ახალი ამბები

ბოლო ერთ კვირაში სამუშაო ადგილებზე 3 ადამიანი დაიღუპა

9 ივნისი, 2020 • 2181
ბოლო ერთ კვირაში სამუშაო ადგილებზე 3 ადამიანი დაიღუპა

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში სამუშაო ადგილზე, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა. შრომის კანონმდებლობაში ახალი რეგულაციების მიღების მიუხედავად, ქვეყანაში ჯერ კიდევ ვერ შეიქმნა საკმარისი გარანტიები მშრომელთა უსაფრთხოებისა და სიცოცხლის დასაცავად.

ბოლო შემთხვევების ფონზე, პროფესიული კავშირები, შრომის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებისა და პარლამენტარების ნაწილი სახელმწიფოს მშრომელთა უსაფრთხოებისა და სიცოცხლის შესაბამისად დაცვის საჭიროებას ახსენებენ.

მარნეული

8 ივნისს ქვემო ქართლში, მარნეულში, რუსთაველის გამზირზე, მრავალსართულიანი ბინის მშენებლობიდან 51 წლის კაცი გადმოვარდა და დაიღუპა. ადგილობრივ რადიო „მარნეულს“ მისმა ნათესავებმა უთხრეს, რომ უკვე ერთი წელი იყო, რაც გარდაცვლილი ამ ობიექტზე მუშაობდა.

პოლიციამ გამოძიება ასეთი შემთხვევებისთვის სტანდარტული, 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო თუ სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

მშენებლობაზე მისულ რადიო „მარნეულს“ ერთ-ერთმა შრომის ინსპექტორმა უთხრა, რომ სამშენებლო ობიექტზე დარღვევები გამოვლინდა და „გარკვეულწილად, მუშის გადმოვარდნაც ამ დარღვევებს უკავშირდება“.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ინსპექტირების სამმართველოს უფროსმა, მაია მიქაიამ „ნეტგაზეთს“ განუცხადა, რომ ინსპექტორთა ჯგუფმა, არსებული დარღვევებიდან გამომდინარე, მიიღეს გადაწყვეტილება სამუშაო პროცესის [სიმაღლეზე სამუშაოების] შეჩერების შესახებ.

მისი თქმითვე, მოკვლევა გრძელდება: „მოკვლევა არ ნიშნავს მხოლოდ ობიექტის შემოწმებას, — უნდა გამოიკითხონ დასაქმებულები, უნდა შეისწავლონ დოკუმენტები და შემდეგ მომზადდეს დასკვნა, კონკრეტულად შრომის უსაფრთხოების რა ნორმების დარღვევამ გამოიწვია აღნიშნული შემთხვევა“.

„სამუშაოს შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ზოგადად არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე იქნა მიღებული. ეს გადაწყვეტილება ძალაშია მანამ, სანამ [კომპანია] არ აღმოფხვრის პრობლემებს, როგორც შრომის უსაფრთხოების კანონის, ასევე სამშენებლო ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნების მიმართულებით“.

ჯერჯერობით ფულადი ჯარიმა არ გამოწერილა.

ბათუმი

წინა დღით, 7 ივნისს, ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარედ მშენებლობაზე 28 წლის იაკობ თავდგირიძე მე-16 სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა. სასწრაფო დახმარების ბრიგადას  შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილი დახვდა.

მშენებელი კომპანია „სი ემ სი მეზღვაური“ ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის მიმდინარე წლის იანვარში ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ 30 ათასი ლარით დააჯარიმა.

შპს „სი ემ სი მეზღვაურის“ ერთ-ერთი მფლობელი და დირექტორიც გია დოლიძეა. ის დღემდე არის შპს „გიგეროს“ დირექტორიც. ამ კომპანიის 23 წლის მუშა,2019 წლის 7 ნოემბერს დაიღუპა. შემთხვევა ბათუმში, 26 მაისისა და ბესიკის ქუჩების გადაკვეთაში მოხდა. მუშა მაშინ მშენებარე კორპუსის მეოთხე სართულიდან გადმოვარდა [გია დოლიძემ „ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა].

პოლიციამ ამ შემთხვევაშიც 240-ე მუხლით დაიწყო გამოძიება.

თბილისი

სულ რამდენიმე დღით ადრე, 3 ივნისს, კიდევ ერთი ადამიანი დაშავდა და მოგვიანებით დაიღუპა სამუშაოს შესრულებისას. საქმის გარემოება ასეთია:

2 ივნისს თბილისში, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩაზე „ეკო გაზის“ გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა. მეორე დღეს სადგურზე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კრიმინალისტი, სეიბ გეიდაროვი, რომელსაც აფეთქების მიზეზები უნდა შეესწავლა.

როგორც შსს იუწყება, იგი „საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, შემთხვევის ადგილის დამატებით დათვალიერებას ახორციელებდა, რა დროსაც, პირველადი ინფორმაციით, მას დენმა დაარტყა“.

დასაქმებული 6 ივნისს კლინიკაში გარდაიცვალა.

საიბ გეიდაროვი

პოლიციამ გამოძიება აფეთქების შემდეგ დაიწყო — ამ შემთხვევაშიც 240-ე [თუმცა პრიმა] მუხლით, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე.

როგორც „ნეტგაზეთს“ უთხრა შრომის ინსპექტირების სამმართველოს უფროსმა მაია მიქაიამ, მათი დეპარტამენტიც მაშინ ჩაერთო საქმეში, როდესაც აფეთქება მოხდა და სწავლობენ, თუ უსაფრთხოების რომელი ნორმების დარღვევამ გამოიწვია აფეთქება.

რაც შეეხება ექსპერტ-კრიმინალისტის დაღუპვას: „რამდენიმე მიმართულებით მივდივართ, შესაბამისად, მოკვლევის პროცედურები ერთმანეთთან დაკავშირებული პროცედურებია. ექსპერტიც მუშაობდა იმ საკითხის მოკვლევაზე და დადგენაზე, თუ რამ გამოიწვია აღნიშნული შემთხვევა. ეს საკითხები ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ჩვენ ვიყავით ადგილზე, იქაც შევაჩერეთ სამუშაო პროცესი და ახლა მიმდინარეობს მოკვლევა ამ მიმართულებითაც“, – გვითხრა მაია მიქავამ.

„გაუმართავი სისტემა“

ბოლო შემთხვევებს პარლამენტის 9 ივნისის პლენარულ სხდომაზე გამოეხმაურა პარლამენტარი, ახალი პარტია „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის“ ერთ-ერთი დამაარსებელი ბექა ნაცვლიშვილი:

„ბოლო რამდენიმე დღეში სამუშაო ადგილზე დაიღუპა და დაშავდა რამდენიმე ადამიანი. ეს ადამიანები გაუმართავი სისტემის მსხვერპლნი აღმოჩნდნენ“, – განაცხადა მან. სისტემის გაუმართაობაზე სხვებიც საუბრობებენ.

მაგალითად, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების (GTUC) ინფორმაციით, 2020 წელს, დაახლოებით 5 თვეში, მათ უკვე დააფიქსირეს სამუშაოებზე გარდაცვალების 12 და დაშავების 72 შემთხვევა.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ცნობით, 2019 წელს სამუშაო ადგილზე დაიღუპა 45 და დაშავდა 168 დასაქმებული. მათ თანახმადვე, 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, „24%-ით შემცირდა დაღუპულთა რაოდენობა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა – 16%-ით“.

2018 წელს საწარმოო შემთხვევების შედეგად 59 ადამიანი დაიღუპა და 199 ადამიანი დაშავდა, რაც წინა წლის მონაცემებთან შედარებით გაზრდილი რიცხვები იყო.

„ნეტგაზეთის“ მიერ შსს-დან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციისა და შრომის ინსპექციის ახალი მონაცემების შეჯამებით, 2011 წლიდან 2019 წლის ჩათვლით, ანუ 9 წლის განმავლობაში, საწარმოო შემთხვევების შედეგად 435 ადამიანი დაიღუპა და 1280 დაშავდა.

პრობლემები

„იმის მიუხედავად, რომ შრომის უსაფრთხოების საკითხებზე ზედამხედველ უწყებას, „შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს, შრომის უსაფრთხოების კანონის საფუძველზე მიეცა შეუზღუდავი მანდატი შრომის უსაფრთხოების საკითხებზე ზედამხედველობის განსახორცილებლად, პრობლემატურ საკითხად რჩება შრომის ინსპექტორთა რიცხოვნობა, რაც ხელის შემშლელი ფაქტორია ამ უწყების ეფექტიანად ფუნქციონირებისთვის, რაზეც მეტყველებს საწარმოო უბედური შემთხვევების სტატისტიკაც“, – აცხადებენ პროფკავშირები.

GTUC წერს, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) გაანგარიშებით ქვეყანაში ყოველ 20 000 დასაქმებულზე უნდა იყოს 1 შრომის ინსპექტორი. თუ გავითვალისწინებთ საქართველოში ხელშეკრულებით დასაქმებულთა და ინდმეწარმეთა რაოდენობას, საქართველოში, სულ მცირე, 83 შრომის ინსპექტორი უნდა იყოს, თუმცა ამჟამად ამ პოზიციაზე მხოლოდ 30 ადამიანი მუშაობს.

როგორც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომლის დაქვემდებარებაშიც არის შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი, შრომის ინსპექტორთა რაოდენობა 2020 წლის იანვარში 100-მდე გაიზარდა.

თუმცა ამ საკითხზე მომუშავე ორგანიზაციები სხვა საკითხებზეც საუბრობენ. მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) წერს:

„2019 წლის სექტემბრიდან შრომის ინსპექციის გაძლიერების ფონზე, რაც დასაქმების ადგილზე სასამართლოს წინასწარი ნებართვის გარეშე შესვლის, სამუშაო ადგილის უსაფრთხოების შესწავლის უფლებამოსილებისა და სანქცირების სათანადო შესაძლებლობით განისაზღვრა, შრომის ინსპექციის მნიშვნელობისა და მისი მანდატის მაქსიმალური გამოყენება კვლავ პრობლემად და გამოწვევად რჩება“.

EMC-ის თანახმად, გამოვლენილ დარღვევებზე პასუხისმგებლობის დაკისრების ნათელი და გამჭირვალე მოწესრიგება, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ინფორმირების გაძლიერება, უბედური შემთხვევების პრევენციისაკენ მიმართული ღონისძიებები, ის საკითხებია, რომელთა პრაქტიკაში დროული ინტეგრირება უკიდურესად მნიშვნელოვანია.

ამასთან, EMC-ც და პროფკავშირებიც ხაზს უსვამენ, რომ ინსპექციის გამართულად მუშაობისთვის მნიშვნელოვანია შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის რეგიონალური წარმომადგენლობის არსებობა. „სამწუხაროდ, შრომის ინსპექტორების დისლოკაციის ადგილი მხოლოდ დედაქალაქია“, – აღნიშნავს პროფკავშირების გაერთანება.

უსაფრთხოების ფორმალური დაცვა

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც პროფკავშირები მიუთითებს, არის უსაფრთხოების ფორმალური დაცვა:

„ერთ-ერთი ნაკლოვანებაა ისიც, რომ შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი სამშენებლო კომპანიებს, ხშირ შემთხვევაში, ფორმალურად ჰყავს, ან აღნიშნული სამუშაოს გაწევა დაევალა უკვე არსებულ თანამშრომელს. ეს ადამიანები კი, ნაცვლად იმისა, რომ კონცენტრირებულნი იყვნენ შრომის უსაფრთხოების აღსრულებაზე, რეალურად ასრულებენ სრულებით სხვა მოვალეობას“.

GTUC-ის განცხადებით, დღემდე არ არის დარეგულირებული შრომის უსაფრთხოების საკითხებზე ზედამხედველი უწყებების – ქალაქების მერიის მუნიციპალური ინსპექციებისა და შრომის პირობების ინსპექტირების უფლებამოსილებების გამიჯვნის საკითხი.

პროფკავშირებს ასევე მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, „მოხდეს, სამშენებლო სექტორში ჩართული დასაქმებულების ცნობიერების ამაღლება და გადამზადება შრომის უსაფრთხოების საკითხებში“, რადგან ფიქრობენ, რომ ეს ნაკლოვანებები შემაფერხებელი ფაქტორია შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის ეფექტური აღსრულებისთვის.

ამ ყველაფრის ფონზე, EMC წერს, რომ უმნიშვნელოვანესია საქართველოს პარლამენტში წარდგენილი შრომითი კანონმდებლობის რეფორმის მიღება, რაც უკავშირდება შრომის ინსპექციის მანდატის გაზრდას, ინფორმირებისა და სანქცირების შესაძლებლობის გაძლიერებას, შრომითი უფლებების დაცვის მაქსიმალურ მონიტორინგს.

ვრცლად ამ კანონპროექტზე:

ქალისა და კაცის თანაბარი შრომა თანაბრად უნდა ანაზღაურდეს – შრომის კოდექსის შესაძლო ცვლილება

მასალების გადაბეჭდვის წესი