ახალი ამბები

რუსთავში ხანძრისას დაღუპული კაცის ამბავი სისტემურ პრობლემებს ავლენს

22 ივლისი, 2020 • 3716
რუსთავში ხანძრისას დაღუპული კაცის ამბავი სისტემურ პრობლემებს ავლენს

შეზღუდული შესაძლებლობების, ფსიქიკური და სომატური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ახალგაზრდა კაცის მუშაობის, ცხოვრებისა და ტრაგიკული დაღუპვის ამბავი სახელმწიფოს ფუნქციონირებაში სისტემურ პრობლემებს ავლენს.

41 წლის დავით ბოსტოღანაშვილის სიცოცხლე რუსთავში, საცხოვრებელ სახლში 9 ივლისს გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლა.

დაღუპვამდე ექვსი წლით ადრე ახალგაზრდა კაცი რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში საწარმოო ტრავმამ ეტლს მიაჯაჭვა.

რთული ოპერაციების შედეგად სიცოცხლე შეუნარჩუნეს, თუმცა დროთა განმავლობაში სხვა მძიმე სომატურმა [ფიზიკურმა] პრობლემებმა იჩინა თავი. ამ პრობლემებმა, ალკოჰოლზე მზარდ დამოკიდებულებასთან ერთად, მისი ცხოვრება უკან-უკან წასწია.

ცხოვრების ბოლო პერიოდში გაუარესებული ფსიქიკური ჯანმრთელობა, რასაც, ოჯახის მცდელობის მიუხედავად, სახელმწიფო და კერძო კლინიკებმა არა (თუ ვერ) უმკურნალეს, შესაძლოა მისი დაღუპვის ერთ-ერთი მიზეზი გამხდარიყო. მის ისტორიას არაერთი მნიშვნელოვანი პრობლემა გამოაქვს დღის შუქზე:

  • როგორ მოქმედებს შრომის უსაფრთხოების სისტემის გაუმართაობა ადამიანებზე, მათი ოჯახის წევრებზე;
  • როგორი რთულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის არაადაპტირებულ გარემოში ცხოვრების ჩვეულ რიტმში გაგრძელება;
  • რამდენად სუსტია ალკოჰოლზე დამოკიდებულებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების პრევენციისა და მკურნალობის სისტემა;
  • რა პრობლემებს ქმნის ამ ორი დარგის ინსტიტუციური გამიჯვნა და როგორ ტოვებს ხოლმე სახელმწიფო სხვადასხვა პრობლემის მქონე ადამიანს საკუთარი ან ოჯახის შეზღუდული რესურსების იმედად…

საწარმოო ტრავმა

დავით ბოსტოღანაშვილი წლების განმავლობაში რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში მუშაობდა. მოულოდნელად, 2014 წელს, 35 წლის ასაკში, მისი ცხოვრება თავდაყირა დატრიალდა: ქარხანაში ამწეზე დაკიდებული მძიმე საგანი ჩამოვარდა და დაეცა. გარდა იმისა, რომ შინაგანი ორგანოები და სახის მიდამოები დაუზიანა, საწარმოო შემთხვევამ ეტლს მიაჯაჭვა.

„გაუმართავი იყო ეს „ამწეკრანი“. ტვირთი მოწყდა და დათოს დაეცა. მისი ბრალეულობა იქ არაფერი არ ყოფილა“, – ნეტგაზეთთან ინტერვიუში იხსენებს მისი და, ხათუნა ბოსტოღანაშვილი. მისი მონათხრობის თანახმადვე, მკურნალობის თანხა ქარხანამ გადაიხადა. ამას გარდა:

„ხელფასი რაც ჰქონდა, 500 ლარი, სიცოცხლის ბოლომდე შეუნარჩუნდა და ყოველთვე იღებდა კომპენსაციის სახით; გაუკეთდა შვიდი ოპერაცია, — მათ შორის თავის ტრავმაც ჰქონდა, — შემდეგ კი რეაბილიტაციაც დაგვჭირდა, რაც ასევე დაუფინანსეს [დამსაქმებლებმა]“, – გვიამბობს იგი.

რუსთავის მეტალურგიული ქარხანა

ოჯახის ცნობითვე, მიუხედავად იმისა, რომ, სავარაუდო მიზეზი ამწის გაუმართაობა იყო, ინციდენტის გამო კომპანიის/მენეჯმენტის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა. თუმცა ოჯახს ქარხანასთან პრეტენზია არ აქვს.

დავით ბოსტოღანაშვილი, სავარაუდოდ, ნაწილია იმ ოფიციალური სტატისტიკისა, რომლის თანახმადაც საქართველოში სამუშაო ადგილებზე მხოლოდ 2011-19 წლებში 1 280 ადამიანი დაშავდა და 435 დაიღუპა.

საწარმოო შემთხვევების პრევენციის გზად პროფკავშირები და მშრომელთა ინტერესების დამცველი ორგანიზაციები წლებია, შრომის ინსპექციას ასახელებენ, რისი გამართვაც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებითაც აქვს ნაკისრი.

ინსპექტირების დეპარტამენტი, რომელსაც დასაქმების ადგილებზე შრომის უსაფრთხოების სტანდარტების ზედამხედველობა ევალება, 2015 წლიდან აღდგა, თუმცა მისი უფლებამოსილება წლების განმავლობაში შეზღუდული იყო. ინსპექცია 2019 წლიდან გაძლიერდა — განახლებულმა კანონმა უწყებას ინსპექტირების ჩატარების უფლებამოსილება წინასწარი თანხმობის გარეშე მიანიჭა.

ინსპექციის თანახმად, ამ ნაბიჯმა შემდეგი შედეგი გამოიღო: თუკი 2018 წელს საწარმოო შემთხვევის შედეგად 59 ადამიანი დაიღუპა და 199 დაშავდა, 2019 წელს ეს რიცხვი 45-მდე და 168-მდე იყო შემცირებული.

„2019 წელს 2018 წელთან შედარებით გარდაცვალების მაჩვენებელი შემცირდა 24%-ით, ხოლო დაშავებისა- 16%-ით“, – მისწერეს 15 ივლისს „ნეტგაზეთს“ შრომის ინსპექციიდან.

მათივე ცნობით, 2019 წლის პირველ ნახევართან შედარებით (როდესაც 20 დასაქმებული დაიღუპა), 2020 წლის პირველ ნახევარში (როდესაც 13 დასაქმებული დაიღუპა) სიკვდილიანობის მაჩვენებელი 35%-ით არის შემცირებული.

სტენსილი თბილისში ქმედითი შრომის ინსპექციის მოთხოვნით. ფოტო: ლუკა პერტაია/„ნეტგაზეთი“

აღნიშნულის გათვალისწინებით, შრომის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ საჭიროა ინსპექციის კიდევ უფრო გაძლიერება, — ერთი მხრივ, ინსპექტორების რაოდენობა 40-დან 100-მდე მაინც გაიზარდოს, რაც უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის უნარს გაზრდის, მეორე მხრივ კი, მისი მანდატი, შრომის უსაფრთხების საკითხების გარდა, შრომის უფლებების დარეგულირებასაც გადასწვდეს. ამ მოთხოვნის ფონზე, პარლამენტმა ახლახან პირველი მოსმენით მიიღო შრომის რეფორმა.

[გირჩევთ „ნეტგაზეთზე“: მუშები ისევ იღუპებიან – რატომ არ მუშაობს სისტემა?]

[ვინ და რატომ ლობირებს შრომის რეფორმის ჩაგდებას პარლამენტში]

რთული გზა

დასაქმებულთა დაშავების ამბები ყოველთვის ვერ აღწევს მედიის ჰედლაინებამდე, ფრაგმენტული „ნიუსების“ მიღმა კი, არაერთ შემთხვევაში, მოქალაქეების გართულებული ცხოვრება და ზოგჯერ ტრაგედიები იმალება. 9 ივლისს საცხოვრებელ ბინაში ხანძრისას დაღუპული დავით ბოსტოღანაშვილის ამბავიც ასეთია.

დედასა და დას ჯერ კიდევ უმძიმთ მისი მკურნალობის რთული პერიოდის გახსენება: „ჯერ ძალიან რთული ოპერაციები იყო… ოპერაციების შემდეგ ნელ-ნელა, ძლივძლივობით გავიარეთ ასევე რთული პერიოდები, მასაჟები, რეაბილიტაციის კურსები… ფეხზე წამოვაყენეთ იმ დონეზე, რომ ხელს მოგვკიდებდა და კედელ-კედელ, მე-7 სართულიდან ჩაგვყავდა ეზოში. ამ დონეზე მივედით. ეგ იყო და ეგ“.

მაგრამ ფიზიკური ტკივილი არ განელებია. „გამაყუჩებლებს სვამდა, მაგრამ ეგეც შეწყვიტა, რადგან არ შველოდა“, – გვეუბნება ხათუნა ბოსტოღანაშვილი. თანდათანობით გადამეტებულად სმა დაუწყია. არაყს ეტანებოდა, მაგით ვიყუჩებ ტკივილსო. დროთა განმავლობაში ნაწოლები გაუჩნდა (ნაწოლი კანის უბნის დაზიანებაა, რაც დიდხანს ზეწოლით განპირობებული სისხლის მიმოქცევის დაქვეითების შედეგად ვითარდება, მაგალითად, ხანგრძლივი წოლით ან ჯდომით).

2019 წლის ზაფხულში საფრანგეთში გაამგზავრეს, სადაც ლტოლვილად ჩაბარდა. ამ პრაქტიკას არაერთი ქვეყნის მოქალაქე მიმართავს, რადგან საფრანგეთის მთავრობა იღებს ვალდებულებას, საარსებო მინიმუმით უზრუნველყოს თავშესაფრის მაძიებლები და საჭირო მკურნალობა დაუფინანსოს, თუმცა მუშაობის და სხვა მნიშვნელოვან უფლებებს არ ანიჭებს.

„სამ კვირაში 80 ათასი ევრო დაახარჯა საფრანგეთის მთავრობამ, მაგრამ სამ კვირაზე მეტხანს იქ არ გაჩერდა. არ გაჩერდა იმიტომ, რომ ხერხემლის მკურნალობამდე ჯერ ნაწოლის ამბავი უნდა მორჩენილიყო, ეს კი ხანგრძლივი პროცესია. დათოს უკვე არსად შეეძლო დიდხანს გაჩერება. სახლის გარდა ვერსად ჩერდებოდა, მაგრამ ბოლოს სახლშიც ვეღარ ისვენებდა“.

ასე დაბრუნდა რუსთავში. სმა გააგრძელა. ტკივილებიც გაგრძელდა. რამდენიმე თვე თითქოს არაფერი შეცვლილა. 2020 წლის წლის ივნისიდან კი ოჯახის წევრებს ახალი სადარდებელი გაუჩნდათ: „ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები სიკვდილამდე ბოლო ერთი თვის ან თვე-ნახევრის წინ შევამჩნიეთ“.

„რა უნდა გააკეთო ასეთ დროს?“

ივნისში გამოვლენილ სიმპტომებს დავით ბოსტოღანაშვილის და და დედა „ნეტგაზეთთან“ საუბარში ასე იხსენებენ:

„თანდათანობით არაადეკვატური გახდა, ისეთ რაღაცებს ამბობდა. გიყურებდა ადამიანი და არ გიყურებდა. სულ სხვა იყო. თითქოს ვიღაცა რაღაცას ჰკარნახობსო“.

„ადვილად ღიზიანდებოდა. როგორც კი რამეს გვეტყოდა, „დედა, მომიტანე“, იმ წუთში უნდოდა. იმაზე კი არ დაფიქრდებოდა, რომ ამას დრო სჭირდებოდა. რაც მთავარია, აგრესიული გახდა ჩვენ მიმართ… სასწრაფო და პატრული იმდენჯერ გამოვიძახეთ. მთელი თვე თითქმის ჩვენთან ერთად ათენებდნენ“…

„ერთხელაც, როცა სასწრაფო გამოვიძახეთ, ვინაიდან არაყს სვამდა ხოლმე და ასე იქცეოდა, მათ ჩათვალეს, რომ სავარაუდოდ, „თეთრი ცხელება“ ჰქონდა, ნარკოლოგიურის პაციენტი იყო და გადავიყვანეთ თბილისის ნარკოლოგიურში, ქავთარაძეზე, ნარკოლოგიისა და ალკოჰოლიზმის ცენტრში“.

ხათუნა ბოსტოღანაშვილი თხრობას აგრძელებს: „[დათო და დედა] ერთი კვირა იყვნენ იქ. ჩათვალეს, რომ მხოლოდ ალკოჰოლზე იყო სამკურნალო. დედა, რომელიც თვითონაც ძლივს დადის, თავზე ადგა. ზუსტად 7 დღე იწვა ნარკოლოგიურში. ეს პერიოდი უფასოდ იწვა, შემდეგ კი დღეში 200 ლარი იყო გადასახდელი. კი გავწვდებოდით, მაგრამ იქიდან რომ გამოვიყვანეთ, ვერანაირი შედეგი ვერ დავინახეთ. ისეთივე დათო იყო, იგივე აგრესია ჰქონდა, იგივე მოთხოვნილება [სასმლისა], ოღონდ ბევრს კი არ სვამდა, აღარც შეეძლო, ნახევრად წყალს ასხამდა… და ისევ სტკიოდა“.

„იქიდან გამოყვანის შემდეგ იგივე მდგომარეობა იყო. თითქმის ყოველდღე ვიძახებდით სასწრაფოს, პატრულს და შემდეგ კრიმინალურ პოლიციასაც. რომ ვრეკავდით და მისამართს ვეუბნებოდით, უკვე ზეპირად იცოდნენ, სად მოსულიყვნენ. შემდეგ თვითონ იძახდა, თავბრუ მეხვევა, თავი მტკივა და მიშველეთ რამეო. მაგრამ თანდათან აზრი აღარ ჰქონდა სასწრაფოს გამოძახებასაც — ტკივილგამაყუჩებელს გაუკეთებდნენ ხოლმე, მაგრამ არ შველოდა“.

„ერთხელაც, ძალიან დიდი აგრესია რომ წამოვიდა, — თუკი რამე ჰქონდა წინ, ყველაფერს ესროდა დედას, — პატრული გამოვიძახეთ. ამ ჯერზე კრიმინალური პოლიცია მოჰყვა. სიტუაცია რომ ნახა, კრიმინალურის უფროსმა გადაწყვიტა, არ შეიძლება ამ კაცის აქ გაჩერებაო და ნარკოლოგიურში გადავიყვანოთო. გადავიყვანეთ და ორი დღე კიდევ იქ იყო, ქავთარაძეზე“.

„მაგრამ ყველაზე მთავარი და ცუდი ის იყო, რომ არსად არ ჩერდებოდა. არც იქ გაჩერდა. ადგილს ვერსად პოულობდა. ბოლოს უკვე ვერც სახლში, ვერც ეზოში… ჩვენ ვიფიქრეთ, რომ არა ნარკოლოგიური, არამედ ფსიქიატრიული დაწესებულება სჭირდებოდა“…

„არ მიგვიღეს“

დავით ბოსტოღანაშვილის ოჯახმა ივნისში მკვეთრად გამოვლენილი პრობლემებისგან გამოსავლის ძიება ფსიქიატრიულ დაწესებულებებში სცადა:

„იმავე ეზოში, სადაც ნარკოლოგიური ცენტრია, არის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი… ბატონი დავითი [ზურაბაშვილი, ცენტრის ფსიქიატრი] დაგვთანხმდა, რომ დათო იქ ჩაგვეყვანა. ერთხელაც სასწრაფო გამოვიძახეთ და პატრულის თანხლებით ჩავედით — დათო არც მოგვყვებოდა და ძალის გამოყენება მოუწია პატრულს, რის გამოც შეურაცხყოფა მიაყენა“…

„იქ, ფსიქიატრიულში, დათო რომ დაინახეს, მოულოდნელი რეაქცია ჰქონდათ. კი ვიცოდით, რომ შშმ პირი იყო, მაგრამ ეტლში თუ იყო, არ ვიცოდით და ასეთი სერვისი ჩვენ არ გვაქვს, რომ ასეთ პაციენტებს ვუმკურნალოთო. ამას იზოლაცია სჭირდება და ჩვენ არც მედპერსონალი გვყავს, არც რესურსი, ერთ ადამიანს ცალკე მოვემსახუროთო“…

„როგორ დავიჯერო, რომ ფსიქიკური აშლილობით შშმ პირები არა გვყავს-მეთქი? წადით ნებისმიერ ფსიქიატრიულში, თუ ნახავთ ასეთ პაციენტსო… ერთ სიტყვით, კუდამოძუებული გამოვბრუნდით უკან“…

„ადგილები არა გვაქვს“

როგორც დაღუპულის დედა და და ამბობენ, თბილისში, ამ ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის უარის შემდეგ 2-3 დღეში, დათო ბოსტოღანაშვილის პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდა:

„მეორე ან მესამე დღეს ისევ კრიმინალური პოლიცია გამოვიძახეთ, რადგან სულ დალეწა ყველაფერი სახლში, თავის ოთახში, იმდენად აგრესიული იყო. კრიმინალურის უფროსმა, მეორედ როცა მოვიდა, რუსთავის ფსიქიატრიულ ცენტრში დარეკა. მაგრამ იქ უთხრეს, ადგილები არა გვაქვსო“.

რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში ოჯახს უთხრეს, რომ რადგან დათო ბოსტოღანაშვილი სტაციონარში ვერ მოხვდა, მისთვის სახლში მიეყვანათ ექიმი. ასეც მოიქცნენ. დათო ბოსტოღანაშვილს ფსიქიატრი 6 ივლისს, დაღუპვამდე 3 დღით ადრე ესტურმა.

„მასთან აგრესია გამოხატა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მაგრამ ექიმმა მოგვცა დანიშნულება. წავედი და ნემსები, ფსიქოტროპული წამლები ვუყიდე. ეს ყველაფერი უფასოდ ეკუთვნოდა. დავიწყეთ მკურნალობა. წინააღმდეგობა არ გაუწევია, სვამდა იმ წამლებსაც. ნემსებსაც იკეთებდა. მაგრამ უძილობა მაინც აწუხებდა. მაინც ვერ მივაღწიეთ იმას, რომ მშვიდად დაეძინა… ექიმმა გვითხრა, რამდენიმე დღე სჭირდება, რომ მიეჩვიოს და მოთენთოსო…“ ,- იხსენებს მისი და.

ამ ორი კლინიკის გარდა, დავით ბოსტოღანაშვილის და, ხათუნა ბოსტოღანაშვილი, კიდევ ორ დაწესებულებას დაუკავშირდა ტელეფონით, — ქუტირის (ხონის) ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრსა და სურამის ფსიქიატრიულ კლინიკას. მისი მონათხრობის თანახმად, ქუტირში უთხრეს, რომ „ასეთ პაციენტებს არ იღებდნენ“, სურამში კი, მართალია, გულისხმიერად ესაუბრნენ, თუმცა ადგილების დეფიციტი ჰქონდათ და, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღეში შეჰპირდნენ ადგილის გამოთავისუფლებას, მას დაუყოვნებლივ სჭირდებოდა დახმარება.

ცხელი ხაზი

ხათუნა ბოსტოღანაშვილი „ნეტგაზეთს“ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზთან ინტერაქციის გამოცდილებასაც უზიარებს, ერთ-ერთ დღეს, როცა მისი ძმა განსაკუთრებულ აგრესიას გამოხატავდა:

„მე ჯერ სამსახურში ვიყავი. თუ რამე იყო, ყველაფერი დაულეწავს. მერე გამოჩოჩებულა. ავეჯთან მისულა, ჭურჭელიც კი დაამსხვრია. ამასობაში მეც მოვედი. პირველი, სადაც დავრეკე, ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი იყო. გაურკვეველ მდგომარეობაში ვიყავი. ვიცოდი, რომ პატრული და სასწრაფო ვერაფერს მიშველიდა. ის პერიოდი, ფაქტობრივად, სულ ჩვენთან იყვნენ ხოლმე და გავლილი მქონდა ეგ თემა. თუმცა მაინც გამოვიძახეთ. დამამშვიდებელი ნემსი გავუკეთეთ, მაგრამ არ დააწყნარა“.

„იმ ცხელ ხაზზე რჩევა მინდოდა მეკითხა, აბა, რისთვის არსებობს ეს ცხელი ხაზი? რამე მიმართულება ხომ უნდა მოგცეს? სრულიად არაადეკვატური პასუხი გამცეს. „გამოიძახეთ სასწრაფო და პატრული და თუ საჭიროა, გადაიყვანენ“. რას ჰქვია „თუ საჭიროა“? საჭირო იყო ერთი თვე, მაგრამ არსად არ გადაიყვანეს. არანაირი რჩევა არ მომცეს, ეს თუ არ გამოდის, ან იმას მიმართეთ, ან ამასო“…

დაღუპვის ღამე

ოჯახისთვისაც ბუნდოვანია, თუ ზუსტად როგორ განვითარდა მოვლენები 9-10 ივლისის მიჯნაზე, დავით ბოსტოღანაშვილის დაღუპვის ღამეს, თუმცა ორ ვერსიას თანაბრად განიხილავენ: ან შემთხვევით გაჩნდა ხანძარი, ან მან თვითონ გააჩინა.

ორივე ვერსიას თანაბარი წონის ვარაუდები უმყარებს ზურგს: „ერთი მხრივ, ბოლო პერიოდში, გაბრაზებული იმუქრებოდა ხოლმე, უნდა დავწვა ეს სახლიო. მაგრამ მეორე წუთში სხვანაირი იყო, თითქოს ბოდიშსაც მოგიხდიდა… მეორე მხრივ, ბოლო პერიოდში სიგარეტის უჩვეულოდ ინტენსიურად მოწევა დაიწყო და ჩაუქრობელ სიგარეტებს იატაკზე ისროდა ხოლმე გაუაზრებლად. ასე, ანთებული სიგარეტი რომ გადმოეგდო, შეიძლება, ხალიჩასაც მოჰკიდებოდა“…

„არ ვიცით, შემთხვევით მოხდა თუ სპეციალურად, თავისი ფსიქიკიდან გამომდინარე“…

ბოსტოღანაშვილების ბინა, — რუსთავის ერთ-ერთ მიკრორაიონში, მრავალსართულიანი კორპუსის მე-7 სართულზე,  – დამწვარია. დედამ და დამ „ნეტგაზეთი“ მეზობელ კორპუსში, დავით ბოსტოღანაშვილის დეიდის სახლში მიიღეს, იქ, სადაც ოჯახი პანაშვიდებს იღებდა. დეიდის სახლს შეფარებულები იმედს გამოთქვამენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება როგორმე ახლა მაინც დაეხმარება.

„რომ ემკურნალათ“…

დავით ბოსტოღანიშვილის ოჯახი — რომელიც, მათი მონათხრობის თანახმადვე, მის მოვლას ბოლო პერიოდში დამოუკიდებლად უკვე ვეღარ ახერხებდა, საფრთხეს გრძნობდა და დახმარებისთვის სხვადასხვა დაწესებულებას მიმართავდა — ფიქრობს, რომ მისი თუნდაც დროებითი სტაციონარიზაციის შემთხვევაში მისი სიცოცხლე შესაძლოა ასე ნაადრევად არ დასრულებულიყო:

„სტაციონარიზაცია სჭირდებოდა… იქნებ, რომ ემკურნალათ, შეიძლება, დიდი ხანი არც დასჭირვებოდა განკურნებას იმიტომ, რომ დიდი ხნის დაწყებული არ იყო ამ დონეზე ფსიქიკური ჯანრთელობის პრობლემები“…

„თვითონ ყვიროდა ხოლმე, გამოიძახეთო. ცუდად ვარო, შველას ითხოვდა. მაგრამ სად წაიყვანდა სასწრაფო? რამდენჯერ მოვიდოდა? იქ, სადაც საჭირო იყო, იქ არ აწვენდენ და… და ჩვეულებრივ საავადმყოფოში წაიყვანდნენ, გადასხმებს გაუკეთებდნენ და მორჩა. ვერ ვუშველეთ“…

„არ შეესაბამება მდგომარეობა სტაციონირებას“

„ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ პრესსამსახურში — ანუ იქ, სადაც, ოჯახის ინფორმაციით, დავით ბოსტოღანაშვილი არ მიიღეს, „ნეტგაზეთს“ კომენტარზე უარი უთხრეს. ცენტრში გვითხრეს, რომ ამ საკითხზე ფსიქიატრ დავით ზურაბაშვილის კომენტარი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე გვენახა, სხვა კითხვების შემთხვევაში დამატებით კომენტარებს ამ საკითხზე კლინიკა აღარ გააკეთებს და „გამოძიება მიმდინარეობს“.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხთან საუბარში ფსიქიატრი დავით ზურაბაშვილი კი ამბობს, რომ დავით ბოსტოღანაშვილის მდგომარეობა, მისი იქ მიყვანის მომენტში, სტაციონარიზაციას არ ექვემდებარებოდა:

„როდესაც მოვიდა პაციენტი და ფიზიკურად ვნახეთ, არ შეესაბამება მისი ფსიქიკური მდგომარეობა სტაციონირებას; არ შეესაბამება მისი სომატური მდგომარეობა სტაციონირებას. ანუ მისი წამყვანი იყო არა ფსიქიატრიული ბლოკი, ფსიქიატრიული და ფსიქიკური მიმართულება, არამედ წამყვანი იყო სხვა სომატური მდგომარეობები… მაგალითად, ჰქონდა ნაწოლები. ამის გარდა, სჭირდებოდა სხვა ტიპის მოვლა“.

თუმცა, ოჯახის თანახმად, უარის თქმისას მათთვის ეს მიზეზი არ დაუსახელებიათ და პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ ის, როგორც შშმ პირი, განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებდა. „ნეტგაზეთი“ მზადაა, ამ საკითხზე კლინიკის დამატებით განმარტებებს მოუსმინოს.

როგორც „ნეტგაზეთმა“ გაარკვია, ბოსტოღანაშვილის დაღუპვის საქმეზე გამოძიება უშუალოდ 9 ივლისის ხანძართან დაკავშირებით მიმდინარეობს. შსს-ს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ნივთის ცეცხლის წაკიდებით დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

„ადგილებზე დეფიციტია“

„ნეტგაზეთი“ ესაუბრა მანანა ელიაშვილს, რუსთავის ფსიქიკური ცენტრის დირექტორს. ცენტრის 100%-იან წილს სახელმწიფო ფლობს. ელიაშვილის განმარტებით, ბოლო წლებში კლინიკაში ადგილების დეფიციტია.

მისი მონათხრობის თანახმად, კლინიკის სტაციონარში მოხვედრის გზა ასეთია: „კლინიკაში წინასწარ რეკავს [პაციენტთან გამოძახებული] სასწრაფო. იგებს, არის თუ არა ადგილი კლინიკაში და თუ არის, ამის შემდეგ გადაჰყავთ პაციენტი“.

თუმცა კლინიკის დირექტორი ამბობს, რომ „ბოლო წლებია, განსაკუთრებით ბოლო თვეებია, რომ საავადმყოფოში ადგილების წარმოუდგენელი პრობლემაა“:

„ჩვენი ცენტრის სტაციონალურ განყოფილებას აქვს 22 საწოლი. მსგავსი ტიპის დაწესებულება ქვემო ქართლში ერთადერთია. ფაქტობრივად, მთელი საქართველოდან მოჰყავთ პაციენტები. ბოსტოღანაშვილის შემთხვევაშიც, კლინიკაში სწორედ ასე დარეკეს, თუმცა ადგილი არ იყო“…

რას ამბობს ფსიქიატრი?

როგორც რუსთავის ფსიქიკური ცენტრის დირექტორი მანანა ელიაშვილი ამბობს, 6 ივლისს, დის, ხათუნა ბოსტოღანაშვილის მიმართვის საფუძველზე, კლინიკამ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ამბულატორიული სერვისი გაუწია პაციენტს: ექიმმა ბინაზე ინახულა, პირველადი დიაგნოზი დასვა და ორი მედიკამენტი გამოუწერა — „ერთი, რომელიც ხასიათზე მოქმედებს, მეორე — დასაძინებელი, რადგან ძილის პრობლემა ჰქონდა“…

კლინიკა გვიდასტურებს, რომ ექიმის პირველადი დიაგნოზის თანახმად, პაციენტს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ნამდვილად ჰქონდა, თუმცა არა მძიმე რეგისტრისა:

„მე სამედიცინო დიაგნოზის დაზუსტების უფლება არ მაქვს და ვერ გეტყვით, მაგრამ, ზოგადი შეფასებით, ეს არ არის მძიმე ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზი“, – უთხრა მანანა ელიაშვილმა „ნეტგაზეთს“.

მისი განმარტებითვე, „მძიმე ფსიქიკურ აშლილობად ითვლება, მაგალითად, ფსიქოზური რეგისტრის აშლილობები“; „მძიმე ფსიქიკური აშლილობების სიმპტომატიკა კი — ჰალუცინაციური, ბოდვითი სიმპტომატიკა, ცნობიერების შეცვლის მდგომარეობა და ა.შ“., რაც პაციენტს, ექიმის ვიზიტისას, არ აღენიშნებოდა.

ოჯახის მონათხრობის თანახმად, დავით ბოსტოღანაშვილს მსგავსი სიმპტომები გარკვეული პერიოდი აღენიშნებოდა, თუმცა რუსთავის კლინიკის დირექტორის თქმით, ეს ყველაფერი ალკოჰოლური დელირიუმის („თეთრი ცხელების“) სიმპტომებია და დელირიუმზე მისთვის უკვე ჰქონდათ მკურნალობა ჩატარებული ნარკოლოგიურ ცენტრში:

„ჰალუცინაციები, რაც ჰქონდა, იყო მანამდე, სანამ ნარკოლოგიურში წაიყვანდნენ. ეს ადამიანი, ჩვენი ინფორმაციით, — დაავადების ანამნეზით, — ბოლო ერთი წლის განმავლობაში ხშირად მოიხმარდა კონკრეტულ ალკოჰოლურ სასმელს [არაყს]. ამ ფონზე მას ჰქონდა ე.წ. „თეთრი ცხელება“, დელირიუმი. თუმცა ეს შემდეგ მოეხსნა და გამოწერეს. ჩვენს ექიმს რომ დაეფიქსირებინა ეს სიმპტომები, მაშინ ის საერთოდ არ იქნებოდა ჩვენი პაციენტი და ნარკოლოგიურის პაციენტი იქნებოდა“, – ამბობს კლინიკის დირექტორი.

მართალია, დიაგნოზს არ გვიზუსტებს, თუმცა მანანა ელიაშვილი შინაარსობრივად ასე განმარტავს: „წარმოიდგინეთ ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც სომატური, ხერხემლის დაზიანების გამო არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, რომელსაც გამუდმებით აქვს ტკივილები; თავისი მძიმე მდგომარეობის გამო არის ხასიათით პრობლემური, ადვილად გაღიზიანებადია, ახასიათებს კონფლიქტურობა… ეს ყველაფერი ბუკეტში იწვევს მის ხასიათობრივ პრობლემებს“…

ადგილები რომ ჰქონოდათ?

რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორი მანანა ელიაშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბარში ხაზს უსვამს, რომ კლინიკაში მხოლოდ 22, დეფიციტური ადგილი აქვთ და ამბობს, რომ მსგავსი მდგომარეობაა სხვა ფსიქიატრიულ კლინიკებშიც.

ადგილების დეფიციტზე სპეციალისტები დიდი ხანია, საუბრობენ. ფსიქიატრიის სისტემის ექსპერტის, საქართველოს ფსიქიატრთა ასოციაციის პრეზიდენტის, ეკა ჭყონიას თანახმად, ფსიქიატრიულ კლინიკებში ადგილებზე ორი მნიშვნელოვანი პრობლემა არსებობს:

  1. ქრონიკული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის განკუთვნილი საწოლები გადაქცეულია საცხოვრისებად [მაგალითად, ბედიანში, ქუტირში. იქ მყოფი ადამიანების ნაწილს არა მკურნალობა, არამედ საცხოვრისი ესაჭიროება, თუმცა წასასვლელი არსად აქვს];
  2. მწვავე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პაციენტებისთვის განკუთვნილ საწოლებს ძირითადად იკავებენ პაციენტები, რომლებსაც აქვთ ორმაგი დიაგნოზები როგორც ფსიქიატრიის, ისე ნარკოლოგიის სფეროდან; ფსიქიატრიის სისტემაში საწოლების რაოდენობის დაგეგმვისას კი არ არის ორმაგ პრობლემა გათვალისწინებული.

რუსთავის ცენტრის დირექტორს ვკითხეთ, ადგილი რომ ჰქონოდა, დაექვემდებარებოდა თუ არა დავით ბოსტოღანაშვილი სტაციონირებას, რაზეც დადებითად გვიპასუხა და გვითხრა, რომ მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანები სტაციონირებას ექვემდებარებიან, თუმცა მან კიდევ ერთი სისტემური პრობლემა დაგვისახა:

„გამღიზიანებლობის პიკში თუ არის და დისფორია [ხასიათის მოშლა] თუ აქვს, რა თქმა უნდა, შეიძლება, ადამიანი სტაციონარში დააწვინო. მაგრამ გაწერის შემდეგ ასეთი ადამიანებისთვის, ფაქტობრივად, არაფერი არ შეიცვლება, თუ არ ექნება მზრუნველობა, — შესაბამის მედიკამენტებთან ერთად. ისე არ გაიგოთ, რომ თითქოს ოჯახისკენ ვიშვერ თითს. არამც და არამც! ეს ძალიან ძნელია ასეთი პრობლემების მქონე პაციენტთან ერთად მცხოვრებთათვის… და ისეთ შემთხვევებშიც, თუკი [პაციენტის] მხარდამჭერები არ არსებობენ, ან ისინი ვერ ახორციელებენ მხარდაჭერას, მაშინ მას დაწესებულება სჭირდება, სადაც მას ყურადღებას მიაქცევენ და ზრუნვას გამოიჩენენ…. საუბედუროდ, ფაქტობრივად არ არსებობს ჩვენს ქვეყანაში ისეთი დაწესებულება, სადაც მას ზრუნვისთვის წაიყვანენ“…

მანანა ელიაშვილის თანახმად, ამ კონკრეტულ შემთხვევაში პაციენტი სწრაფად ვერც იმ დიდ დაწესებულებებში მოხვდებოდა, სადაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პაციენტებს უწევენ მომსახურებას:

„მართალია, არსებობს საქართველოში სათემო-საოჯახო თუ თავშესაფრის ტიპის უფრო დიდი დაწესებულები, მაგალითად, ხონსა [ქუტირში] და ბედიანში. მაგრამ იქ მოსახვედრად ჯანდაცვის სამინისტროში უნდა წარადგინოს ოჯახმა განცხადება, შემდეგ სამინისტრო განაცხადს განიხილავს, მაგრამ იქაც დიდი რიგებია. თუმცა, რაც ყველაზე მთავარია, იქ მოხვედრის წინაპირობა არის ის, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზიდან გამომდინარე. ამ პაციენტის შეფასება 6 ივლისს პირველად მოხდა. მაგრამ იმ დიაგნოსტირებით, რაც ერთჯერადი ვიზიტისას ჰქონდა, არ ჰქონდა ისეთი სახის ფსიქიკური აშლილობა, ფსიქიატრიის გამო მას შშმ პირის სტატუსი მინიჭებოდა“.

დეინსტიტუციონალიზაცია

თავის მხრივ, ბედიანსა და ქუტირზე, — იქაურ ინსტიტუციებში ადგილები თავისუფალი რომც იყოს, — სახალხო დამცველის „პრევენციის ეროვნული მექანიზმის“ ყოველწლიური მონიტორინგის ანგარიშები შემაშფოთებელ სურათს ხატავს როგორც ჯანდაცვის, ასევე, სხვა უფლებრივი კუთხით.

მაგალითად, ბოლო ანგარიშის თანახმად, ქუტირის დაწესებულებაში პაციენტების სომატური ჯანმრთელობის პრობლემებზე დაგვიანებული რეაგირების შედეგად 2018 წლიდან 2019 წლის მაისამდე 25 პაციენტი გარდაიცვალა; სახალხო დამცველმა „ნეტგაზეთს“ პირდაპირ უთხრა, რომ ბედიანის კლინიკა უნდა დაიხუროს.

ნახეთ ბედიანის პრობლემების მოკლე ჩამონათვალი:

  • სომატური (ანუ ფიზიკური, არა ფსიქიკური) დაავადებების დროული და ადეკვატური მკურნალობის ხელმიუწვდომლობა;
  • ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვის მეთოდების გამოყენების არსებული პრაქტიკა. მაგალითად, პაციენტების თქმით, მათ ფიზიკურად ბოჭავენ იმ შემთხვევაშიც, თუ ისინი არააგრესიულად ეხებიან პერსონალს და „მოსაბეზრებლად იქცევიან“. ეს, სახალხო დამცველის თანახმად, დასტურდება სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული ექიმის განმარტებით;
  • სათანადო ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის და მხარდამჭერი სერვისების არარსებობა;
  • უგულებელყოფის პირობებში ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაცია;
  • არანებაყოფლობითი სამედიცინო ინტერვენცია;
  • საძინებლების გადატვირთულობა,
  • პაციენტების პირადი სივრცის არარსებობა და პრივატულობის დაუცველობა
  • არაადაპტირებული გარემო
  • შენობების სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების და პაციენტების პირადი ჰიგიენის დაუცველობა;
  • ქალ და კაც პაციენტებს კლინიკის სასეირნო ეზოში ერთმანეთთან კომუნიკაცია ეკრძალებათ;

ამ და სხვა პრობლემებზე პასუხად სპეციალისტები წლებია, ფსიქიატრიული სისტემის დეინსტიტუციონალიზაციას სახავენ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს [შემდეგში – ჯანდაცვის სამინისტროს] ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ეკა ადამია „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ სამინისტროს სწორედ სისტემის დეინსტიტუციონალიზაციისკენ უჭირავს გეზი:

„ჩვენთვის ძირითადი პრინციპია თემის დეინსტიტუციონალიზაცია, — რომ ფსიქიკური ჯანრმთელობისთვის განკუთვნილი სერვისები ხელმისაწვდომი იყო მრავალპროფილურ დაწესებულებებში“, – ამბობს იგი.

ის შემდეგ მიმართულებებს ჩამოთვლის: „მწვავე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს სერვისების მიღება მრავალპროფილურ სტაციონარში ჩვეულებრივად უნდა შეეძლოთ… ხოლო ის ბენეფიციარები, ვისაც, მართალია, აქვთ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა, მაგრამ არ აქვთ მწვავე სიტუაცია, აღარ სჭირდებათ სტაციონირება, არ არიან აგრესიულები და საშიშები საზოგადოებისთვის და უბრალოდ იმიტომ რჩებიან ადგილზე, რომ სხვაგან წასასვლელი არა აქვთ, ისინი  საცხოვრისებში უნდა გადმოვიდნენ“.

ეკა ადამიას თანახმადვე, საოჯახი ტიპის საცხოვრისების მიმართულებით პირველი ნაბიჯი წელს გადაიდგა: „3 პაციენტი ბედიანიდან გადაყვანილი იქნა მცირე საოჯახო ტიპის საცხოვრებელში, სადაც  ჩვეულებრივად იცხოვრებენ. ეს არ არის სამედიცინო დაწესებულება, თუმცა ბენეფიციარები იქნებიან მეთვალყურეობის ქვეშ, თუმცა ისინი უკვე არ იქნებიან დიდი ინსტიტუციის ქვეშ, რასაც ჰქვია ფსიქიკური ჯანმრთელობის სტაციონარი“…

„ეს არის პირველი და, მინდა გითხრათ, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. იმიტომ, რომ რეალურად თუ სამ-სამობით არ დავიწყეთ, ყველას ერთად ვერ გამოვიყვანთ… რამდენიმე პაციენტი ასევე უნდა გამოვიდეს უახლოეს პერიოდში. და შემდეგ ზოგადად დაგეგმილია ასეთი ტიპის საცხოვრისების განვითარება“, – გვეუბნება ის.

„ეს კომპლექსური მიდგომაა, ერთი მიმართულებით განვითარება პრობლემას არ ჭრის, ეტაპობრივად მიმდინარეობს ეს პროცესი და, იმედი გვაქვს, რაღაც დროს, საბოლოო ჯამში, დასრულდება და [ვითარება] გამოსწორდება“, – ამბობს ეკა ადამია.

თუმცა ახლა 2020 წელია, — და, სპეციალისტების თანახმად, უკვე დაგვიანებული. ამასთან, სპეციალისტების თანახმადვე, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები არ არის ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემის აუცილებელი დეინსტიტუციონალიზაციისკენ გადადგმული მწყობრი და დაგეგმილი ნაბიჯები…

[ვრცლად ამ თემაზე სამინისტროს პასუხებით: ბედიანის ფსიქიატრიულ კლინიკას აღარ ხურავენ | რა ელით პაციენტებს?]

[2022 წლამდე მცირე ზომის ფსიქიკური ჯანმრთელობის დაწესებულებები შეიქმნება – მინისტრის მოადგილე]

რას ამბობს სამინისტრო?

ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს ხელმძღვანელი ეკა ადამია „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში ადასტურებს ადგილების დეფიციტის გარკვეულწილად არსებობასაც, თუმცა ამბობს, რომ ეს სურათი ცვალებადია და სამინისტრო გამოსავალს შემდეგნაირად პოულობს ხოლმე:

„ამ კონკრეტული შემთხვევის შესახებ, რომ [დავით ბოსტოღანაშვილის] სტაციონარიზაცია უნდოდათ და ვერ მოათავსეს, ჩვენთვის ცნობილი არ ყოფილა, თუმცა, ზოგადად, თუკი პაციენტი სასწრაფოდ არის მოსათავსებელი და პრობლემა იქმნება გარკვეულ დაწესებულებებში, ჩვენ ხშირად მოგვმართავენ ხოლმე, რის შემდეგაც ვცდილობთ, მოვიძიოთ, სად არის თავისუფალი საწოლები და როგორმე მოვათავსოთ პაციენტი, რომ არ დარჩეს სერვისის გარეშე“.

„თუმცა საკითხი ნამდვილად ასეა, — მწვავე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პაციენტების შემთხვევაში შეიძლება იყოს საწოლების დეფიციტი გარკვეულ დაწესებულებებში. მაგრამ ეს ადგილები პერიოდულად გამოთავისუფლდება ხოლმე. ერთი სიტყვით, ცვალებადია ეს სურათი და შეიძლება ჩვენი, სააგენტოს დახმარებით, რაღაცნაირად მოიძებნოს გამოსავალი, რომ ასეთ მწვავე სიტუაციაში პაციენტი მოთავსდეს. მაგალითად, როდესაც ადამიანი გადაუდებელ სტაციონირებას საჭიროებს, აგრესიულია და აუცილებლად მოსათავსებელია სტაციონარში, უბრალოდ მოვიძიოთ ეს დამატებითი საწოლი, რომელიც შეიძლება არ იყოს კონკრეტულ გეოგრაფიულ ლოკაციაზე, მაგალითად, რუსთავში, მაგრამ იყოს ან სურამში, ან თერჯოლაში, ან სხვაგან. ანუ ერთგან არ იყოს, მაგრამ სხვაგან მოვათავსოთ“…

როგორ უნდა ემკურნალა?

კიდევ ერთი ფსიქიატრი, საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის დირექტორი მანანა შარაშიძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში ხაზს უსვამს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების პრევენციის აუცილებლობას და ამბობს:

„ახალგაზრდა კაცი რომ ეტლში ხვდება, მას თავიდანვე სჭირდება ფსიქოლოგიური, ფსიქოთერაპიული დახმარება. თუმცა ფსიქოლოგიური დახმარება თავის დონეზე დაყენებული არ არის, ქვეყანა ვერ რეაგირებს და მოსახლეობამაც არ იცის, ვის მიმართოს“.

[ამ საკითხზე გირჩევთ: ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზი – პირველადი დახმარება კრიზისის დროს]

მანანა შარაშიძე გვეუბნება, რომ აუცილებელია, არსებობდეს დაწესებულებები, რომლებშიც კომბინირებული [ნარკოლოგიური და ფსიქიკური ჯანმრთელობის] პრობლემის მქონე ადამიანებს უმკურნალებენ, — როგორიც, სავარაუდოდ, დავით ბოსტოღნაშვილი იყო.

მანანა შარაშიძის თანახმად, ასეთი დაწესებულების არარსებობა ნარკოლოგიისა და ფსიქიატრიის ინსტიტუციური გამიჯვნითაა განპირობებებული, რაც პრაქტიკაში არაერთ პრობლემას ქმნის.

დავით ბოსტოღანაშვილის შემთხვევას არ იცნობს, თუმცა საქართველოს ფსიქიატრთა ასოციაციის პრეზიდენტი ეკა ჭყონია ამ სფეროების გამიჯვნის პრობლემას ზოგადად ასე აღწერს: ფსიქიატრებს ეკრძალებათ ალკოჰოლიზმისა და ნარკოდამოკიდებულების პრობლემის მქონე პაციენტებთან მუშაობა, ნარკოლოგებს კი არ სურთ, უმკურნალონ ადამიანს, რომელიც თან ალკოჰოლს მოიხმარს, ან ნარკოტიკებს, და თან ფსიქიატრიული პრობლემები აქვს:

„ჩვენ [ფსიქიატრებს] უფლება არ გვაქვს, ვუმკურნალოთ ფსიქოაქტიური ნივთიერებებით განპირობებული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების მქონე პაციენტებს [დაავადებების კლასიფიკაციაში F10-F19 კატეგორიას]… და ასე ვაბურთავებთ ამ პაციენტებს აქეთ-იქით. აბსოლუტურად დაქსაქსულია სისტემა, რის შედეგადაც, საბოლოო ჯამში, პაციენტები ზარალდებიან“.

ფსიქიატრია და ნარკოლოგია

საქართველოში, საერთაშორისო პრაქტიკის დიდი ნაწილისგან განსხვავებით, ნარკოლოგია ფსიქიატრიისგან სრულად გამოყოფილია: არსებობს ცალ-ცალკე რეგულაციები, ერთი მხრივ, ფსიქიატრიული დახმარებისა და, მეორე მხრივ, ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ; სამკურნალო დაწესებულებები ცალ-ცალკე ფუნქციონირებს, დარგები უმაღლეს სასწავლებლებში ცალ-ცალკე ისწავლება და ა.შ.

ეკა ჭყონია გვეუბნება: „ნარკოლოგია რეალურად არის ფსიქიატრიის სუბსპეციალობა. ასეა, თითქმის ყველგან, აშშ-ში და ევროკავშირის ქვეყნებში. ფსიქოაქტიური ნივთიერება იმის ფსიქოაქტიური ნივთიერებაა, რომ ფსიქიკურ აშლილობებს იწვევს. ეს ჩვენთან, პოსტსაბჭოთა სივრცეში იყო და არის ხელოვნურად გაყოფილი. არსად მსოფლიოში ასე გამიჯნული არ არის ნარკოლოგის და ფსიქიატრის სპეციალობა“.

„ნეტგაზეთი“ ამ თემაზეც ესაუბრა  ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს ხელმძღვანელ ეკა ადამიას. მან ამ საკითხის აქტუალობაც დაგვიდასტურა: 

„ეს ისეთი თემაა, რომ ამაზე მუდმივად მიმდინარეობს საუბრები და კონსულტაციები. თუმცა ეს საჭიროებს ამ ორი მიმართულების სპეციალისტების დასხდომას, კარგად განხილვას და რაღაცნაირად შეჯერებას. და ეს პროცესი დასრულებული არ არის. სხვადასხვა შეუსაბამობები აქვთ სხვადასხვა სპეციალობის წარმომადგენლებს და შეჯერებული პოზიცია ამასთან დაკავშირებით არ არის. თუმცა ეს თემა ნამდვილად დგას დღის წესრიგში“…

სამინისტროს წარმომადგენელს არ დაუზუსტებია, რა გადაწყვეტილება შეიძლება სამინისტრომ უახლოეს ან შორეულ პერსპექტივაში მიიღოს ამ საკითხზე.


მართალია, გამოძიება 41 წლის დავით ბოსტოღანაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის საქმეზე ჯერ არ დასრულებულა და არც ხანძრის გაჩენის ზუსტი მიზეზია ცნობილი. თუმცა ამ საქმემ უკვე გამოააშკარავა სისტემური პრობლემების ჯაჭვი, რომელიც  იწყება შრომის უსაფრთხოების პრობლემებით, გრძელდება შშმ პირების გაუსაძლისი ყოფით, მკურნალობის მიზნით იძულებითი ემიგრაციითა და ფსიქიკური ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის ხარვეზებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი