ახალი ამბებისაზოგადოება

ბედიანის ფსიქიატრიულ კლინიკას აღარ ხურავენ | რა ელით პაციენტებს?

23 ოქტომბერი, 2019 • 3619
ბედიანის ფსიქიატრიულ კლინიკას აღარ ხურავენ | რა ელით პაციენტებს?

დასაქმებულების პროტესტის შემდეგ სახელმწიფო ქვემო ქართლში, დაბა ბედიანში ფსიქიატრიულ კლინიკას აღარ ხურავს, თუმცა პაციენტების დიდი ნაწილი მაინც გადაჰყავთ სხვადასხვა დიდ ინსტიტუციაში, — ბედიანში ბენეფიციარების მხოლოდ ნაწილს ტოვებენ.

ფსიქიატრიული კლინიკის ნაცვლად იქ აღარც სახელმწიფო ნარკო-რეაბილიტაციის ცენტრის გახსნა იგეგმება. ეს მას შემდეგ, რაც ამ გეგმის წინააღმდეგ გამოსულმა დასაქმებულებმა კლინიკის ჭიშკარი მორებით ჩახერგეს და სამინისტროს პაციენტები არ გააყოლეს.

არადა, ბედიანის ფსიქიატრიულ კლინიკას მწვავედ აკრიტიკებდნენ დარგის სპეციალისტები. სახალხო დამცველი პირდაპირ ამბობდა, რომ კლინიკა უნდა დაიხუროს. არანაკლებ მწვავედ აკრიტიკებენ ქუტირის ფსიქიატრიულ კლინიკას, სადაც ბედიანელი პაციენტების ნაწილი გადაჰყავთ და სადაც ბოლო ორი წლის განმავლობაში 25 პაციენტი დაიღუპა.

“ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები უჩვენებს, რომ სამინისტროს დაწყებული პროცესი არ არის ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემის აუცილებელი დეინსტიტუციონალიზაციისკენ გადადგმული მწყობრი და დაგეგმილი ნაბიჯი, რომელიც ბენეფიციართა ჭეშმარიტ ინტერესს ეფუძნება”, — ეუბნება „ნეტგაზეთს“ ფსიქიატრიის სისტემის სპეციალისტი.

მძევლად აყვანილი პაციენტები

18 ოქტომბერს, როდესაც ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ბედიანში პირველი 30 ბენეფიციარის გადასაყვანად ჩავიდნენ, თანამშრომლებმა კლინიკის ჭიშკარი მორებით ჩახერგეს, ეზოში არ შეუშვეს და პაციენტები არ გააყოლეს.

თანამშრომლების თანახმად, უკმაყოფილება მას შემდეგ გაჩნდა, რაც დირექტორისგან გაიგეს, — როგორც მოგვიანებით მინისტრის მოადგილემ განუმარტა, არაზუსტად — რომ სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებული ბედიანის ფსიქიატრიული კლინიკა იხურებოდა და ჯანდაცვის სამინისტრო სანაცვლოდ ნარკორეაბილიტაციის ცენტრს ხსნიდა, მათ კი უხელფასო შვებულებაში უშვებდნენ.

კითხვაზე, რამდენად ამართლებდა სახელმწიფოსთან გაურკვევლობა, მათი სამუშაო პირობები თუ სხვა გარემოებები პაციენტებისთვის, ფაქტობრივად, გადაადგილების შეზღუდვას, ერთ-ერთმა დასაქმებულმა, ლია გოგლიძემ გვიპასუხა:

„იცით, რა. კი, სხვა კუთხით რომ შეხედო, უფლება არა გვაქვს… მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ იქ. ჩვენ დავრჩებით უმუშევრები… ეს სოფელი, უბრალოდ, გაქრება. კაციშვილი აქ არ დარჩება. ხშირად იმაზე ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს არაფერში ვჭირდებით“…

მან ასევე გვითხრა, რომ გაუფრთხილებლად სხვაგან გადასვლა პაციენტებისთვის დიდი ტრავმა იქნება: „მიჩვეულები არიან, არ უნდათ სხვაგან წასვლა“. კითხვაზე, საერთოდ ვინმემ ჰკითხა თუ არა ბენეფიციარებს, უნდათ თუ არა წასვლა ან დარჩენა, მან გვიპასუხა: „კი, კი, ადრე დაწერეს კიდეც, რომ არ გვინდა არსად წასვლა, ბედიანი გვირჩევნია იმიტომ, რომ კარგად გვექცევიან“…

შიშები

წალკის მერის წარმომადგენლის, ზვიად ხაფავას ინფორმაციით, სოფელ ბედიანში კლინიკას, ჯამში, 55 თანამშრომელი ჰყავს, საიდანაც დაახლოებით 45 ადგილობრივია, რომლებიც სანიტრების, დამლაგებლების, მრეცხავების და სამეურნეო ნაწილში სხვა ფუნქციებს ასრულებენ.

მათ უკმაყოფილებას ორი განზომილება ჰქონდა: ერთი მხრივ, სამსახურის ჯერ დროებით, შემდეგ კი მთლიანად დაკარგვის შიში, მეორე მხრივ კი, შეშფოთება ნარკორეაბილიტაციის ცენტრის შესაძლო მშენებლობის გამო, რაც გარკვეულწილად ნარკომომხმარებელთა მიმართ არსებული სტიგმით იყო ნაკარნახევი.

მაგალითად, 61 წლის ლია გოგლიძე, დასაქმებულებს შორის ერთ-ერთი, რომელიც კლინიკაში დიასახლისად მუშაობს, თვეში 330 ლარი აქვს ხელფასი და ყოველდღიურად არის ბენეფიციარებთან კონტაქტში, „ნეტგაზეთს“ ეუბნებოდა:

„გავიგეთ, რომ აქ იქნება ნარკოლოგიური ცენტრი… კიდევ ნარკოლოგია გვჭირდება? აქ იცით, რა მოხდება? პატარა ბავშვები ისწავლიან ამ ყველაფერს… ხალხი დარჩება უმუშევარი, რადგან ნარკოლოგიურში ამდენი პერსონალი არ დასჭირდებათ… ბოლომდე არავინ სიმართლეს არ ამბობს. იტყვიან ერთ რაღაცას, შეეკითხები ხუთ წუთში და არა, ეგრე არ გვითქვამსო“…

კიდევ ერთმა დასაქმებულმა, მალხაზ გულაშვილმა, რომელსაც თვეში 400 ლარი აქვს ხელფასი, 18 ოქტომბერს გვითხრა: „ყველა აღიარებს, რომ რაღაც ხარვეზები არის საავადმყოფოში ტექნიკური თვალსაზრისით, — ელემენტარული, სველი წერტილებია შესაკეთებელი და ბევრი რამე არის გამოსასწორებელი. ამაზე არავის აქვს პრეტენზია. რა თქმა უნდა, [რემონტი] უნდა გაკეთდეს, იმიტომ, რომ მძიმე მდგომარეობაა. მაგრამ რომ ამბობენ, 6 თვე შვებულებაში გახვალთო, ოჯახები გვყავს, შვილები, მეუღლეები… მოკლედ, ჩვენ გარდა, ხალხია, რომელიც დამოკიდებულია ამ ხელფასებზე და 6 თვით რომ უხელფასოში მიშვებ, მე რა უნდა გავაკეთო“?

„პრობლემა მოგვარდა“?

საბოლოოდ, კლინიკის ჭიშკრის მორებით გადაკეტვიდან სამ დღეში, 21 ოქტომბერს, ბედიანის თანამშრომლებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია შეხვდა, რომლისგანაც ადგილობრივების თქმით, დამაკმაყოფილებეილ გარანტიები მიიღეს:

გარდა იმისა, რომ ნარკორეაბილიტაციის ცენტრი არ აშენდება, ისინი არც უხელფასო შვებულებაში გავლენ და ჩვეულებრივად განაგრძობენ მუშაობას, იანვრიდან კი შესაძლოა ხელფასებიც მოემატოთ; ამავე დროს, შენობა გარემონტდება.

„დაპირებები მივიღეთ და ახლა ვნახოთ, როგორ იზამენ“, — უთხრა „ნეტგაზეთს“ 22 ოქტომბერს ლია გოგლიძემ. სახელმწიფოსა და დასაქმებულებს შორის ამ ეტაპზე გაურკვევლობა რომ ამოწურულია, ეს ჯანდაცვის სამინისტრომაც დაგვიდასტურა.

ადგილობრივებთან მოლაპარაკების შემდეგ სამინისტროში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ ნარკორეაბილიტაციის ცენტრის გახსნა ბედიანში, რაც „მოსახლეობისთვის კატეგორიულად მიუღებელია, აღარ განიხილება“.

სამინისტროს თანახმადვე, კლინიკაში პერსონალის რაოდენობა დიდი არ არის და დამხმარე პერსონალის სიმცირის გამო ბევრ მათგანს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება უწევდა, რაც აღარ მოხდება. ამასთან, „მომვლელები, სანიტრები და სხვა დამხმარე პერსონალი შეინარჩუნებს პოზიციებს და ხელფასს. სხვა კლინიკებში გადანაწილების საკითხი მეტად შეეხება [არაადგილობრივ] ექიმებს, რომლებთანაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონსულტაციები პოტენციურ დამსაქმებლებთან“.

კითხვაზე, სად გაიხსნება ნარკორეაბილიტაციის ცენტრი, სამინისტრომ გვიპასუხა, რომ ამაზე კონსულტაციებს გააგრძელებენ შესაბამის სამთვრობო და არასამთვრობო უწყებებთან.

ნარკოდამოკიდებული ადამიანების მიმართ არსებულ სტიგმასთან დაკავშირებით კითხვაზე სამინისტრომ გვიპასუხა: „რაც შეეხება მოსახლეობის შიშს — ბუნებრივია, ეს [ნარკოდამოკიდებული ადამიანების მიმართ არსებული] სტიგმის გამოხატულებაა და გარკვეულ სტერეოპტიპებს უკავშირდება, რაც თუნდაც ბედიანის მოსახლეობას 90-იან წლებში ჩამოუყალიბდა. მათი გამოცდილება ამ კუთხით და წარსული მახსოვრობა მკვეთრად უარყოფითია და ახლანდელი რეაქციაც გარკვეულწილად თავდაცვითია. თუმცა ნარკორეაბილიტაციის სერვისის სწორად ორგანიზება გამორიცხავს რამე რისკებს, როგორც ბენეფიციარებისთვის, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ეს თემა, როგორც აღვნიშნეთ, ბედიანთან მიმართებაში აღარ განიხილება“.

რა ბედი ელით ბედიანელ პაციენტებს?

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ „ნეტგაზეთს“ თავდაპირველად, 17 ოქტომბერს, განუცხადა, რომ სამინისტრო ბედიანის კლინიკის რეორგანიზაციის გეგმის ფარგლებში ფსიქიატრიულ საავადმყოფოს შენარჩუნებას საერთოდ არ აპირებდა, თუმცა დასაქმებულებთან მოლაპარაკებების შემდეგ სამინისტროდან მოგვწერეს:

„ბედიანში ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტრანსფორმაცია გეგმის მიხედვით გაგრძელდება, თუმცა ნარკორეაბილიტაციის ცენტრის ნაცვლად, ერთი კორპუსი, რომელშიც გათბობის სისტემა დამონტაჟდება, გააგრძელებს ქრონიკული ფსიქიკური აშლილობის მქონე ისეთი პაციენტების მომსახურებას, ვისაც არ აქვს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები, მაგრამ გრძელვადიან მოვლას საჭიროებენ“.

სამინისტროს „ნეტგაზეთთან“ აღარ დაუზუსტებია, რამდენი ადამიანი დარჩება კლინიკაში. თუმცა, როგორც დასაქმებული მალხაზ გულაშვილი მინისტრის მოადგილესთან მათი შეხვედრის შემდეგ ეუბნება, მოლოდინი აქვთ, რომ იქ 40-მდე ადამიანი დარჩება; შენობის პირველ სართულზე ქალების ფლიგელი იქნება, მეორეზე — კაცებისა.

ბედიანში ამჟმად 150-160 პაციენტია. მინისტრის მოადგილის მიერ „ნეტგაზეთისთვის“ გაცნობილი გეგმის თანახმად, ბედიანის პაციენტების ნაწილს ხონში, სოფელ ქუტირში, ნანეიშვილის სახელობის კლინიკის ახალგარემონტებულ კორპუსში მოათავსებენ; შემდეგ პაციენტების გარკვეულ ნაწილს — ბათუმში, ახლად გახსნილი კლინიკის ფსიქიატრიულ განყოფილებაში. ეს პროცესი სავარაუდოდ ოქტომბრის ბოლოს დაიწყება და სამინისტროს გეგმით, 2019 წლის ბოლომდე დასრულდება.

სამინისტროს თანახმადვე, უწყება „გააგრძელებს მუშაობას გრძელვადიან პერსპექტივაში ბედიანის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ინვესტიციის მოსაზიდად, თუმცა არა მწვავე ფსიქიატრიული, არამედ სარეაბილიტაციო და გრძელვადიანი მოვლის მიზნებისთვის“.

„ბედიანის ფსიქიატრიული უნდა დაიხუროს“

მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ „ნეტგაზეთს“ 17 ოქტომბერს უთხრა, რომ ბედიანის კლინიკიდან პაციენტების გადაყვანის საჭიროება იმიტომ დადგა, რომ „ეს დაწესებულება მოშორებულია სხვა დანარჩენი საზოგადოებისგან, საავადმყოფოებისგანაც, და რთულია იქ პაციენტების საჭიროებების სრულად მოცვა სომატური [ფიზიკური ჯანმრთელობის] კუთხით“.

მისი თქმით, ამიტომაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ „პაციენტები გადაყვანილ იქნან სხვა, შედარებით შესაფერის ადგილებში“. ბედიანის კლინიკა, სახალხო დამცველის ანგარიშების თანახმად, კრიტიკას ვერ უძლებს, მაგრამ რამდენად არის ის დაწესებულება უფრო შესაფერისი თუნდაც ამ კუთხით, სადაც პაციენტები გადაჰყავთ?

საქართველოს სახალხო დამცველი არაერთი წელია, „პრევენციის ეროვნული მექანიზმის“ ფარგლებში მონიტორინგს ატარებს ფსიქიატრიულ ინსტიტუციებში, მათ შორის ბედიანში, რომელიც სიდიდით მესამეა მსგავს დაწესებულებებს შორის. მონიტორინგის ანგარიშები ყოველწლიურად უმძიმეს შედეგს უჩვენებს. იმდენად მძიმეს, რომ სახალხო დამცველი ამას პაციენტების მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობად აფასებს.

ნახეთ ბედიანის პრობლემების მოკლე ჩამონათვალი:

  • სომატური (ანუ ფიზიკური, არა ფსიქიკური) დაავადებების დროული და ადეკვატური მკურნალობის ხელმიუწვდომლობა;
  • ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვის მეთოდების გამოყენების არსებული პრაქტიკა. მაგალითად, პაციენტების თქმით, მათ ფიზიკურად ბოჭავენ იმ შემთხვევაშიც, თუ ისინი არააგრესიულად ეხებიან პერსონალს და „მოსაბეზრებლად იქცევიან“. ეს, სახალხო დამცველის თანახმად, დასტურდება სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული ექიმის განმარტებით;
  • სათანადო ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის და მხარდამჭერი სერვისების არარსებობა;
  • უგულებელყოფის პირობებში ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაცია;
  • არანებაყოფლობითი სამედიცინო ინტერვენცია;
  • საძინებლების გადატვირთულობა,
  • პაციენტების პირადი სივრცის არარსებობა და პრივატულობის დაუცველობა
  • არაადაპტირებული გარემო
  • შენობების სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების და პაციენტების პირადი ჰიგიენის დაუცველობა;
  • ქალ და კაც პაციენტებს კლინიკის სასეირნო ეზოში ერთმანეთთან კომუნიკაცია ეკრძალებათ;

ანგარიშების თანახმად, იქაურობა იმდენად შემაშფოთებელია, რომ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ „ნეტგაზეთს“ 16 ოქტომბერს უთხრა: „ბედიანში ძალიან მძიმე მდგომარეობაა და ის ცალსახად უნდა დაიხუროს, მაგრამ რაღაც უკეთესობისკენ უნდა შეიცვალოს ამ ადამიანებისთვის“. მაშ, რა იცვლება მათთვის?

ერთი დიდი პრობლემური ინსტიტუციიდან მეორეში

ქუტირის ფსიქიატრიული კლინიკის ახალგარემონტებულ კორპუსზე, სადაც პირველი 30 პაციენტი გადაჰყავთ, მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ის „შედარებით შესაფერისი გარემოა“ პაციენტებისთვის. თუმცა პრევენციის ეროვნული მექანიზმის (NPM-ის) მონიტორინგი არც ამ კლინიკაზე ხატავს სახარბიელო სურათს.

„სახალხო დამცველი უკიდურესად შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ [ქუტირის] დაწესებულებაში არ ხდება პაციენტების სომატური ჯანმრთელობის პრობლემებზე დროულად რეაგირება, რაც იწვევს პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას და ზოგიერთ შემთხვევაში, მათი გარდაცვალების მიზეზიც კი ხდება“, — ვკითხულობთ ანგარიშში.

თუკი ბედიანში მხოლოდ 2018 წელს, NPM-ის თანახმად, 3 ადამიანი გარდაიცვალა, 2018 წლიდან 2019 წლის მაისამდე ეს რიცხვი ქუტირში 25 იყო. უფრო ზუსტად, მათგან 7 პაციენტი უშუალოდ დაწესებულებაში, ხოლო 18 — სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანიდან მოკლე, ერთი დღიდან ორ კვირამდე პერიოდში გარდაიცვალა.

„რანაირად არის ქუტირში უკეთესი პირობები, როდესაც იქ 25 ადამიანი გარდაიცვალა სომატური პრობლემების და ოჯახის ექიმის არარსებობის გამო“? — კითხულობს „ნეტგაზეთთან“ საუბარში ოლღა კალინა, ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციის, „თანამშრომლობა თანაბარი უფლებებისთვის“, თავმჯდომარე. ის კარგად იცნობს ბედიანისა და ქუტირის კლინიკებსა და ფსიქიატრიის სისტემას.

სხვა პრობლემები

„მათ [ქუტირში] ისიც არ შეუძლიათ, საკუთარ პაციენტებს მიხედონ და კიდევ ემატებათ? იქ საშინელი პირობებია, ყველაფერი დანგრეულია, არის ცემენტის იატაკი, გავრცელებულია ინფექციური დაავადებები, C ჰეპატიტი; სველი წერტილები გაუმართავია; თაგვები დადიან… ოჯახის ექიმი არ ჰყავთ. რანაირად ფიქრობენ [სამინისტროში], რომ ქუტირში უკეთესი ვითარებაა სომატური ჯანმრთელობის კუთხით. იმავე ლოგიკით, ქუტირის დახურვა რატომ არ იგეგმება ამ წუთას?“ — გვეუბნება ოლღა კალინა.

ამასთან, როგორც ოლღა კალინა გვეუბნება, ეს დაწესებულება სასამართლო ფსიქიატრიასთან არის ასოცირებული: „არამხოლოდ ამის გამო, პაციენტებისთვის იქ გადაყვანა უდიდესი ფსიქოლოგიური სტრესი იქნება. ეს არის ციხესთან ასოცირებული სტრუქტურა, რაც დიდი სტიგმის მატარებელია… კარიც იძულებითი მკურნალობისთვისაა განკუთვნილი. დაახლოებით 300 პაციენტია 4 განყოფილებაში. გაფართოების მიუხედავად, ერთ პალატაში 10 ადამიანია ხოლმე მოთავსებული; ლოგინები გვერდიგვერდაა ჩამწკრივებული, 1.20მ-იანი დაცილება, როგორც რეგლამენტშია გაწერილი, არ არსებობს“, — ამბობს იგი.

„მაგრამ სამოქალაქო ნაწილი კიდევ უარეს მდგომარეობაშია. სამოქალაქოს პაციენტები უკიდურესად არაადამიანურ პირობებში იმყოფებიან. ბედიანთან შედარებითაც კი უარეს მდგომარეობაშია ის, ვინც ახლა ძველ ნაწილშია. იქ იმყოფება 6 ეტლით მოსარგებლე ადამიანი, რომლებსაც არაადაპტირებული ტუალეტების გამო უწევთ ვედროებში ტუალეტში გასვლა, ეს ვედროები კი სხვა პაციენტებს გააქვთ. წლების განმავლობაში ასეთი სიტუაციაა“.

NPM-ის ანგარიშში კიდევ არაერთი შემაშფოთებელი საკითხია მოყვანილი, მაგალითად:

არასათანადო მოპყრობა
დაწესებულებაში მყოფი პაციენტები არ არიან დაცული სიტყვიერი, ფსიქოლოგიური, ფიზიკური ძალადობისგან და გულგრილობისგან. დაწესებულებაში ხშირია პაციენტთა შორის კონფლიქტის და ძალადობის შემთხვევები.
პაციენტების შრომის გამოყენება
პერსონალი იყენებს პაციენტების/ბენეფიციარების შრომას ანაზღაურების გარეშე, სიგარეტის ან საკვების დამატებითი პორციის სანაცვლოდ. ზოგიერთი პაციენტი/ბენეფიციარი ალაგებს ტუალეტს, ეზოს, ეხმარება პერსონალს სხვა პაციენტის მოვლაში, ასევე, აღგზნებული პაციენტის ფიზიკურ შეზღუდვაში და საჭმელი მიაქვს სამზარეულოდან განყოფილებაში.
არაინფორმირებული თანხმობა
წინა წლების მსგავსად, სტაციონარში ფორმალურად ნებაყოფლობით მოთავსებული პაციენტები დაწესებულებას საკუთარი ნებით ვერ ტოვებენ. სამედიცინო მომსახურების გაწევაზე წერილობითი ინფორმირებული თანხმობის ფორმას პაციენტები ხელს ისე აწერენ, რომ არ გააჩნიათ სათანადო ინფორმაცია მომსახურების შესახებ
ანტიფსიქოზური მედიკამენტების გამოყენება
დაწესებულებაში პრობლემას წარმოადგენს მედიკამენტების ზედოზირებულად გამოყენება, როგორც დაწესებულებაში მიღებისას, სწრაფი ტრანკვილიზებისა და სედაციის მიზნით (არათერაპიული მიზნით), ასევე შემდგომ პერიოდში, მედიკამენტური მკურნალობის დროს. წინა წლების მსგავსად, დაწესებულებაში ფსიქიატრიული დახმარება პრაქტიკულად ფარმაკოთერაპიამდეა დაყვანილი, რაც პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის საკმარისი არ არის. განსაკუთრებით საყურადღებოა დაწესებულებაში, პაციენტის სომატური (ფიზიკური) ჯანმრთელობის მდგომარეობის სათანადო მონიტორინგის გარეშე, პრეპარატ „ზოპინის“ გამოყენების პრაქტიკა

სახელმწიფოს გარანტიები?

„ნეტგაზეთის“ კითხვაზე, რა გარანტია აქვს სახელმწიფოს, რომ ქუტირში გადაყვანილი პაციენტები იმავე ან უფრო მძიმე გარემოში არ აღმოჩნდებიან, როგორც ბედიანში იყვნენ, მინისტრის მოადგილე თამარ გაბუანიამ გვითხრა:

„[სახალხო დამცველის ანგარიშში] ის [ძირითადი] პუნქტები, რომელიც იყო ქუტირთან მიმართებაში, იყო ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვების მეთოდების გამოყენებასთან დაკავშირებით. ეს კიდევ ცალკე პრობლემური სფეროა. ამ ტიპის შემთხვევები შეიძლება ნებისმიერ ადგილზე აღმოცენდეს, თუ არ შეიცვალა საკანონმდებლო გარემო“.

საკანონმდებლო გარემო კი უკვე იცვლება, გვეუბნება იგი. მის თანახმად, პარლამენტი უკვე განიხილავს ცვლილებებს, რომლებიც განსაზღვრავს, ქიმიური და ფიზიკური შეზღუდვა რა შემთხვევაში შეიძლება იქნას გამოყენებული, რათა ეს პრაქტიკა არამიზნობრივად აღარ გამოიყენონ.

„მკაცრი ჩარჩო იქმნება ამ მიმართულებით. შემდეგ ეს საკანონმდებლო ნაწილი აისახება უკვე დეტალურ სტანდარტებში დაწესებულების დონეზე. ეს სისტემა უკვე მომავალი წლიდან იქნება“, — ამბობს მინისტრის მოადგილე.

მისი თქმით, „რაღაც შემთხვევებში აუცილებელია ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვის გამოყენება, თუმცა აქ სტანდარტიზაციაა მნიშვნელოვანი და პერსონალის ტრენინგი. ამაზე ყველგან — ქუტირშიც და სხვაგანაც — ვმუშაობთ, რათა მსგავსი შემთხვევები არ მოხდეს. ახლა უფრო ინტენსიური მონიტორინგი მიმდინარეობს, ვიდრე ადრე იყო. ამრიგად, ვფიქრობ, რომ შეგვიძლია პრევენციულად მსგავსი შემთხვევები ძალიან მარტივად თავიდან ავიცილოთ“.

ანგარიშში ნამდვილად გამოყოფილია ერთ-ერთ პრობლემურ საკითხად ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვის დაურეგულირებელი პრაქტიკა, ანუ როდესაც პაციენტებს ზოგჯერ ისე ამშვიდებენ პრეპარატებით და ფიზიკურად აკავებენ, როდესაც ამის საჭიროება საერთოდ არ დგას. თუმცა ეს მხოლოდ მცირე ნაწილი იყო პრობლემებისა.

სახელმწიფო ფლობს ქუტირის აკადემიკოსის, ბიძინა ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხოლოდ 5%-იან წილს, 95% კი ეკუთვნის შპს „ბ&ნ მედის“. მინისტრის მოადგილის თქმით, ქუტირის კლინიკას აქვს რესურსი, ეს ადამიანები მიიღოს და ისინი ახალგარემონტებულ კორპუსში მოთავსდებიან;

ამასთან, მისი თქმით, პერსონალი „საკმაოდ კარგია და ხელშეწყობა ექნებათ პაციენტებს“, თუმცა, „რა თქმა უნდა, მაქსიმალურად იქნება მონიტორინგი და ბრმად არ ვენდობით არცერთ მიმწოდებელს, მივყვებით და შევამოწმებთ, რამდენად შესაფერის გარემოში გააგრძელებენ მკურნალობას. ეს უკიდურესად ძალიან მნიშვნელოვანი თემაა“.

როგორც მინისტრის მოადგილე გვეუბნება, ერთადერთი, რაც იქ არ მოსწონს, ისაა, რომ განყოფილება, სადაც ბედიანელი პაციენტები გადაჰყავთ, არანებაყოფლობითი მკურნალობისთვისაა განკუთვნილი: „კარიც არანებაყოფლობით მკურნალობას უფრო შეეფერება, თუმცა ეს მარტივად მოსაგვარებელი საკითხია. ბოლო- ბოლო, არ დაიხურება ეს კარი“.

გაწელილი დეინსტიტუციონალიზაცია

თამარ გაბუანის თანახმად, რაც ყველაზე მთავარია, პაციენტების ქუტირში გადაყვანა მხოლოდ დროებითი ღონისძიებაა: „ამ ეტაპზე იქ [ქუტირში] პირობები ბევრად უკეთესია. შედარებაც არ შეიძლება ბედიანთან. ხოლო შემდეგ ეტაპზე ხალხის გადაყვანა საცხოვრისში მოხდება“. და როდისღა დადგება შემდეგი ეტაპი?

საცხოვრისების საჭიროებასა და ფსიქიატრიული დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის საჭიროებაზე ფსიქიატრები და სპეციალისტები წლებია მიუთითებენ. ბედიანში, მაგალითად, ისეთი ბენეფიციარებიც ჰყავთ, რომლებსაც მწვავე ფსიქიკური პრობლემები შესაძლოა არ ჰქონდეთ, უბრალოდ, საცხოვრისს საჭიროებენ — უნდათ წასვლა, მაგრამ წასასვლელი არსად აქვთ.

ოლღა კალინა გვეუბნება: „მათთვის საჭიროა საცხოვრისის პროგრამა შეიქმნას, რათა არსებობდეს პატარ-პატარა საოჯახო ტიპის სახლები, გაჩნდეს მხარდაჭერის ქსელები“. როგორ წარმოუდგენია მას ამ სისტემის მუშაობა?

„აი, მაგალითად, ყველას ჰყავს ნათესავები… მათ შეიძლება არ შეუძლიათ სახლში ამ საჭიროების მქონე პირთან ერთად ყოფნა, მაგრამ ზრუნვა შეუძლიათ. იდეალური იქნებოდა, რომ ასეთი სახლები იყოს ბევრგან, რომ იქ მოხვდეს საჭიროებების მქონე ადამიანი. ნათესავი, რომელთან ახლოსაც იცხოვრებს ბენეფიციარი, პერიოდულობით მიაკითხავდა, ნახავდა, რა მდგომარეობაშია, დალაგებასა თუ სხვა საქმეში დაეხმარებოდა და ა.შ..“

“ეს არის მხარდაჭერით ცხოვრების პროგრამა. წარმოიდგინეთ, რომ რამდენიმე ადამიანი ცხოვრობს ბინაში სოციალური ქირით (ანუ სოციალური სააგენტო იქირავებს ბინას); და ძალიან ბევრი სერვისი მოდის ადგილზე, მაგალითად, კრიზისული ინტერვენცია მოდის წამლებზე, ეხმარებიან და ა.შ. ანუ ეს ადამიანები ინტეგრირებულები არიან თემში”.

რაც შეეხება მწვავე ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტებს, მათთვის, ოლღა კალინას თქმით, მულტიპროფილურ ჰოსპიტალებში უნდა შეიქმნას ადგილები:

„ამ ადამიანებს ხშირად აქვთ ტრავმები, დამატებით სომატური მძიმე პრობლემები, — ვიღაცა არის ეტლით მოსარგებლე, ვიღაცა უსინათლო… ასე რომ, მულტიპროფილურ კლინიკებში უფრო ადვილია მათი სომატური პრობლემების მართვა კომპლექსურად, ვიდრე სადმე ჩაკეტვა და გადაყვანა, რაც ზოგიერთ შემთხვევაში სასიკვდილოდ გაწირვას უტოლდება“.

ოლღა კალინა აზუსტებს: „ჩვეულებრივ სომატურ კლინიკაში უნდა იყოს ასეთი 8-10 ადგილი, რათა მწვავე შემთხვევების მართვა ინტეგრირებულად იყოს შესაძლებელი და საჭირო არ გახდეს ამ ადამიანის გადაყვანა სადმე დანგრეულ შენობაში, როცა მას მკურნალობა სჭირდება. ახლანდელი პრაქტიკით, მისი ფსიქიკა ამის შედეგად ინგრევა, რადგან სადაც ისინი მიჰყავთ, ის დაწესებულებები ძალიან შორსაა მისი თემისგან. ამიტომ ეს ადგილები ჩვეულებრივ საავადმყოფოებში უნდა იყოს. ფსიქიკური ჯანმრთელობა ისეთივე ჯანმრთელობაა, როგორც ჯანმრთელობის სხვა საკითხები. ეს უნდა იყოს გააზრებული და შედეგად სტიგმაც შემცირდება. ასეთმა განყოფილებებმა უნდა იარსებოს ჩვეულებრივ მულტიპროფილურ დაწესებულებებში“.

„5-10 წელიწადი“

„ვფიქრობ, 2022 წლამდე საკმარისი რაოდენობით საცხოვრისები გვექნება, რომელიც ადამიანს მისცემს საშუალებას, მეტად ინტეგრირებული იყოს სოციუმში, ჰქონდეს მეტი დამოუკიდებლობა“, – ეუბნება „ნეტგაზეთს“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია. მისი თქმით, 2020 წლის გაზაფხულისთვის რუსთავში საცხოვრისის მშენებლობა იგეგმება, რომლის პროექტირებაც უკვე დაწყებულია.

„ასევე, ტყვიავში არის ძველი საავადმყოფო, რომელიც კარგ მდგომარეობაშია და მარტივად შეიძლება მისი გარემონტებაც. იქაც ერთ განყოფილებაში მოხდება ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტების ყველანაირი საჭიროებების დაკმაყოფილება, რადგან არის პირველადი ჯანდაცვის ცენტრი სიახლოვეს, ამდენად უფრო მარტივი იქნება აქ მათთვის დახმარების აღმოჩენა“, — გვითხრა მან.

მინისტრის მოადგილე დეინსტიტუციონალიზაციის საჭიროებასაც ეთანხმება: „დიახ, ზოგადად, ტენდენცია არის იქითკენ მიმართული, რომ მეტი საცხოვრისი გაკეთდეს. როდესაც ვამბობთ, რომ პაციენტებს გადმოვიყვანთ საავადმყოფოებში, ეს დროებითი ღონისძიებაა. შემდეგში, ბედიანის კლინიკის 160-მდე ადამიანიდან, ვისი ფუნქციური მდგომარეობაც კარგი იქნება, მცირე ზომის საცხოვრისებში გადავიყვანთ, რაც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რაც ახალი სტრატეგიის ფარგლებში განიხილება“.

მინისტრის მოადგილე საუბრობს ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიაზე და ამბობს,რომ  სამინისტრო მიჰყვება 2015-20 წლების გეგმას, პარალელურად კი, ახალ გეგმაზე მუშაობს, რომელიც 2020 წლის შემდეგ პერიოდზე იქნება გაწერილი. ეს სტრატეგია ჯერ მზად არ არის.

„იქაც აქცენტი იქნება დეინსტიტიტუციონალიზაციაზე, მაგრამ აქ ერთი საკითხია გასათვალისწინებელი: დეინსტიტუციონალიზაციას სჭირდება ძალიან ფრთხილი და ზომიერი, ეტაპობრივი მიდგომა. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, გვყავს თუ არა ადამიანური რესურსი ადგილებზე“.

„დეინსტიტუციონალიზაციას დასჭირდება მულტიდისციპლინური გუნდები მობილური ბრიგადების სახით, და ამბულატორიული ხელშეწყობა იმ პაციენტებისა, რომლებიც თემში იცხოვრებენ. ამრიგად, ადამიანური რესურსი რაოდენობრივადაც გაიზრდება და ხარისხობრივად ადამიანური რესურსი უნდა მომზადდეს. ჯერჯერობით კი დეფიციტი გვაქვს სპეციალისტების ფსიქიატრიაში. ამაზეც ვმუშაბოთ — არსებობს რეზიდენტურის პროგრამა, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს და სადაც წელს 8 რეზიდენტი ჩაირიცხა, მაგრამ დრო სჭირდება მათ მომზადებას“.

თუმცა, მისი თქმით, ამ პროცესს ალბათ 5-10 წელი დასჭირდება: „ეს არის ის ვადა, რაც არის რეალისტური იმისთვის, რომ ჩვენ მივუახლოვდეთ დეცენტრალიზაციის, დეინსტიტუციონალიზაციის სამიზნეს, რომ პაციენტების უმრავლესობა და ყველა ის ადამიანი, ვისაც თემში დამოუკიდებლად ცხოვრება შეუძლია, ცხოვრობდეს დამოუკიდებლად. ჩვენთვისაც მთავარია, რომ სწორი ბალანსი ვნახოთ… ახლა, მიმდინარე მომენტში საფრანგეთის ტექნიკური დახმარების სააგენტო გვეხმარება საჭიროების შესწავლაში, ამ საჭიროებების კვლევის საფუძველზე დაიგეგმება ახალი სტრატეგია, რომელიც ზუსტად იტყვის, რამდენი სტაციონარი გვჭირდება, რამდენი საცხოვრისი, რამდენი მცირე საოჯახო ტიპის სახლი, რამდენი მობილური ბრიგადა და ამის მიხედვით გაგრძლედება სერვისების გადაწყობა და პროგრამის რედიზაინი“.

დეკლარირებულ მიზანს მიღმა

რამდენად უჩვენებს ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები ან წლების განმავლობაში გადადგმული ნაბიჯები, რომ სამინისტრო ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემის აუცილებელი დეინსტიტუციონალიზაციისკენ მწყობრ ნაბიჯებს დგამს?

2017 წელს, მაგალითად, ამ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები, მათ შორის „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის“ ცენტრი, მიუთითებდა, რომ სახელმწიფო განხორციელებული ცვლილებებით პაციენტების დიდ ინსტიტუციებში დაბრუნებას უწყობდა ხელს.

2011 წლიდან შერეული პროფილის სამ საავადმყოფოში – ღუდუშაურში, მეხუთე კლინიკასა და რეფერალურ ჰოსპიტალში — ფსიქიატრიული განყოფილებები ფუნქციონირებდა, სადაც მწვავე შემთხვევებისას პაციენტებს შეეძლოთ, მომსახურება სხვა პაციენტების გვერდით მიეღოთ. თუმცა სამინისტროს მიერ 2017 წლიდან დაფინანსების წესის შეცვლას ღუდუშაურსა და მეხუთე კლინიკაში ასეთი განყოფილებების დახურვა მოჰყვა.

[წაიკითხეთ ამ ამბავზე სტატია „ნეტგაზეთის“ არქივიდან: მკურნალობა VS დასჯა – რატომ აკრიტიკებენ ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამაში ცვლილებებს]

ოლღა კალინას ახლაც მსგავსი შთაბეჭდილება რჩება: მისი თქმით, ის, რაც ბედიანთან დაკავშირებით ხდება, არაფრით არ არის დეინსტიტუციონალიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი და სისტემას არც ის ეტყობა, რომ მწყობრ გეგმას მიჰყვებოდეს. ამას ბედიანში დასაქმებულების პროტესტის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილებაც ადასტურებს — იქ საერთოდ არ აპირებდნენ კლინიკის შენარჩუნებას და სულ რამდენიმე დღეში საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღეს.

„რომ ამბობენ, საცხოვრისები მოგვიანებით აშენდებაო, მოგვიანებით როდის? უკვე ათ წელზე მეტია ერთსა და იმავეს ვამბობთ. რით ვერ მოხერხდა ალტერნატივის შექმნა ამ პერიოდში? დეინსტიტუციონალიზაცია მას შემდეგ მოხდება, რაც დიდი ინსტიტუციები კიდევ უფრო გაძლიერდებიან“? — კითხულობს იგი და დასძენს:

„ჩვენ ადრე თუ გვიან აუცილებლად მოგვიწევს ამ მანკიერი სისტემის დანგრევა, მაგრამ ასეთი პოლიტიკის ფარგლებში ეს პროცესი დიდხანს გაგრძელდება, ბევრი დრო და რესურსი დაიხარჯება და, რაც ყველაზე საგანგაშოა, ამ ყველაფერს შეეწირება ადამიანის ნერვები, ჯანმრთელობა და სიცოცხლე“.

მასალების გადაბეჭდვის წესი