ახალი ამბები

ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზი – პირველადი დახმარება კრიზისის დროს

17 აპრილი, 2020 •
ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზი – პირველადი დახმარება კრიზისის დროს

ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად მსოფლიო ცხოვრების განსხვავებულ რეჟიმზე გადავიდა, რამაც მოსახლეობაში სტრესისა და შფოთვის მომატება გამოიწვია. ამის შესახებ საუბრობენ ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს წარმომადგენლები და მიიჩნევენ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების დახმარება სხვადასხვა გზით, მათ შორის, ცხელი ხაზის კონსულტაციით.

ცხელი ხაზის მნიშვნელობა

ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტის, რუსკა ზაალიშვილის თქმით, კრიზისის დროს ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზების არსებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მოსახლეობას უწევს ცლილებებთან შეგუება, რამაც შესაძლოა სხვადასხვა პრობლემა გამოიწვიოს, რომელიც არა მხოლოდ კრიზისის დროს, არამედ მის შემდეგაც აქტუალურად დარჩეს:

“კოვიდ-19 არის ფსიქოლოგიური კრიზისის ერთ-ერთი მაპროვოცირებელი, ანუ როდესაც ცხოვრებაში ხდება რაიმე ისეთი, რასაც ინდივიდი აღიქვამს, როგორც სტრესულ მდგომარეობად, რაც არღვევს მისი ნორმალური ცხოვრების რიტმს და მას ამ კრიზისის ეტაპზე არ აქვს მისი დაძლევის საკმარისი სტრატეგიები, ამიტომ სჭირდება გარე დახმარება. ასეთ დროს ფსიქილოგიური დახმარების ცხელი ხაზის არსებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ თუ კოვიდ-19-ის გავრცელებამდე ადამიანებს ფსიქოლოგიური დახმარების მიღება შეეძლოთ მეგობრებისგან და ოჯახის წევრებისგან, ასეთ დროს ამ დახმარების შესაძლებლობები მცირდება და ადამიანს სჭირდება საკუთარი მდგომარეობის ობიექტურად აღმქმელი პირი, ვინც დაანახებს საკუთარ შესაძლებლობებს, მისცემს რჩევებს და კრიზისის დაძლევაში დაეხმარება”, – განმარტა ზაალიშვილმა ნეტგაზეთთან საუბრისას.

ზაალიშვილის მოსაზრებით, განსაკუთრებით საყურადღებოა მათი მდგომარეობა, ვინც კრიზისამდეც განიცდიდა ფსიქოლოგიურ პრობლემებს, ჰქონდა დეპრესია, შფოთვითი აშლილობის ეპიზოდები და სხვა. ასეთ დროს მათ მდგომარეობას ერთვის იმის შიშიც, რომ შესაძლოა, ისევ ძველ მდგომარეობას დაუბრუნდნენ, რაც მათ სტრესულ მდგომარეობას კიდევ უფრო ზრდის.

“ზოგადად, ძალიან მნიშნელოვანია ფსიქოლოგიური დახმარება, თუმცა კრიზისის დროს მისი როლი განსაკუთრებით იმატებს, რადგან ხშირია შემთხვევები, როდესაც ფსიქოლოგიური პრობლემები ადამიანებისთვის ფატალურად მთავრდება. ასეთ დროს კი ცხელი ხაზის არსებობა მათ ეხმარებათ გაუზიარონ საკუთარი პრობლემები გამოცდილ სპეციალისტებს. რაც ყველაზე მთავარია, ეს ყველაფერი ხდება ანონიმურად, ანუ ადამიანს ეძლევა შესაძლებლობა, ისაუბროს თავისუფლად, ყოველგვარი ბარიერების გარეშე, რასაც შეიძლება ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ვერ ახერხებდეს”, – განმარტავს ზაალიშვილი.

ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტის თქმით, კრიზისის დროს ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზის შექმნაში მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო კომპანიების ჩართულობაც, რომლებიც საკუთარ თანამშრომლებს ფსიქოლოგიური დახმარების სერვისს უფასოდ შესთავაზებენ.

არსებული ცხელი ხაზი

ახალი ტიპის კორონავირსთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე არასამთავრობო ორგანიზაცია “ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერით უფასო ფსიქოლოგიური დახმარების სერვისები შეიქმნა, მათ შორის არის ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზი, რომლის ნომერია: (032) 2 911 000. ცხელ ხაზზე ასოციაცია “ნდობა” მუშაობს.

ასოციაცია “ნდობის” წარმომადგენლის, ნანა აღაპიშვილის თქმით, სერვისი 9 აპრილს ამოქმედდა და თავდაპირველად სატესტო რეჟიმში მუშაობდა, 14 აპრილიდან კი აქტიურად დაიწყო მოსახლეობის მომსახურება.

“ცხელი ხაზის გაკეთების ინიციტივა გაჩნდა მას შემდეგ, რაც უკვე არსებულ ჯანდაცვის სამინისტროს, მთავრობის და დაავადებათა კონტოროლის ეროვნული ცენტრის ცხელ ხაზებზე, რომლებიც, რეალურად, სხვა მომსახურებას ახორციელებენ, ბევრი მოქალაქე რეკავდა, რომლებსაც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ფსიქოლოგიური პრობლემები აწუხებდათ”, – განმარტავს აღაპიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

აღაპიშვილის თქმით, ცხელი ხაზის ამოქმედების შემდეგ მათ არაერთი მოქალაქე დაუკავშირდა, რომელსაც სხვადასხვა სახის პრობლემები აწუხებდა, მაგალთად, როგორიცაა სტრესი და მომატებული შფოთიანობა.

აღნიშნული ცხელი ხაზი დილის 9 საათიდან ღამის 12 საათამდე მუშაობს და სერვისის განსახორციელებლად 9 ადამიანია დასაქმებული, რომლებიც 3 ჯგუფად იყოფიან და დღის განმავლობაში ერთმანეთს ენაცვლებიან.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე სამინისტროს მხრიდან დამატებითი ცხელი ხაზის შექმნა არ იგეგმება.

რა ხდება უცხოეთში

კორონავირუსის შედეგად გამოწვეულ სტრესთან საბრძოლველად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შეიქმნა ონლაინ და სატელეფონო დახმარების სერვისები. ასეთი სერვისები მოქმედებს დიდ ბრიტანეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიაში, ბელგიაში და სხვა ქვეყნებში.

გერმანიაში ქვეყნის მასშტაბით კრიზისთან საბრძოლველად 105 ოფიციალური ცხელი ხაზია შექმნილი, თუმცა ყველა მათგანი კორონავირუსის პირობებში გამოწვეული სტრესის დაძლევას არ ემსახურება. გერმანიაში არ არსებობს სახელმწიფოს მიერ შექმნილი ცხელი ხაზი, რომელიც კორონავირუსის დროს თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს გაუწევს კონსულტაციას, თუმცა არსებობს სხვადასხვა კერძო ინიციატივა, რომლის საშუალებითაც არსებული ვითარებიდან გამომდინარე გერმანიაში მცხოვრებ ადამიანებს შეუძლიათ, პირველადი ფსიქოლოგიური დახმარება მიიღონ.

იტალიის მთავრობის ინიციატივით კი ქვეყანაში ფსიქოლოგიური დახმარების პროგრამა ამოქმედდა, რომელიც ადამიანებს სატელეფონო საუბრისა და ონალინ კონსულტაციის საშუალებით ეხმარება მოქალაქეებს სტრესის დაძლევაში. Deutsche Welle-ს ინფორმაციით, ცხელ ხაზზე ძირითადად რეკავენ 30 წელს გადაცილებული ადამიანები, რომელთაც კრიზისთან გასამკლავებლად ფსიქოლოგიური მხარადჭერა ესაჭიროებათ.

კრიზისთან გასამკლავებლად ნიუ-იორკში, სადაც კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, ამოქმედდა სპეციალური ცხელი ხაზი. სერვისის განსახორციელებაში კი 6 ათასი მოხალისე მონაწილეობს. ყველა მათგანი გადამზადებული პროფესიონალია. ცხელი ხაზის შექმნის ინიციატივა კი ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორს, ენდრიუ კუომოს გაუჩნდა.

დიდ ბრიტანეთში “ნაციონალური ჯანმრთელობის სერვისის” მიერ შეიქმნა ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზი სპეციალურად ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის. სერვისის მიღება ხელმისაწვდომია დილის 7 საათიდან საღამოს 11 საათამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი