ახალი ამბები

RSF ქართულ მედიაზე ზეწოლაზე საუბრობს არჩევნების წინ

20 ივლისი, 2020 • 1469
RSF ქართულ მედიაზე ზეწოლაზე საუბრობს არჩევნების წინ

საერთაშორისო ორგანიზაცია „ჟურნალისტები საზღვრების გარეშე“ (RSF) ეხმაურება საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს — სუს-ის მიერ „მთავარი არხის“ სიუჟეტის მიბმას საბოტაჟის მუხლით დაწყებულ გამოძიებასთან, კომუნიკაციების კანონში ცვლილებების შეტანას პარლამენტის მიერ და GNCC-ის მიერ შექმნილი პლატფორმის, „მედიაკრიტიკის“ საქმიანობას.

ორგანიზაციის შეფასებით, „მედიისთვის წარმოიქმნება მჩაგვრელი კლიმატი“  და ამ კონტექსტში ახსენებს დაჩქარებული წესით განხილვად კანონპროექტს, რომლის თანახმადაც, თუ კომისიის მიერ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირისთვის დაკისრებული ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას, ხოლო მისი ლიცენზიის შეჩერებამ ან გაუქმებამ, შესაძლოა, სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სხვა მიმართულებით შექმნას საფრთხე, ამ შემთხვევაში, კომისიას შეუძლია დანიშნოს სპეციალური მმართველი, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას.

“მთავრობის მიერ შემოთავაზებული და 17 ივლისს პარლამენტის მიერ მიღებული ბოლო ცვლილება ელექტროკომუნიკაციების კანონში ასახავს ნათელ სურვილს, გაკონტროლდეს ტელეარხები და რადიოსადგურები და ითვალისწინებს „სპეციალური მმართველის“ დანიშვნას ნებისმიერ სამაუწყებლო კომპანიაში, რომელიც ასევე დარეგისტრირებულია როგორც ოპერატორი”, – წერს RSF.

როგორც ცნობილია, კომუნიკაციების კომისია ცვლილებებს ხსნის საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრის საჭიროებით. უწყების მიერ “ნეტგაზეთისთვის” გამოგზავნილ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ დროებითი მმართველის დანიშვნის შესახებ ცვლილება ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შედის და ის ვერაფრით შეეხება რომელიმე ტელეკომპანიას.

“ორი სპეციფიკური ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, დროებითი მმართველის მექანიზმი ირთვება მას შემდეგ, რაც 4 სანქცია დაწესდება და დროებითი მმართველის დანიშვნა თავად სასამართლოს მეშვეობით ხდება, კომისია არ ნიშნავს მას. კომისიას ამის ბერკეტი არ გააჩნია”, – თქვა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ.

გაიგეთ მეტი ამ თემაზე – აქ.

RSF ასევე აცხადებს, რომ GNCC-ის უფლებამოსილება გაფართოვდა „ზედამხედველობამდე და ცენზურამდე“ და აქვე ახსენებს 2019 წლის დეკემბერში შექმნილ პლატფორმა „მედიაკრიტიკას“, რომელიც, როგორც ორგანიზაცია წერს, „თავიდანვე იყო განხილული როგორც საფრთხე დამოუკიდებელი გამოცემების თავისუფლებისთვის.

[„მედიაკრიტიკასთან“ დაკავშირებით შეგიძლიათ გაეცნოთ „ნეტგაზეთის“ სტატიას: „GNCC მედიაკრიტიკას იწყებს – რატომ და რისთვის?“]

ორგანიზაციის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „მედიაკრიტიკა“ ბოლო დროს „კონცენტრირებული იყო ორი დამოუკიდებელი გამოცემის, „ნეტგაზეთის“ და „ბათუმელების“ დისკრედიტაციაზე და მათ ბრალს სდებდა „ყალბი ამბების“ გამოქვეყნებაში“.

[ამ თემაზე იხილეთ: „სახელმწიფო კვლავაც იყენებს თავის ბერკეტებს მედიის წინააღმდეგ – კოალიცია“]

განცხადებაში ასევე ნახსენებია „მთავარი“ არხი” — ორგანიზაციის თანახმად, „ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილი მედია ხშირადაა ასეთი თავდასხმის მსხვერპლი. მათ შორისაა ოპოზიციური „მთავარი არხი“, რომლის სიუჟეტსაც უშიშროების სამსახურები იძიებენ „საბოტაჟის“ ეჭვით.

„მთავარს“ ადანაშაულებენ აზერბაიჯანულად მოსაუბრე რესპოდენტების განზრახ არასწროად თარგმნისთვის. რესპოდენტები ქალაქ მარნეულიდან ამბობდნენ, რომ ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა და სამედიცინო მუშაკებმა ფული გადაუხადეს, რათა მათი ოჯახის წევრების გარდაცვალების მიზეზად COVID-19 ჩაეწერათ“, — ვკითხულობთ განცხადებაში.

ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის შტაბის ხელმძღვანელის, ჯინ კაველიერის თქმით, „საქართველოს მთავრობა არ უნდა ჩაერიოს მედიის მუშაობაში, ხოლო [ინტერვიუების] ჩანაწერების ორიგინალის გადაცემა უშიშროებისთვის შემაწუხებელი პრეცედენტია.

საპარლამენტო არჩევნებამდე ოთხ თვეზე ნაკლებია დარჩენილი, მედიის დამოუკიდებლობა და პლურალიზმი კი დემოკრატიული დებატისთვის აუცილებელია. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეაჩეროს წარმოება „მთავარი არხის“ წინააღმდეგ და კონტენტის ცენზურის ნაცვლად, ამბების სანდო გადმოცემას გაუწიოს პრომოცია“, — ამბობს იგი.

განცხადების ბოლოში ორგანიზაცია ამბობს, რომ „აჭარის ტელევიზია“ 2019 წლის სექტემბრიდან პოლიტიკური ჩარევის პირობებშია, ხოლო „რუსთავი 2-ის“ ცვლილების შემდეგ მისი სარედაქციო პოლიტიკა შეიცვალა.

„მთავრობა იყენებს საარჩევნო კამპანიას ოპოზოციურ მედიაზე ზეწოლისთვის, თბილისის მერი და მმართველი პარტიის გენმდივანი კი „მთავარ არხს“ და ორ სხვა ოპოზიციურ ტელეარხს, „ტვ პირველს“ და „ფორმულას“ „ყალბი ამბების“ გადმომცემლებს უწოდებს“, — ნათქვამია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი