ახალი ამბები

კომუნიკაციების კომისია RSF-ის კრიტიკას არ იზიარებს და შეშფოთებულია მისი გზავნილების გამო

23 ივლისი, 2020 • 888
კომუნიკაციების კომისია RSF-ის კრიტიკას არ იზიარებს და შეშფოთებულია მისი გზავნილების გამო

კომუნიკაციების ეროვნული კომისია შეშფოთებას გამოთქვამს საერთაშორისო ორგანიზაციის, „ჟურნალისტები საზღვრების გარეშე“ (RSF) განცხადების გამო, რომელშიც საქართველოში არჩევნების წინ მედიის მიმართ ზეწოლაზეა საუბარი. კომისია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ ნაწილზე, რომელშიც RSF უწყებას ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებების გამო აკრიტიკებს და მისი მხრიდან ტელემედიის გაკონტროლების სურვილზე საუბრობს.

კომისია გამოთქვამს წუხილს, რომ ისეთმა ავტორიტეტულმა და საპატივცემულო საერთაშორისო ორგანიზაციამ, როგორიც არის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“, ფაქტების შესწავლისა და გადამოწმების გარეშე საქართველოში არსებულ მედიაგარემოსა და საკანონმდებლო ცვლილებებზე ნაჩქარევი, საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია გაავრცელა”, – ვკითხულობთ კომისიის განცხადებაში.

კომუნიკაციების კომისია კვლავ უარყოფს, რომ კომუნიკაციების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები, რომელთაც ორგანიზაცია აკრიტიკებს, რაიმე ფორმით ზღუდავს ტელემედიის თავისუფლებას. საუბარია ცვლილებებზე, რომლის თანახმადაც, თუ კომისიის მიერ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირისთვის დაკისრებული ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას, ხოლო მისი ლიცენზიის შეჩერებამ ან გაუქმებამ, შესაძლოა, სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სხვა მიმართულებით შექმნას საფრთხე, ამ შემთხვევაში, კომისიას შეუძლია დანიშნოს სპეციალური მმართველი, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას.

უწყების თქმით, დროებით მმართველის  კომპონენტი არ ეხება არცერთი ტიპის მაუწყებელს.

“უფრო მეტიც, ცვლილებები შეეხება ელექტრონული კომუნიკაციების (და არა მაუწყებლობის) სფეროში მოქმედ არა ყველა ავტორიზებულ პირს, არამედ მხოლოდ ე.წ. კრიტიკული ინფრასტრუქტურის მფლობელ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე კომპანიებს (SMP) და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ბოროტად გამოიყენებენ მათ მდგომარეობას და ერთი წლის განმავლობაში კანონმდებლობის დენად, კონკურენციის შემზღუდავ დარღვევაზე ოთხჯერ სანქცირების შემდეგაც არ შეასრულებენ ისეთ სპეციფიურ ვალდებულებას, როგორიცაა: ა) დაშვების ვალდებულება; ბ) სატარიფო ვალდებულება; გ) კომპანიის, მისი წილების/აქტივების გასხვისება სახელმწიფოს წინასწარი თანხმობის გარეშე”, – წერს კომისია. 

უწყება ასევე არ ეთანხმება საერთაშორისო ორგანიზაციის უარყოფით შეფასებებს GNCC-ის მიერ შექმნილი პლატფორმის, „მედიაკრიტიკის“ საქმიანობის შესახებ. კერძოდ, RSF ამ პლატფორმის მხრიდან დამოუკიდებელი გამოცემების დისკრედიტაციაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ის „თავიდანვე იყო განხილული როგორც საფრთხე დამოუკიდებელი გამოცემების თავისუფლებისთვის”. კომისია ამას არ იზიარებს.

“სტატიაში არაფერია ნათქვამი ვებ-პლატფორმის რეალურ მიზნებსა და სიკეთეებზე.  www.mediaciritc.ge, რომელიც კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ მედიაწიგნიერების განვითარების ხელშესაწყობად შექმნა, მოწოდებულია, საზოგადოებას  პროფესიული და კვალიფიციური, მიუკერძოებელი მედიაკრიტიკა შესთავაზოს კრიტიკული აზროვნების განვითარების და, საბოლოო ჯამში, გააზრებული და ინფორმირებული არჩევანის გაკეთების მიზნით”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

დასასრულს, GNCC მიმართავს ორგანიზაციას, “თავად გადაამოწმოს ზემოთ მოყვანილი ფაქტები, მხოლოდ ამის შემდგომ გააკეთოს შეფასებები და რეალური ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას საქართველოში არსებულ მედიაგარემოზე”.

RSF ქართულ მედიაზე ზეწოლაზე საუბრობს არჩევნების წინ

მასალების გადაბეჭდვის წესი