საქართველოში 5G-ის [მეხუთე თაობის მობილური ინტერნეტის] დანერგვაში, ამ ეტაპზე, მონაწილეობას მხოლოდ „სელფი“ [წარსულში „ბილაინი“] მიიღებს. იტყობინება საქართველოს კომუნიკაციების კომისია [„კომკომი“].
„სელფის“ გარდა აუქციონში მონაწილეობას არცერთი კომპანია არ იღებს.
„კომკომის“ ცნობით, „მაგთიკომსა“ და „სილქნეტზე“ ბაზრის 70% მოდის, თუმცა მათ უარი განაცხადეს აუქციონში მონაწილეობაზე. უწყება ამბობს, რომ ორივე კომპანიის შენიშვნები აუქციონთან დაკავშირებით „სრულად გაითვალისწინა“, თუმცა მონაწილეობა მაინც არ ისურვეს და „არ შეასრულეს დადებული პირობა“.
თავად კომპანიები მოვლენათა განვითარების „კომკომისეულ“ ხედვას არ ეთანხმებიან. უფრო მეტიც, „მაგთიკომი“ უწყებას „დეზინფორმაციაში“ სდებს ბრალს, ხოლო „სილქნეტი“ – „ქვეყნის განვითარების ხელოვნურად შეფერხებაში“.
ერთ-ერთი სადავო საკითხი მხარეებს შორის არის „მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის“ [MVNO] დაშვების ვალდებულება. მარტივად რომ ავხსნათ, MVNO მოიაზრებს, რომ კომპანია, რომელიც ფლობს უსადენო საკომუნიკაციო [ამ შემთხვევაში – ინტერნეტის] სიხშირეს, ვალდებულია, გარკვეული გადასახადის სანაცვლოდ, ამ სიხშირეზე სხვა მსურველებიც დაუშვას, რომლებიც სერვისს თავიანთ მომხმარებელსაც მიაწვდიან.
რაზე დავობენ კომისია და ბაზრის გიგანტები
მხარეებს მომხდართან დაკავშირებით ორი, ურთიერთბრალდებითი ვერსია აქვთ. კომუნიკაციების კომისიას თუ დავუჯერებთ:
- სრულად იყო გათვალისწინებული კომპანიების შენიშვნები და მოსაზრებები;
- ჯამში, ტექნოლოგიის სამ ლოტზე გამოაცხადა კონკურსი „მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის“ [MVNO] დაშვების ვალდებულების გარეშე, მაშინ როცა კომპანიები ამბობდნენ, რომ მონაწილეობას მიიღებდნენ აუქციონში, თუ ასეთი ერთი ლოტი მაინც იქნებოდა;
- „მიუხედავად კომისიის გადაწყვეტილებისა, კომპანიებმა როგორც საჯარო სხდომაზე, ისე სამუშაო შეხვედრებზე გაცხადებული პირობა არ შეასრულეს და აუქციონში მონაწილეობა არ მიიღეს“.
დიამეტრალურად განსხვავდება მოვლენათა „მაგთიკომისეული“ ვერსია. კომპანიის განცხადება შემდეგ სურათს გვიხატავს:
- აუქციონზე გამოტანილი იყო სიხშირეები, რომლებიც 5G ტექნოლოგიის კარგი მუშაობისთვის არ ვარგა და მოითხოვს „მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის“ [MVNO] „იძულებით დაშვებას“, ხოლო „კომისია უკვე განსაზღვრულად მოიაზრება დაძალებითი MVNO-ს მხარედ და არა ნეიტრალურ არბიტრად“;
- კომისიამ არ გაითვალისწინა „მაგთიკომის“ პოზიცია ამ საკითხზე, ხოლო შემდეგ უსაფუძვლოდ დაადანაშაულა იმ პირობის დარღვევაში, რომელიც კომპანიას არც კი გაუცია.
დაახლოებით იმავეზე საუბრობს „სილქნეტიც“. კომპანიის განცხადების თანახმად, ვითარება ასეთია:
- არ გაითვალისწინეს „სილქნეტის“ მოსაზრება ლიცენზიის შესყიდვისთვის MVNO-ს დაშვების ვალდებულების აღების გარეშე;
- „კომისიამ აუქციონის ფარგლებში მკაცრი ვალდებულებებითა და შეზღუდვებით, ხელოვნურად შეაფერხა საქართველოში ერთმანეთის კონკურენტი 5G ქსელების დანერგვა“.