ახალი ამბები

სავარაუდოდ, მიზანი ოპოზიციური მედიის დასუსტება იყო – RSF გვარამიას დაპატიმრებაზე

24 მაისი, 2022 • 488
სავარაუდოდ, მიზანი ოპოზიციური მედიის დასუსტება იყო – RSF გვარამიას დაპატიმრებაზე

საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ეხმაურება „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებას და სასამართლოს მოუწოდებს, გადახედოს ამ საქმეს.

ორგანიზაცია გვარამის დაპატიმრებას უწოდებს „უპრეცედენტოს“, „სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებულს“ და აცხადებს, რომ საქართველოში დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიის წინააღმდეგ საფრთხე იზრდება, რის გამოც შეშფოთებას გამოხატავს.

„ვერდიქტის სიმძიმე და სასლეჯად პატიმრობის გამოყენება ისეთ საქმეში, რომელსაც ასეთი ბუნდოვანი საფუძვლები აქვს, იძლევა საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული [ბრალდება და პატიმრობა], რისი მიზანიც ოპოზიციური მედიასაშუალების დასუსტება იყო“, – განაცხადა ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების ხელმძღვანელმა, ჟინ კავალიემ.

„ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოში, როდესაც ოპოზიციური მედიის ხელმძღვანელს პატიმრობა მიუსაჯეს“, – აცხადებს ორგანიზაცია.

„მოვუწოდებთ სასამართლოებს, დაუყონებლივ ჩაატარონ ნიკა გვარამიას საქმის დამოუკიდებელი განხილვა და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეასრულონ თავიანთი საერთაშორისო ვალდებულებები, რათა უზრუნველყონ უსაფრთხო გარემო საქართველოში ყველა მედიისთვის“, – აცხადებს ორგანიზაცია.

RSF-ი ასევე ციტირებს საქართველოს სახალხო დამცველის, რომლის თქმით, საქმეში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ იკვეთება.

კონტექსტი

„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, – რომელიც ამჟამად „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორია, – 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

იგი პოლიციის თანამშრომლებმა სასამართლო დარბაზშივე დააკავეს და საპატიმროში გადაიყვანეს.

გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გამოაცხადა.

ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნეს „უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში“, რასაც დაცვის მხარე აბსურდულს უწოდებს.

ბრალდების თანახმად, დანაშაული არის ის, რომ დირექტორს მეტი შემოსავლის მოტანა შეეძლო კომპანიისთვის და ეს შემოსავალი არ მიიღო.

სახალხო დამცველის შეფასებით, ნიკა გვარამიას ქმედება არ იძლევა დანაშაულის შემადგენლობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი