საზოგადოება

სადავო ცვლილებები მაუწყებლობის კანონში | მარტივად ახსნილი

23 ოქტომბერი, 2023 • 820
სადავო ცვლილებები მაუწყებლობის კანონში | მარტივად ახსნილი

პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო „მაუწყებლობის შესახებ“კანონში ცვლილებები, რომლის მიხედვითაც სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების, ასევე უხამსობის შემცველი პროგრამა და რეკლამა კომუნიკაციების კომისიის რეგულირების სფეროში ექცევა.

ცვლილებების დაჩქარებულად მიღების არგუმენტად მმართველ პარტიაში ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებას ასახელებენ. თუმცა მედიის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ახალი კანონი არა ევრორეკომენდაციის შესრულება, არამედ უკან გადადგმული ნაბიჯია.

რა ხდება?

მედიაში უხამსობა და სიძულვილის ენა აქამდეც არ იყო დაშვებული, თუმცა მასზე რეაგირების ვალდებულება თავად მაუწყებლებს ჰქონდათ შიდა თვითრეგულირების მექანიზმის საშუალებით.

დაინტერესებულ პირს ანუ მას, ვისაც ეხება ან ნახსენებია გადაცემაში, შეუძლია, რომ ეთერში გასულ პროგრამასთან დაკავშირებით მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიმართოს. მაუწყებელში შესული საჩივრები მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმმა უნდა განიხილოს.

აქამდე არსებული კანონი არ უშვებდა მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას კომუნიკაციების კომისიაში. თუმცა ახალი ცვლილებით დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ, რომ მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გაასაჩივრონ.

იმის გამო, რომ სიძულვილის ენის რეგულირება მართლაც ევროკავშირის დირექტივის ნაწილია, მთავრობა აღნიშნული მიზეზით აქამდეც ცდილობდა, რომ სიძულვილის ენის რეგულირება მაუწყებელთა თვითრეგულირებიდან სახელმწიფო უწყების რეგულირების ქვეშ გადაეტანა.

ასეთი მცდელობა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ჯერ კიდევ 2018 წლის ბოლოს ჰქონდა, მაშინ კანონპროექტიც მოამზადა. მაშინაც კომისია მაუწყებელთა პროგრამის შინაარსის კონტროლ სხსნიდა ევროკავშირის მოთხოვნით, როგორც ახლა ამ არგუმენტს „ქართული ოცნება“ იშველიებს. ევროდირექტივის შესრულების მოტივით კომისია მაშინ ითხოვდა, რომ თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება კომისიაში ან სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა გამხდარიყო.

კვლავ ევროდირექტივის შესრულების მოტივით, 2022 წელს, ამჯერად მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ სიძულვილის ენა კომისიის რეგულირების ქვეშ მოექცია და მიუხედავად მედიასფეროს წარმომადგენლების წინააღმდეგობისა, კანონი მაინც მიიღო. თუმცა თავისივე მიღებული კანონი, 2023 წლის ივნისში შეცვალა და სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი შინაარსის კონტროლი ისევ მაუწყებელთა თვითრეგულირების ქვეშ დატოვა. ზაფხულში „ოცნება“ კანონის შეცვლის მიზეზად ევროპის საბჭოს  ექსპერტების რეკომენდაციას იშველიებდა.

კერძოდ, 2022 წლის 3 ნოემბერს პარლამენტმა ევროპის საბჭოს თხოვნით მიმართა, რომ მიეწოდებინა დამოუკიდებელი საექსპერტო დასკვნა მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებათა პროექტის შესახებ, კერძოდ, თუ რამდენად შეესაბამებოდა ის ევროკავშირის აუდიოვიზუალური მედიასერვისების დირექტივასა და ევროპულ სტანდარტებს.

იმის გამო, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დამოუკიდებლობისადმი კითხვები აქვთ სამოქალაქო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, ევროპის საბჭოს ექსპერტები მიიჩნევდნენ, რომ „ამ გარემოებებში რეკომენდებულია, სიძულვილის ენა დარჩეს თანარეგულირების ობიექტად, გაუმჯობესებული თანარეგულირების მექანიზმის პირობებში“.

სწორედ თანარეგულაციის პრინციპებს ემხრობიან სამოქალაქო და მედიის სექტორის წარმომადგენლები, კომუნიკაციის კომისიაზე პოლიტიკური ზეწოლის მაღალი რისკის, არსებული პოლიტიკური ლანდშაფტისა და პარლამენტის შემადგენლობის გათვალისწინებით. ზაფხუშლი მიღებული ცვლილებების დროსაც, რასაც მედიის ადვოკატირების კოალიცია პოზიტიურად აფასებდა, ხაზს უსვამდა, რომ ეფექტური თანარეგულაციის მექანიზმის შექმნა აუცილებელი იყო.

„ასევე მნიშვნელოვანია, რომ კომუნიკაციების კომისიამ დაჩქარებულად, მედიისა და სამოქალაქო სექტორის სრულყოფილი ჩართულობით, მიიღოს შესაბამისი ცვლილებები მაუწყებელთა “ქცევის კოდექსში”, ეფექტური თანარეგულაციის მექანიზმის შესაქმნელად“, – აცხადებდა მედიის ადვოკატირების კოალიცია.

ნეტგაზეთმა სცადა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთანაც გაერკვია, რატომ არ შეიმუშავა კომისიამ ეფექტური თანარეგულირების მექანიზმი, რომელზეც საუბარი იყო ევროპის საბჭოს რეკომენდაციებშიც. კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

განახლება [24.10.2023]

სტატიის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ნეტგაზეთს პასუხი წერილობით მიაწოდა.  კომისიაში ამბობენ, სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემთხვევების მხოლოდ თვითრეგულირებაში ან თანარეგულირების ორგანოში დატოვება აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების შესახებ ევროდირექტივას ეწინააღმდეგება.

„მოგეხსენებათ, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში  ცვლილებებზე საქართველოს პარლამენტთან ერთად, არა მხოლოდ ევროპის საბჭო, არამედ ევროკომისია მუშაობდა, ვინაიდან  ცვლილებები, რომელიც კანონში შევიდა მთლიანად ევროდირექტივის მოთხოვნაა. სამუშაო პროცესის შემდეგ ევროკომისია და ევროპის საბჭო შეთანხდნენ სწორედ იმ ცვლილებებზე რაც კანონში აისახა. ევროდირექტივის თანახმად  კი,  სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემთხვევების ეფექტური რეგულირების მექანიზმის გარეშე, მხოლოდ თვითრეგულირებაში ან თანარეგულირების ორგანოში დატოვება ეწინააღმდეგება აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების 2010/13/EU დირექტივას“, – აცხადებენ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში.

რატომაა პრობლემური ახალი კანონი?

მმართველ პარტიაში ამტკიცებენ, რომ ევროპის საბჭოს ექსპერტების რეკომენდაციები არ გამოადგათ და მათ საფუძველზე ივნისში მიღებული კანონი ევროკომისიამ, ანუ ევროკავშირის უწყებამ, 12 რეკომენდაციის შესრულების კონტექსტში დაიწუნა. როგორც კანონის ერთ-ერთი ავტორი დავით სონღულაშვილი ამბობს, ევროპის საბჭოს რეკომენდაცია თანარეგულირებაზე ევროკომისიამ არასწორად ჩათვალა და ბოლოს შეთანხმდნენ, რომ უნდა ყოფილიყო ან თვითრეგულირება, ან რეგულირება.

სწორედ ამ მიზეზით, „ქართულმა ოცნებამ“ ახალი, სადავო კანონი დაჩქარებულად, 1 კვირაზე ნაკლებ დროში მიიღო. ასეთ სიჩქარეს კი იმით ხნის, რომ ნოემბრის დასაწყისში ქვეყანა ევროკომისიის შეფასებას ელოდება.

დაჩქარებულად მიღებული ცვლილებებით:

  • სიძულვილის ენის, ტერორიზმისკენ მოწოდების და უხამსობის შემცველი პროგრამისა და რეკლამის გავრცელებაზე მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კომისიაში გასაჩივრდება.
  • აკრძალვის დარღვევის შემთხვევაში, მედიამომსახურების მიმწოდებლები ჯერ გაფრთხილებას მიიღებენ, ერთი წლის განმავლობაში ანალოგიური დარღვევის განმეორების შემთხვევაში კი დაეკისრებათ ჯარიმა ბოლო ერთი წლის შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, არანაკლებ 2500 ლარისა. მომდევნო ანალოგიური დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის თანხა იზრდება.

თუმცა საქართველოს კანონმდებლობა სიძულვილის ენის განმარტებას არ შეიცავს. მას არ ითვალისწინებს ქცევის კოდექსებიც, რომლებიც არეგულირებენ სიძულვილის ენის გამოყენებას მედიის და საჯარო მოხელეების მიერ. სწორედ ამიტომ, ბუნდოვანია, თუ როგორ განსაზღვრავს სიძულვილის ენას კომუნიკაციების კომისია კონკრეტულ შემთხვევებზე რეაგირებისას. ერთადერთი, რასაც მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონი აზუსტებს, ისაა, რომ ვიდეორგოლი, პროგრამა ან აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სიძულვილის ენის შემცველად მხოლოდ მისი შეურაცხმყოფელი ან კრიტიკული შინაარსის გამო.

ამიტომ, არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ახალი კანონი ინტერპრეტირების საშუალებას ტოვებს, რადგან ტერმინის დეფინიციისადმი არსებული განსხვავებული ხედვები აჩენს რისკს, რომ გაფართოვდეს იმ შემთხვევათა რიცხვი, რომელიც ხელისუფლებამ შეიძლება სანქცირებას დაუქვემდებაროს.

რაც შეეხება უხამსობას, ამ ტერმინს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონი განმარტავს, როგორც „განცხადებას, რომელსაც არა აქვს პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან სამეცნიერო ღირებულება და უხეშად ლახავს საზოგადოებაში საყოველთაოდ დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს“. გარდა ამისა, მოქმედი კანონმდებლობით „პორნოგრაფიის, აგრეთვე ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას“, ისედაც იკრძალება.

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) შეფასებით, საკანონმდებლო ცვლილებები კომუნიკაციების კომისიას უხსნის შესაძლებლობას, კიდევ უფრო აქტიურად გააკონტროლოს მაუწყებელთა ეთერში გასული პროგრამების შინაარსი და მათი პოლიტიკური, ლიტერატურული თუ სხვა ღირებულების იგნორირების გზით სანქციები დაუწესოს მაუწყებლებს არასასურველი შინაარსის გამო.

რას ითხოვს ევროკავშირი საქართველოსგან

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება საქართველოს ავალდებულებს, რომ „აუდიოვიზუალური მედიასერვისების შესახებ“ დირექტივა შეასრულოს. ამ დირექტივის მიხედვით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ვალდებული არიან უზრუნველყონ, რომ აუდიო-ვიზუალური მედიასერვისი არ შეიცავდეს სიძულვილის ან ძალადობისკენ წაქეზებას.

გარდა ამისა, ამ კუთხით ეფექტური რეაგირების მექანიზმის არსებობა საჭიროა იმისთვისაც, რომ საქართველომ ევროკავშირის პროგრამაში – „შემოქმედებითი ევროპა“ – სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს.

თუმცა „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ დირექტორი ნათია კუპრაშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ მმართველი პარტია ევროდირექტივებით მანიპულირებს. მისი თქმით, ევროკავშირი საქართველოსგან რეგულირების ეფექტური მექანიზმის შექმნას ითხოვდა, რაც თანარეგულაციის მექანიზმში უნდა გამოხატულიყო.

როგორც ნათია კუპრაშვილი ამბობს, მიზეზი, რის გამოც ევროკომისიას ივნისში მიღებულ ცვლილებებზე შენიშვნები ჰქონდა, არა ევროპის საბჭოს ექსპერტების არასწორი დასკვნა, არამედ ის იყო, რომ ივნისში მიღებული კანონით გათვალისწინებული რეფორმები ქვეყანამ ბოლომდე არ შეასრულა.

კერძოდ, მისი თქმით, უნდა შეცვლილიყო მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, რომლის ფარგლებშიც თანარეგულირების მექანიზმი უნდა შექმნილიყო და ამუშავებულიყო.

„მაუწყებელთა ქცევის კოდექსი არის ნორმატიული აქტი, რომლის საფუძველზე შესაძლებელი იყო შექმნილიყო ეფექტური რეგულირების მექანიზმი (თანარეგულირების) თვითონ მაუწყებლებთან. მაუწყებელთა ქცევის კოდექსი უნდა შეეცვალა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და ამით აუცილებლად დასრულდებოდა რეფორმირება. ევროკომისია ჩვენ სწორედ ამაზე მიგვითითებდა, რომ საჭირო იყო ქმედითი ნაბიჯის გადადგმა და ცვლილება ეფექტური მექანიზმის შესამუშავებლად“, – განაცხადა ნათია კუპრაშვილმა.

მისი თქმით, სამოქალაქო სექტორმა და მაუწყებლებმა ივნისში ცვლილებების მიღებისას შეცდომა დაუშვეს, როცა კომისიას მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მისაღებად კონკრეტული ვადები არ განუსაზღვრეს.

რას გულისხმობს თანარეგულირების მექანიზმი?

ნათია კუპრაშვილის თქმით, თანარეგულირების მექანიზმი, რომლის შექმნასაც ითხოვდნენ, ერთი მხრივ, მაუწყებელთა ცენზურის საფრთხეს აზღვევდა, მაგრამ ამავე დროს დაინტერესებულ პირს აძლევდა საშუალებას, რომ პრეტენზიების შემთხვევაში მაუწყებლისგან კონკრეტული ქმედების სახით მყისიერი პასუხი მიეღო.

„ეს მექანიზმი დამუშავდა დეკემბერში ყველა ფლანგიდან მაუწყებელთა ჩართულობით. უნდა შექმნილიყო საერთო სააპელაციო საბჭო, სადაც ყველა მაუწყებლის წარმომადგენელი იქნებოდა, ოღონდ არა მაუწყებლის თანამშრომელი, არამედ საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პირები იქნებოდნენ წარდგენილი. მოხდებოდა როტაციული განხილვები. ყველას შეეძლებოდა მიემართა აქ და იქნებოდა გამჭვირვალე და გაწერილი [განხილვის] პროცედურა. კომისიას ექნებოდა პროცედურული ზედამხედველობის ფუნქცია.

მართლაც ეფექტური მექანიზმი შეიქმნებოდა, რომლითაც საზოგადოება ისარგებლებდა. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, ვინ წავა სასამართლოსა და კომისიაში მედიების წინააღმდეგ. ესენი ხომ არ იქნებიან უბრალო ადამიანები, ევროკავშირს სჭირდება ადამიანების დაცვა და არა პოლიტიკოსების და ელიტების დაცვა“, – აცხადებს ნათია კუპრაშვილი.

როგორც ნათია კუპრაშვილი ამბობს, ევროკომისიის რეკომენდაციის ფარგლებში სწორედ ასეთი რეგულაციის მექანიზმი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ და ევროკავშირმა ორივეს მოუწონა.

ნათია კუპრაშვილი ახალ კანონს „ცუდ დროს გადადგმულ ძალიან ცუდი ნაბიჯს“ უწოდებს და ამბობს, რომ ამით ქვეყანას ხელიდან ის პროგრესი ეცლება, რასაც ივნისში მიღებული ცვლილებებით მიაღწია. მისი თქმით, ამ კანონით ევროდირექტივა ვერ შესრულდება და გამორიცხულია, რომ ევროკავშირის მხრიდან მოწონებული იყოს თავად კანონის მიღების პროცესიც, რადგან ის დახურულად და გაუმჭვირვალედ, მაუწყებლების და სფეროს წარმომადგენლების ჩართულობის გარეშე შემუშავდა.

ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ახლა პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ელიან, რომელსაც „მაუწყებლობის შესახებ“კანონში დაჩქარებულად მიღებულ სადავო ცვლილებებზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი