მუშები ისევ იღუპებიან — რატომ ვერ მუშაობს სისტემა

16 მარტს თბილისში მშენებარე კორპუსზე მუშაობისას სამი მუშა გადმოვარდა. ორი მათგანი დაიღუპა, ერთი მძიმედაა. დაეკისრება თუ არა რაიმე პასუხისმგებლობა დამსაქმებელს? როგორ უნდა გაუმკლავდეს სახელმწიფო დასაქმების ადგილებზე, მათ შორის მშენებლობებზე, უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს?

“იმ დღეს პირველად წავიდა სამუშაოზე”

ნოდარ ჩაკვეტაძე, შალვა ფუტკარაძე და ვეფხვია ხუჭუა ორთაჭალაში, ბეჟან კალანდაძის (ყოფილი ნარიმანოვის) ქუჩაზე მშენებარე კორპუსების კომპლექსზე მღებავებად მუშაობდნენ. ჩაკვეტაძე იქვე, მშენებარე კომპლექსისგან 400-იოდე მეტრით დაშორებულ კორპუსში ცხოვრობდა, ფუტკარაძე ზესტაფონიდან იყო, ხუჭუა კი სამტრედიიდან.

16 მარტს, სამივე მათგანი 15-სართულიანი კორპუსის გარე ფასადს ღებავდა. ისინი ერთსა და იმავე, დაახლოებთ 5 მეტრის სიგრძის ხარაჩოზე იდგნენ მე-11 სართულთან. შრომის სამინისტროს თანახმად, ამ დროს ბაგირი, რომლითაც ხარაჩო კორპუსზე იყო ჩამოკიდებული, [ერთ-ერთ მხარეს] მოწყდა და სამივე მათგანი ჩამოვარდა.

ხარაჩო, რომელზეც ისინი იდგნენ. 18.03.2019. ფოტო: ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

შალვა ფუტკარაძე ადგილზე გარდაიცვალა; ნოდარ ჩაკვეტაძე და ვეფხვია ხუჭუა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა 53 წლის ჩაკვეტაძე იმავე დღეს, რამდენიმე საათში გარდაიცვალა [განახლება: მესამე მათგანი, რომელსაც სხვადასხვა ტიპის დაზიანება აღენიშნებოდა, მათ შორის, ქალა-ტვინის არეში და მართვით სუნთქვაზე იყო, 22 მარტს გარდაიცვალა].

ნოდარ ჩაკვეტაძე

16 მარტი ამ მშენებლობაზე ნოდარ ჩაკვეტაძის პირველი და უკანასკნელი სამუშაო დღე იყო. მეზობლებისა და ნათესავების თანახმად, გადმოვარდნისას ერთი საათის გასულიც კი არ იყო სამუშაოზე.

დამსაქმებელი

ორთაჭალაში, ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსების კომპლექსი — “მონოლით სითი” (ანუ “მონოლითური ქალაქი”) — უკვე მესამე წელია შენდება. კომპლექსში ხუთი ბლოკია: ერთი შვიდსართულიანია, ერთი — რვა, ერთი — თორმეტი, ორი კი, 15-სართულიანი. აქედან ორი კორპუსი უკვე აშენებულია. მშენებლობის დამკვეთი 2013 წელს დაფუძნებული კომპანია (შპს) “მონოლით ჯგუფია”.

“მონოლით სითის” მაკეტი — კორპუსების კომპლექსი, რომლის მშენებლობაზეც 2 ადამიანი დაიღუპა. წყარო: მონოლით ჯგუფის ვებგვერდი

კომპანიის ვებგვერდზე წაიკითხავთ, რომ “მონოლით სითი” “თანამედროვე, უმაღლესი ხარისხის საცხოვრებელი კომპლექსია”, რომლის მშენებლობაშიც “მხოლოდ მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალები გამოიყენება”. გაურემონტებელი ბინების (თეთრი კარკასის) ფასი, კორპუსების და სართულების მიხედვით, 82 ათასიდან 243 ათას ლარამდე მერყეობს.

მშენებელი კომპანია “ემ ჯი ალიანსია”, რომლის 75%-ის მფლობელიც “მონოლით ჯგუფია”. ორივე კომპანიის დირექტორი მოქალაქე ზაზა იჩქიტიძეა, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის “ქართული ოცნების” შემწირველად ფიქსირდება — მან 20 000 ლარი შესწირა პარტიას. იჩქიტიძე არცერთ ამ კომპანიაში წილებს არ ფლობს. “მონოლით ჯგუფს” ხუთი მესაკუთრე ჰყავს, რომელთაც კომპანიის 20-20 პროცენტი აქვთ გადანაწილებული. ესენი არიან პაატა ფირცხალაიშვილი, ეკა ფოცხიშვილი, ზვიად დარახველიძე, მამუკა ჩირგაძე და ზურაბ ჯულუხიძე.

ზაზა იჩქიტიძემ 16 მარტს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაღუპულებსა და დაშავებულს უსაფრთხოების ღვედები ჰქონდათ, “მაგრამ, როგორც ჩანს, არ იყვნენ ამ ღვედებით დამაგრებულები”. თუმცა დასძინა, რომ ეს მისი ვარაუდი იყო და არა დაზუსტებული ინფორმაცია. მისივე განმარტებით, უსაფრთხოების ნორმების დაცვისთვის კომპანიას სპეციალური სამსახური ჰყავდა დაქირავებული.

“მონოლით სითი” ახლა. 18.03.2019. ფოტო: ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

როგორც ნეტგაზეთს ჯანდაცვისა და შრომის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განუცხადა, ინსპექტორებმა 16 მარტსვე გამოავლინეს, რომ ადგილზე “დარღვეული იყო სიმაღლეზე შესასრულებელი სამუშაოსადმი წაყენებული მოთხოვნები, სამუშაო აღჭურვილობის ექსპლუატაციის წესები და არ ხდებოდა საფრთხის შეფასებაზე დაფუძნებული შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის წარმართვა”.

ფერაძის თქმითვე, სამშენებლო ობიექტს ისევ სწავლობენ ინსპექტორები; ინსპექციის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, დაეკისრება თუ არა რაიმე ტიპის სანქცია კომპანიას.

17 მარტს ჯანდაცვის სამინისტროს გავრცელებულ პრესრელიზში ეწერა, რომ “ობიექტზე დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, დეპარტამენტმა შეაჩერა სამშენებლო პროცესი”. თუმცა 18 მარტს ნეტგაზეთის რეპორტიორმა, რომელიც მშენებლობაზე იმყოფებოდა, ნახა, რომ იქ კვლავ მიმდინარეობს სამუშაოები.

მუშები მშენებლობაზე. 18.03.2019. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია. 18.03.2019

18 მარტს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ისევე როგორც “მონოლით ჯგუფის” წარმომადგენელმა, ნეტგაზეთთან საუბარში დაადასტურა, რომ მხოლოდ საფასადე სამუშაოები შეაჩერეს.

სტატისტიკაში ჩაკარგულები

14 მარტს, ამ შემთხვევამდე ორი დღით ადრე, თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე მშენებარე სახლიდან გადმოვარდნის შედეგად კიდევ ერთი მუშა დაიღუპა. კიდევ უფრო ადრე, თებერვალში, შარტავას ქუჩაზე მშენებლობიდან შუახნის კაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა.

ჯერჯერობით უცნობია 2019 წელს საწარმოო ადგილებზე დაღუპულების სტატისტიკა. 2018 წელს კი ეს რიცხვები ასეთი იყო: საწარმოო შემთხვევების შედეგად 199 ადამიანი დაშავდა, 59 დაიღუპა. 2011 წლიდან 2018 წლის ჩათვლით, ანუ 8 წლის განმავლობაში, საწარმოო შემთხვევების შედეგად 1081 ადამიანი დაშავდა და 376 დაიღუპა.

საწარმოო შემთხვევების შესახებ გამოძიება 240-ე მუხლით იწყება ხოლმე, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმთელობის დაზიანება ან სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ნეტგაზეთისთვის უზენაესი სასამართლოს მიერ მოწოდებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, 2017 წელს საქართველოს რაიონული სასამართლოების მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მსჯავრდებულ იქნა 34 ადამიანი, 2018 წლის 11 თვეში კი — 32 ადამიანი.

წლების განმავლობაში შრომით უფლებებსა და უსაფრთხოებაზე მომუშავე ორგანიზაციები, აქტივისტური ჯგუფები და პროფკავშირები სახელმწიფოს მოუწოდებდნენ, მიეღო შრომის კოდექსი, გაეაქტიურებინა ქმედითი შრომის ინსპექცია, აემაღლებიან შრომის უსაფრთხოების სტანდარტები, მინიმუმამდე შეემცირებინა სამუშაო ადგილებზე ფატალური შედეგები და ა.შ. მოთხოვნების ნაწილი შესრულდა ან სრულდება, თუმცა, ამ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების თანახმად, ამ მიმართულებით სწრაფად არის გადასადგმელი ნაბიჯები.

ხარვეზები პოლიტიკაში

პარლამენტმა 2018 წლის 7 მარტს მიიღო კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ, რასაც ამ საკითხზე მომუშავე ჯგუფები ადვოკატირებდნენ. ახლახან, 2019 წლის 19 თებერვალს, მის განახლებული ვერსიას უფრო მაღალი, ორგანული კანონის სტატუსი მიენიჭა.

კოტე ერისთავი, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი, პარლამენტის ამ ნაბიჯს დადებითად აფასებს: “გარკვეული მიმართულებებით წინ გადაიდგა ნაბიჯები და იგეგმები დამატებით მნიშვნელოვანი ცვლილებები. თუმცა კიდევ ბევრი ხარვეზი რჩება როგორც საკანონმდებლო, ისე ინსტიტუციური ჩარჩოს დონეზე”, — ამბობს იგი.

მაგალითად: ახალი კანონით, შრომის ინსპექციის მანდატი დასაქმების უკვე ყველა სექტორზე გავრცელდება და არამხოლოდ რამდენიმეზე; ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს ინსპექტირების დეპარტამენტს ენიჭება უფლებამოსილება, კომპანიის წინასწარი თანხმობის გარეშე შეამოწმოს სამუშაო ადგილი. ეს ცვლილება ძალაში 2019 წლის პირველი სექტემბრიდან შედის.

კოტე ერისთავი, EMC-ის სოციალური პროგრამის დირექტორი. სქრინშოთი: Artarea/Frontline Club

თუმცა, როგორც კოტე ერისთავი გვეუბნება, “უკანასკნელმა ტრაგიკულმა მოვლენებმა გვაჩვენა, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტა აღარ იცდის; რომ აუცილებელია, დღეიდანვე, ყოველგვარი გადავადების გარეშე, დაიშვან ინსპექტორები საწარმოებში”.

ერისთავის თანახმად, სრულად ვერც ეს აღმოფხვრის ფატალურ შემთხვევებს “მანამ, სანამ ინსტიტუციურად არ გაძლიერდება შრომის ინსპექცია”. მან ამისთვის რამდენიმე ნაბიჯი ჩამოგვითვალა:

“პირველ რიგში, აუცილებელია კვლევის ჩატარება, სად, რამდენი, როგორი ინსპექტორია საჭირო. ამის მიხედვით უნდა გაიზარდოს ინსპექტორთა რაოდენობა, მოხდეს მათი გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება, გაჩნდეს რეგიონალური წარმომადგენლობები, ინსპექტორს თბილისიდან არ უწევდეს სიარული სხვადასხვა რეგიონში საწარმოების შესამოწმებლად”.

“აუცილებელია ინსპექციის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. დღეს დეპარტამენტი ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია და, მაგალითად, იგივე სოცმუშაკების შემთხვევა რომ ავიღოთ, — სოცმუშაკებისა, რომლებიც სავარაუდოდ იქით კვირას გაიფიცებიან, — კარგი მაგალითი იქნება პოტენციურად სერიოზული ინტერესთა კონფლიქტისა, როცა დამსაქმებელიც და შრომის ინსპექტორიც ერთი და იგივე უწყებაა”.

“სისტემის მშენებლობა 0-დან”

იმის მიუხედავად, რომ შარშან პარლამენტმა შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი მიიღო, 2017 წელთან შედარებით, 2018 წელს საწარმოო შემთხვევების შედეგად დაშავებულ და დაღუპულ ადამიანთა რაოდენობა გაზრდილი იყო.

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე კაკი ზოიძე ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებს, რომ კანონი, რომელიც მარტში მიიღეს, ძალაში 2018 წლის პირველ სექტემბერს შევიდა [რის გამოც კანონის ქმედითობის შეფასება ნაადრევია]. ხოლო იმისთვის, რომ სისტემამ გამართულად იმუშაოს, დროა საჭირო.

“რაც გაკეთდა უსაფრთხოების კუთხით, რაც კი არის ევროპული სტანდარტი, მაგ კუთხით მიღებული გვაქვს კანონმდებლობა”, — ამბობს ზოიძე.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კაკი ზოიძე. ფოტო: პარლამენტი

“სხვა თემაა, შრომის ინსპექციას, რომელიც ნულიდან შენდება, რამდენად აქვს უნარი, რომ კანონით გათვალისწინებული რეგულაციების კონტროლი განახორციელოს. ამას დრო სჭირდება”, აცხადებს იგი და დასძენს, რომ ინსპექტორების დამატება ნამდვილად საჭიროა. “დღეს არის 40 ინსპექტორი. 90-მდე მაინც უნდა ავიდეს მათი რიცხვი”, — გვეუბნება იგი.

ზოიძის თანახმად, გამოსავალი მხოლოდ შრომის ინსპექციაში არ არის. მან ჩამოთვალა რამდენიმე ფაქტორი, რაც მშრომელთა ზრუნვაზე მიმართული სისტემის მუშაობისთვისაა საჭირო:

  • სასამართლო განაჩენები უნდა დგებოდეს მკაცრად და პრევენციული ეფექტი უნდა ჰქონდეს დამნაშავის დასჯის კუთხით;  უნდა დადგეს როგორც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, ასევე, ოჯახმა უნდა მიიღოს კომპენსაცია. კომპენსაციაც უნდა იყოს და ციხეშიც უნდა წავიდეს. სხვა შემთხვევაში პრევენციული ეფექტი არ ექნება.
  • უნდა არსებობდეს უბედურ შემთხვევათა დაზღვევა. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ საბაზრო მექანიზმები ჩაერთოს და საბაზრო კომპანიამ გააკონტროლოს უსაფრთხოების პირობები.
  • რაც მთავარია, თვითონ კომპანიებმა უნდა დაიცვან ეს ყველაფერი; დაქირავებული ჰყავდეთ შესაბამისი სპეციალისტები ან კომპანიები, ვინც მათ უსაფრთხოების სისტემას აუწყობს;
  • ეს არის მრავალეშელონიანი სისტემა, რომელსაც, გარდა საკანონმდებლო რეგულაციებისა, სჭირდება დრო და შესაბამისი ინვესტიციები, მათ შორის ბიზნესის მხრიდან.

კაკი ზოიძის თანახმად, “სანამ უფრო ძვირი არ დაჯდება შრომითი უსაფრთხოების სტანდარტების არდაცვა, ვიდრე დაცვა, მანამდე პრობლემა იარსებებს. იმის ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ რაც უნდა იდეალური სისტემა გვქონდეს ქაღალზე გაწყობილი, უბედური შემთხვევები არ მოხდება. უბრალოდ, მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ ეს შემთხვევები და მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან”.

საზოგადოებრივი წნეხი

როგორ უნდა გაუჩნდეს დამსაქმებელს მოტივაცია, უსაფრთხოების სტანდარტები დაიცვას? კოტე ერისთავის აზრით, იმისთვის, რომ დამსაქმებელს ეს მოტივაცია თავად გაუჩნდეს, “აუცილებელია, სახელმწიფოს ჰქონდეს ისეთი დასაქმების პოლიტიკა და სოციალური დაცვის სისტემა, რაც შესაძლებლობას მისცემს დასაქმებულს, თავად მოსთხოვოს დამსაქმებელს შრომის უსაფრთხო გარემოც და უკეთესი პირობებიც”.

“მაგალითად, აუცილებელია, სახელმწიფომ დაინახოს ის უზარმაზარი პრობლემა, რაც ერთ საწარმოზე მიბმულ ქალაქებს, როგორიც ტყიბული და ჭიათურაა, აქვთ. ეკონომიკის დიფერენციაციის გარეშე [პოტენციური დასაქმების სხვა სფეროების გარეშე], სამწუხაროდ, ტყიბულელ მუშას რეალური ალტენრატივა არ აქვს და უწევს, ჩაძვრეს მე-19 საუკუნის სტანდარტებით გაწყობილ მაღაროში”.

თუმცა კოტე ერისთავი ეჭვობს, რომ “რეფორმა შუა გზაში გაიჭედება, თუ საზოგადოება არ ამოიღებს ხმას და, პირველ რიგში, არ გაიაზრებს, რომ ხარაჩოდან გადმოვარდნილი ყოველი მუშა ჩვენი, როგორც საზოგადოების, გულგრილობის და დუმილის ბრალია”.

ტყიბულის შახტი. ფოტო: მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირები

“ამ გულგრილობით და დუმილით არა მარტო ვწირავთ დაუცველ მუშებს სიკვდილისთვის, არამედ ვეხმარებით იმ ბიზნეს და პოლიტიკურ ელიტებს, რომლებიც დაუცველი მუშების არსებობით მდიდრდებიან”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com