ახალი ამბები

მთავრობის 2 კანონპროექტი: კანონმდებლობის გაჯანსაღება თუ ტელემაუწყებელთა კონტროლის ბერკეტი

7 ივლისი, 2020 • 1540
მთავრობის 2 კანონპროექტი: კანონმდებლობის გაჯანსაღება თუ ტელემაუწყებელთა კონტროლის ბერკეტი

მედიისა და არასამთავრობოების ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის ორი ახალი კანონპროექტი ტელემედიის კონტროლის შესაძლებლობას აჩენს და ბუნდოვანია.

მთავრობა აღნიშნული კანონპროექტის დაჩქარებულად განხილვას ითხოვს. ერთი დოკუმენტი კომუნიკაციების კომისიას ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომუშავე სუბიექტებში სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლებას აძლევს, მეორე კი ამბობს, რომ მარეგულირებლის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება მის შეჩერებას არ გამოიწვევს. თავად უწყება მხოლოდ ტექნიკურ საჭიროებებზე საუბრობს, რასაც კრიტიკოსები არ ენდობიან.

რა წერია დაჩქარებულად განსახილველ 2 კანონპროექტში

საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული ორი კანონპროექტი პირველი ივლისით თარიღდება. პირველი მათგანი ითვალისწინებს ცვლილების შეტანას ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონში. ის ეხება შემთხვევას, როცა კომისიის მიერ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირისთვის დაკისრებული ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას, ხოლო მისი ლიცენზიის შეჩერებამ ან გაუქმებამ, შესაძლოა, სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სხვა მიმართულებით შექმნას საფრთხე.

ამ შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დანიშნოს სპეციალური მმართველი, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას. კანონპროექტი შესაძლებელს ხდის, კომპანიის მფლობელი პირის ყველა ორგანოს (დირექტორიდან აქციონერთა კრებამდე) სრული უფლებამოსილება აღნიშნულ მმართველზე გადავიდეს. მას შეეძლება, გაათავისუფლოს დირექტორი ან დირექტორთა საბჭოს წევრები. გადაწყვეტილებების მიღებისას მმართველი კომისიასთან თანამშრომლობს, თავად კომისია კი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, ნებისმიერი საფუძვლით გაათავისუფლოს სპეციალური მმართველი.

“კანონპროექტის მიღების შედეგად, კომისიას მიენიჭება სპეციალური, დამატებითი უფლებამოსილებები, რომელთა გამოყენებითაც კომისია შეძლებს მის მიერვე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებას და უფრო ეფექტური გახდება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს რეგულირება”, – ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.

მეორე კანონპროექტი მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონს, კერძოდ, მე-8 მუხლს მიემართება, რომელიც ამ დრომდე ასე ფორმულირდება: “კომისიის სამართლებრივი აქტები შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით”. მთავრობას სურს, მუხლი იმგვარად შეცვალოს, რომ სასამართლოში სარჩელის მიღებამ არ გამოიწვიოს კომისიის სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერება.

მთავრობის თქმით, კანონპროექტის ძალით, სამართლებრივი აქტების გასაჩივრება მათ ავტომატურ შეჩერებას არ გამოიწვევს და  სასამართლოს ყოველ ცალკეულ შემთხვევაში შეეძლება ცალკე იმსჯელოს აღნიშნული აქტის შეჩერების მიზანშეწონილობაზე.

კომუნიკაციების კომისია რისკებს გამორიცხავს

კომუნიკაციების კომისია ცვლილებებს საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრის საჭიროებით ხსნის. უწყების მიერ “ნეტგაზეთისთვის” გამოგზავნილ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ დროებითი მმართველის დანიშვნის შესახებ ცვლილება ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შედის და ის ვერაფრით შეეხება რომელიმე ტელეკომპანიას.

“ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეს ცვლილებები არ ეხება “მაუწყებლობის შესახებ” კანონს და, შესაბამისად, კავშირი არ აქვს მედიასთან და ტელევიზიებთან. აღსრულების ეფექტიანი მექანიზმის შესახებ ცვლილებები კანონპროექტის მიხედვით ეხება მხოლოდ კრიტიკული ინფრასტრუქტურის მფლობელ ელექტრონული კომუნიკაციების კანონით ავტორიზებულ პირებს და არანაირი კავშირი არ აქვს მაუწყებლებთან”, – აცხადებს უწყება.

მისივე განმარტებით, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში “კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში” შედის ისეთი ობიექტები, როგორიც არის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, საოპერაციო ტექნიკური რესურსები, მთლიანად ელექტრონული კომუნიკაციებისთვის საჭირო რესურსები, რომელიც უზრუნველყოფს ფიქსირებულ ინტერნეტ და მობილურ მომსახურებებს.

კომისია არც მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებას მიიჩნევს პრობლემურად. მისი თქმით, აღნიშნული წარმოადგენს მხოლოდ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტის თანმდევ დაზუსტებას.

“აღნიშნული განპირობებულია საქართველოს და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების 105-ე მუხლის მე-6 პუნქტით. ამიტომ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული კანონპროექტები არანაირ შემხებლობაში არ არის მაუწყებლებთან”, – ვკითხულობთ პრესრელიზში.

ტოვებს თუ არა მთავრობის ინიცირებული ცვლილებები სივრცეს მანიპულაციისთვის?

კრიტიკოსებისთვის ორივე კანონპროექტი პრობლემურია. “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე სულხან სალაძე მიიჩნევს, რომ სასამართლოში მიმდინარე დავების ხანგრძლივობის ფონზე, საფრთხის შემცველი იქნება, თუ სარჩელის შეტანისას კომისიის სამართლებრივი აქტის შეჩერების ბერკეტი გაქრება.

რაც შეეხება მეორე კანონპროექტს: სალაძის თქმით, ის გარემოება, რომ ცვლილება მაუწყებლობის შესახებ კანონს კი არა, ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონს ეხება, შესაძლოა, მართლაც ტოვებდეს განცდას, რომ ტელეკომპანიები აქ არაფერ შუაშია და რისკები არ არსებობს. თუმცა რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებიც, მისი აზრით, სურათს ცვლის.

“როცა ელექტრონულ კომუნიკაციებზეა ლაპარაკი, ის სუბიექტები, რომლებიც ამ უფლებამოსილებებით სარგებლობენ და ოპერირებენ ბაზარზე, ხშირად არ არიან მხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციების რეგულირების ქვეშ მოქცეული პირები. მაგალითად, “მაგთი” და “სილქნეტი” პარალელურად მედიასაც წარმოადგენენ.

ეს კანონპროექტი არ მიჯნავს, სპეციალური მმართველი როცა დაინიშნება, მისი უფლებამოსილება გავრცელდება მხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციების ნაწილზე თუ მთლიანად კომპანიაზე. არავინ არ არის დაზღვეული იმისგან, რომ ჩარევა მოხდება იმ ნაწილშიც, რომელიც პირდაპირ არ ეხება ამ მიმართულებას. როგორც მინიმუმ, საჭიროა ამის დაზუსტება და გამიჯვნა”, – აღნიშნავს ის “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

“საერთაშირისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენელი მამუკა ანდღულაძე მიიჩნევს, რომ პრობლემურია დაჩქარებული წესით მიღება კანონპროექტებისა, რომლებთან მიმართებითაც არაერთი კითხვა არსებობს. მისი თქმით, მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები განსაკუთრებით პრობლემური, შესაძლოა, წინასაარჩევნოდ გახდეს, ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე კი დასძენს:

“ეს არ ვრცელდება და არ უნდა გავრცელდეს მაუწყებლებზე. უშუალოდ სპეციალურ მმართველს რაც შეეხება, ეს შესასწავლი საკითხია, საერთაშორისო პრაქტიკაა სანახავი, რამდენად სწორია ეს, რამდენად არის აპრობირებული ეს მეთოდი და რამდენად გამომდინარეობს საფრთხე.ზოგადად, მსგავსი სახის ცვლილებები, რომლებზეც მოსალოდნელიც იყო კითხვები, წინასაარჩევნოდ კეთდება, რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს დაჩქარებული და იყოს ფართო დისკუსიის საგანი. ამიტომ, პროცესის მხრივაც არის პრობლემები”.

“ინტერპრეტაციის საფრთხეა, ვერ ვენდობით” – კრიტიკოსები ტელემედიიდან

მთავრობის მიერ ინიცირებული ცვლილებების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას რამდენიმე ტელემაუწყებლის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. “მთავარი არხის” იურისტი თამთა მურადაშვილი ფიქრობს, რომ ცვლილებები ინტერპრეტაციას ექვემდებარება და მათში ტელემედიისთვის გარანტიები არ არსებობს.

“ვერანაირად ვერ ვენდობით კომისიას, რადგან კანონმდებლობა ტოვებს ინტერპრეტაციის სივრცეს და კახა ბექაურს როცა მოუნდება, მაშინ გამოიყენებს ამ კანონს. კომისიას არაერთხელ უარყვია ის, რაც მანმადე თავად ჰქონდა დადასტურებული.

რომ ვუყურებ ამ კანონპროექტს, მგონია, რომ პრემიერ-მინისტრს არც ჰქონდა გააზრებული და არც ეგონა, რომ ეს მედიის წინააღმდეგ ასეთი ნაღმი ყოფილიყო. შესაძლოა, ჰგონია, რომ მარტო სატელეკომუნიკაციო კომპანიებისთვის არის ეს”, – უთხრა მუდარაშვილმა “ნეტგაზეთს”.

კითხვაზე, რატომ მიიჩნევს დროებითი მმართველის კომპონენტს საფრთხის შემცველად, როცა ცვლილება ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შედის და მაუწყებლებს ტექნიკურად არ ეხება, თამთა მურადაშვილი პასუხობს:

“კომისიის რეგულირების სფეროსა და მოქმედების არეალს არეგულირებს ორი კანონმდდებლობა: მაუწყებლის შესახებ კანონი და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონი. ეს ორი კანონი ყოველთვის იხსენიებს ერთმანეთს. მაუწყებლობის შესახებ კანონშიც წერია, რომ მაუწყებლობის საქმიანობას არეგულირებს არა მხოლოდ მაუწყებლობის შესახებ, არამედ სხვა კანონმდებლობაც. ეს სხვა კანონმდებლობა შეიძლება იყოს ელექტრონული კომუნიკაციაც. შესაბამისად, არსებობს იმის ბერკეტი, რომ კომისიამ ძალიან თავისუფლად გამოიყენოს ეს”.

“მთავარი არხის” იურისტს არც სასამართლოსთან დაკავშირებული ცვლილება მოსწონს და მასში კომისიის სურვილს ხედავს, მისი გადაწყვეტილებები ავტომატურად აღსრულდეს.

ცვლილებებს აკრიტიკებს ნათია კუპრაშვილიც, რომელიც “რეგიონულ ტელემაუწყებელთა ალიანსს” თავმჯდომარეობს. მისი თქმით, არაერთ რეგიონული მაუწყებელს ავტორიზაცია აქვს როგორც მაუწყებლობის კანონით, ასევე ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონით. შესაბამისად, მისი აზრით, რისკები მანამ იარსებებს, სანამ კანონპროექტში არ დაზუსტდება, რომ დროებითი მმართველის კომპონენტი ეხება მხოლოდ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, როგორც ეს კომისიის პრესსამსახურმა თქვა.

“იქ არ არის საუბარი მხოლოდ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე და ის ეხება ავტორიზებულ პირებსა და ლიცენზიის მფლობელებს, ოღონდ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონით. ეს კანონმდებლობა მაუწყებლებს უშუალოდ არ არეგულირებს, მაგრამ ჩემთვის, ჩემი წევრებისთვის, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, შეგვეხება კანონი როგორც ელექტრონული კომუნიკაციებით ავტორიზებულ პირებს, თუ მაუწყებლობის შესახებ კანონით ავტორიზებულ პირს. რომ წარმოვიდგინოთ, სუბიექტი ერთია”, – აღნიშნავს ის.

ნათია კუპრაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას იმასაც უშვებს, რომ შესაძლოა, ცვლილებები “კავკასუს ონლაინის” საქმიდან გამომდინარეობდეს. ეს კომპანია კომისიამ ივნისის თვეში კიდევ ერთხელ დააჯარიმა, რადგან, უწყების განმარტებით, “კავკასუსი” არ ასრულებს კომისიის გადაწყვეტილებებსა და დადგენილებებს.

კომუნიკაციების კომისიამ თანხმობის გარეშე წილების გასხვისების გამო “კავკასუს ონლაინი” სამართალდამრღვევად პირველად 2019 წლის 17 ოქტომბერს ცნო და კანონდარღვევით გასხვისებული წილის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება მოსთხოვა. იმის გამო, რომ “კავკასუს ონლაინმა” არ შეასრულა მარეგულირებლის მოთხოვნა, ის რამდენჯერმე დააჯარიმეს, ჯამში, 600 ათასზე მეტი ლარით. კომპანიას ბოლო დრომდე არ აქვს შესრულებული კომუნიკაციების კომისიის მოთხოვნა.

ნათია კუპრაშვილი მიიჩნევს, რომ “კავკასუს ონლაინის” ეს საქმე მაინც არ იძლევა ცვლილებების საჭიროებას.

“დავუშვათ, რომ კომისია ნამდვილად აკეთებს ამას, როგორც თავად ამბობს, ონლაინ ინფრასტრუქტურისთვის. არის გაჟღერებული კავკასუსის ქეისი და ძალიან ბევრს ალბათ ეს ქეისი გაახსენდა, როცა ეს კანონპროექტი წაიკითხა. მეც გამახსენდა.

მე არ მესმის, რატომ არ ყოფნის კომისიას ბერკეტები, რომ კავკასუსის საკითხი დაარეგულიროს, მაგრამ დავუშვათ, რომ ის გულწრფელია ამ ამბავში. მაგრამ ფაქტებს რომ მივყვეთ, არის ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც ეხება ისეთ იურიდიულ პირებს, რომლებიც არიან მაუწყებლები. მათ ნაწილს პირდაპირ ეხება. შესაბამისად, პრობლემა სახეზეა და ამ პრობლემას სჭირდება გასწორება”, – აცხადებს ის.

მაუწყებელთა შორის, რომლებიც ნათია კუპრაშვილმა ცვლილებებთან პირდაპირ შემხებლობაში მყოფ კომპანიებად შეაფასა, ტელეკომპანია “კავკასიაა”. ტელეარხის დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი ასევე ხედავს კანონის ინტერპრეტაციის საფრთხეს.

“ტყუილია კომუნიკაციების კომისიის განმარტება იმიტომ, რომ ცვლილება ვრცელდება ელექტრონული კომუნიკაციების კანონით ავტორიზებულ ყველა პირზე. მხოლოდ განმარტებითი ბარათის ერთ აბზაცში წერია “კრიტიკული ინფრასტრუქტურა” და კანონს რომ უკვე მიიღებენ, განმარტებით ბარათში რა წერია, დიდად არავის დააინტერესებს.

“კავკასიასა” და რეგიონულ მაუწყებლებს ეს კანონპროექტი პირდაპირ ეხებათ, რადგან ჩვენ როგორც მაუწყებლობის კანონით გვაქვს ავტორიზაცია, ასევე გვაქვს ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონით ლიცენზია. პირდაპირ შეუძლია ბექაურს, “კავკასიაში” დროებითი მმართველი დანიშნოს ამ ჩანაწერით. მაშინ კანონში უნდა მიუთითონ, რომ ეს ეხება ინფრასტრუქტურას, რაც ჯერ არ წერია”, – აცხადებს ჯანგირაშვილი.

ნინო ჯანგირაშვილი აცხადებს, რომ კომუნიკაციების კომისიის დათქმებს არ ენდობა და უწყებას კანონმდებლობით მანიპულირებაში ადანაშაულებს.

“კომისიამ პოლიტიკური რეკლამის შინაარსის გამო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე 5 არხი დაასანქცირა, რადგან ჩათვალა, რომ კონკრეტული პოლიტიკური რეკლამა იყო არაეთიკური რეკლამა. არაეთიკური რეკლამა [ცნება] ამოიღო რეკლამის შესახებ კანონიდან, როცა კანონში პირდაპირ, შავით თეთრზე წერია, რომ რეკლამის კანონი არ არეგულირებს პოლიტიკურ საარჩევნო რეკლამას.

ასე რომ, არ გამიკვირდება, ამის ინტერპრეტაცია გააკეთონ და შევიდნენ იმ მაუწყებლებშიც, რომელიც ელექტრონულ კომუნიკაციებთან არაფერ შუაშია”, – უთხრა “კავკასიის” დირექტორმა “ნეტგაზეთს”.

შუადღისას განცხადება გაავრცელა კოალიციამ “მედიის ადვოკატირებისთვის”, რომელმაც შემოთავაზებული ცვლილებები “გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებლად შეზღუდვის” რისკების შემცველად შეაფასა და შესაბამის უწყებებს მოუწოდა, ცვლილებებზე დისკუსიები მედიის ჩართულობით წარიმართოს.

“ნეტგაზეთმა” კომუნიკაციების კომისიას მიმართა კითხვებით, რომლებიც ცვლილებების კრიტიკოსებისგან ბოლო ორი დღის მანძილზე ისმის, რის საპასუხოდაც ზემოთ მოცემულ პრესრელიზი მივიღეთ. დამატებით კითხვაზე, რას იტყვის უწყება ადამიანების პასუხად, რომლებიც მიიჩნევენ, რომ დროებითი მმართველის ნაწილი ბუნდოვანია და არ არის დაკონკრეტებული “კრიტიკული ინფრასტრუქტურის” კომპონენტი. პრესსამსახურში კვლავ კანონპროექტზე მიგვითითეს. მათი თქმით, დოკუმენტში ნათლად ჩანს, რომ ცვლილებები არ შეეხებათ ტელემაუწყებლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი