ახალი ამბები

[ექსპერტებთან დაკავშირებით] EU-ს უკვე ვენდეთ და გაგვიცრუა იმედები – პაპუაშვილი

29 მარტი, 2024 • 986
[ექსპერტებთან დაკავშირებით] EU-ს უკვე ვენდეთ და გაგვიცრუა იმედები – პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირმა ქართულ მხარეს იმედები გაუცრუა, როცა მათი თხოვნით მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექსპერტები დაუშვეს.

სააკაშვილთან პოლონელი ექსპერტების შესვლა პაპუაშვილმა იმ დროს გაიხსენა, როცა სასამართლო სისტემაში ე.წ. ვეტინგზე საუბრობდა, რომელიც ითვალისწინებს საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მნიშვნელოვანი თანამდებობის მქონე მოსამართლეების კეთილსინდისიერების ხელახლა შეფასებას. ეს არის ევროკავშირის რეკომენდაციაც.

მმართველი გუნდის გაცხადებული პოზიციაა, რომ ისინი უარს ამბობენ აღნიშნული მექანიზმის დანერგვაზე.

„მოვისმინეთ ევროკავშირის ელჩის განცხადება, რომ უნდა მოხდეს „ვეტინგი“ უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით. ერთი, რომ ეს ეწინააღმდეგება: კონსტიტუციას, დამოუკიდებლობას, იმას, თუ როგორ ხედავს ქართველი ხალხი საკუთარ თავს. ჩვენ ვართ სახელმწიფო, არ ვართ რაღაც წარმონაქმნი, რომელსაც არ აქვს იმის უნარი, რომ საკუთარი საკითხები თავად გადაწყვიტოს. მეორე, უცხოელ ექსპერტებთან დაკავშირებით ჩვენ ერთხელ უკვე ვენდეთ მათ შორის ევროკავშირსაც, როდესაც მათი თხოვნით, მოწოდებით თუ სხვადასხვა სურვილის გამოთქმით, მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ პოლონელი ექიმები. ჩვენ ვენდეთ ევროკავშირს და ევროკავშირმა გაგვიცრუა იმედები, ევროკავშირმა ეს ნდობა გაგვიცრუა.

ვნახეთ, რომ ფაქტობრივად სპეცოპერაციას აწყობდნენ მიხეილ სააკაშვილთან, წინდით გამოჰქონდათ მისი რაღაც ბიომასალა და ამასთან დაკავშირებით რაიმე დამაჯერებელი განმარტებაც კი არ იკადრა მხარემ, ვინც ისინი გამოაგზავნა. ნდობას როდესაც ასე შეარყევ და ევროკავშირიც იყო ამაში ჩართული, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს კითხვები, რა დგას ამის უკან, როდესაც გვეუბნებიან, რომ თურმე მოსამართლეები ქართველმა ხალხმა კი არ უნდა ავირჩიოთ, უნდა ჩამოვიდეს ვიღაც უცხოელი, ასეთი ტიპის ექსპერტები, რომლებიც წინდებით შემოიტანენ სახელსა და გვარებს, ვინ უნდა იყოს მოსამართლე და ვინ არა, და წინდებით გაიტანენ გასაუბრების შინაარსს. ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი განცხადებები კეთდება ქართულ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


ევროკავშირის მხარდაჭერილი პოლონური სამედიცინო მისიის წარმომადგენლებმა მიხეილ სააკაშვილი „ვივამედში“ 12 ივლისს მოინახულეს. სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამოსაკვლევად საქართველოში ჩამოსული ერთ-ერთი პოლონელი ექიმი ექსპრეზიდენტისგან აღებული ნიმუშის “მალულად გატანას” ცდილობდა და ვიდეომასალაც გაავრცელეს, რომელიც, მათივე ცნობით, ამ შემთხვევის ფრაგმენტს ასახავს.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოხდა „შეთანხმებასთან შეუსაბამო, განუზრახველი და გაუთვალისწინებელი ინციდენტი“. ამასთან, ამბობს, რომ ექიმის ჩხრეკის ჩანაწერის გამოქვეყნება და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების „ემოციური განცხადებები“ ეწინააღმდეგება კარგი თანამშრომლობის პრინციპებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი