ახალი ამბები

რიგითი მოქალაქეები ბეირუთის ქუჩებს საკუთარი ძალებით წმენდენ

6 აგვისტო, 2020 • 1739
რიგითი მოქალაქეები ბეირუთის ქუჩებს საკუთარი ძალებით წმენდენ

მძლავრი აფეთქებიდან 2 დღის შემდეგ ბეირუთის ქუჩებში ასობით მოქალაქეა მობილიზებული, რომლებიც ქუჩებს ნანგრევებისგან, ნამსხვრევებისგან და სხვა სახის ნარჩენებისგან წმენდენ. მათი ნაწილი ამბობს, რომ როცა სახელმწიფო მოქალაქეებზე არ ზრუნავს, ინიციატივა ხელში მოქალაქეებმა უნდა აიღონ.

“ლიბანელმა ხალხმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ხელში აიღო საწმენდები, წყალი, საჭმელი და ბეირუთის დაზარალებული უბნებისაკენ გაემართა, რათა [ქუჩები] ნანგრევებისგან გაწმინდონ და დაზარალებულებს დაეხმარონ”, – წერს ლიბანური ვებგვერდი Beirut.com

ბეირუთის პორტში მომხდარმა მძლავრმა აფეთქებამ გარშემო მდებარე ნაგებობები, მათ შორის, საცხოვრებელი სახლები, მთლიანად დაანგრია, რიგი უბნები კი მნიშვნელოვნად დააზარალა. აფეთქების ტალღა იმდენად ძლიერი იყო, რომ ჩაიმსხვრა რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მდებარე შენობების მინები.

AFP 5 აგვისტოს იუწყებოდა, რომ ქუჩებში თავდაცვის ძალების წარმომადგენელთა მცირე რაოდენობა მოძრაობდა, რომლებიც შენობებს ასუფთავებდნენ. თუმცა, როგორც გამოცემის ჟურნალისტი წერს, მათ რიცხოვნობით მალევე გადააჭარბეს რიგითმა მოქალაქეებმა.

“ჩვენ რომ რეალური სახელმწიფო გვქონდეს, ისინი გუშინ ღამითვე მოვიდოდნენ აქ. სად არიან?”

“ვცდილობთ, მოვაწესრიგოთ ეს ქვეყანა”, – ამბობს ერთ-ერთი მოხალისე გამოცემასთან საუბრისას.

ვისაც სამუშაოებში ფიზიკურად მონაწილეობა არ შეუძლია, ქუჩებში საკვებსა და წყალს არიგებს. პროცესში ასევე ჩაერთო არაერთი ბიზნესი, რომლებიც სხვადასხვაგვარად ეხმარებიან მოქალაქეებს დაზიანებული ქონების აღდგენაში.

რიგითმა ლიბანელებმა დაზარალებულთა დასახმარებლად მობილიზება აფეთქების დღიდან დაიწყეს. სოციალურ ქსელებში ვრცელდება განცხადებები, რომლებითაც თავშესაფარს სთავაზობენ უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანებს. ზოგიერთი მათგანი ფულადი დახმარებისა და სისხლის ჩაბარების მზადყოფნასაც გამოთქვამს.


ბოლო მონაცემებით, ბეირუთში მომხდარი აფეთქების შედეგად 130-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი, დაშავებულია 4 000. ქვეყანაში 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა.

ლიბანის მთავრობამ უკვე თქვა, რომ პორტში მდებარე ნაგებობაში, სადაც აფეთქება მოხდა, 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატი 6 წლის მანძილზე, უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე იყო განთავსებული. სააგენტო “როიტერის” ინფორმაციით, პირველადი გამოძიება სწორედ დაუდევრობის ვერსიაზე მუშაობს.

ფოტო გარეკანზე: Twitter/@itsnotHala

წინასწარი გამოძიებით, ბეირუთის აფეთქების მიზეზი დაუდევრობაა: Reuters

მასალების გადაბეჭდვის წესი