჩებს ნანგრევებისაგან და ნამსხვრევებისაგან წმენდენ.

ამონიუმის ნიტრატის ზემოაღნიშნული მარაგი ბეირუთში 2013 წელს მოხვდა მას შემდეგ, რაც ლიბანის დედაქალაქის პორტში მოლდოვის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააკავეს. ის საქართველოდან, კერძოდ, ბათუმის პორტიდან, აღნიშნული ნივთიერებით დატვირთული გავიდა და მოზამბიკისკენ მიემართებოდა.

ბეირუთის პორტში გაჩერებისა და ტექნიკური ინსპექციის შემდეგ, კრიტიკული შეუსაბამობების გამო, გემს მოგზაურობის გაგრძელების საშუალება არ მისცეს, მალევე კი ის მფლობელებმა მიატოვეს. როგორც Shiparrested.com წერს, ბორტზე ნივთიერების დატოვების თანმდევი რისკების ფონზე, ის ჩამოტვირთეს და პორტის საწყობებში განათავსეს.

მიუხედავად პირველადი გამოძიების მიმართულებისა, ქვეყნის პრეზიენტი აღნიშნავს, რომ მომხდარის მიზეზი დადგენილი ჯერ არ არის და “არსებობს შესაძლებლობაც, ეს იყოს საგარეო ჩარევა, ბომბის, რაკეტის ან სხვა საშუალებით”.

ათობით დაღუპული, ათასობით დაშავებული – ბეირუთი აფეთქების შემდეგ

მასალების გადაბეჭდვის წესი